დღეს კიდევ ერთ სასაცილო ამბავს მოგიყვებით: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ვარ, კარგად ვსწავლობ, შესახედავადაც არა მიშავს, თაყვანისმცემლებიც არ მაკლია. დიდი სიმპათიით განეწყო ჩემს მიმართ ერთი ლექტორი, სულ ჩემს ქება-დიდებაშია, მაგრამ ცუდი არასოდეს არაფერი უკადრებია, ცოლიანი გახლდათ, რამდენიმე შვილი ჰყავდა. სემესტრის ბოლო მოახლოვდა, გამოცდა გვაქვს ამ საგანში. დავსხედით აუდიტორიაში, თითო-თითოს გვიძახებს ჩვენი ლექტორი, ყველა გაიყვანა დაფასთან, არა და არ მიძახებს მე, აღშფოთებული ვზივარ, დავრჩი მარტო, მეუბნება, შენთან საქმე მაქვსო, სხვები ხელს შეგვიშლიდნენ ლაპარაკში, მისმინეო და დაიწყო თავისი მეგობრის ქება-დიდება, ახლა მოვა, უნდა გაგაცნო, ისეთი კარგი ბიჭია, ცოლად უნდა გაყვე აუცილებლადო, ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება, ხანმა არ დააყოვნა და ოთახში სხვა ლექტორი შემოვიდა, ისიც იმავე საგანს ასწავლიდა სხვა ჯგუფებს, ისიც დაიბნა, მეც დაბნეული ვზივარ, მაგრამ ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ ჩემმა ლექტორმა კარი გადაკეტა, ხელი არავინ შეგიშალოთ, ერთმანეთს დაელაპარაკეთო, მაშინ კი გადავირიე, ეს უკვე ნამეტანი მოგდით, სხვა ადგილი და დრო არ შეიძლება შეგერჩიათ ამ პაემანისთვის-მეთქი?! შერცხვა, კარი მაშინვე გააღო, გაცოფებული გამოვვარდი აუდიტორიიდან. რას წარმოიდგენდა მაშინ ჩვენი მაჭანკალი, რომ ეს იძულებითი თავისუფლების აღკვეთა იყო ჩვენი, იმ ახალგაზრდის და ჩემი, კარგი საქმის გაკეთება კი უნდოდა, ეჭვი მაქვს, იმ კაცმაც არაფერი იცოდა. მე და ჩემი ლექტორი მეგობრებად დავრჩით, იმ მეორე ლექტორის შეხედვაც კი მერიდებოდა, რომ არ ეფიქრა, ჩემი ინიციატივა იყო რაიმე. მერე ბევრჯერ დამეხმარა კიდეც ჩემი დის საქმეებთან დაკავშირებით, ფინანსების ფაკულტეტზე სწავლობდა, ისე ვუყვარდი, მგონი, სული რომ მეთხოვა, მომცემდა, რა თქმა უნდა, მეგობრულად.
No comments:
Post a Comment