ნაწნავები დამეყარა წვიმის,
ცის თვალები აღარ იყო ლურჯი,
შავი იყო სახისფერიც იმის,
მეხს ისროდა, როსღა იყო მუნჯი.
-------------------------
მიყვარდა იგი, რაც შენ გიყვარდა,
ახლა იგივე მწარედა მგესლავს,
ვხედავ უკვე, რომ არაფერია,
ის რაც მომწონდა ყველაზე მეტად.
---------------------------
ლამის სულში ჩამისახლდეს ეშმა,
რომ მომგვაროს სამუდამო რული,
ვერ ვხედავდე ჩემი ქვეყნის სევდას,
ვერა ვგრძნობდე ჩემი ხალხის წუხილს.
------------------------
სულში ბობოქრობს შაითანის შავი მორევი,
ეშმა მომძახიან, - უსუსურო, ვერ მომერევი,
- მაგრამ უღრუბლო ზეცისაკენ ვარსკვლავი მიწვევს,
შავ ტალახთან და კუპრის ზღვასთან ბრძოლები მიწევს.
_______________________
წვიმის მერე მომიწოდებს
რწმენისაკენ დღე მზიანი,
მაინც ვერ ვერევი ღამეს,
მაინცა ვარ სევდიანი.
-----------------------
სანამ მზე ელავს, სანამ მზე. ბრწყინავს,
სულ შევცქეროდეთ მარადს და დიადს,
სული მუდმივად ზეცისკენ ფრენდეს,
არ აწყდებოდეს სიბნელის კედელს.
-----------------------------
მამა-პაპათა სალოცავებს ედებათ მტვერი,
არ მოექცევა ასე დედას, არამც თუ გერი,
შვილები ამო დიდებისთვის ვიბრძვით და ვწუხვართ,
მშობელი ჩვენი სხვისგან ელის სითბოს და ლუკმას.
----------------------
ვგრძნობ, რომ ლაპარაკს არა აქვს აზრი,
მეფობს სიყალბე და მეფობს ფარსი,
ანტისხეულებს ვერ ებრძვის ერი
და თავს ვიწყნარებთ მხოლოდ თვითგვემით.
----------------------------------
სანთელი გამინათებს ღამეს,
ცას შეაკვდება ლოცვა,
წუხელის იმ ველებზე გნახე,
ნაზად რომ ვეხებოდით მოცხარს.
-------------------------
მე გიხატავდი დილას და მზესაც,
მერე ღრუბლებსაც ვსერავდით ფრანით,
რომ დავატარებ ამ გულში დღესაც,
წუხელ მესიზმრა სულ ერთი წამით.
-------------------------------------
გეძებ და გეძებ,
ჰე, უფალო,
ვერ გპოვე ვერსად,
იქნებ ჩემს გულში დაივანო,
ვიცხოვროთ ერთად!
No comments:
Post a Comment