Wednesday, February 1, 2023

ასი ლექსიდან ამოვიღე, ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 

მოხეტიალე აისბერგი ანარეკლით

(ლექსი — ბუმერანგი)

 

1.სხვას თუ კი მრავალს ბედი ზედ ათოვს,

მე რად არა ვარ მისი რჩეული...

მათი ვარსკვლავი თუ წყვილად ნათობს,

ჩემი რად ბჟუტავს მუდამ ეული?!

2. სულიც მიბორგავს, შმაგი თერგივით, —

ოდითგან სითბოს გადაჩვეული...

მოხეტიალე აისბერგივით დავალ

და დამაქვს ცივი სხეული.

             -----------------------------

ანარეკლი

 

2. დავალ და დამაქვს ცივი სხეული,

მოხეტიალე აისბერგივით...

ოდითგან სითბოს გადაჩვეული, —

სულიც მიბორგავს შმაგი თერგივით.

1. ჩემი რად ბჟუტავს ნეტავ ეული,

მათი ვარსკვლავი თუ წყვილად ნათობს...

მე რად არა ვარ მისი რჩეული,

სხვას თუ კი მრავალს ბედი ზედ ათოვს?!

 

ქ. თელავი, „ფხოური კოშკი“

(მე-20 საუკუნე)


კოცნა

 

სულ  ზღაპრის   გმირებთან  ვიზრდებოდი,

ბევრჯერ  მათი  როლიც  მომირგია;

ამირანთანაც  ვჭიდაობდი,

ბაყბაყ - დევისთვისაც  მომიგია! 

ბევრჯერ  წრფელი  გულით  მინატრია,

ზღაპარი  კეთილად  ამხდარიყო...

ბევრი  ბაყაყისთვის     მიკოცნია, —

მზეთუნახავი    რომ   გამხდარიყო!

გულსაც  ფიანდაზად  დავუფენდი, —

ლხინში  რომ  სჩვევიათ  შემთვრალ  მაყრებს... 

მაგრამ  ყიყინი   ვერ  მოიშალეს 

და...  სევდით  ვუცქერი  ნაბაყაყრებს!

თუმც   მე   ყველას  ჯადო   მოვუხსენი,

ეხლა  საკუთარ  თავს  თვითონ   ვნებენ...

ყველა  მზეთუნახავს  დავამსგავსე, —

მაინც   ბაყაყივით   ყიყინებენ!

უკვე   გაორება  დამემართა 

და  ვეღარ  ვიფერებ  ბევრის  ქებას;

რადგან  ვერ    გავიგე,  ჩემი  კოცნა,

სიკეთეს   მსახურებს,  თუ...  ბოროტებას?!

 

ქ . თესალონიკი, 16 . 05 . 2007 წელი


სინანული!

 

 ძალიან  ბევრი  ლექსი  ვიცოდი,

ბევრიც  გავცერი  თვალის  საცერში,

მეც  პოეზიის  ცეცხლით  ვიწვოდი,

შედევრს  ვეძებდი  ყველას  ნაწერში.

 

ბევრიც  ვიპოვე, გულით  შევაქე, –

ვინაც  არ  დარჩა  მკითხველის  ვალში

და  მომერიდა, ვინმეს  ვენახე,

როგორ  ვედექი  პოეტებს  კვალში.

 

სიმორცხვემ  მძლია, დავთმე, დავნებდი,

აღარ  დავუწყე  რითმას  წვალება...

დღეს  გული  მწყდება, რატომ  დავუშვი, –

ჩემში   პოეტის  გარდაცვალება!

 

ქ. თესალონიკი, 15. 12. 2011 წელი


ნუ მალოდინებ, ცისკარო!

(ფშაურ კილოზე)

 

ვმალე და ვეღარ დავმალე,

ფიქრები გულში ნადები...

თვალებ ლოდინით დავღალე,

ვიდრე შენ ამოჰბძანდები.

 

ასეთ ყოფაში, დილამდე,

რამდენჯერ დამთენებია,

ბევრჯერ ხმამაღლაც ვინატრე:

ნეტაი, მამცა ფრთებია,

 

წავიდე შასახვედრადა,

გადავიფრინო მთებია,

რო ერთად გამოვიაროთ,

ხიფათიანი გზებია.

 

ართობდეს არე-მარესა,

ჩვენი წკრიალა ხმებია...

ვერ გეტყვი, თავად მიხვდები,

რაც ამ გულს ცეცხლი სდებია.

 

სხვა ვარსკვლავები არ მართობს,

მე ვიცი შენი ყადრია,

სხვის შუქი ჩემთვის არ ნათობს, —

მთვარეც რომ იყოს ბადრია.

 

მაინც შენ მოლოდინში ვარ, —

კაშკაშავ, ლაჟვარდ ფრთიანო...

ნუ მალოდინებ, ცისკარო,

მოსვლა არ დააგვიანო!

 

ქ. თესალონიკი, 2012 წელი


სიზმარი

(ფშაურ კილოზე)

 

წუხელის სიზმარში გნახე,

ვითომ ჩემ მკლავზე გეძინა...

გალობდნენ ანგელოზები:

,,მზე გარეთა და მზე შინა!"

მკრთალი, ღვთიური ნათელი,

სახეზე გადაგდიოდა...

მაგრამ სიზმარი რომ იყო,

ვგრძნობდი და გული მტკიოდა.

გედექი ერთგულ დარაჯად,

ძილში შფოთავდი, ჰკრთებოდი,

შენს გაღვიძებას ვუფრთხოდი,

თვალებით გეფერებოდი

და ლოცვებს, შენს სავედრებელს,

ღმერთს გულში ვეუბნებოდი...

ისეთა ლამაზი იყავ,

მარტო მზერითაც ვბნდებოდი.

თვალი ვერ გაძღა, შენ ცქერით,

ნდომის სურვილით ვკვდებოდი,

ისე ძალიან მიყვარხარ, —

რო ტანზე შაგადნებოდი!

წუთია, წუთისოფელი,

სიზმარი? — მოკლე ამაზე...

ღმერთს მადლი, სიზმრად რო მოხველ

და ღამე გამილამაზე!

 

ქ. თესალონიკი, 07.02.2013 წელი


,,კაცი ბჭობდა, – ღმერთი იცინოდა" – ო!

(ქართული ანდაზა)

 

ეხლა  სფინქსივით მდუმარედ  ვზივარ

და  მახსენდება შენი  დალალი...

მაგ თმებს რამდენჯერ  მოვფერებივარ,

ნუ  დამაყვედრი, იყოს ალალი.

 

გვქონდა  ოცნება ლაჟვარდისფერი,

იმედის  სხივით ავსება  თვალთა...

ჩემთვის, – მაგ  შენი თმების  ჩანჩქერი,

თავსასთუმალად, – ეგ  შენი  კალთა.

 

ლექსში  ჩაგიწან  ია  კონებად,

ყვავილთა ჯარი და  ცის  კამარა...

თუმცა  ჩვენამდეც, ბევრის ოცნება,

,,წერა – მწერელმა" დაასამარა.

 

არც  ბოროტ თვალთა  ელვა მაკრთობდა,

არც  ხმა, – მოშურნეთ  ავი  სისინის...

და  ის  ანდაზაც  მხოლოდ მართობდა:

,, როცა კაცი  ბჭობს, – ღმერთი იცინის!"

 

მაგრამ  ფაქტია და  რეალობა...

ცალ – ცალკე  მოვდევთ თავის  გზა – შარას,

რატომ  აგვცილდა  უფლის წყალობა,

ნუთუ  ხაზები  ბედმა  წაშალა?

 

ადამიანი იბრძვი ერთისთვის , –

თუნდ  ოცნებებში  რომ  დაიწყვილო...

საოცარია, ნეტავ  ღ მ ე რ თ ი ს თ ვ ი ს, —

რა  უნდა  იყოს  აქ  სასაცილო?

P. S. ,,კაცი  ბჭობდა, –

ღმერთი  იცინოდა?!"

 

ქ. თესალონიკი, 12–15.09.2013 წელი


უფალო, მინდა, შენ მაზიარო!

 

ვიცით, არსებობს მცნება  საერთო:

,, კაცია  თავის ბედის  მჭედელი"...

იქნებ   მჭედლობა მასწავლო  ღმერთო,

რომ  გავანგრიო  ეს ყრუ  კედელი.

 

ხომ  მარტივია  ჭეშმარიტება,

 მაგრამ   უშენოდ  არ  მეყო  გონი...

მამისთვის თხოვნა არ მერიდება:

ამ დიდ მორევში მიჩვენე ფონი.

პირველ  კაცივით  ვერ  ვიზამ  ც ო დ ვ ა ს,

არც  მსურს  ს ა ტ ა ნ ი ს რჩევით  ვიარო...

,, ყოფნა-არყოფნის" იდუმალ ცოდნას,

უფალო, მინდა, შენ მაზიარო!

 

იესო ამბობს: ,,თუ  პურს სთხოვ  მამას,

მამა, რიყის  ქ ვ ა ს  არ მოგაწოდებს!"

,, არსობის პურის" თუ ღირს მყოფ  ჭამას,

,,უძღები შვილი" მოგიძღვნი ოდებს.

 

მაგრამ... ცხოვრებას თუ  მითვლი ც ო დ ვ ა დ,

თუ ჩემი თხოვნა, ატყობ მცდარია,

პ უ რ ი ს მოთხოვნას თუ მითვლი  ბოდვად, –

შენგან  რიყის   ქ ვ ა ც  ს ა ბ ო ძ ვ ა რ ი ა!

 

 ქ. თესალონიკი, 15.09.2013  წელი 


ეგ არი არაგველობა!

(ფშაურ კილოზე)

 

ქება და ლოცვა-კურთხევა,

წყევლა და ლანძღვა-გინება,

ერთი პირიდან ამოდის,

მოდი, ნუ გაგეცინება.

 

რასაცა ვთესავთ, მას ვიმკით, —

უფალმა ასე ინება,

ჩვენივე ხელთ ნებას არი,

დაცემა – აღორძინება.

 

მომრავლებულა ბოროტი,

ცუდის კეთების მცდელობა...

გველობა არის ადვილი, —

ძნელია ,,არა გველობა!".

 

ბევრსა აქვს დიდი ქონება,

მცირეთ ხვედრია ქველობა...

ომში წასვლაა იოლი, —

ძნელია არაგველობა!

 

თავის გაწირვა ცოტას გვსურს,

სული ხომ თაფლზეც ტკბილია;

კარგს არ ვაკეთებთ, — სხვისაც გვშურს, —

შურით მოვკალით ილია!

 

ცრუ დიდებისთვის მზადა ვართ,

თან არც გვსურს, ვიყოთ ვნებული,

დიმიტრი უამრავია, —

ერთი გვყავს თავდადებული!

 

ყველას წაგვიყვანს სიკვდილი, —

იცის თავისი ხელობა...

სახელიანი რომ მოკვდე, —

ეგ არი არაგველობა!

 

ქ.თესალონიკი, 19.11.2013 წელი


გოეთემა თქვა...

 

გოეთემა თქვა: „კაცი ხარო, თუ გრძნობ სხვის ტკივილს,

და სალბუნს ადებ გვერდში მდგომის გახსნილ იარებს...

ანგელოზი ხარ, თუ შეიგრძნობ მოძმის სიხარულს,

რადგან სიხარულს ძნელად ვინმე თუ იზიარებს!“

 

ადამიანებს ბევრსა ვხედავთ ახლაც ჩვენს გვერდით,

ანგელოზი კი, — თუ გვინახავს ერთი ან ორი...

უკმაყოფილო რატომღა ვართ აბა შედეგით...

როცა ჩვენს გვერდზე აბიბინდა შური და ჭორი.

 

ძაღლები ყეფენ... ქარავანს კი გზები აქვს შორი,

არც მოუსმინო, არც ესროლო მზერა მაღლიდან...

დაღრენილ ლაშზე, დუჟის მსგავსად ჩამოსდის ჭორი,

უნდა იყეფონ, სხვას რას ელი აბა ძაღლიდან!

 

წინ, წინ, გასწიონ, შეუძახე ერთგულ მარეკებს,

და მათი ყეფა ვერასოდეს მოხვდება მიზანს,

შენ შენი გზა გაქვს, ქარავანი იქით გარეკე,

დაე, იყეფონ, მათი ყეფა ვერაფერს გიზამს!

 

ქ. თესალონიკი, 02.09. 2015წ.


ბ ე რ ბ ი ჭ ა ს   მონოლოგი

 

ხან  განცდას აზრობს  ყინვა და თოში,

ხან  ვნების თბილი ქარები  ქრიან...

გ რ ძ ნ ო ბ ა ც  კი ხდება ორიოდ  გ რ ო შ ი,

როცა  მ ი ზ ა ნ თ ა ნ  მივაღწევთ  გ ვ ი ა ნ!

 

ხანდახან  რაღაც  გვეშლება  დ რ ო ში,

მერეღა ვიწყებთ ტუჩების  კვნეტას,

შეგვრჩება  ხელში  კ ო ნ კ ი ა ს   ქ ო შ ი,

თვალს  გავაყოლებთ  დაძრულ  კ ა რ ე ტ ა ს...

 

ვიცით,  ზ ღ ა პ ა რ ი  როგორც  მთავრდება,

ვიცით, მოვძებნით, ვიპოვით  მალე...

ასე  ვიარე, მთელი ც ხ ო ვ რ ე ბ ა

და...  ო ც ნ ე ბ ე ბ ი ც   ვ ხ ა ტ ე  და  ვ შ ა ლ ე!

 

ხან  ვპოულობდი... და   ათრთოლებით,

გული  ო ც ნ ე ბ ი ს   ყ ვ ა ვ ი ლ ს  ჰქარგავდა...

მერე  ვამჩნევდი, მე  რომ  მეჭირა,

ის  ქ ო შ ი, — მ ი ს ა ს  სულაც  ა რ  ჰ გ ა ვ დ ა.

 

ასე  ძებნაში დავრჩი  უ ქ ა ლ ო...

არ  ვიცი, ღირდა ძებნა — წვალება?!

მე  კი  დამტოვე  მ ა რ ტ ო დ,  უ ფ ა ლ ო,

მაგრამ  კ ო ნ კ ი ა  ა რ   გ ე ბ რ ა ლ ე ბ ა?!

 

შემომრჩა  ფ ი ქ რ ი, — ბ ა ვ შ ვ ი ვ ი თ   წ რ ფ ე ლ ი,

მ ა ს ა ც   ხომ  გ ზ ი ს კ ე ნ  გაურბის  მ ზ ე რ ა...

ზ ღ ა პ რ ი ს   მიხედვით, ისიც  ხომ  მ ე ლ ი ს?

რა  ვქნა, თუ  დ ღ ე მ დ ი ს  ზ ღ ა პ რ ე ბ ი ს  მ ჯ ე რ ა!!!

 

ქ. თესალონიკი, 21.12. 2015 წელი


მალაღებ!

        (ფშაურ კილოზე)

 

პირიმზე სად რა რა არი,

 აღარც ჩანს, აღარც ხმაურობს...

 ე  გულ უმისოდ ქვა არი,

 არც სცემს, არც აურ–ზაურობს.

გამოჩნდი, დილის ცისკარო,

 შუქი მაჰფინე არესა...

 მალაღებ, როგორც მთის წყარო, –

 ხევ-ხუვებს მგლოვიარესა!

 

ქ.თესალონიკი, 19.02. 2016 წელი


მე თვითონ ვირჩევ!

 

იქნებ ისეთი სულაც არა ვარ,

შენს ოცნებებში როგორიც ვიშვი,

მე მაინც შევყეფ გრძნობის ქარავანს

და... გულით დამაქვს ფინიას შიში.

 

წუთისოფელი თავის გზით მიდის,

ჩემი ხმა იქნებ არც ესმის არვის...

არ ვარ ამგები კოშკების დიდის, —

არც ბროლისა და არც კიდევ ქარვის.

 

დიოგენივით კასრის წინ მჯდომი,

თავს არვის ვახვევ ჩემს აპათიებს...

მაგრამ ჩადგომას, — მზეს და ჩემს შორის,

იმპერატორსაც არ ვაპატიებ.

 

ცხოვრება უფლის განაჩენია

და არა მინდა მე საზიარო...

რადგან ჩემი გზა მხოლოდ ჩემია,

მე თვითონ ვირჩევ, ვისთან ვიარო!

 

ქ. თესალონიკი, 06.06 2016 წელი


ჯიუტად მჯერა...

 

შენი თვალები, ჩემს დანახვაზე

ცისკარივით რომ გაიბრწყინებდა,

თითქოს მიმქრალან ოცნების ცაზე,

დროის ქარტეხილს უხმოდ მინებდა.

 

ოდესმე ალბათ სუყველა ცდება,

უხმოდ ივსება მოთმენის თასი,

ამაღლებული გრძნობებიც ცვდება,

ერთ დროს რომ თითქოს არც ჰქონდა ფასი.

 

დაკოჭლებულა ოცნების რაში,

ჩამოინისლა კაშკაშა მზერა...

მე თვალი მაინც გამირბის ცაში,

ხვალინდელი დღის ჯიუტად მჯერა!

 

ქ. თესალონიკი, 24.06.2016 წელი


კალიგულას ცხენი

 

დღეს ჩემს ქვეყანას ძალიან უჭირს, –

უჭირდა გუშინ და იმის წინაც;

მივდივართ კვალზე იმედის ფუჭის,

ბევრმა სხვის ცის ქვეშ დაიდო ბინა.

ზოგნიც მოერგნენ ტალღას ცხოვრების,

ქაფივით მოჯდნენ ტალღის ქოჩორზე...

მათზე არ ითქმის სიტყვები ქების,

როგორც ვირზე და იმის ჩოჩორზე.

აღზევებულან მოსულნი არსით,

თუმც ბევრმა იცის ვინ სად ეთრია...

ქაფი ჭუჭყია თავისი არსით,

მერე რაა თუ... ფერით თეთრია.

ჩასცქერენ მხოლოდ თავიანთ ქისებს,

თავზე დაგვამხეს მოთმენის ბჭენი...

დღეს პარლამენტში ბევრი ზის ისე, -

ვით კალიგულას იორღა ცხენი.

წევრებსა ჰგვანან პოლიტბიუროს,

რომ შეაბერდნენ ერთურთს ას წლამდე...

მათ მაძღარ სიფათს მტერმა უყუროს, –

ერთი სული გვაქვს მაგათ წასვლამდე

                                      

ქ. თესალონიკი, 16.07. 2016 წელი


       წლები...

 

წლებს მოაქვს ვნების სიდინჯე, –

ნაკლებს ვრისკავ და ვბედავ,

დღეს გულისყურით ვისმენ და...

გულის თვალებით ვხედავ;

 

ლოცვითაც სხვაგვარად გლოცავ

ჩემო ადგილის დედავ,

არ მაკრთობს ჩემი გავლილი,

უკან რომ მოვიხედავ!

             

ქ. თესალონიკი, 17.12. 2017 წელი


ტყვეობაშია თავისუფლება?!

(ვუძღვნი ჩემს ევას! /ადამი/)

 

სულ შენზე ვფიქრობ წყვდიადის კვარო, –

უფლის სუნთქვა ხარ და ჩემი ძვალი...

ჩვენთვის შევქმენი სულ სხვა სამყარო

და ამ სამოთხის ხარ დედოფალი!

 

აქ არც-ვის არ აქვს შესვლის უფლება,

რადგან სხვათათვის არ არის კარი...

სად შენი სულის თავისუფლება, –

ამ ჩემს მკლავებში  „ტყვეობა“ არი!

 

ელგუჯა ციგროშვილი

ქ. თესალონიკი,  22.02.2018 წელი


 სად იყავ?!

(სალაღობო, ფშაურ კილოზე)

 

მოკლე ხარ, წუთისოფელო,

ვარ ბედისწერის გმობაში;

წავიდა წლები, — გიჟმაჟი,

ავის და კარგის ცნობაში.

გავლიე ჩემი ბილიკი

მეც „მარტოხელა მგლობაში“,

გავანახევრე სავალი

ღვინის და ვნების ტრფობაში.

ეხლა რომ გადამეყარე,

ჩემი ცხოვრების რთვლობაში,

ვარდობის თვეში სად იყავ, —

ოცნებათ ყვაილობაში?!

 

ქ.თესალონიკი, 28.03. 2019 წელი


მოგონებები

 (ფშაურ კილოზე)


 ზოგი  მოგონება  ნაზია,

ფერითაც  მზის  სხივსა  ჰგავის,

ზოგიც  ღრუბელსა  ჰგავ  ავ - ზნიანს,

და ... სუსხ - ყინული  აქვ   ზვავის.

ზოგი  სულს  ეხვევა ხვიარად

და  სულის   ყვავილად  ჰყვავის...

სხვები  გულს  აჩნია  იარად,

ჩემ  გარდა  ადარდებს  სხვა   ვის?!

ადრესატებ  კი  ჰყავთ  სხვადასხვა,

 ერთ  მომგონებელი  ჰყავის...

ღმერთმ  იცის, ვისთანაც  რა  ვცოდე,

მართლებას  არ ვიწყებ თავის.

სიკეთეც   ბევრი  მაქვს  ნათესი,

ნაცვალ – საპირწონედ  ავის,

ბოლოს  ბეწვის  ხიდზე  მოხდება,

გარჩევა  თეთრის  და  შავის!

აქ  ჩნდება, ვისა  აქვ  შავ   გული,

გარეთ   თეთრ   პერანგ   რო   სცვავის,

ვინ  ჩამოსცილდება უ ფალს   და —

ვინ დამდები არი  ზავის!      

                        

ქ. თესალონიკი, 3.02. 2020  წელი


იქით გთხოვთ შველას!

 

უფალო! შენ ხარ დიდი და წმინდა,

ჩვენ კი კაენის მოგვდგამს გენები...

არც სიყვარულის სწავლა არ გვინდა, –

ალესილი გვაქვს შხამში ენები.

 

იცოდი, მწარე გელოდა ვნება,

მშვიდად ისმინე პეტრეს  ქადილი,

იუდას  – კოცნის მიეცი ნება

და აუსრულე გულის წადილი.

 

რომ გაეფანტა ეჭვები მდარე,

თომამ  გისინჯა ხელით იარა...

დასარწმუნებლად შეეხო თორემ, —

ტკივილი კი არ გაიზიარა!

 

დღეს ჩვევად გვექცა ერთ-ურთის გმობა

და ვირუსივით მოგვედო ყველას...

თითში ლურსმ ნი  თუ შეგვესობა,

ჯვარზე მილურსმულს, – აქეთ გთხოვთ შველას!

 

თუმც დავარღვიეთ ათივე მცნება, —

კვლავ შენს წინ ვდგევართ ზღვა სათხოვარით...

ყველას შენგან გვსურს თავისუფლება

და ამ დროს ჯვარზე... შენ გაგაკარით!

 

ქ. თესალონიკი, 08.02.2020 წელი

,,დავითობა!"


დიდოსტატის   მონოლოგი 

 

კარგ  მთქმელს  უნდა  მუდამ  კარგი  გამგონე,

ლამაზი  ხარ, ბევრი  დაგემტერება,

შენ,  – შორენას  ,,ნებიერას" მაგონებ

და...  ჩემსავით  ვერვინ  მოგეფერება.

რას  გარგია, მჟავე  პანტა – მაჟალო,

როცა  ბაღში  გიდგას  თურაშაული...

ეს  მე  ძალმიძს, შენში  ვნება  ავშალო

და  მოგიწყო  ფერთა  დღესასწაული!

კარგად  იცი, ჩემი  ბედისწერა   ხარ,

ოცნების  ცა ლურჯად  დაიფერება...

შენ  შორენას  ანცი  ,, ნებიერა "  ხარ,

უტასავით  ვერვინ  მოგეფერება.

დრო  არ  იცდის, ნუ  აყოვნებ  არჩევანს,

შენს  ხელშია  შენი ბედნიერება ...

დროზე, თორემ — მომაჭრიან  მარჯვენას 

და  ჩემსავით  ვერვინ   მოგეფერება!

 

ქ . თესალონიკი, 14. 02. 2020  წელი


,,სიყვარულსა  მალვა  უნდა?!"

ციკლიდან:  ,,ოდა  სიყვარულს!"

 

დროცა  და  მანძილიც  თვით  სიყვარულია!

ხან  სამყაროს  იტევს, ხან   გულში  ეტევა...

როდესაც  გრძნობებში  გარკვევა  რთულია,

გვკარნახობს, რა გვიჯობს: – ,,მალვა" თუ  შეტე ვა!

შენ  ,,მიტევ",  მე  თეთრი   ალამი  ავწიე,

თურმე  დანებებაც  ყოფილა  საამო...

საოცრად  ნეტარი  ფიქრები  მაწვიე, –

გაცისარტყელავდა  დილა  და  საღამო.

ვენდობი  შენს  თვალებს, უმანკოს, ალალებს

და ...  მონატრებულებს  ვნებიან  კოცნების,

დაუშვებ  სარკმლიდან  ქარვისფერ  დალაებს,

სიზმრებში   გეწვევი  რაინდად   ოცნების!

სიყვარულს  გზა – ფართო, ვარდნარის  ბილიკი,

ის  ხომ  სამყაროში  ყველასთვის  ერთია...

ვაქოთ  და  ვადიდოთ,  არ შვენის  ქილიკი,

ვერც  გულში  დამალავ, — ის  თავად   ღმერთია!

 

ქ. თესალონიკი,  12. 07. 2021 წელი

 

ფხოველის  პაემანი!

 

მუხის  ძირას, ბნელში მელი,

სატრფიალოს  უკრავს  ქარი...

გამოვიბი  მუხლი  მგელის, –

პაემანზე  მოვიჩქარი!

საკინძეზე  დავწყვეტ  ღილებს,

შემოგაძრობ  ყვავილთ  კაბას,

დავაფეთებთ  ღამის  ჩრდილებს,

მოგახურებ  ვნების  საბანს.

ბნელში  გკოცნი  გამორჩეულს,

მუდამ  უფრთხის ტრფობა  ნათელს...

მუხის  ტანზე, შენს  თეთრ  სხეულს,

ზედ  მივაკრავ, როგორც სანთელს!

დაგიკოცნი  მაცდურ  კერტებს,

მამრის  მძაფრი  გახელებით,

მთელ  საკაცეთს  გავიმეტებ,

რომ  შეგეხოს  სხვა, – ხელებით!

ან  კი  ვინ  სხვა?  ტრფობას   ნაბამს,

არ  მოვაკლებთ  ვნების  კმევას...

შენ  აღმიქვამ, – როგორც  ადამს,

მე  აღგიქვამ, - როგორც  ევას! 

P. S.  მუხის  ძირას, ბნელში  მელი,

სატრფიალოს  უკრავს  ქარი...

შენ –  ასეთი  სანატრელი,

მე   კი  – უფლის    საჩუქარი!

 

ქ. თესალონიკი, 1. 08. 2021 წელი

 

ოდისევსის  მონოლოგი!

 

ჯიუტად  მჯერა, ყოველ  ღამე  სიზმარში  მელი,

ვერ  მოვიშალე  შენს  სარკმელთან ფიქრით  თარეში...

წინა  ცხოვრების  გავიხსენე  მრავალი  წელი, –

ხან  შენი  მეფე  რომ  ვიყავ  და  ხანაც   ფარეში!

სულ  მირაჟია,  თუკი ვინმეს  თვალში  ვარ  გმირი,

გადის  ცხოვრება, განსაცდელსა  და  სიმწარეში, 

მარტოსულობას  ხშირად  ვტირი,  ვით  მეფე   ლირი,

ბედისწერისგან    გაწირული  უცხო  მხარეში!

                                               

ქ. თესალონიკი, 14. 09. 2021 წელი

 

,,ტკბილი   მისია!"

 

შენი  კოცნები,  ვით  ცის  მანანა,

როცა  ბაგეზე  დამეფინება,

ჩემი  მგონია მთელი  ქვეყანა,

რადგან  უფალმა ასე  ინება!

შენეულ  ამბორს და  მოფერებას

სულ  სხვა  აქვს  ჩემთვის წონა  და  ფასი...

ვერ  მომცემს ამდენ  ბედნიერებას

სხვა  ლამაზმანთა კოცნა  ათასი!

და  არც  მჭირია, საკმარისია,

ჩემთვის  შენეულ ტუჩების  გემო...

ეს  შენ  გერგუნა  ,,ტკბილი  მისია"

და  არ  მომაკლო, – სიცოცხლევ  ჩემო!

 

ქ. თესალონიკი, 7. 10. 2021 წელი


არც  მთლად  სალაღობო!

(ფშაურ  კილოზე)

 

უკვე  იმ  ხნისა არა  ვარ,

წყვილს  ვერ  ვარჩევდე  კენტშია,

მათხოვრებ — ქუჩაში   სხედან,

ვაჭრები — პარლამენტშია!

გაყიდეს  სინდის – ნამუსი,

ახლა  მიწებსა  ჰყიდიან,

მზე — მთვარესავით, ერთმანეთს 

სცვლიან  და ... არსად  მიდიან!

ჩვენს  ჯიშსა  და რჯულს  ოდითგან

ვინაც  ეომა,  ემტერა, 

ყველა  აქ  შემოასახლეს, –

მოლა  არის  თუ  ტერტერა!

არც   ეროვნება აღარ  გვაქვს 

და  არც  სახელი  მამისა...

ხვალ  უარესი მოგველის,

წინათგრძნობა  მაქვს ამისა!

უაზრო  ომებში  გაწყდნენ

ქვეყნის საჯიშე ბიჭები...

ქართული   მიწა  არ  გვრჩება,

ცალ   ფეხის  დასაბიჯები!

სამშობლოს   ერთგულებისა,

არვის  არ  ახსოვს  ფიცია...

დღეს  პოზიცია  არა  გვყავს, —

ყველაა  ოპოზიცია!

 

ქ. თესალონიკი, 23. 01. 2022  წელი


არც მთლად სალაღობო!

(თემის გაგრძელება)

 

ჩავცქერი ,,ქართლის  ცხოვრებას ", –

კარგი  რა  ემახსოვრება...

ჩვენს  ერს  არასდროს  ეღირსა

დალხინებული  ცხოვრება.

კეთილ  კუსავით  გაგვყავდა

წყალგაღმა,  მორიელები,

მათ  ,,განტევების   ვაცივით"

ზურგზე   გვაწმინდეს  ხელები.

მშიერს  ჩვენს  ლუკმას  ვუყოფდით,

ტანს  ვაცვით  ჩვენივ  პერანგი...

სიკეთედ   არ  დაგვიბრუნდა,

სიკეთის   ის  ბუმერანგი!

ირგვლივ  ცრუ  დაპირებები,

ნაღდს  არსად  არვინ  გვპირდება,

ბარაბაშიაც   გაგვცვლიან, –

ნურც   ჯვარცმა  გაგვიკვირდება!

არც  ვინმეს  ვალი  არა გვაქვს,

ვერც რამეს დაგვამადლიან...

არ  მოგვეშალოს იმედი, –

მართალთან   უფლის   მადლია!

 ქ. თესალონიკი, 3 თებერვალი, 2022 წელი


შენ ჩემი ღარადელა ხარ!

 

შენ  ჩემი  ღარადელა ხარ,

გულ-მკერდის დამამშვენები...

მსურს შენთან ერთად ვაჭენო

ოცნების  ლურჯა ცხენები.

 

შუქია შენი თვალების, 

დღისით მზის,  ღამე  მთვარისა... 

წამკიდებელი ალების,

შამხსნელი  გულის კარისა!

  

ქ. თესალონიკი,   22. 05. 2022 წელი


ოქროს  თევზის  სურვილი

 

ოქროს  თ ე ვ ზ ი  სულ  არ  არის 

დასაჭერად  ადვილი...

და  მის  თვალში  ყველასა  აქვს

თავ–თავისი  ადგილი.

 

მას  არ  ხიბლავს  სანაპიროს

ჭრელ  კენჭების  არშია,

რადგან  იცის, მ ა რ გ ა ლ ი ტ ი

ზღვაში, – ნიჟარაშია.

 

მის  დაჭერას  ყველა  ცდილობს,

ბევრი  დაფაცურდება...

შენ  არც  ბ ა დ ე  არ  გჭირდება, –

თვითონ  მოგიცურდება.

 

ისურვე  და  აგიხდება

გულით  ნასურვილები: –

მ ა რ ჯ ნ ი ს  ყელსაბამი  გსურს  თუ 

მ ა რ გ ა ლ ი ტ ი ს  ღილები.

 

მაგრამ  ერთს  გთხოვ, დ ა ს ა ჭ ე რ ა დ 

ის  არ  გამოიმეტო,

მისი  ფ ი ქ რ ი ს  სანაპიროვ,

მარტოსულის  ი მ ე დ ო.

 

ა კ ვ ა რ ი უ მ ს  ვერ  აიტანს

მისი  ლ ა ღ ი  ბუნება,

ვერ  იცოცხლებს, ზღვის  ტალღები 

თუ  არ  ებუბუნება!

 

ტყვეობაში  ვერ  იქნება

ტკბილ  სიზმართა  გამთევი...

ოკეანეც  კი  არ  არის

მის  ოცნებათ  დამტევი!

 

თესალონიკი,  28.09. 2022 წელი

,,ალავერდობა“

 

 

 

 

 

 

 

No comments:

Post a Comment