Sunday, September 29, 2019

დამილოცეთ თეთრი იასამანი!

ლურჯ ზეცაში გაბნეულო ვარსკვლავებო,
დღეს რა ჩუმად და ფერმკრთალად ციმციმებთ?
უნატიფეს სხივებს უძღვნით მთას და მდელოს
და უამებთ ამქვეყნიურ ტკივილებს.
სად მთავრდება საქართველო - დედის ხსენი,
ან სიყვარულს თუ აქვს სადმე სამანი?
წყაროს წყალი მომაწოდეთ ერთი პეშვი,
დაგილოცოთ თეთრი იასამანი!
სხვა ძალა აქვს ამბროზიას, ყვავილს ნექტრის,
ზურმუხტ ველზე მიმობნეულ გვირილებს,
ნაზ ღრუბლებზე მოჯირითე ლურჯა ცხენიც
სულ სხვაგვარი სიამაყით ჭიხვინებს...
გავიხსენოთ დავით მეფე, ბრძენთაბრძენი,
ოქროს ქოში უტურფესი თამარის,
ისევ გავისიგრძეგანოთ რწმენა ჩვენი, -
სააქაო-საიქიოს საგზალი.
მომავალი გამოზომილ ნაბიჯს ელის,
როგორც დილა -  შუქმფინარე მზის სხივებს,
ოქროს წყალში განბანილი ყმაწვილებით
მივეახლოთ თვალშეუდგამ ცის კიდეს.
საიდან და სადამდე ხარ, ცაო ჩემო,
ან მეორე საქართველო სად არის?
ლურჯ ზეცაში გაბნეულო ვარსკვლავებო,
დამილოცეთ თეთრი იასამანი!





Saturday, September 28, 2019

შეუძლებელს ვეძებთ

შეუძლებელს ვეძებთ,
აუხდენელს ვტირით,
რა ვაკეთოთ სხვისთვის,
თავს არ ვიკლავთ ფიქრით.

ალავერდი! (ერთსტროფიანი)

ალავერდი! ჩვენს ყოფაზე ბევრად მეტი,
დიდება და ჩვენი ერის ნათლის სვეტი,
გუმბათები, ჩუქურთმები, ბალახშები, -
სიყვარულით გავსებული ზარდახშები.

მე სიყვარულის არ მჯერა, არა (ერთსტროფიანი)

მე სიყვარულის არ მჯერა, არა,
მხოლოდ წიგნებში თუ არის, მგონი,
კალამი, ფუნჯი ვარდისფრად ხატავს,
მაინც არასდროს დაკარგოთ გონი.

შური და ბოღმა(ერთსტროფიანი)

შური და ბოღმა დაახრჩობს ჩვენს ერს,
კუპრის ზღვა უკვე ახლოდან მოჩანს,
შიგ მოცურავე პატარა გველებს
შევხვდებით, ალბათ, დრო მოვა როცა.

Thursday, September 26, 2019

ზეცა გვიგზავნის...(ერთსტროფიანი)

ზეცა გვიგზავნის სეტყვას, ნიაღვარს,
რატომ და რისთვის, არავინ უწყის,
ვიღაცის ტკივილს, ვიღაცის ტირილს
დედა ბუნება გვიბრუნებს ხურდით.

ვნახე და... (ერთსტროფიანი)

ვნახე და ჰგავდა დაჭრილ ბეღურას,
ღრმა განშორების თალხი ებურა,
უსიყვარულოდ დაღლილ მეგობარს
ვერ გავუწოდე ხელი მეფურად.

Tuesday, September 24, 2019

თითქოსდა ...

თითქოსდა ცაში ვუსმენდი ქოროს,
ანდა ბულბულებს ვარდებზე გაჭრილთ,
დარდი სცვიოდა ჭადრებს და მხოლოდ
მე ვერაფერი მშველოდა დაღლილს.

მე ადამიანების ბედით მიყვარს თამაში

მე ადამიანების ბედით მიყვარს თამაში
და რას დამარქმევ, სულერთია,
ეშმაკს, თუ ულაყს, დაბმულს თავლაში,
მე ადამიანების ბედით მიყვარს თამაში!


უკვდავებისთვის ისიცა კმარა

როდესაც ჩემთვის ჩაქრება ზარა,
სული მისწვდება თეთნულდს და შხარას,
უკვდავებისთვის ისიცა კმარა,
მათთან დავრჩები მარად და მარად.

Monday, September 23, 2019

ეთერ ანაშვილის "ჩემი თელავი"

  ჩემი თელავი 
არის საწაული, დიდი სასწაული                                       
ჩემი პატარა თელავი,
გინახავთ ცისკარზე ჭადრების ტოტებზე
თავმიდეებული და მთვლემარი?
გინახავთ აისი ნადიკვრის გორიდან?
მზე ისე ფრთხილად შლის მზის დალალს,
თითქოს ეშინია არ შეაშლევინოს
ალაზანს მამულზე ფსალმმუნი.
გინახავთ აპრილში ატმების ხანძარით
აკელაპტრებული მკლავებით?
წვიმით დავარცხნილი ძეწნის დაღალებით
ასულის კაკვებით?
გინახავთ იანვრის ტინვიან ღამეში
თავზე ვარსკვლავების ჩიღ-მერდინით?
როდემდე უნდა მაგიჟებდე?
გიმღერდე, კარგო, მერამდენედ?
არის სასწაული, დიდი სასწაუული
გომბორის კალთაში ჩაგორებული
თელავი, ჩემი სიყვარული,
ალაზნის მორევივით დაგუბებული.  

ვალი

ხვალ-ზეგ არ ვიცით, ვის რა მოელის,
მსხვერპლი შევიქნათ იქნებ მოენის,
იქნება მოგვკლან დოზებით შხამის,
არ გავიყოლოთ ამ ქვეყნის ვალი!



Sunday, September 22, 2019

გავხსნით და დავხურავთ დარაბებს (ზაურ ნაჭყეპიას დედის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დავწერე)

გავხსნით და დავხურავთ დარაბებს,
იმ გახსნას სხვა ჰქონდა გემო,
დედა რომ ჭრელ სუფრას გაშლიდა,
დედა რომ დაგვიდა ეზოს...
გავხსნით და დავხურავთ დარაბებს,
იმ გახსნას სხვა ჰქონდა გემო,
ბრწყინავდა მის ხელში სანთელი,
დაე, თვით იბრწყინოს ზემოთ.

Saturday, September 21, 2019

ღვთიშობელსა ვთხოვ (ერთსტროფიანი)

ღვთიშობელსა ვთხოვ, დაიფაროს ქართველი ერი,
სასოება და სიყვარული მოჰგვაროს ბევრი,
რკინის ქალამნის არ დასჭირდეთ ამოცმა ქალებს,
კაცები თვითონ გაუმკლავდნენ ამ ქვეყნის ვალებს.


სავსე მთვარეა (ერთსტროფიანი)

სავსე მთვარეა, მე მიხდება ჭიდილი ბედთან,
იღბალი, ხვედრი, ყისმათი თქვი, რაც უნდა ერქვას,
სული შეზრდილი მიწასავით ერთთან თუ ბევრთან,
ვეღარ მიჰყვება ცხოვრების გზას იმათთან ერთად.

Friday, September 20, 2019

გაფრთხილება ახალგაზრდა გოგონებს (ერთსტროფიანი)

- სიყვარულისთვის არ ვშობილვართ,- გეტყვი მე ზარით,
- თავსმოხვეული ეგ თავშალი მაინცა გშვენის,
დამალე თმები, ოქროსფერი, თორემ ბევრს შეშლის,
დააცხრე თვალიც, ნუ იზიდავ ნურავის მზერით.


შემოდგომამ შემოაღო კარები

შემოდგომამ შემოაღო კარები,
უკითხავად დიდი სუფრა გაშალა,
ბროწეულის შემეფეთა თვალები,
შემოხედვა არავის არ აცალა,
ერთ მუჭაში მოიქცია თითები,
თეფშზე უცებ ჩამოეწყო მარცვალად.


როდესაც სული ფორიაქს იწყებს

როდესაც სული ფორიაქს იწყებს,
შეუცნობელთან უწევს ჭიდილი,
მე და შენ დავთქვით ადგილი. იმ დღეს
ქარიღა დამხვდა ხესთან ქვითინით,
ვარსკვლავებიან ზეცას რომ ვუმზერ,
ასე მგონია, კვლავ შენ მიღიმი.

Monday, September 16, 2019

ველოდებოდი შენგან საყვედურს

ველოდებოდი შენგან საყვდურს, რადგანაც ჰქონდა ღიმილის ფასი,
რომელსაც ერთ დროს ღვინოში ცვლიდი და არიგებდი სხვებისთვის თასით.
ველოდებოდი შენგან შენიშვნას, ჩემთვის შექების რომ ჰქონდა არსი,
ამასაც თუ კი ვიმსახურებდი, ალბათ, გიყვარდი, ძვირფასო, მაშინ.
ველოდებოდი რისხვის ნამცეცებს, რომელსაც ხშირად მაყრიდი თვალში,
მაგრამ ვფიქრობდი, ბრაზი გაქრება, გაიფანტება მტვერივით  ქარში.
სევდის ბილიკზეც ხშირად მივლია, ფოთლებსაც ვდიე უსიტყვო მარშით,
წვიმის წვეთები როცა ტირიან, ცრემლს მიბრუნებენ, მგონია, ვალში.
ხელის მტევნებით ზეცას ვეხები, არ წამოიქცეს, თითებით ვიჭერ,
თითქოს გახსნია ლურჯი ვენები, წითელ ღრუბლებით ივსება სივრცე,
შემოწყობილა ღვინის რუმბები, არგამეტებულ ღიმილში გიცვლი, 
კვლავ მოვისმენდი შენგან საყვედურს, მჭადის ფქვილივით ქატოდ რომ ვცრიდი.




Sunday, September 15, 2019

ლიტ. კონკურსი პოეზიაში - "ქუჯი-2019"

ლიტ. კონკურსი პოეზიაში - "ქუჯი-2019"
დებულება
1. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ქართულენოვან ავტორს;
2. კონკურსის მიზანია ნიჭიერი ავტორების აღმოჩენა და მარტვილის პოპულარიზაცია.
3. კონკურსის მონაწილემ ერთი ლექსი უნდა წარმოადგინოს კონკურსის გამოცხადებიდან (2019 წლის 9 სექტემბრიდან 2019 წლის 25 ოქტომბრამდე);
4. თითოეულ კონკურსანტს შეუძლია წარმოადგინოს გამოუქვეყნებელი (დაუბეჭდავი და ინტერნეტში დაუდებელი) ნებისმიერ თემატიკაზე დაწერილი ერთი ლ ე ქ ს ი. წესის დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კონკურსანტი მოიხსნება კონკურსიდან.
5. მონაწილეობის მსურველმა ელ.ფოსტაზე - quji.martvili@gmail.com უნდა გამოიგზავნოს ნაწარმოები (ვორდის ფორმატში), ასევე მოკლე ბიოგრაფია, მისამართი და ტელეფონის ნომერი.
6. ჟიურის წევრები: ბათუ დანელია, ვასილ ბესელია, მაიკო მიქაია, საშა გველესიანი, თემო ჭახნაკია.
7. კონკურსზე წარმოდგენილ ლექსებს ჟიური აფასებს ათ ბალიანი სისტემით. შეფასებები არ ქვეყნდება და კონკურსის მონაწილეებს არ ეგზავნებათ.
8. კონკურსი დახურულია და გამარჯვებულის ვინაობას საორგანიზაციო კომიტეტი ასაჯაროებს მხოლოდ ჟიურის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
9. გამარჯვებულთათვის დაწესებულია პრემია - ლაურეატის წოდება და ფულადი ჯილდო; კონკურსს ეყოლება ათი ფინალისტი, რომელთაგან გამოვლინდება 4 გამარჯვებული.
11. საპრემიო ფონდი შეადგენს1200 (ათას ორას) ლარს;
პრემიები გაიცემა 4 გამარჯვებულზე:
პირველი პრემია — 500 ლარი;
მეორე პრემია — 300 ლარი;
2 მესამე პრემია — 200-200 ლარი;
ამ კონკურსის ფარგლებში, პოეზიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დიპლომი და 500 ლარიანი პრემია გადაეცემა თქვენთვის კარგად ცნობილ ერთ-ერთ მარტვილელ პოეტს.
12. კონკურსში გამოვლინილი ათი ფინალისტი და ჟიურის ხუთი წევრი 2019 წლის 9 ნოემბერს ერთი დღით მიწვეული იქნება ქ. მარტვილში დაჯილდოების ცერემონიალზე. უზრუნველყოფილი იქნება მარტვილში ტრანსპორტით მათი გადაადგილება, მარტვილის ღირსშესანიშნაობების(მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, მარტვილის მონასტერი, კაღუს ჩანჩქერი) დათვალიერება და კვება. ასევე იმ ღამით სასტუმროში ღამის გათევა.
12. კონკურსის ორგანიზატორები არიან: პოეტი ილია ერქვანია და გივი ელიავა - მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი.
პატივისცემით, პოეზიარი.

Saturday, September 14, 2019

ერთით მეტი ვარ ყველაზე(სიმღერა) შეასრულა მაია სიჭინავამ

თავზე მეტადაც მიყვარხარ,
მსურს, მოვისროლო ბადე,
ბედის ვარსკვლავს რომ მიჰყავხარ,
იმ ბილიკებზე დაგხვდე,
განა, ყომრალი ფიქრია
ნაოცნებარი ბევრის,
ნიავზე სწრაფად მიქრიან
საათები და წლები,
წაწალს წაგართვა მიჯნური,
ჩამოვაბურო ფარდა,
რომ ვეღარსაით დაგლანდოს,
ჩამოიღვენთოს დარდად.
ერთით მეტი ვარ ყველაზე, -
ასე არავინ გნატრობს,
შენი თვალების მინანქარს
მსურს შევხაროდე მარტო,
ცის სილურჯეს და ზღვის სივრცეს
სასწაულად რომ იტევს...
ჩავიძირები, მოვკვდები
და გავცოცხლდები ისევ.
ცა გინანავებს მზის აკვანს
და მზესთან ერთად გარწევს...
რა სავალალოდ შემომხვდი
ბრმა წუთისოფლის გზაზე!




შემოდგომა (ერთსტროფიანი)

გაბაწრულ დღეებს გაბაწრული მივყვები უკან,
სტანდარულ ქუჩებს შემოაკლდათ დღე და  წესრიგი,
ფოთლებს იტაცებს ქარიშხალი ურცხვად და ურჩად,
ბროწეულებსაც გაუციათ სისხლით ტარიგი.

Wednesday, September 11, 2019

ცას რომ აცვია მოსასხამი, მეც მინდა მქონდეს ( ხვარამზეობისთვის კონკურსისთვის)

ცას რომ აცვია მოსასხამი, მეც მინდა მქონდეს,
ლურჯ აბრეშუმზე ვარსკვლავების მესხდეს ქიმები,
მთვარეს კი, როგორც ერთგულ დობილს  ტკბილი ბავშვობის,
თავს შემოვივლებ, ფიანდაზად გავეფინები.
ციცინათელებს მოვიზიდავ ბაფთების ქნევით,
იციან... მათთვის წლების წინათ იყო ნიშანი, -
თავს დაგვდგომოდნენ ციცქნა ბავშვებს ნათლის სვეტებად,
მყარად რომ გვევლო, არ ჩაგვშლოდა მიწა-ქვიშანი.
შემოვუძღვები ორღობეში მაშვრალ ნისლა ხარს,
ბებოს გავძახებ, დახურული გახსნას ჭიშკარი,
იდუმალებად გადაფენილ სხივთა სუდარას
ხელში ჭმუჭნის და თითქოს სინჯავს ღამე მისანი.
დაჭიმულ ნერვზე, როგორც ჩანგზე, ჩამოვკრავ თითებს,
მოგონებები ტალღებივით აირევიან,
გული ვერაფრით დაიოკებს ჯადოსნურ ფერებს
და სისპეტაკეს აკაციის ყვავილებიანს.
მივურბნინებ პაპას დოქით ცივ-ცივ წყაროს წყალს,
აჭრიალდება აივანზე თხმელის ფიცარი
და ძველებური აღტყინებით ისევ დამლოცავს...
ოქროს თმის ღერებს დამიკოცნის ანცი ნიავი.
ცას რომ აცვია მოსასხამი, მეც მინდა მქონდეს,
ლურჯ აბრეშუმზე ვარსკვლავების მესხდეს ქიმები...
მთვარეს კი, როგორც ერთგულ დობილს  ჩემი ბავშვობის,
თავს შემოვივლებ, ფიანდაზად გავეფინები.







ერთსტროფიანები

ნაწნავები დამეყარა წვიმის,
ცის თვალები აღარ იყო ლურჯი,
შავი იყო სახისფერიც იმის,
მეხს ისროდა, როსღა იყო მუნჯი.

           -------------------------
მიყვარდა იგი, რაც შენ გიყვარდა,
ახლა იგივე მწარედა მგესლავს,
ვხედავ უკვე, რომ არაფერია,
ის რაც მომწონდა ყველაზე მეტად.

              ---------------------------
ლამის სულში ჩამისახლდეს ეშმა,
რომ მომგვაროს სამუდამო რული,
ვერ ვხედავდე ჩემი ქვეყნის სევდას,
ვერა ვგრძნობდე ჩემი ხალხის წუხილს.

                    ------------------------
სულში ბობოქრობს შაითანის შავი მორევი,
ეშმა მომძახიან, - უსუსურო, ვერ მომერევი,
- მაგრამ უღრუბლო ზეცისაკენ ვარსკვლავი მიწვევს,
შავ ტალახთან და კუპრის ზღვასთან ბრძოლები მიწევს.

               _______________________
წვიმის მერე მომიწოდებს 
რწმენისაკენ დღე მზიანი,
მაინც ვერ ვერევი ღამეს,
მაინცა ვარ სევდიანი.

               -----------------------
სანამ მზე ელავს, სანამ მზე. ბრწყინავს,
სულ შევცქეროდეთ მარადს და დიადს,
სული მუდმივად ზეცისკენ ფრენდეს,
არ აწყდებოდეს სიბნელის კედელს.

                 -----------------------------
მამა-პაპათა სალოცავებს ედებათ მტვერი,
არ მოექცევა ასე დედას, არამც თუ გერი,
შვილები ამო დიდებისთვის ვიბრძვით და ვწუხვართ,
მშობელი ჩვენი სხვისგან ელის სითბოს და ლუკმას.


                    ----------------------
ვგრძნობ, რომ ლაპარაკს არა აქვს აზრი,
მეფობს სიყალბე და მეფობს ფარსი,
ანტისხეულებს ვერ ებრძვის ერი
და თავს ვიწყნარებთ მხოლოდ თვითგვემით.


                 ----------------------------------

სანთელი გამინათებს ღამეს,
ცას შეაკვდება ლოცვა,
წუხელის იმ ველებზე გნახე,
ნაზად რომ ვეხებოდით მოცხარს.


               -------------------------
მე გიხატავდი დილას და მზესაც,
მერე ღრუბლებსაც ვსერავდით ფრანით,
რომ დავატარებ ამ გულში დღესაც,
წუხელ მესიზმრა სულ ერთი წამით.


               -------------------------------------
გეძებ და გეძებ, 
ჰე, უფალო,
ვერ გპოვე ვერსად,
იქნებ ჩემს გულში დაივანო,
ვიცხოვროთ ერთად!













დავიგვიანე!

იმას ვერ იტყვი, რომ ძალიან დავიგვანე,
აღმოსავლეთით მზის სხივებსაც გადავასწარი,
შიშველი ხელით მივკაფავდი ბარდს და ლიანებს,
მხრებზე მოვიცვი ხან სიცხე და ხანაც - ავდარი.
გადაჩვეულმა სიპ კლდეებზე მარტოდ ხეტიალს,
გული მივანდე სიყვარულის ცისფერ ქალღმერთებს,
მინანავებდა ცივი ქარი ნატანჯ-ცრემლიანს,
ხიდქვეშ ვათევდი უსასრულო პირქუშ ღამეებს.
ქარს გავატანე ყველაფერი, ცოდვისმაგვარი
და ოქროსფერი შემოდგომით გული ავივსე,
ავახმაურე სიმღერებით ვრცელი ტრამალი,
შენ კი, ძვირფასო, გაღიმებაც აღარ მაღირსე!
წვიმის წყალი ვსვი ეკლესიის ყველა ფრესკიდან,
სულს მიამებდა სამრეკლოდან ზარი ტაძარის,
ქარს რომ ვატანდი, ის სიტყვები ლოცვად ვაქციე,
დავიგვიანე, მაინც მოსვლა ვერ მოვასწარი.





Sunday, September 1, 2019

ღიმილი არდაბრუნების

გადამხმარ ჭადარს დაეკიდა
მსუბუქი მძივი ლურჯი წვიმების
და მისი კაბა იყო ისეთი ნაზი, ისეთი სადა,
როგორც ღიმილი არდაბრუნების.

ნუთუ, კვლავ მოხვალ ოდესმე ჩემთან?!

ნუთუ, კვლავ მოხვალ ოდესმე ჩემთან,
ზღვა სიყვარულით ჩამხედავ თვალში,
მხრებზე დამაწყობ გადაღლილ ხელებს
და მეტყვი: კარგო, მიყვარდი მაშინ!
გავნაპირდებით გვირილის ველზე,
ღალატის ყვავილს ჩამიწნავ თმაში
და განშორების თეთრი სუმბულით
კვლავ გაჭენდები უბელო რაშით.