საოცრად მიყვარს ბუნება და დანაშაულად მიმაჩნია ადამიანების გამომწყვდება მაღალსართულიან სახლებში, მათთვის საჰაერო სივრცის დახშობა. ჩემი აზრით, ვიწროვდება ჩვენი შემეცნების არეალი, ეს განსაკუთრებით ცუდია ბავშვებისთვის, მომავალი თაობებისთვის, რომლებიც ბუნებას სულ უფრო შორდებიან, თუ რა თქმა უნდა, ზაფხულობით მაინც არ მიჰყავთ სოფელში. უკრაინაში როცა ვიყავი, ყველაზე ძალიან საქართველოს მთები მენატრებოდა. ალბათ ამიტომ მარხავდნენ ჩვენი წინაპრები მიცვალებულებს გორაკზე, სულებს რომ იმ სილამაზესთან შეხება არ გაეწყვიტათ, რა შეედრება აისს და დაისს, ცხოვრების საწყისს და აღსასრულს, რომელიც ერთი წრედია ჩვენი ცხოვრებისა. დღეს ჩემს ერთ ძველ ლექსს შემოგთავაზებთ, რომელსაც ასეთი უცნაური სათაური ჰქონია:
,,მხოლოდ სურვილი მკლავს ჩახუტების"
გულს უხარია შეხვედრა მთებთან,
ვუმზერ მწვერვალებს, - თეთრს და ცრემლიანს,
აქა-იქ მძიმე ნისლები სხედან,
მზე - ოქროს ფონდი, - მათაც სწვევია.
ჩამოინაცვლებს ზეგანზე მზერა,
წყაროსთვალივით წმინდა, ანკარა,
აქ უამრავი ბებერი ხე დგას,
მათ თავზე შეჰკრა სხივმა კამარა.
შემიპყრობს ჟინი დაღარულ ხეთა,
ამიტაცებენ მაღლა ფიქრები,
შემოვხვევ ხელებს, დავყნოსავ მერქანს,
ყრმის ნეტარებით გავირინდები.
ზედ კენწეროსთან ბუდეა ჩიტის,
ქვემოდან სალამს ვუგზავნი ბარტყებს,
თითქოს ხიდი ვარ ცისა და მიწის,
მინდა, პატარებს ვაწვდიდე საკვებს.
მზის დიადემა დაუდგამთ ქედებს,
ვეღარ მალავენ კადნიერ ზრახვებს, -
წითელ პალეკარტს ისხამენ მხრებზე,
რომ ერთი ბიჯით ამაღლდნენ ცაზე.
მხოლოდ სურვილი მკლავს ჩახუტების,
ვიცი, არასდროს არ არის გვიან...
მთისაკენ ბილიკს ბრმად გავუყვები,
რომ შევეგებო ბრწყინვალე დილას.
მაია დიაკონიძე
20.12. 2017 წელი
No comments:
Post a Comment