Saturday, September 30, 2023

მინიმა

 ჩაფენილია წყება-წყებად წყლულში ბალახი,

იქნებ დამედოს გულზე მალამოდ,

მეხუროს როგორც ცის ყაბალახი,

ხელი არ ახლოთ, ხელი არ ახლოთ!


ჩანახატი

 ჩანახატი

როცა მზეზე ალაპლაპებულ ველს შეხედავთ,
მბრწყინავსა და თვალისმომჭრელს,
ვერასოდეს იფიქრებთ, რომ
ის ველი ცოტახნის წინ
ქარისგან იყო დასახიჩრებული.
ყვავილებს ზოგიერთი ღერო შემოსცლიათ,
ყაყაჩოს კაბა დაზიანებია,
თვალებში ძლივას იყურება,
ბალახებიც იშუშებენ ნაჭრილობევს,
ქარი ცეტი და გადარეული
სულ ცოტა ხნის წინ შფოთავდა,
ხან ტიროდა, ხან იცინოდა,
ცეკვავდა, აშრიალებდა ხეთა ფოთლებს,
ველს რომ გვერდზე ამოსდგომიან.
მან ხომ არ იცის, რომ ვინმეს რამეს ატკენს.
მაგრამ მის გარეშეც რომ არ შეიძლება:
შორს გადააქვს ყვავილების მტვერი,
ამით სიცოცხლეს აძლევს მრავალ მცენარეს,
ლამაზიცაა ქარისგან მოშრიალე ყანა.
ველზე მზესუმზირებიც იწონებენ თავს,
მზისკენ აუღერიათ თავი, მათ ვერ ერევა ქარი,
ძლიერი ღერო აქვთ, ჯან-ღონით სავსე.
მზე ღრუბლებმა დაფარა და წვიმაც წამოვიდა,
ზაფხულის წვიმა მაამებელია ველისა და კაცისა,
აგერ, მეც გავყურსულვარ მზესუმზირის ქვევით,
ჩემს ძმებთან ერთად, ბებიას ვემალებით,
გვგონია მისი დიდი ფოთლები დაგვიფარავს წვიმისგან,
მაგრამ ასეც არაა, იქაც აღწევს წვიმის წვეთები,
აი, ქარიც ამოვარდა, ველზე მარტონი ვართ,
გულო, ჩადექ საგულესა, ვეუბნები ჩემს თავს,
ჩემ გამო არა, ძმების გამო მეშინია,
არ დაგვსეტყვოს, არ დაგვკარგოს,
ნეტავ მალე გვიპოვოს ბებიამ!
მაია დიაკონიძე
30.09. 2023 წელი

მხოლოდ შენ ერთმა!

 ნატვრის თვალი ხარ და არ ვიცი, მაღალმა ღმერთმა,

როგორ და რისთვის შემახვედრა მე შენი თავი,

ჩემი დაპყრობა მოახერხე მხოლოდ შენ ერთმა,

მხოლოდ შენ ერთმა გამადევნე ოცნების თვალი.

მხოლოდ შენ ერთმა მომამადლე იმედის სითბო,

გაიზიარე ჩემი სიტკბო, ჩაშაქრდი ვაზში,

შენი გულია,  გაყინულ გულს მარად რომ მითბობს,

სამშობლოვ ჩემო, გადღეგრძელებ ბადაგით ასგზის!


Friday, September 29, 2023

მინიმა

 ჩემს სულში უკვე შუქის დიდი მაგისტრალია,

პარალელებად წვანან გზები, წვანან ქუჩები,

ასე მგონია, ეს ცხოვრება სულ ასტრალია,

მესაუბრება ეს ხეებიც ენით მუნჯების.



ვარდო! ავტ უცნობი

 სულის სარკმელს აღებს ღამე,

შიგ შემოაქვს ოცნებები,

რატომ არის, ბაღში ვარდებს,

მხოლოდ სიზმრად ვეფერები.


ცხადში რად ხარ ეკლიანი,

რაზედ მიჩენ გულზე წყლულებს,

ამ გულში რომ ცეცხლი არის,

დედამიწას აადუღებს.


სიტყვა (სატრფიალო)

სიტყვა
თუკი მდუღარე არ გადაგდის,
როცა მიყურებ,
თუ შენს სხეულში ჩაიფერფლა
ცეცხლი და ჩაქრა,
შენს თვალებს ვუმზერ, ვით სურაზე
მბრწყინავ ჭიქურებს
და ვარსკვლავების ცად დაკიდულ
მზეების ამქარს.
ვსასოობ იმით, რომ გიყვარვარ,
ხსოვნა მინახავს,
ამ შემოდგომის ლალ-ფოთლებად
დავფრინავთ ქარში,
ასე მგონია, დაკარგული ცაში
სიტყვა ხარ
და როცა ღმერთი მოისურვებს,
მოგისმენ მაშინ.
მაია დიაკონიძე
29.09.2023 წელი

Thursday, September 28, 2023

ბროში, ავტ. უცნობი

 უცნობი ავტორის სატრფიალოების სერიიდან:

ბროში!
შენს გულისფეთქვას და გულის ნადებს
ვგრძნობ, თითქოს ტანში პეპლები მივლის,
ცაზე რომ მთვარე ათენებს ღამეს,
ასე მგონია, მეც ცამდე ვივლი.
ზმანებებს შორით მივყავარ დროში,
როცა ვუკრავდი ფიფქებში კლარნეტს,
შენს გულისმკერდზე ნაბნევი ბროში,
დამრჩა და ვუმზერ, ვით ჩიტი საკენკს.
28.09. 2023 წელი
ავტ. უცნობი

სულ მუდამ გეძებ (სატრფიალო)

 სულ მუდამ გიცდი, სულ მუდამ გეძებ,

და მაინც ჩემში შენა ხარ მუდამ,

შენ ავსებ შენი ლაღი ხმით ეთერს,

თვალთ ნაპერწკლები დამყვება გუნდად.

სულ მუდამ გიცდი, სულ მუდამ გეძებ,

და შენ გარეშე არა ვარ წამიც,

ვით ანგელოზი სასოდ ხარ გვერდზე,

კარგად რომ მყავდე, ღმერთსა ვთხოვ, ამინ!





Wednesday, September 27, 2023

სალაღობო-სახუმარო

სალაღობო–სახუმარო
მინდოდა რომ გყვარებოდით,
ნეტავ ცუდი რა იყო,
მაგრამ ვხედავ, ჩვენი გზები
ისევ ორად გაიყო.
თქვენ, ბატონო, მეცნიერი
წიგნის კითხვამ გაგართოთ,
არ იყავით ბედნიერი,
ჩუმად ქარმა გამანდო.
არ შემეძლო მე თქვენთვისაც
უფრო მეტი მომეცა.
ნახატებით ვერ ვაჯობე
ვერც მანეს, ვერც მონესა.
ვერც სისრულით დავემსგავსე
იმ რუბენსის ქალებსა,
თქვენ რომ მუდამ თვალს გტაცებდათ,
გიკიდებდათ ალებსა.
და თუ სხვასთან უფრო მეტად
ბედნიერი იქნებით,
დამილოცავს თქვენთვის გზები,
მაგ პაპკით და წოგნებით.
მაია დიაკონიძე
27.09.2023 წელი

გათავისუფლებ! მინიმა

გათავისუფლებ, შენი გზა გაქვს, შენი ვექტორი,
შენი წრებრუნვა, შენი ბედი, შენი ყისმათი,
რადგან ირჩიე სხვა არე და სულ სხვა სექტორი,
თავისუფლების ფასი რაა, ისიც მითხარი!

მინიმა

 გადაბრუნდება ბელტები ერთხელ

და გაითხრება ჩემთვისაც ორმო,

მეც მივეყრდნობი ზეციურ კედელს,

ღვთის მადლს არასოდეს ექნება ბოლო.

მინიმები

 მინიმები

არვინ იცის, ვის რა სტკივა,
რატომ, რისთვის იხდის სასჯელს,
სულ ველოდი ერთ თბილ სიტყვას,
მე - არა, სხვას უთხრეს ასჯერ!
-----------------------
უქებენ ერთურთს ნიჭსა და ტალანტს,
ზოგი ზევსია, ზოგიც იზიდა,
მაგრამ არა ჩანს ერთი ატლანტიც,
სამშობლო მხრებით რომ აეზიდა.
--------------------------
დამსხვრეული მაქვს სუყველა მალა,
გახსნილ ვენიდან მოწვეთავს სისხლი,
მზისკენ გაფრინდა ვარდნისას გალა,
მიწას ვერ ავცდი ვერ ერთი მისხლით.
-----------------------------------
დაცვენილიყვნენ ქალ-კაცი,
იხრუკებოდნენ მზეზე,
მე კი იმასა ვდარდობდი,
უჟმური რომ არ შეჰყვეთ.
------------------------
მოვერცხლილ ლურმნებს
შეუჭედავთ ჩემი სამყოფი,
ვხედავ, რომ მზეო,
ჩემთვის გვიანობ,
დაცარიელდა ამ გულივით
ეს მთა არხოტის,
საშველად მოდი, ადამიანო!
---------------------------
სხვისათვის ცოტავ,
ჩემთვის კი ბევრო,
ჩემო გუთანო, მიწავ და კევრო,
რა ვქნა ისეთი, რომ გაგაბევრო.
----------------------------
ღმერთო, შენ ამომიკვნესე,
გზები დავტოვე შორი,
სიკვდილს არ ესმის სიკეთე,
სიკვდილს უნდოდა შოვი.
----------------------
ჩემს ცხოვრებაში
ეკალი რომ ამოიწვერა,
ვერც კი გავიგე,
და, ღმერთო ჩემო,
რა დამაძინებს.
მაია დიაკონიძე

მე შენ მეგონე (სატრფიალო)

 მე შენ მეგონე

მე შენ მეგონე დარბაზი,
აუღებელი ციხე,
რას ვიფიქრებდი, ასეთ გმირს,
მოგერეოდა ვინმე,
კაცი კაცს რომ შემოსტყორცნე,
დაეც სუყველა ომში,
ქაჯეთის ციხეს გელოდი,
გჭვრეტდი შევარდენ-ქორში.
შენს სილამაზეს ვაქებდი,
ჰგავდი მზესა და მთვარეს,
შემოგსალტვია სხივები
ახლა მკრთალი და მდარე,
დისკო გერტყმოდა ზურმუხტის,
თვალებში ლურჯი ზოლი,
ქალთევზებმა თუ გაგთვალეს,
გესმა სიმღერა შორი.
აჰაიდა, როგორ დაიბენ,
თვითონ წახვედი გეშზე,
სიტყვა ადრე რომ გეთქმოდა,
დღეს ნაკლებია სხვებზე,
სირინოზმა თუ მოგხიბლა
და მიგიწვია ზღვაში,
ეს სიყვარულიც ყოფილა
თვალთმაქცობა და ფარსი.
მაია დიაკონიძე
26.09. 2023 წელი


მინიმა

 დამსხვრეული მაქვს სუყველა მალა,

გახსნილ ვენიდან მოწვეთავს სისხლი,

მზისკენ გაფრინდა ვარდნისას გალა,

მიწას ვერ ავცდი მე ერთი მისხლით.

Tuesday, September 26, 2023

ბალადა წითელ ვარდებზე (სატრფიალო)

ზღაპარში თუ იყო ერთხელ, შეუყვარდა ერთ კაცს ქალი,
ლამაზი და მომხიბლავი, ვით მაისის დედოფალი,
ყოველ დილით ვარდის კონას უგზავნიდა ტურფა ასულს,
უღვივებდა ლამაზ გრძნობას, მისთვის უკვე ფერგადასულს.

სახლში ამ ქალს ვაზა ედგა, ბროლის, ონავ გაბზარული,
ბედობას თუ ავბედობას მოეტეხა მაღლა ყური,
ახლა მასში ვარდი იდგა, სამზეოდან მოტანილი,
სიბნელეშიც ანათებდა, თითქოს ცვილით მონამული.

და ერთ ღამეს ეს ვარდები უცაბედად გადანათდნენ,
ისე ლაღად კამკამენდნენ, როგორც ზეცა განთიადზე,
და ლოგინში მწოლიარემ დაინახა ვაჟი ქალმა,
თვალი მოსჭრა, როგორც ელვამ, როგორც სანთლის დიდმა ალმა.

ვაჟმა უთხრა, ვეღარ მნახავ, ვუერთდები სულთა კრებულს,
დაგიტოვებ ამ სიყვარულს, უარყოფილს, შენგან ვნებულს,
შიშისაგან ქალმა უცებ ტანთ ჩაიცვა, სარკმელს მიდგა,
ვაჟი უკვე გამქრალიყო, შეაწუხა დარდმა დიდმა.

მეორე დღეს მაგიდაზე შეამჩმია სისხლის კვალი,
და ვარდებიც სულ ყვითლებად ქცეულიყვნენ რაღაც ძალით,
გაიფიქრა, ნეტავ ბზარზე თუ შეიჭრა ვაჟმა ხელი,
მოლანდება არ ყოფილა,  იატაკიც იყო სველი.

გარეთ გასულს ესმა დილით, ვაჟი მოკვდა გარიჟრაჟზე,
მცირე, დიდი, კაცი, ქალი, ახსენებდა იმის სახელს.
გული დასწყდა, სიცოცხლეში არც კი დაელაპარაკა,
რომ გრძნობები გაემხილა,  დაარწევდნენ ორივ აკვანს.

ნუთუ მოკლა სიყვარულმა, გაიოცა ძლიერ ქალმა,
დიდმა გრძნობამ იმსხვერპლაო, დადიოდა ჭორი ქალაქს,
იმ დღის მერე ყოველ დილით ყიდულობდა  ქალი ვარდებს,
თუმც ვერავინ ვერ ხვდებოდა მის იდუმალ გულის ნადებს.

მხოლოდ სასაფლაოს მცველი კვირდებოდა ერთი რამით,
რომ იმ ვაჟის ძვალშესალაგს სულ ამკობდა წითლად ვარდი.

18.09.2023 წელი


.







Monday, September 25, 2023

მინიმა

  ,,ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა,

ზოგჯერ თქმითაც დაშავდების",
რაც არ იცი, რაზედა წერ?!
შნოც არ გცხია კახაბერის.

მე მეგონა, რომ გიყვარდი! (სატრფიალო)

მე მეგონა!
მე მეგონა, რომ გიყვარდი,
თავს ვიმშვიდებდი ამით,
თურმე ყოფილა სიზმარი,
სულ ორიოდე წამის.
თურმე ყოფილხარ სხვა ყანდის,
სხვა გაგიხდია კერპად,
ველზე ვცურავდი ამარტის,
პეპელას ფრთები მესხა.
სამ დღეში ჩემს სიკვდილს ელი,
პეპელა მეტს არ ცოცხლობს,
სიტყვა ვირჩიე გრანელის,
თუ გინდ ეს იყოს ბოლო.
მაია დიაკონიძე
25.09. 2023 წელი



ერთხელაც მოვკვდი

 ვხედავდი, კუბოს მიასვენებდნენ

და პროცესია ოდნავ მდუმარე,

იმეორებდა იმ თალხ მუქ ფერებს,

ხმები ავსებდა იქ კულუარებს.

- ნეტავი რითი მოკვდა ეს ქალი?!

- ნეტავ რა სენმა მოუღო ბოლო?!

- არ უყვარდაო მავანს და მავანს,

სიკვდილის ბრალი ეს იყო მხოლოდ!

და მე დავცქერდი ზემოდან კუბოს,

მეფინებოდა მზის შუქი თმებზე,

თვითონ ვარკვევდი სიკვდილის მიზეზს,

- თუ წამოვეგე ეკლიან ძეწნებს.




მინიმა

 არვინ იცის, ვის რა სტკივა,

რატომ, რისთვის იხდის სასჯელს,
სულ ველოდი ერთ თბილ სიტყვას,
მე - არა, სხვას უთხრეს ასჯერ!
მაია დიაკონიძე

წუხს დედამიწა! მეორე ვარიანტი

 წუხს დედამიწა!

აივსო არე ღმერთკაცებით და ღმერთქალებით,
შუალედური თუ არსებობს ნეტავ სამანი?!
წუხს დედამიწა სიყვარულის გაფერმკრთალებით,
დახშულ გულებში არ ყვავილობს იასამანი.
გადავსებულა გზა ველური ყაყაჩოებით,
არაგველების ბობოქარმა სისხლმა იალა,
გაღმერთკაცებულ მოკვდავთაგან სხვას რას მოველით,
თუ არ ქვეყნისთვის მიწოდებულ დაცლილ ფიალას!
მაია დიაკონიძე
25.09.2023 წელი

წუხს დედამიწა! პირველი ვარიანტი

 აივსო არე ღმერთკაცებით და ღმერთქალებით,

შუალედური არ არსებობს ალბათ სამანი,

წუხს დედამიწა სიყვარულის გაფერმკრთალებით,

დახშულ გულებში არ ყვავილობს იასამანი.

გადავსებულა გზა ველური ყაყაჩოებით,

არაგველების ბობოქარმა სისხლმა იალა,

გაღმერთკაცებულ მოკვდავთაგან სხვას რას მოველით,

თუ არ ბალღამს და სასიკვდილო შხამის ფიალას!


ლექსმა გადამარჩინა

 სწორედ მაშინ, ამ ცხოვრებას 

რომ ვუწერდი საჩივარს,

მომევლინა ვით ცხონება, — 

ლექსმა გადამარჩინა.

ამვლელ-ჩამვლელს დაველოდე,

ფიქრიც გადაარჩია,

მიმაბარა ანგელოზებს, –

ლექსმა გადამარჩინა.

რომ მივიღე შხამი გველის,

ვავადობდი საშინლად,

არ გავყევი გზა-კვალს - ელის, –

ლექსმა გადამარჩინა.

იტყვით, რაა ესეთი და...

გზა გარეთ და გზა შინა,,

მომევლინა ზარების ხმად, -

ლექსმა გადამარჩინა.






მინიმა

 უქებენ ერთურთს ნიჭსა და ტალანტს,

ზოგი ზევსია, ზოგიც იზიდა,

მაგრამ არა ჩანს  ერთი ატლანტიც,

სამშობლო მხრებით რომ აეზიდა.


Saturday, September 23, 2023

მეგონა, ხეო!

 მეგონა ხეო, შენ სხვას არ ჰგავდი,

გიდუდუნებდი წესიერს, ერთგულს,

წვერები შენი ვიდოდა ცამდი,

იხდენდი მხრებზე ფოთლების კრებულს.

ღამით შენს ტოტქვეშ ვიშლიდი ლოგინს,

დღისით შენს ჩრდილქვეშ ვითქვამდი სულსაც,

აზრი არა აქვს მივხვდი ამ ლოდინს,

ჩემგან დანახულს არ ჰგავხარ სულაც.

მოუტაციათ თვალი მირაჟებს,

ოცნების კოშკებს ვაგებდი ტყუილად,

და ფერად-ფერად შუშის ვირტაჟებს,

წინ დაეფარა მწვანე ტუია.

დე, იშრიალე, სხვებისთვის თუგინდ,

მიეცი ფრთები შენს გვერდზე მთრთოლავთ,

მე კი სამყაროს ვუმზერ, ვით მუნკი,

და არ მჩვევია ტყუილებით თრობა.







სალაღობო, შენ რომ გიყვარვარ!

 სალაღობო


შენ რომ გიყვარვარ, კი ვიცი,
,,მიყვარხარ", – ამბობს გული;
სანთლად ავინთოთ ეს ფიცი,
პარნასის მთაზე თქმული.

აპოლონს შესცქერს ამური,
ჩანგს სწყდება ნაზი ბგერა,
ყურს ატკბობს ხმა საამური,
ცხრა მუზის გულის ძგერა.

დაუდეგარი ოცნება
მალე შეაღებს იმ კარს...
სადაც მეტყვიან: – მიყვარხარ!
და მეც ვეტყვი, რომ – მიყვარს!
მაია დიაკონიძე
5.09.2023 წელი 

ფანელის კაბა

 ფანელის კაბა

გახუნებულა ფანელის კაბა,
ძველ ჩემოდანში ჩრჩილები ჭამენ,
არ გადაიხდის არავინ აბაზს,
ჩემთვის კი ნიშნავს ეს კაბა რამდენს...
ხსოვნის ზანდუკში ფშვინავენ ხმები,
,,ბებია, კაბა გიხდება როგორ,
ისეთი კოხტა, ლამაზი მყავხარ,
აბა, ვისა ჰყავს ასეთი გოგო!"
მზემოკიდებულ მკლავებზე მიწვენს, პაპა,
უჩუმრად მიმღერის ,,ნანას",
,,ისეთი კოხტა, ლამაზი მყავხარ,
ნეტავ ვინ არის აქ შენისთანა!".
ბედისწერის ქარს მივყვები აშარს,
გახუნებულა ფანელის კაბა,
სხვა რომ არავინ არ მისცემს აბაზს,
მე ვერაფერში ვერ გავცვლი ამას!
მაია დიაკონიძე
5.07. 2023 წელი

Friday, September 22, 2023

დაწერილია, ელგუჯა ციგროშვილის ლექს-კომენტარით

 კაფიების მოყვარულთათვის:

ჩემი ლექსი: ,,დაწერილია" ბატონ ელგუჯა ციგროშვილს ძალიან პესიმისტურად მოეჩვენა და გასამხიარულებლად ძალიან საყვარელი კაფიაც დამიწერა
დაწერილია...
დაწერილია უკვე ის ლექსიც,
დაწერილიყო მინდოდა ჩემთვის,
და ახლა მხოლოდ მდუმარება და
ზეციურ ზართა ჟღარუნი მესმის.
ჩაფარცხულია უკვე ყანები,
გალეწილია სუყველა კალო,
და ჟღრიალებენ ოლთისს ზარები,
მოემზადეო, რომ წაგიყვანოთ!
მაია დიაკონიძე
21.09. 2023წელი
ლექს~კომენტარი მაიას!
(ფშაურ კილოზე)
შენ ლექსს ვინც ნახავს, კი იტყვის:
,,ვინ შააშინა ე ქალი ?"
იქაც სიკვდილის ცელს ხედავს,
თითს თუ შაერჭო ეკალი.
სანათას ქვეყნიდანა ხარ,
სხვაც ბევრი გვყავის ძველები,
ჯერ სიკვდილამდე შორია,
გულზე რად გიწყვავ ხელები.
ბალღებს უწერე ზღაპრები,
აგონ იმედის ხიდები...
სიკვდილსაც თავის გეგმა აქვს, 
ბარგად ნუ აეკიდები!
ელგუჯა ციგროშვილი
ქ . თესალონიკი
21 . 09 . 2023 წელი

სიცოცხლე რაა ნეტავ, მეორე ვარიანტი

 სიცოცხლე რაა ნეტავ?!

სიცოცხლე რაა ნეტავ
თუ არ ფერები მქისე,
კითხვის ნიშანით ვიწყებთ,
ამით ვამთავრებთ ისევ.
ამოვიცანით ვერა
ჩვენი ცხოვრების არსი,
ფარისევლების გვჯერა,
ნაღდად ჩავთვალეთ ფარსი.
თუკი ვერ მოასწარი,
სიკეთის ქმნა და პოვნა,
იმედს არ შველის ბზარი,
სხვა გაზაფხულიც მოვა!
მაია დიაკონიძე
21.09.2023წელი
,,ღვთიშობლის შობის" დღე

სიცოცხლე რაა ნეტავ?!

 1 . სიცოცხლე რაა ნეტავ

თუ არ ფერები მქისე , კითხვის ნიშანით ვიწყებთ , ამით ვამთავრებთ ისევ . 2 . ამოვიცანით ვერა ჩვენი ცხოვრების არსი , ფარისევლების გვჯერა , ნაღდად ჩავთვალეთ ფარსი . 3 . თუკი ვერ მოასწარი , სიკეთის ქმნა და პოვნა , იმედს არ შველის ბზარი , სხვა გაზაფხულიც მოვა !


Thursday, September 21, 2023

დაწერილია უკვე ის ლექსიც!

დაწერილია უკვე ის ლექსიც,

იწერებოდა მეგონა ჩემთვის,

და ახლა მხოლოდ მდუმარება და

ზეციურ ზართა ჟღარუნი მესმის.

ჩაფარცხულია უკვე ყანები, 

გალეწილია სუყველა კალო,

და ჟღრიალებენ ოლთისს ზარები,

მოემზადეო, რომ წაგიყვანოთ!


სიცოცხლე რაა ნეტავ!

სიცოცხლე რაა ნეტავ!
სიცოცხლე რაა ნეტავ,
თუ არ ცხოვრება მძიმე,
კითხვის ნიშანით ვიწყებთ,
ასე ვამთავრებთ ისევ.
გამოვიცანით ვერა,
ცხოვრების მცნება, არსი,
ვიღაც ზევიდან გვზვერავს
და გვაშამათებს ,,მატით!".
ვერ მოასწარი თუკი
სიკეთის ქმნა და პოვნა,
ამაოდ ხომ არ ვუცდით?! -
სხვა გაზაფხული მოვა!
მაია დიაკონიძე
21.09.2023 წელი




თვითონ პოეზია ხარ!

 მთებო, ნისლებდაფარულნო,

ცას რომ იყოფთ ზიარად,

წყაროებო, ნაკადულნო,

თვითონ პოეზია ხართ!

ქვვრში ღვინოვ ჩაწურულო,

ავსებულო ფიალავ,

მზეო, ცაზე ალანძულო,

თვითონ პოეზია ხარ!

სულისთქმავ და მაჯისცემავ,

ფეხქვეშ გვიგებ  ფიანდაზს,

ვაზის ცრემლად ატირებავ,

თვითონ პოეზია ხარ!

უკვდავების წყალს რომ გვასმევ,

გვჩუქნი მწვანე იალაღს,

როგორ არ მიყვარდე ასე,

თვითონ პოეზია ხარ!






მე მიხარია, საქართველოვ, ვარ შენი შვილი,

რომ შენს მიწაზე დამირწია აკვანი დედამ,

შენი ჩონგური დღეს ვერ მღერის სიმებაშლილი,

კვლავ ვუსათუთებ ჩემს კერაზე  ცეცხლის ნაღვერდალს.


თუ ალბიონზე აინთება მზე კიდევ ერთხელ,

ნიშანი არის, ცოცხალია ქართველი გენი,

გადავაგორებთ ამ დღესაც და რა არის მერე?!

უიმედობას შეუპყრივართ, -  ვერ. აღწერ ენით.


მაინც ხმაურობს ალაზანი, თერგი, იორი...

და ფეთქავს გული სვეტიცხოვლის დიადი ტაძრის,

ვერ დადუმდება მიწა დიდი გალაკტიონის,

საქართველოა ჩვენი სუნთქვა, ცხოვრების აზრი.











Tuesday, September 19, 2023

ეს ჭრელაჭრულა კაბა

 ეს ჭრელაჭრულა კაბა

ჩემს ჭრელაჭრულა კაბას,
შემოდგომა რომ მჩუქნის,
შემოემატა ღრუბლის
თეთრი ფარფატა ქუდი.
და თუ გავყვები ვაგონს,
ცისფერს, რას ვიზამ აბა?!,
ვინც სიყვარულსა ნატრობთ,
თქვენ დაგიტოვებთ კაბას...
მაია დიაკონიძე
18.09.2023 წელი

ზოგჯერ ყალბია გაღიმება!

ზოგჯერ ყალბია გაღიმება!
ზოგჯერ ყალბია გაღიმება, ყალბია სიტყვაც,
არ ვამბობთ ხშირად რაც უნდა ვთქვათ, რაც უნდა ითქვას,
სიყვარულისთვის ჩარაზული გულის კარებით
უფსკრულისაკენ ცრუ ღიმილით მივექანებით.
და ის ღიმილიც ნეტავ რისთვის მოვირგეთ პირზე,
ვისაც სჭირდება, ის თუ ისევ პირქუშად გვიმზერს,
თუ ოქროს თევზიც არა ჰყვება ზღვის ჩქერში ანკესს,
თუ აღარავინ არ კითხულობს ჯადონურ ზღაპრებს.
გაუწყალოვდა ჩვენი ხორცი, გამშრალა სისხლი,
აღარც კი გვიყვარს საქართველო თუნდ ერთი მისხლით,
ბარემ შემოვკრათ სხვა ტომელთა დოლს და ტამტამებს
და ვამცნოთ ყველას, რომ ქვეყანა სხვას ჩავაბარეთ!
მაია დიაკონიძე
19.07.2023 წელი




Monday, September 18, 2023

 თუ არ გიყვარვარ, თქვი, რას აყოვნებ,

ბარემ ჩამარტყი გულს დანა ბასრი,

ცისკენ გავყვები  ცისფერ ვაგონებს,

იქ გაიღება სამოთხის კარი.

იქ არ არსებობს ღალატი, ტყუილი,

არ გაგწირავენ მოკვეთით, ბასრად,

და მხოლოდ ჩვენს დიდ ღმერთს მინდობილნი,

არ აავსებენ ბალღამით მასრას..



მოყვასიც არის გვერდით!

მოყვასიც არის გვერდით!
,, ვინა ხარ, ვის დაჰკარგვიხარ?!",
გეტყვის ვიღაცა ყვედრით...
ნუ გჯერა ენამწარისა,
მოყვასიც არის გვერდით!
არ გიფასებენ დიდ შრომას?!
ვიღაც ბოროტი გებრძვის?!
ტალახით სვრიან შროშანსაც,
მოყვასიც არის გვერდით!
სული სინაზით სავსე გაქვს,
უფალს სხვის კეთილს ჰვედრი,
ვიღაც თუ აუგს გაბედავს,
მოყვასიც არის გვერდით!
კარს გაგიხსნიან სამოთხის,
თავს დაგხურებენ მერდინს,
ავს არ შეეკრა აროდეს,
მოყვასიც არის გვერდით!
გესლი პირიდან ამოსდით,
უფალს გაუპეს ფერდი,
შეგაფასებენ სამოსლით?!
მოყვასიც არის გვერდით!
მაია დიაკონიძე
18.09. 2023 წელი




Sunday, September 17, 2023

აქა ვარ! (სატრფიალო)

 აქა ვარ!

ხან ევას მადარებ, ხან კიდევ ამორძალს,
გშანთავ და ცეცხლით გწვავ ამ შავი თვალების,
მივმართავ ყველა კერპს და წმინდა სალოცავს,
ბრძოლისთვის რომ მოგცეს ასმაგი ძალები.
გმირობის მაგალითს სხვებს უნდა აძლევდე,
არ ჰგავხარ ტარიელს? ისე რა გმირი ხარ,
ის ერთი მიყვარდა, მარტოდენ მას ვენდე,
მას მერე რამდენმა დროებამ იდინა.
დღეს მკვდრედით აღვდექი, არ ვგავარ სხვა ქალებს,
აქა ვარ მე შენი ერთგული ნესტანი,
ვიცი, რომ ჩამოხსნი კლიტეს და ანჯამებს,
ამ ციხე კოშკიდან გაგვაფრენს მერანი.
მაია დიაკონიძე
10.09. 2023 წელი

თონის პური (ეძღვნება ვენერა ბიცოლას)

 მზე ცხრათვალა იღვრებოდა თითო პურში,

ბიცოლა რომ ახურებდა იმ დიდ თონეს,

პატარებიც ვტრიალებდით იქვე ახლოს,

ისე მახსოვს,მომხდარიყოს თითქოს გუშინ.

ამომხტარი იმ თონიდან თეთრი პური,

მზე იყო და ჩვენც გვიყოფდნენ იმ მზის სხივებს,

პური იყო დიდი, როგორც კაცის გული,

სიყვარულს და მთელ სამყაროს შიგ რომ იტევს.



ესეც პოეზიაა!

ესეც პოეზიაა!

 

გარეთ ქარი რომ თამაშობს,

ბავშვებს ჩაეზიარა,

ატრიალებს ბურთს და ანცობს,

ესეც პოეზიაა.

 

ფურისულა გაშლის ფურცლებს,

ზედ პეპელამ იარა,

სკაში დათვი თათებს ურევს,

ესეც პოეზიაა.

 

ვეღარ იტევს ყვავილს ველი,

წინ გაგვიშლის ფიანდაზს,

ყანას მკიან პაპას ცელით,

ესეც პოეზიაა.

 

ვაჟი ქალს აპურებს რწმენით,

ცხვარი მისდევს იალაღს,

რასაც ვერ გამოთქვამ ენით,

ესეც პოეზიაა.

 

10.09.2023 წელი




სადღაც შორი ლანდები (სატრფიალო)

 სადღაც შორი ლანდები მომიხმობენ ცისაკენ,

შევერთვები ლაჟვარდებს და იქ გავირინდები,

ვიცი, როცა მოვკვდები, მხოლოდ მერე მინატრებ,

მოგეწონოსს იქნება ჩემი ლექსის რითმებიც.

საზღვარი ხომ არა აქვს, მონატრებას, სიყვარულს,

მთები შეზანზარდება, მე რომ აღარ ვიქნები,

მხოლოდ ცაში მოვიმკი სააქაოს ჭირნახულს,

შენ კი ჩემთან მოგიყვანს დაკარგულზე ფიქრები.

15.09. 2023 წელი




არ ვარ დონ კიხოტი (სატრფიალო)

 ქარის წისქვილებთან მე ომს არ ვაპირებ,

არ ვარ დონ კიხოტი,
ანდა რა აზრი აქვს იმ ომში შესვლასაც,
თუკი არ გინდოდი,
თუკი არ გინდივარ, უბრალოდ ზღვისპირას
ლურჯ კენჭებს ალაგებ,
არ მოგთხოვ, მე დღეის შემდეგ და იქითაც,
არასდროს, არაფერს.
მაია დიაკონიძე
15.09.2023 წელი



 

Saturday, September 16, 2023

ხევსურული პოეზია, ავტორი ელგუჯა უძილაური

 ელგუჯა უძილაური — ქართველი პოეტი. დაიბადა ახმეტის რაიონში. ის ავტორია პოეტური კრებულისა "აყვავებულა არაგვზე დეკა".

ქვემოთ წაიკითხავთ მის ლექსებს.
შატილის ცასავით
შატილის ცასავით ლურჯი გაქვს თვალები,
მშვენებით მოჰგევხარ სალი კლდის ავაზას.
მაგ სილამაზისთვის გწყევლიან ქალები,
ვაჟები ჰკოცნიან შენს სავალ შარა-გზას.
რამდენჯერ ვევედრე ლაშარს და კოპალას,
კვლავ დამიბრუნებდნენ აპრილებს გაფრენილს.
შორს გაგიტაცებდი ცელქსა და ლურჯთვალას,
შენს დალალს ვნახავდი ჩემს მკლავზე დაფენილს.
კვლავ ნუღარ შემხვდები მერიდე, ქალბნელო,
კაცი არ მაცდუნო მაგ თვალთა მშვენებით.
შევცდები, შეგტაცებ პერანგის საყელოს,
მთებს გადაგატარებ ლურჯაის ჭენებით.
და როგორც ყაჩაღი, არწივთა საბუდარს
მივალ და გავხდები სალი კლდის ხიზანი,
შურთხებთან დაგმალავ საცოლეს ნაქურდალს,
უშენოდ სიცოცხლეს არა აქვს მიზანი.
აყვავებულა არაგვზე დეკა...
აყვავებულა არაგვზე დეკა,
ნისლი მოცურავს მთა-მთა.
სევდა მასწავლეს, ფშავლის ასულო,
ემაგ თაფლისფერ თვალთა.
ციხეგორობას სტუმრად მოგივალ,
არ მაკოცება, ნეტა?
შენთან ღრეობა მწადიან, ქალო,
ყოფნა მწადიან შენთან.
ამ ქარაფებს და კლდოვან ბილიკებს,
რაისად სთელავ კენტად.
მოდი, ვიქნები შენი წაწალი,
მთები დავლახოთ ერთად.
და თუ შენს გამო, ფშავლის ასულო,
შენ ძმათ შემაჭრეს ხმალზე, -
ნეტა, მანახა, როგორ მიტირებ,
გლოვის სევდიან ხმაზე.
აყვავებულა არაგვზე დეკა,
ნისლი მიცურავს მთა-მთა.
სევდა მასწავლეს, ფშავლის ასულო,
ემაგ თაფლისფერ თვალთა.
ღმერთო, შენ დალოცე
ღმერთო, შენ დალოცე შუაფხო, ჩარგალი...
ფშავლების ღრეობა, ცხენების ჭენება;
ღამე რო იციან მგლებივით წანწალი,
საბძელში თავნება წაწალების ფერება.
ფშაველ კაცს ლექსებში ვინა ჰყავ ბადალი,
ჩონგურზე სიმღერით იციან თენება.
ხონჩაზე იციან ცხელ-ცხელი ხინკალი
და პანტის არაყით კოპალის ხსენება.
მტერი თუ დალანდეს, იარაღს ისხამენ,
სალი კლდის ვეფხვებად ჩნდებიან ფშავლები,
ჯიხვების ხოროებს ფეხდაფეხ მისდევენ,
ფრიალო კლდეებზე ღმერთი ჰყავთ თავდებად.
ნისლის დავ, მე შენზე ფიქრები მაწამებს,
ისმინე, ქალბნელო, ვაჟკაცის ვედრება, -
ქალაქს ნუ წაიღებ ყორნისფერ დალალებს,
მთებს უფრო უხდება მაგ თვალთა მშვენება.
ღარიბი კაცის სიმღერა
სიღარიბეზე იტყვიან
დამღონე არი კაცისა,
მე კი ვერაფერს დამაკლებს
ვცოცხლობ იმედით ხვალისა.
რასაც ვიშოვნი, ვიკმარებ,
არ მოვიპარავ სხვისასა,
ზამთარში ანტრიასა ვჭამ,
ზაფხულში მხალს და ჭინჭარსა.
ზედ დავაყოლებ არაყსა,–
ნაჟურსა ჭანჭურისასა,
ვადიდებ სალოცავებსა
ბარისასა და მთისასა.
ზაფხულში ხის ჩრდილში ვწევარ,
ზამთარში ცეცხლის – პირასა,
ჯავრს არ მივუშვებ გულზედა
დედას ვუტირებ მტრისასა.
თუ გინდა ზღვა და ხმელეთი
ჩემ თვალწინ დადგეს ყირასა,
არც მგელი მიჭამს ცხვარ–ძროხას,
არც ქურდი მპარავს ფულებსა.
ისე ჩაუვლის ჩემს სახლსა
თავსაც არ მაიბრუნებსა,
ან კი რა უნდა მამპაროს
უფალს რად მაიმდურებსა.
ჩემ სიღარიბეს, რო ნახავს
ქურდიც გულს შაიწუხებასა
წავა, საჩუქრად მამიტანს
სხვის სახლში მოპარულებსა.
დედა გიტირეთ მდიდრებო
სჭამთ და ვეღარა სძღებითა
რაც უნდა ბევრი იშოვნოთ
მაინც არ დასჯერდებითა.
გაშინებთ ქურდის დანახვა,
კრაოტის ქვეშა სძვრებითა
საწყალ კაცს არაფრად აგდებთ
დასცინით ზედა სდგებითა.
როგორც კი შემოღამდება
კარებს დაადებთ კლიტესა
ფულის დაკარგვის შიშითა
ხედავთ კოშმარულ სიზმრებსა.
არ იცით როგორ დახარჯოთ
ქონებას იხვეჭთ იმდენსა,
ზოგს პურის ფულიც არა აქ
ბალღებს აძინებს მშივრებსა.
დრო მოვა, ყველა მოვკვდებით,
შუქს ვეღარ ვნახავთ მზისასა,
ხის ყუთებს გაგვიმზადებენ
როგორც – მე, ისე – მდიდარსა.
ჩაგვდებენ სამარეშია,
ზედ მოგვაყრიან მიწასა,
იტყვიან შესანდობარსა
დასცლიან ღვინის ჭიქასა.
დაჰკმეჭენ გულიანადა
ხაშლამას გრუდინკისასა
დაემსგავსება ქელეხი
ნასუფრალს ყორნებისასა.
კარგზე იტყვიან – რად მოკვდა
არ იყო მაგის ღირსია,
ცუდზე იტყვიან ჩაძაღლდა
გათავდეს მაგის ჯიშია.
* * *
ნურცა რას მკითხავ და ნურცა რას მიამბობ,
შენ ჩემი ცხოვრების დასწყევლი გარიჟრაჟს,
მე შენი დაკარგვა წლების წინ ვიგლოვე,
ნიავი მთებისა მეტყოდა სამძიმარს.
კვლავ აღარ მოგიხმობ, ვით სატრფოს ქორბუდა,
ხეობებს არ შევძრავ მოთქმით და ძახილით,
არ მინდა სხვის მკლავზე ნაწოლი დიაცი,
არ მინდა სხვის ხელში დამჭკნარი ყვავილი.
ჟინი რომ მომივლის კვლავ შენი დანახვის,
დაჭრილი ლომივით ვბორგავ და ვაწყდები,
მე გულის იარას არაყით ვუწამლებ
და სოფლის ლოთივით ყოველდღე დავთვრები.
დავთვრები, რომ აღარ ვიფიქრო წარსულზე,
ვახ, ეს რა ყისმათი მარგუნე, უფალო,
დაკლაკნილ ბილიკებს მთებისკენ შევყვები,
ნისლიან ჭიუხში ვიცხოვრებ უკვალოდ.
ხევსურის ქალავ
ჩუმად რადა ხარ, ჩემო ხევსურის ქალავ,
როშკის ციხეზე რად არ სიმღერას იტყვი.
ბებერი ლომი მტრის გულს ჯერ კიდევ ზარავს,
ხევსურთა მიწა არ დაუთმია მტრისთვის.
წავა, გადივლის შატილს ნისლების ფარა,
არაგვის ჭალებს დაეფინება ნაბდად.
ხევსურის ვაჟას, მოდი, ნუ ეტყვი არას,
მაგ თვალთა ეშხი გულში ექნების დარდად.
იცოდე, კარგო, კაცს სიყვარულის ნიჭი
გაჰყვება მგზავრად, სანამ სიცოცხლით ფეთქავს.
ალბათ, დაგეძებს ვინმე ხევსურის ბიჭი,
მეტოქის გამო დანას მუქარით ლესავს
ასეა მუდამ მზის და ჩანჩქერთა შუქი,
გული ურჩობს და მიჰყვება ტრფობის მძლე ქარს.
ეწვევა არხოტს მთების სევდიან მწუხრში,
ისევ დაეძებს ჯაბუშანურ მზექალას.
წყარო: პოეზიარი-ავტორთა წარმოჩენა✍️