იმას ვერ იტყვი, რომ ძალიან დავიგვანე,
აღმოსავლეთით მზის სხივებსაც გადავასწარი,
შიშველი ხელით მივკაფავდი ბარდს და ლიანებს,
მხრებზე მოვიცვი ხან სიცხე და ხანაც - ავდარი.
გადაჩვეულმა სიპ კლდეებზე მარტოდ ხეტიალს,
გული მივანდე სიყვარულის ცისფერ ქალღმერთებს,
მინანავებდა ცივი ქარი ნატანჯ-ცრემლიანს,
ხიდქვეშ ვათევდი უსასრულო პირქუშ ღამეებს.
ქარს გავატანე ყველაფერი, ცოდვისმაგვარი
და ოქროსფერი შემოდგომით გული ავივსე,
ავახმაურე სიმღერებით ვრცელი ტრამალი,
შენ კი, ძვირფასო, გაღიმებაც აღარ მაღირსე!
წვიმის წყალი ვსვი ეკლესიის ყველა ფრესკიდან,
სულს მიამებდა სამრეკლოდან ზარი ტაძარის,
ქარს რომ ვატანდი, ის სიტყვები ლოცვად ვაქციე,
დავიგვიანე, მაინც მოსვლა ვერ მოვასწარი.
No comments:
Post a Comment