Thursday, February 16, 2023

დედა მენატრება (ესსე)

დედა მენატრება და განა აქვს საზღვარი დედის მონატრებას. მენატრებოდა მაშინაც, როცა ჩემ გვერდზე იყო, მაშინაც, როცა არ იყო, აივანზე დავჯდებოდი და გზას გავცქეროდი, რომ დაიგვიანებდა, ჩუმად ვტიროდი. მით უმეტეს მენატრებოდა მაშინ, როცა უკრაინაში წავიდა და ვეღარ დაბრუნდა, მე კი იქ წასვლის საშუალება არ მქონდა. შორი-შორს ვიყავით ერთმანეთისგან, მაგრამ რა გაწყვეტს დედაშვილობის ძაფებს?! ვერ დაიჯერებთ და მისგან გამოგზავნილ წერილებს ვერ ვკითხულობდი, იმდენად მტკივნეული იყო, თვალები მებმოდა, ასოებს ვერ ვარჩევდი ერთმანეთისგან, იქნებ არც მინდოდა წამეკითხა, რომ დაშორების ტკივილი არ გამემძაფრებინა, არ გამეასმაგებინა. უნდა მეფიქრა, რომ ის ჩემ გვერდითაა. რომ გარდაიცვალა, ვგრძნობდი რაღაცა აწუხებდა, მოუსვენრობდა მისი სული, რაღაცას მანიშნებდა. ორ თვეში ჩემი და გარდაიცვალა მოულოდნელად, ერთი წელიც არ იყო გასული -  ძმა. სასულეთში ხომ ყველაფერი იციან, იქიდანაც შვილებზე წუხდა. მახსოვს როგორ შემოვუსხდებოდით მრგვალ მაგიდას დედა, მამა და ჩემი და-ძმები. ხუთნი ვიყავით. ყოველთვის ერთად ვვახშმობდით, შაბათ-კვირას ერთად ვსადილობდით. რა უნდა იყოს იმაზე ტკბილი, როცა ერთად ხართ, ახლა მიკვირს ხოლმე, მშობლებს რომ ტოვებენ და მიდიან. გამოღამებული აქვთ მოხუცებს თვალები ლოდინში. ბევრი მოხუცებულთა თავშესაფრებშია ჩაბარებული. მოვლა არ აკლიათ, მაგრამ მთავარი არ აქვთ - შვილების სითბო. რა ვუთხარი ცხოვრების ბედუკუღმართობას, რომ შვილები მშობლებს დააცილა, ცოლები ქმრებთან გაყარა, და-ძმები სხვადასხვა მხარეს გადაისროლა. დალაგებულიყოს ეს ცხოვრება, ამასღა ვნატრობ. არ მენახოს მარტოხელა მოხუცი.



No comments:

Post a Comment