Monday, February 6, 2023

ღუმელი, ჩანახატი

 დღეს ჰერმან ჰესეს ზღაპარი წავიკითხე; ,,დიალოგი ღუმელთან" და ძალიან ჩამაფიქრა. რა თქმა უნდა, ღუმელი გაპიროვნებულია, მისი აზრით, ის მარტო სითბოს გამოსაცემად არ შექმნეს ადამიანებმა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას არ გაალამაზებდნენ და მოაჩუქურთმებდნენ და მართლაც, გამახსენდა, რამდენ რამეს ნიშნავს ჩემთვის ღუმელი, ის ჩემთვის ასოცირდება ცეცხლთან, მშობლიურ სითბოსთან, ბებია-პაპასთან, ნათესავებთან, სიყვარულთან, ღუმელზე შემოდგმულ სამოვართან, ცხელ ჩაისთან, სიმყუდროვესა და სილამაზესთან, ადამიანობასთან, იმ გზასთან, რაც კაცობრიობამ გაიარა დასაწყისიდან დღემდე. წარმოვიდგინე, რომ არავის დაენანება გამათბობელი, ბატარეა გადასაგდებად, მაგრამ ღუმელი, ძველი მამაპაპური, მოჩუქურთმებული და ადამიანის ხელით გალამაზებული, დახვეწილი, მრავალწლიანი შეიძლება ასწლიანიც, ყველასთვის ფაქიზი მოგონებების წყაროა. ასეა მრავალი ნივთი, ისინი ბევრ მოგონებებს ინახავს, მრავლისმთქმელი და მრავლისმეტყველია ჩვენთვის. დედას ბროში ვარდებსაც მახსენებს და ჩემს ვარდივით ლამაზ დედასაც. დღეს ჩემმა სოფიკომ მკითხა, რომ გითხრან, რა საგნად, მცენარედ, ცხოველად, ფრინველად იქცეოდიო, ვუპასუხე, ვარდად-მეთქი. თვითონ ჩანჩქერობა ინდომა, ძლიერია, ლამაზი და მოძრავიო, ჩემმა ლევანმა ღრუბლებად ვიქცეოდი, მთელ ქვეყანას ზევიდან დავაცქერდებოდი, წვიმასაც გადმოვუშვებდი ხანდახან, რომ დედამიწას ესუნთქა და ეცოცხლაო. მეგობრებო, თქვენ რად ინდომებდით გადაქცევას და რატომ? საინტერესოა პასუხები. 


No comments:

Post a Comment