ჩანახატი
როცა მზეზე ალაპლაპებულ ველს შეხედავთ,
მბრწყინავსა და თვალისმომჭრელს,
ვერასოდეს იფიქრებთ, რომ
ის ველი ცოტახნის წინ
ყვავილებს ზოგიერთი ღერო შემოსცლიათ,
ყაყაჩოს კაბა დაზიანებია,
თვალებში ძლივას იყურება,
ბალახებიც იშუშებენ ნაჭრილობევს,
ქარი ცეტი და გადარეული
სულ ცოტა ხნის წინ შფოთავდა,
ხან ტიროდა, ხან იცინოდა,
ცეკვავდა, აშრიალებდა ხეთა ფოთლებს,
ველს რომ გვერდზე ამოსდგომიან.
მან ხომ არ იცის, რომ ვინმეს რამეს ატკენს.
მაგრამ მის გარეშეც რომ არ შეიძლება:
შორს გადააქვს ყვავილების მტვერი,
ამით სიცოცხლეს აძლევს მრავალ მცენარეს,
ლამაზიცაა ქარისგან მოშრიალე ყანა.
ველზე მზესუმზირებიც იწონებენ თავს,
მზისკენ აუღერიათ თავი, მათ ვერ ერევა ქარი,
ძლიერი ღერო აქვთ, ჯან-ღონით სავსე.
მზე ღრუბლებმა დაფარა და წვიმაც წამოვიდა,
ზაფხულის წვიმა მაამებელია ველისა და კაცისა,
აგერ, მეც გავყურსულვარ მზესუმზირის ქვევით,
ჩემს ძმებთან ერთად, ბებიას ვემალებით,
გვგონია მისი დიდი ფოთლები დაგვიფარავს წვიმისგან,
მაგრამ ასეც არაა, იქაც აღწევს წვიმის წვეთები,
აი, ქარიც ამოვარდა, ველზე მარტონი ვართ,
გულო, ჩადექ საგულესა, ვეუბნები ჩემს თავს,
ჩემ გამო არა, ძმების გამო მეშინია,
არ დაგვსეტყვოს, არ დაგვკარგოს,
ნეტავ მალე გვიპოვოს ბებიამ!
მაია დიაკონიძე
30.09. 2023 წელი
No comments:
Post a Comment