Tuesday, April 11, 2017

ერთსტროფიანი ლექსები

სიყვარულისთვის დაბადებულს, ბოროტთან მიჭირს, 
სულს მიხუთავს და უმწე გრძნობა არ მაძლევს საშველს,
ვაი, თუ ვეღარ დაამარცხოს ნათელმა ბნელი,
უსაშველობის მძიმე ლოდი დარდებად მაწევს.

                     ______________

ამოვაყოლე ეს გულისთქმა სუნთქვას და ოხვრას,
დაწყვეტილ ძარღვებს და ოცნებებს გავუშვი ხელი,
სადღაც, ღამეში, იძირება, ნისლები მოსავს,
გემი, რომელიც რა ხანია არ არის ჩემი.

                       ______________

ნეტავ, რიღასთვის დავათრევ ფიქრებს,
თუ ოცნებებთან უნდა გამყაროს,
თუ ვეღარ გავშლი გაყინულ თითებს, -
ბედი ყისმათთან ყომარს თამაშობს.

              _____________

ნეტავ, ერთ დღეს ბავშვობაში დამაბრუნა,
საღამოხანს მაკრეფინა ციდან ლალი,
ზღვის ნაპირზე ნატვრის თვალი მაპოვნინა,
იქ დამტოვოს, შემომავლოს ფარგლით რკალი.

         __________________

ვერვის ასწავლი კაცობას,
თუკი არ მოსდგამს გენში,
ფუჭია მისთვის სწავლება,
გული რომ არ აქვს მკერდში.

            _______________


ფასი არა აქვს უგულო ცრემლებს, 
ფასი არა აქვს უგულო სიტყვას,
უსიყვარულოდ ნარი ამოდის,
სიყვარულით კი - ყვავილი წმინდა.

No comments:

Post a Comment