Tuesday, February 28, 2023

ქარო, შმაგო!

ქარო შმაგო, მოდი ჩემთან, დამარბიე

და არ მითხრა, ნაზი ხარ და მენანები,

ვთქვა: ქუხილით, ელვა -გრგვინვით სადა მდიე,

თითქოს ერთურთს შეეჭიდნენ ტიტანები.

გამიტაცე და ფოთლებში მანარნარე,

შემაგებე მზის ციალი, ატმის კვირტი,

და მივადგეთ სიცილით და ლაღად მარნებს,

დავლოცოთ ეს დედამიწა ღვთიურ სითხით.


,




 

საით მიდიხარ?!

საით მიდიხარ?!
საით მიდიხარ, წვიმის ღრუბელო,
ვის დაეცემი წვიმად და სევდად,
ამომავალ მზეს მინდა ვუმღერო,
წვიმიან დღეში გზაზე რომ შემხვდა.
მან ჩამისახა იმედი, რწმენა,
გამითბო გული, სული, სხეული,
სანამ ვუყუროთ ეკლიან ძეძვსაც?!
ვარდად გვენახოს იგი ქცეული.
მაია დიაკონიძე'
28.02.2023 წელი

ფრონტალური ქარებია, 

ფრონტალური სიბრტყეები,

თუ გიყვარს და გყვარებია,

ზევით მიდის კიბეები,

რას დაგიდევ ამ ცხოვრებას,

სანგარში ხარ, ხანაც ფრონტზე,

მაგრამ თუკი გაქვს ოცნება, 

რაღად გინდა მაშინ მორზე.—

წერტილები, ტირეები,

მუსიკალურ ბგრათწყობა,

ზევით მიდის კიბეები,

სიყვარული როცა მოვა.



.



Sunday, February 26, 2023

შემომეკიდე!

 შემომეკიდე!

წითელი კაბა მომიწონე, მაშინ რომ მეცვა... ძოწ~ლალის მძივი, ტუჩსაცხი და
სურნელი თმების, მადარე დაისს, ყაყაჩოსფრად რომ ღუის ზეცა, შემომიკიდე ყვრიმალებზე ალმური ვნების. შენკენ მიხმობ და მომიგზავნე თან ზურგის ქარი, მეც ამ სავალ გზას არ დავუწყებ ადგილზე ტკეპნას... და მოხიბლული მაგ ღიმილით, სიტყვით გამთბარი, ვგავარ მღვიძარე, მოთუხთუხე მწვერვალით ეტნას!

ცრის, მინიმა, ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 ცრის...

მესამე დღეა,ცრის განუწყვეტლად,
ოცნებებს ფრთები შემოეკვეცა...
მ ზ ე ს გამოგვიცხობს აუცილებლად,~
სუყველა ღრუბელს რომ „გ ა ც რ ი ს“ ზეცა!💝
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ.თესალონიკი.26.02.2918 წელი.

Saturday, February 25, 2023

 შენ მეუბნები: – ,,მომწონს შენი წითელი კაბა, 

წითელი თმები, ტუჩსაცხი და ლალ-ძოწის მძივი,

მაგონებ დაისს, ყაყაჩოსფრად რომ ღუის ზეცა,

როგორ მიყვარხარ, შენც ხომ იცი, შენც კარგად იცი.

და მაინც მცდი და გასაფრენად მომიხმობ მზესთან,

თუნდაც დავიწვათ, ფენიქსებად აღვდგებით ერთად!".

მეც მოხიბლული შენი ღიმით, სიტყვით გამთბარი, 

ვგავარ მღვიძარე მოთუხთუხე მხურვალე ეტნას.



Friday, February 24, 2023

მინიმა

 როდესაც ანგელოზს მიწაზე მოვყავდი,

მომცა მე ედემი, გამიხსნა მზისკარი,

თან გამომაყოლა მზეწვია, მერცხლები,

ვაი, რომ ყვავივით უმადლოდ ვბერდები.

მარტო ვარ, მარტო ! (სატრფიალო)

მარტო ვარ, მარტო, შენი გულის ბაგუნი მესმის,
როგორც არაგვი, ისე ხმაურობს,
ხანდახან თითქოს დასტყობია ნაღველი ხმებში,
ხან აქაურობს, ხან იქაურობს.
მაგრამ კალაპოტს გაექცევა ვერასდროს ვერსით,
ხმას ვერაფერი მას ვერ ჩაუხშობს,
და არაგველთა დევგმირული მამაცი გენი
ყვირილით, ზათქით ხმამაღლა უხმობს.


Thursday, February 23, 2023

 ნისლები ნისლებ დააწვა,

მზის სხივი კრთის შიგ ალმასი,

სანთელ აუნთავს სანათას,

გულ ჰყავ ქვეყანა ლამაზი,

უნდა აყვავდეს იანი,

ვაჟნი გვენახოს ფხიანი,

სიტყვა ვთქოთ იმედიანი,

ღვთით არ მაგვაკლდეს ხმიადი.







Wednesday, February 22, 2023

 შენ მომიწოდებ სიცოცხლისაკენ, 

მზესთან ვიფრინო, როგორც მიმინომ,

მე სარკოფაგში რომ დავბინავდე,

სულსაც მოგცემდი მხოლოდ იმიტომ.


იქ ბნელ ხაროში მეფიქრა შენზე,

ჩემთან ფიქრებში მხოლოდ შენ იყო,

ხელისგულებზე მეწეროს, ტერფზე,

უყვარდა ძლიერ და მოკვდა მიტომ.


მიყვარდა, მწამდა, მეწეროს ტერფზე,

სიტყვას არ ვიტყვი არასდროს ლიტონს.



Tuesday, February 21, 2023

სიყვარულის ხე

 მუცელზე დამრჩა შენი კოცნის, თითების კვალი,

ზღვა იყავ, მზე,მე მომლოდინე ნაპირზე ქალი,

ხან მევლებოდი ტალღებად და ვნებებად მშლიდი,

პიგმალიონი გალათეას თიხისგან მთლიდი.

და ამ სიყვარულს ვით ჩაიტევს ჩემი სხეული,

შემოდიოდა ჩემში ძალა, ჯადო გრძნეული,

რომ შენი უნდა ვყოფილიყავ, სულ შენი მხოლოდ,

სიყვარულის ხე გაზრდილიყო ზეცამდე ოღონდ.



 თუ კი გიყვარს, რას დაგაკლებს სიტყვა ლუყი,

თვალებით თუ საკენკს უყრი საყდრის ჩიტებს,

არ ათხოვო და არავის უგდო ყური,

სიყვარულით მთელ სამყაროს გულში იტევ.

საიათნოვას განა ტყუილად უმღერია,

განა ტყუილად დააკვნესეს ბაიათები,

სულ ერთია, რა ფერი  აქვს საკოცნ ტუჩებს,

როცა კოცნი და იმ კოცნით ვერა ძღები.




კაცი და ალი (ლეგენდა)

 მე, სირინოზი დავცურავდი ლურჯთვალა ტბებში,

მაგრან უეცრად დაგინახე წყალქვეშ ჩემ გვერდით,

ხელი შევახე შენს კულულებს და ლამაზ სახეს,

მას მერე აღარ მიძინია არც ერთი ღამე.

შემიყვარდი და შეგიყვარდი, მორბოდი ტბასთან,

შენ ჩემი, ხოლო,მე კი შენი უზომოდ მწამდა,

მე გიმღეროდი, გაძინებდი მჩქეფარე ზვირთში,

მაგრამ ზარებად დაგვეკიდა დარდები დიდი. -

მე არ შემეძლო, რომ ხმელეთზე მეცხოვრა შენთან,

ტბის სამეფოს ვერ ვიგუებდით, ძვირფასო, ერთად...

და მაშინ ვთხოვე, უფალს მაღლა, ვექციე ქალად

და ზვირთებიდან აფროდიტა მეორედ გაჩნდა,

მას მერე გადის დრო და ასე მოვდივართ ერთად,

ვკვდებით, ვცოცხლდებით, ლეგენდა კი ლეგენდად რჩება,

რომ დიდ სიყვარულს არ აქვს ზომა, სიგრძე და განი,

ეს ბედისწერამ შეგვახცედრა კაცი და ალი.







მინიმა

 ვიღაცას სტკივა და ვიღაცას არ სძინავს,

ვიღაცა ვერ ადგა საერთოდ ამ დილას,

სალამი ვერა თქვა, მზესაც ვერ შესცინა,

ვერ უთხრა, მესტუმრე, შემოდი მზევ შინა.


მინიმა

 წლები გადის და მე ისევე 

დიდ ბავშვად ვრჩები,

გთხოვ არ შემაჭრა,

 დიდო ღმერთო, 

ფიფქივით ფრთები!


Monday, February 20, 2023

იელვებს ცაში

იელვებს ცაში, იელის ყვავილს 

გადაათეთრებს შიშისგან როცა,

წამოვა წვიმა, დაალბობს ველებს,

სახეს ჩამოჰბანს ვარდსა და სოსანს,

მაშინ სიკეთის მოიცვამს მანდილს

ზეცა, დალოცავს  ბუნების ქომაგთ,

ადლით კი არა, უზღვავი მადლით,

ჩამოეხსნბა  კაცის ძეს ცოდვა.




Sunday, February 19, 2023

ზღაპარი (მარიჯანი)

ამ ქვეყნად ერთი გოგონა იყო, ღვთის შვილი. მათ კი, როგორც ვიცით, ღმერთი რამე სასწაულის ქმნის უფლებას აძლევს. სთხოვა უფალს პატარა მარიჯანმა, ცაზე ვარსკვლავების დაკიდების უფლება მომეციო. ღმერთმაც აუსრულა თხოვნა პატარას. მას მერე მარიჯანი ყოველ ღამე გამოკიდებს ხოლმე ვარსკვლავებს ცაზე., თუმცა ხანდახან ისინი არ ჩანან, ღრუბელი ეფარებათ. მარიჯანი კი მათ ყოველთვის ხედავს. მისი თვალსაწიერი უსაზღვრო და უნაპიროა, როგორც კოსმოსი. ერთ ღამეს მარიჯანმა მხოლოდ ორი ვარსკვლავი გამოკიდა ცაზე, უნდოდა, ყველაზე მეტად ეკაშკაშათ, გაენათებინათ ცა, ისიც გაეთბოთ. მაგრამ ამ ორმა ერთმანეთთან შეჯიბრი გადაწყვიტეს, თავიანთი თავის მეტს ვერავის და ვერაფერს ხედავდნენ, გაიბერნენ, გაიბერნენ. შუქი ემატებოდათ და ემატებოდათ ერთმანეთის ჯიბრზე, ასეთ სივარვარეს ვეღარ გაუძლო მათმა სხეულებმა და დასკდნენ, დაიფანტნენ ათას ნაწილად, მეტეორებად იქცნენ, ზოგიერთი დედამიწაზეც ჩამოვარდა. მათი შავი ნაწილები გვახვედრებენ, რა მოუვა გადიდგულებულ, გაფუყულ ადამიანსაც. მას მერე მარიჯანი ცაზე მრავალ ვარსკვლავს გამოკიდებს ხოლმე, ისინი ათასფერად კაშკაშებენ და ელავენ, ერთმანეთს ავსებენ ფერით და სილამაზით, თქვენც ყველას გინახავთ, რა ლამაზია ვარსკვლავებიანი ზეცა. ისინი ერთად ქმნიან ამ მშვენიერებას.

Friday, February 17, 2023

მინიმა

 მიდიან წლები, ყველა რიჟრაჟი

იმედის ნამცეცს მაინც მიტოვებს,

გაიფანტება ნისლი, მირაჟი,

მარადისობის დავწერ სტრიქონებს.

Thursday, February 16, 2023

დედა მენატრება (ესსე)

დედა მენატრება და განა აქვს საზღვარი დედის მონატრებას. მენატრებოდა მაშინაც, როცა ჩემ გვერდზე იყო, მაშინაც, როცა არ იყო, აივანზე დავჯდებოდი და გზას გავცქეროდი, რომ დაიგვიანებდა, ჩუმად ვტიროდი. მით უმეტეს მენატრებოდა მაშინ, როცა უკრაინაში წავიდა და ვეღარ დაბრუნდა, მე კი იქ წასვლის საშუალება არ მქონდა. შორი-შორს ვიყავით ერთმანეთისგან, მაგრამ რა გაწყვეტს დედაშვილობის ძაფებს?! ვერ დაიჯერებთ და მისგან გამოგზავნილ წერილებს ვერ ვკითხულობდი, იმდენად მტკივნეული იყო, თვალები მებმოდა, ასოებს ვერ ვარჩევდი ერთმანეთისგან, იქნებ არც მინდოდა წამეკითხა, რომ დაშორების ტკივილი არ გამემძაფრებინა, არ გამეასმაგებინა. უნდა მეფიქრა, რომ ის ჩემ გვერდითაა. რომ გარდაიცვალა, ვგრძნობდი რაღაცა აწუხებდა, მოუსვენრობდა მისი სული, რაღაცას მანიშნებდა. ორ თვეში ჩემი და გარდაიცვალა მოულოდნელად, ერთი წელიც არ იყო გასული -  ძმა. სასულეთში ხომ ყველაფერი იციან, იქიდანაც შვილებზე წუხდა. მახსოვს როგორ შემოვუსხდებოდით მრგვალ მაგიდას დედა, მამა და ჩემი და-ძმები. ხუთნი ვიყავით. ყოველთვის ერთად ვვახშმობდით, შაბათ-კვირას ერთად ვსადილობდით. რა უნდა იყოს იმაზე ტკბილი, როცა ერთად ხართ, ახლა მიკვირს ხოლმე, მშობლებს რომ ტოვებენ და მიდიან. გამოღამებული აქვთ მოხუცებს თვალები ლოდინში. ბევრი მოხუცებულთა თავშესაფრებშია ჩაბარებული. მოვლა არ აკლიათ, მაგრამ მთავარი არ აქვთ - შვილების სითბო. რა ვუთხარი ცხოვრების ბედუკუღმართობას, რომ შვილები მშობლებს დააცილა, ცოლები ქმრებთან გაყარა, და-ძმები სხვადასხვა მხარეს გადაისროლა. დალაგებულიყოს ეს ცხოვრება, ამასღა ვნატრობ. არ მენახოს მარტოხელა მოხუცი.



მინიმა

 დაგვაბერტყა კალთა ღმერთმა ბარაქის და სიუხვის,

მაგრამ ვხედავ, ზოგიერთებს სინდისი აქვთ იუდის,

გამყიდველნი თავს იესოს, თავად უფალს ადრიან,

მამლის პირველ ყივილამდე ორ კაპიკში გაგცვლიან.






ციკლიდან : ,,კუნწულა ლექსები ." ლექსები ატირდებიან! ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 ციკლიდან : ,,კუნწულა ლექსები ."

ლექსები ატირდებიან !
ნურვინ ჩამითვლის
ამ სიტყვებს მდარედ
და პ ო ე ტ ე ბ ი
როცა კვდებიან ,
მე ასე ვფიქრობ ,
ყველაზე მწარედ , ~
მათი ლ ე ქ ს ე ბ ი
ატირდებიან !
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი .
7 . 06 . 2020 წელი
All reacti

Wednesday, February 15, 2023

ნეტავ სად არის?!


ნეტავ სად არის?!
ერთ დროს ფერდობზე ღიმილი იდგა,
ია და ვარდი ყვაოდა მზეზე,
სახლი ბრდღვინავდა ღრუბლებში მზისა
და ბაღი ჰგავდა ქვეყნიურ ედემს.
იდგა ეზოში მაღალი თუთა,
ახალისებდა პატარა თათას,
მზეზე მბზინავი პატარა ქოშით,
ღვთისგან ხელდასმულ ასულს რომ ჰგავდა.
ჭურებთან იდგა პატარა თონე,
ყოველ ცისმარე ცხვებოდა პური,
კაკლების ძირში ეძინათ ღორებს,
იჭყიტებოდა ბოსლიდან ცური...
ისევ იქა დგას ლამაზი სახლი,
მზის დიადემა ისევე მოსავს,
მორღვეულ კარებს ქარი სახლს ახლის
ვაჰ, თუ ჩაინგრა ასი წლის ოდა.
თათა გოგო კი ახლა სად არის?!
იღბალს თუ ეძებს ის გამალებით,
ნეტავ თუ უცდის, იმის სადარი,
თუთა რომ ელის წყლიან თვალებით.
მაია დიაკონიძე
15.02.2023 წელი







მინიმა

სიყვარული - დემენცია,
დარჩა მხოლოდ ნოტაციად,
აქლორადი ესენცია,
ბითურთათვის - ოვაცია.

ლაშა გახარიას! მიძღვნა

ლაშა გახარიას!
გარდა-მოდი, გარდა-მიდი,
ცხოვრებას ეშაირა,
ცასთან გადო ლექსის ხიდი
იმნაირ-ამნაირად.
გარდა-მოდი, გარდა-მიდი,
სული გაგვიფაქიზა,
ნეტავ სული საით მდის,
იმნაირ-ამნაირად.
მაია დიაკონიძე
15.02.2023წელი

ციკლიდან: სატრფიალო – სალაღობო, ვერ ამცდები! ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 

ციკლიდან: სატრფიალო – სალაღობო

ვერ ამცდები

 

აღარც  სადმე  ლექსს ამბობენ,

არც  ჟღრიალებს  გიტარა, 

რადგან  წვიმად  აღარ მოხველ,

ვატყობ, გამოიდარა.

 

 ზოგჯერ  მთვარის  ცივ სხივს  გადრი,

ხან  მზის  ათინათი   ხარ...

კარგად  ვიცი  შენი  ყადრი,

ჩემს  კელაპტრად  ანთიხარ.

 

გულისთქმასაც  უხმოდ ხვდები,

მაინც გინდა მაწვალო,

ბედისწერით ვერ ამცდები , — 

შავი  ღრუბლის  წაწალო!

 ქ. თესალონიკი, 31. 01. 2023 წელი


Tuesday, February 14, 2023

 ხანდახან ისე უბრალოდ მოდის,

როცა იმისთვის სულ არა გცხელა,

და დაგიდგება დღეები ცოდვის,

როგორც ზეცაში, შენს გულშიც ელავს

ცეცხლი, რომელიც ენთება სულში,

თვალი მესამე, როგორც რომ ციკლოპს,

გამოგებმება და ამბობ: გუშინ,

რად ვერ გამჩნევდი, შენ, ოქროს ბიჭო! 



შენ მიღიმოდი

შენ მიღიმოდი
შენ მიღიმოდი სადღაც შორიდან,
ისმოდა მძიმე მუსიკა ბახის,
თითქოს გამები მიილიაო,
მოფრინდა ხმები წკრიალა ზარის.
და კათედრალში ვიდექი მარტო,
ორღანზე ხელის დაჭერა მსურდა,
იყავ სტუმარი მრავალი ღამის,
და ერთი ნოტი იმ ჰანგის სულაც.
მაია დიაკონიძე
13.02.2023წელი

Monday, February 13, 2023

ესსე, რა ჯობია ვარსკვლავიანი ცის ყურებას?!

რა ჯობია, როცა ვარსკვლავებიან ცას უყურებ, ვარსკვლავთა ცვენას, კომეტების მოძრაობას ან თვალით ან ტელესკოპით აკვირდები. ყოველთვის მშურდა ნიკოლაი კოპერნიკის თუ ევგენი ხარაძის, ისინი მუდამ ცას შეჰყურებდნენ, შეისწავლიდნენ. მეც მინდოდა ასტროლოგი გავმხდარიყავი, ან ასტრონავტი, ფეხით გამევლო მთვარეზე. რას არ ოცნებობს ბავშვი. დღეს ამ ყველაფერს ინტერნეტით ვუყურებთ. ცა, რომელიც აქამდე ჩვენთვის ზღაპრული სამყარო იყო, ნელ-ნელა ისეთივე ხდება, როგორც ადამიანის უჯრედი, რომლის ბიომასალა და შემადგენლობა კარგად შეისწავლეს ადამიანებმა, მაგრამ კიდევ კარგი, გარე, შორეული სამყარო მაინც დარჩა შეუსწავლელი და იდუმალი, როგორც ჩვენი ქვეცნობიერი. რომელიც საით წაგვიყვანს, რას გვაფიქრებინებს, რას დაგვაწერინებს, არავინ იცის. საოცარი ცაა შატილში, თითქოს ქუდად გახურავს, გიწვევს ფანტაზიებისკენ. ფიქრობ, შენც ერთ-ერთი ვარსკვლავი ხარ, ცაზე დასკუპებული, მაგრამ შეუცნობადი და სასწაული. დიახ, თითოეული ადამიანი სასწაულია. მასში არის დამარხული გენეტიკური კოდი მისი გვარისა, ხე ცნობადის და შეუცნობადის. დიახ, ადამიანებო, თქვენ სასწაული ხართ, თითოეული თქვენგანი განსაკუთრებულია. ყოველ თქვენგანს შეგიძლიათ გადატრიალება მოახდინოთ მეცნიერებაში, ხელოვნებაში, მთავარია მოინდომოთ! წარმატებულ და ბედნიერ დღეს გისურვებთ,მეგობრებო!
მდუმარებს ჩემი ვარსკვლავი,
მდუმარებს მაღლა მთებია,
თითქოს ზვიადებს, გოროზებს,
ყინვისგან დასძინებიათ.
მე რომ მზის თვალი მეგონა,
იქ ზვავებს გაღვიძებიათ,
წამოსულ-წამონამქრილან,
ჩაუკეტიათ გზებია.
მაია დიაკონიძე
30.12.2022წელი

Sunday, February 12, 2023

სახუმარო

 ულვაშებში გეღიმება, 

ჩემო ფირუზთვალება,

გაჩენილხარ ჩემს იმედად,

ღმერთს რა დაემალება.

ბარტყს გეძახი, პირტიტველას,

მაგ ღიმილით ბავშვურით,

ჩამოჰგავხარ ჩემს ,,იდეალს",

ბრძენი, ელეგანტური.








ვერა, ვერ მორჩა! (ფილოსოფიური)

ვერა, ვერ მორჩა!

ვერა, ვერ მორჩა ეს ქარი ქირდვას,
და ჩემი გული, სისხლის საკანი,
მოიღალა და დააწვა კირთად,
ყოველი სიტყვა, — ტყვია ნაგანის.
გაუძლებს ნეტავ ეს გული ამდენს?!
ყველა ტკივილი ზედ რომ ატყვია,
თითქოს წვეთებად თოვლზე სისხლს ადენს,
ყოველი სიტყვა, - ნაგანის ტყვია.
მაია დიაკონიძე
12.02.2023 წელი
შეიძლება იყოს 1 ადამიანი and ძვირფასეულობა გამოსახულება
All reactions:
Sofio Chelidze, დათო ქაქუთია და 40 სხვა პიროვნება



სულო! (სატრფიალო)

 სულო, სამოთხის კარიდან მიმზერ,

გული განგმირეს შენმა თვალებმა,

მიყრი ამ გულში ამურის ისრებს

და შენი თავიც არ გებრალება. –

შენც თუ ჩაგესო ტრფობის ლახვარი,

დღეს ღამედ გიცვლის და ღამეს დღედა,

თუნდ დასერილი ვიქნე სამსჭვალით,

უკვდავების წყალს ბოლომდე შევსვამ


ვარდი ვიყავ! (სატრფიალო)

 ვარდი ვიყავ დამალული სადღაც ბნელში,

ვნახულობდი ათას ერთი ღამის სიზმარს,

სულთანს კლავდა შახრაზადას ხმა და ეშხი,

გაეშალა ვარსკვლავები მთვარეს - მისანს.


კარტი აჭრა, გააგორა  კამათელი,

არ მეწერა, ალბათ, დიდხანს ბნელში ჯდომა,

ღვთით ნათელი მომეფინა უკუნეთში,

და შევასხი მათ სიყვარულს დიდი  ხოტბა.




Saturday, February 11, 2023

 სურვილების კიდობანი

გავხსენი და რა არ ვნახე,

ზოგი რამე მინდოდა კი?!

ცხრა ზღვა, ცხრა მთა გადავლახე,

სურვილები დავიურვე,

დამგებოდა გზაზე მახე,

მაგრამ ზოგი ამისრულდეს,

არ ვიტყოდი უარს არც დღეს.



ესსე ,,მიყვარს მდინარეები", მოგონებებიდან

 ჩემი ბავშვობა ჩემი შთაგონების წყაროა. არ იყო იგი უღრუბლო, მაგრამ კარგი, რაც მქონდა, არასდროს მავიწყდება. ან რა საჭიროა ცუდზე ლაპარაკი?! მდინარეების ყურება მიყვარდა. საქართველოში ჩქარი მდინარეებია, ანცი, მხიარული, მქუხარე, ბობოქარი, ქვებზე გადაევლებიან ტალღები, ნაპერწლ;ებს ისვრიან. წყლის წვეთები ათასფერად ანათებენ მზის შუქზე, ელვარებენ და ბრწყინავენ, დიდხანს ვუყურებდი ხოლმე ამ ჯადოსნურ სილამაზეს, რომელიც ჩემს პატარა გულში სითბოდ, სიყვარულად იღვრებოდა. უკრაინაში მდინარეები უფრო ნელია, მახსოვს, სადაც ჩვენ, მე და ჩემი და-ძმები, ვისვენებდით ხოლმე, ერთ მდინარეზე რამდენიმე მორკალული ხიდი იყო გადებული. დავდგებოდი იმ ხიდზე და ჩავცქეროდი მდინარის ტალღებს, მუქი მწვანე ფერი ჰქონდა, არა ცისფერი ან ლურჯი, როგორც ჩვენს, საქართველოს მდინარეებს, მაგრამ ისიც მომწონდა არაჩვეულებრივი ფერის გამო. იმერეთში რომ ჩავდიოდი, დავაგუბებდით ბავშვები მდინარეს, ქვას ქვაზე ვაწყობდით, რა სიხარული გვქონდა, ერთმანეთს ვაწოდებდით, ვკისკისებდით, ვხუმრობდით, მერე ვბანაობდით დაგუბებულ წყალში. ბოლოს დიდ გაშლილ თეთრ ქვებზე წამოვწვებოდით და მზეზე ვირუჯებოდით. ზოგჯერ თევზებს ვუთვალთვალებდი. გაიელვებდნენ წყალში, კუდს მოიქნევდნენ და გაქრებოდნენ, ისე როგორც გვიქრება ბავშვობა თვალ და ხელ შუა, კიდევ კარგი, მოგონებები რჩება ჩვენთან.

Friday, February 10, 2023

შენ დამეხურე (სატრფიალო)

 შენ დამეხურე, ვით ღამის ფარდა,

ფრთები შემახე შავ ანგელოზის,

და ამის მერე სულ შენი მწამდა,

იყავი ჩემი აპოთეოზი.

იქნებ ჩემ გარდა სხვაც ბევრი გყავდა,

იმორჩილებდი სიტყვით გრძნეულით,

მაგრამ ოცნება ჩემი ხომ ახდა,

გადავჯეჯილდი, ვით ანეული.



ის მ თ ვ ა რ ე! ავტ. ელგუჯა ციგროშვილი, ლექს-კომენტარი, მაია დიაკონიძე

 ის მ თ ვ ა რ ე!

მაშინაც ბადრი მთვარე კრთებოდა,
იდუმალ შუქით მოსავდა არეს...
მაღლა ახედვა არც მჭირდებოდა,
მაგ შენს თვალებში ვუცქერდი მთვარეს!
უხსოვარ დროით დავცილდით ე დ ე მ ს,
ყურში იმ წლების ფეხის ხმაც მიწყდა,
მოლზე დაწოლილს რომ შეგახედე,
იქნებ ის მ თ ვ ა რ ე ც გადაგავიწყდა.
მე კი სულ მახსოვს ეგ შენი სახე,
და ... უიმედო ლექსებიც ვწერე...
მ თ ვ ა რ ე, რომელიც შენს თვალში ვნახე,
ც ა ზ ე დანახულს ვერ მივაფერე!
კიდევაც ბევრი მოვა ზაფხული,
დღემდისაც ბევრი ლექსები ვბწკარე,
მაგრამ შენს თვალში შემონახული,
სულ სხვანაირად მ ი ყ ვ ა რ ს ის მ თ ვ ა რ ე!
ელგუჯა ციგროშვილი
თესალონიკი, 01. 11. 2022 წელი

და განა მარტო მთვარე კრთებოდა,
ამ ჩემს თვალებში იდგა ზაფხული,
ეს ჩემი გული ვერ გელეოდა,
ვერ გელეოდა ტუჩიც ალუბლის.

გვეფარა ტანზე მწვანე ბალახი,
შორით ისმოდა ჭიხვინი ცხენის
და დაშორება გარდაუვალი,
ჩამომდგარიყო, ვით განაჩენი.

სულში დაჭინჭრულს მკბენდნენ ქარები,
არგადაჩვეულს შენი ალერსის,
ახლაც ალერდის პირში მაქვს გემო,
და მოგონება ლურჯი ზვარესი.

და თუ კვლავ ხედავ ჩემს თვალში მთვარეს,
თუ ირეკლება ისევ ზაფხული,
არაფერი არ შეცვლილა დღემდის,
ის მთვარე არის შემონახული.


ელგუჯა ციგროშვილის წიგნის: ,,მე მოვინატრებ", სატრფიალო ლირიკა, პრეზენტაციისთვის

 ვისაც უყვარს ფშავი, ფშაველები და ფშაური პოეზია, გიწვევთ ელგუჯა ციგროშვილის სატრფიალო ლირიკის წიგნის ,,მე მოვინატრებ", პრეზენტაციაზე მწერალთა სახლში ამა წლის 17 თებერვალს დღის სამის ნახევარზე (17 თებერვალი, 14.30 სთ-ზე)

 თემშარაზე ტყემალი და  ალუბალი ყვავის,

ჯერ სახლიდან მაცილებენ, მერე ისევ სახლში,

მომელიან ბავშვებივით, დამაყრიან ყვავილს,

გოგო, რატომ იგვიანებ, დაბნელდება, აწი.

მათთან ერთად ვეგებები აისსა და დაისს,

თემშარაზე ტყემალი და ალუბალი ყვავის,

ის პატარა ნაზი გოგო უკვე ქალი არის,

მაგრამ როცა იქ გავივლი, დამაყრიან ყვავილს.

სად ვიყავი, სად არა და, იქით მივიჩქარი,

იქ მელიან ტყემალი და ჩემი ალუბალი,

იმ თემშარის ბოლო სახლი ჩემი სახლი არის,

კარიბჭესთან ქვევრებით და დაჭედილი ნალით.






,,მხოლოდ სურვილი მკლავს ჩახუტების", ბუნების სიყვარული

 საოცრად მიყვარს ბუნება და დანაშაულად მიმაჩნია ადამიანების გამომწყვდება მაღალსართულიან სახლებში, მათთვის საჰაერო სივრცის დახშობა. ჩემი აზრით, ვიწროვდება ჩვენი შემეცნების არეალი, ეს განსაკუთრებით ცუდია ბავშვებისთვის, მომავალი თაობებისთვის, რომლებიც ბუნებას სულ უფრო შორდებიან, თუ რა თქმა უნდა, ზაფხულობით მაინც არ მიჰყავთ სოფელში. უკრაინაში როცა ვიყავი, ყველაზე ძალიან საქართველოს მთები მენატრებოდა. ალბათ ამიტომ მარხავდნენ ჩვენი წინაპრები მიცვალებულებს გორაკზე, სულებს რომ იმ სილამაზესთან შეხება არ გაეწყვიტათ, რა შეედრება აისს და დაისს, ცხოვრების საწყისს და აღსასრულს, რომელიც ერთი წრედია ჩვენი ცხოვრებისა. დღეს ჩემს ერთ ძველ ლექსს შემოგთავაზებთ, რომელსაც ასეთი უცნაური სათაური ჰქონია:

,,მხოლოდ სურვილი მკლავს ჩახუტების"
გულს უხარია შეხვედრა მთებთან,
ვუმზერ მწვერვალებს, - თეთრს და ცრემლიანს,
აქა-იქ მძიმე ნისლები სხედან,
მზე - ოქროს ფონდი, - მათაც სწვევია.
ჩამოინაცვლებს ზეგანზე მზერა,
წყაროსთვალივით წმინდა, ანკარა,
აქ უამრავი ბებერი ხე დგას,
მათ თავზე შეჰკრა სხივმა კამარა.
შემიპყრობს ჟინი დაღარულ ხეთა,
ამიტაცებენ მაღლა ფიქრები,
შემოვხვევ ხელებს, დავყნოსავ მერქანს,
ყრმის ნეტარებით გავირინდები.
ზედ კენწეროსთან ბუდეა ჩიტის,
ქვემოდან სალამს ვუგზავნი ბარტყებს,
თითქოს ხიდი ვარ ცისა და მიწის,
მინდა, პატარებს ვაწვდიდე საკვებს.
მზის დიადემა დაუდგამთ ქედებს,
ვეღარ მალავენ კადნიერ ზრახვებს, -
წითელ პალეკარტს ისხამენ მხრებზე,
რომ ერთი ბიჯით ამაღლდნენ ცაზე.
მხოლოდ სურვილი მკლავს ჩახუტების,
ვიცი, არასდროს არ არის გვიან...
მთისაკენ ბილიკს ბრმად გავუყვები,
რომ შევეგებო ბრწყინვალე დილას.
მაია დიაკონიძე
20.12. 2017 წელი

Thursday, February 9, 2023

სიზმარში მაინც ჩაგეხუტები! ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 

სიზმარში მაინც  ჩაგეხუტები!

დღეს ,,ჩახუტების დღეაო... "

(და რომელი დღე არ არის

,,ჩახუტების?!")

 

არ  დამელია  ირგვლივ მგმობელი,

შენ  ერთი  მყავხარ შემამკობელი;

მადარებ  ზურმუხტს, ვარდსა  თუ  იას

და  არ  მაკარებ  ახლოს  ცივ  ნიავს;

 

ჩემგან  თუმც  მადლი არა გფენია, –

სამდურავიც  კი  არ  დაგცდენია;

დღე  თუ  ვერ  გნახავ, ნუ  იბუტები,

სიზმარში  მაინც  ჩ ა გ ე ხ უ ტ ე ბ ი!

 

ქ. თესალონიკი. 21.01. 2023  წელი

,,ჩახუტების დღე! "

მინიმები

 მინიმები


არავინ იცის იმ ცრემლის ფასი,
ასე რომ გვწვავს და გვიხოკავს ლოყას.
ბოლომდე სიტყვის ერთგული დავრჩეთ
და სიხარულიც ოდესღაც მოვა.
-----------------
დგას მარტოდ, დინჯად მთა თეთრი წვერით,
დიდებულს თეთრი მყინვარი მოსავს,
ყველანი იმას შორიდან ვეტრფით,
იმის უცნაურ და ლამაზ ჩოხას,
მაგრამ რა არის იმისი ფასი,
მერცხლების ბუდეს შესცქერი როცა.


ზოგს მარტოობის...


ზოგს მარტოობის უღელი ადგას,

ჰგავს ფერგანამკრთალ თოვლიან გუნდას,

და როგორც ქარებს სევდისგან შეშლილთ,
შიში გადააქვთ თვალებით მუდამ.
რომ ამ სამყაროს შემორჩნენ კენტად,
რომ მარტოობის უღელი ზიდეს,
ამის გამოა იქნება კიდეც,
რომ ამ მიწაზე დადიან კიდევ.
==========
იქნებ ხვალ ან ზეგ იპოვო იგი,
და ირემივით მიაწვდი ბალახს,
სჯობს დაეძებდე კიდითი-კიდე,
ვიდრე ტკივილით ზიდავდე ღალატს.




ემიგრანტი, ავტ. ეკა ჯავახიშვილი, კომენტარი, ელგუჯა ციგროშვილი

 ემიგრანტი

გზას ვედექ მაძიებელი
საკუთარ ღონე-ძალისა,
სამშობლოს ძუძუს მოწყვეტილს
მიწევდა ხან ხვრა ძვალისა
არ ვთაკილობდი არაფერს
სიმტკიცე მქონდა რვალისა,
ცხოვრებაც არა ჩქარობდა
ჩემთვის გადახდას ვალისა.
დღე როცა მიღამდებოდა
გზა მაფიქრებდა ხვალისა,
როგორ მეწია ჭაპანი
ათი უღელი ხარისა,
ვერავინ გრძნობდა ჩემ გარდა
ტკივილს გაყვლეფილ მხარისა,
შვებად მოსულ ლექსს შევტირი
ესღა თუ მაძლევს ხალისსა.
ეკა ჯავახიშვილი
19.6.2018წ

ელგუჯა ციგროშვილი
ეკას !
(ფშაურ კილოზე .)
რამხელა ტკივილ გიზიდნავ ,
გამხარებელო თვალისა ...
ღმერთმა გიკურთხოს სავალი ,
ბედნიერ მომავალისა !
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი.
21 . 06 . 2021 წელი .

სიმღერა (სატრფიალო-სალაღობო)

ჩემი რომ ხარ, ისიც ვიცი,
რომ არა ხარ, ისიც,
სულში ისე მომიფრინდი,
ვით პაწია ჩიტი.

შემოაღე სარკმელი და
შემოხსენი კარი,
და დამინთე გულში, კარგო,
ტრფობის ნაპერწკალი.

ახლა ფიქრად მოდიხარ და
პატიებას ითხოვ,
თავი რაზედ შემაყვარე,
შენ, პატარა ჩიტო.

Wednesday, February 8, 2023

დავითობაა, პატრიოტული ლირიკა


,,დავითობაა!"
ყველა ქართველს ედავითოს,
ედიდგოროს საქართველოს,
ემწყაზაროს ყველა თვისტომს,
კეთილი გზით მუდამ ევლოთ.

ხელი ხელებს გადავაჭდოთ,
ერთად ვიყოთ, ესე გვიჯობს
და მორღვეულ ზეცის კარავს
ატლანტივით შევეხიდოთ.
მაია დიაკონიძე
8. 02.2023წელი

ქალო, სუ საფერებელო! (სალაღობო, ფშაურ კილოზე), ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 ქალო, სუ საფერებელო!

(სალაღობო, ფშაურ კილოზე)

1. ქ ა ლ ო, სუ საფერებელო,
ბუნებით ჩ რ დ ი ლ ს ა ჰგევხარო,
თუ მოგდევ, – შენაც გარბიხარ,
დავდგები, – შენცა სდგეხარო.
2. გამოვიქცევი, – თან მამდევ,
ელვა – მეხივით მჭექარო,
შენ სიჯიუტემ დამღალა,
სალი, პიტალო კლდე ხარო.
3. ქალის ზ ნ ე არა გცოდნია,
ლამაზ თვალების ტყვე ხარო...
კაც რო წევს, ჩ რ დ ი ლ ი ც გვერდს უწევს,
ჩემ თავს ვგმობ: – მიხვდი, მკვეხარო!
4. თუ გინდა, გვერდში მოგიწვეს,
დაწექ, რატო არ სწეხარო,
თან აქე: – ღამე მ თ ვ ა რ ე ხარ,
დღისით, — მეორე მ ზ ე ხარო!
ელგუჯა ციგროშვილი
ქ . თესალონიკი
4.12. 2014 წელი