Sunday, September 29, 2019

დამილოცეთ თეთრი იასამანი!

ლურჯ ზეცაში გაბნეულო ვარსკვლავებო,
დღეს რა ჩუმად და ფერმკრთალად ციმციმებთ?
უნატიფეს სხივებს უძღვნით მთას და მდელოს
და უამებთ ამქვეყნიურ ტკივილებს.
სად მთავრდება საქართველო - დედის ხსენი,
ან სიყვარულს თუ აქვს სადმე სამანი?
წყაროს წყალი მომაწოდეთ ერთი პეშვი,
დაგილოცოთ თეთრი იასამანი!
სხვა ძალა აქვს ამბროზიას, ყვავილს ნექტრის,
ზურმუხტ ველზე მიმობნეულ გვირილებს,
ნაზ ღრუბლებზე მოჯირითე ლურჯა ცხენიც
სულ სხვაგვარი სიამაყით ჭიხვინებს...
გავიხსენოთ დავით მეფე, ბრძენთაბრძენი,
ოქროს ქოში უტურფესი თამარის,
ისევ გავისიგრძეგანოთ რწმენა ჩვენი, -
სააქაო-საიქიოს საგზალი.
მომავალი გამოზომილ ნაბიჯს ელის,
როგორც დილა -  შუქმფინარე მზის სხივებს,
ოქროს წყალში განბანილი ყმაწვილებით
მივეახლოთ თვალშეუდგამ ცის კიდეს.
საიდან და სადამდე ხარ, ცაო ჩემო,
ან მეორე საქართველო სად არის?
ლურჯ ზეცაში გაბნეულო ვარსკვლავებო,
დამილოცეთ თეთრი იასამანი!





No comments:

Post a Comment