Wednesday, May 31, 2017

რატომ უნდა გვჭირდებოდეს ნატვრა?! (ავტ. სოფიო ჭელიძე)

  ძალიან მიყვარს ნაძვის ხე, ფერად-ფერადი სათამაშოებით აჭრელებული, მათში არეკლილი ჩვენი ოცნებები, ჩემი, შენი, ყველასი, ნათურების ციმციმი, თვალისმომჭრელი სილამაზე, ფუმფულა და თან ჩხვლეტია ნაძვის ხე...  წიწვებთან შეხება მომწონს, მაცოცხლებს, ვგრძნობ, რომ ვარსებობ... ბებია ახალი წლის წინა დღეს სხვადასხვა ქსოვილებისგან ნაჭრებს გამოგვიჭრის და გვირიგებს, სურვილები ჩაიფიქრეთ და ნაძვის ხეს გამოაბითო, ჩვენც სიამოვნებით ვასრულებთ მის თხოვნას, ჩემი ბებია აქაური არ არის, საახალწლოდ ჩამოდის ხოლმე, - მის ოჯახში, მის ქვეყანაში თურმე ასეთი ტრადიცია ყოფილა, თანაც სტუმარს ხომ არ ვაწყენინებთ, მით უმეტეს საყვარელ ადამიანს. ... სიმართლე გითხრათ, მომწონს კიდევაც ეს საქმიანობა და ფაციფუცი, ჩვენს ნაძვის ხესაც შეემატება ხოლმე ახალი ატრიბუტები,
    დავაკვირდი და ჭრელ-ჭრელი ნაჭრები ყოველწლიურად მატულობს, ჩემი ძმები ჩუმ-ჩუმად ერთს კი არა, ორს და სამს გამოაბამენ ხოლმე ჩვენს მზეთუნახავს, ნელ-ნელა გავმრავლდით კიდეც და ახლა უამრავი ჭრელი ნაჭერია შებმული ჩვენს ნაძვის ხეზე, მაგრამ აღარ არის ის მთავარი, ნაძვის ხის წვეროსთან,
    წელს ბებია აღარ ჩამოვიდა, ყველანი ნაღვლიანად შევცქეროდით ნატვრის ნაჭრებით დახუნძლულ ნაძვის ხეს, ნუთუ აღარასოდეს ასრულდებოდა ბებიას სურვილი თუ ის უკვე ასრულდა?! -  ჩვენ ხომ ყველანი ერთად ვიყავით, მთელი ჩვენი დიდი ოჯახი, ამ ახალი წლის ღამეს. ავდექი, ცისფერი ყვავილებით მოხატული ნაჭერი ამოვირჩიე და ნაძვის ხის წვეროსთან შევაბი, სწორედ იქ, სადაც ბებიას ნატვრის  და სურვილების სამფლობელო იყო... სევდა-ნაღველ მოწოლილ გულში კი კითხვა დამებადა და ჩემი სასწრაფოდ შეთხზული ლექსი წავიმღერე გულში:      

                                                  რატომ უნდა გვჭირდებოდეს ნატვრა?
                                                  ღმერთს ხომ ჩვენი უსიტყვოდაც ესმის,
                                                  ჩვენს გულებში რჩება რჩეულ კადრად,
                                                  თანამგრძნობი კაცისაც და ღმერთის,
                                                  ვისაც ღამით სულ არ სძინავს ფიქრით,
                                                  ცდილობს, ყველას  ცოტა მაინც არგოს,
                                                  რატომ უნდა გვჭირდებოდეს ნატვრა,
                                                  იქნებ, ყველამ ერთი კედრი დავრგოთ,
                                                  რომ შეისხას ოცნებებმა ფრთები,
                                                  თორემ მერე არ აღმოჩნდეს გვიან,
                                                  ნატვრის ნაჭრით დახუნძლული კედრის
                                                  ქვეშ ბებიას, მადლით სავსეს, სძინავს.
      რატომ უნდა გვჭირდებოდეს ნატვრა, ჩვენ ხომ ბედნიერებისთვის ვიბადებით?!
                                               



საქმე

დილიდან ვსაქმიანობ,
მინდა საქმეში დავმალო
სახე, თვალები, წყენა,
საქმეში ბევრი რამე იმალება,
ბევრი რამე გვავიწყდება,
ის, ალბათ რასაც თავს არ ვუმხელთ,
რასაც ვცოდავთ, რასაც მივტირით,
საქმეში ჩვენც აღარ ვჩანვართ,
ვეღარ გვამჩნევენ,
ჩვენ ვართ საქმე
და საქმე ვართ ჩვენ,
ვუჩინარდებით საქმეში,
ვბერდებით და მხოლოდ
ჩვენი სიკვდილის მერე
ხვდებიან, რომ
საქმე და ჩვენ
ერთად წავედით.


Monday, May 29, 2017

მე მეშინია

მე მეშინია აისბერგების, კიდევ სიმაღლის, კიდევ ატომის,
ვიღაცის ტვინში სქემის დაწყობის,  გაბათილების ჩვენი რაობის,
სიზარმაცის და უნიათობის, ბრაზის, ზიზღის და კაცთარდანდობის,
ბოროტების და უკეთურების, თავი რომ ხდება უბედურების.

უპირატესობას ვანიჭებ!

გულის ხვეულებში ჩავიკეცე ერთი-ორი მონოლოგი,
მსჯავრდებულივით დავაკვირდი ჩემს ცრუ ცხოვრებას მიკროსკოპით,
ვადარებ შექსპირის დირექტივს ჩემს უნდილ ნაბიჯებს, ვაბიჯებ
საზღვარს და უპირატესობას მორალს და ეტიკეტს ვანიჭებ.


Sunday, May 28, 2017

ერთსტროფიანები

ავანთებ სანთელს და გავჩუმდები, 
მამა ღმერთს ჩემი უსიტყვოდ ესმის,
შენ კი, ბოროტო ადამიანო,
რად აღგიჭურვავს სიტყვები ნესტრით.

მძივებს შორის, მძივებს შორის,
მაინც რჩება სივრცე და 
ამ სივრცეს, როგორც მძივებს, 
მხოლოდ ძაფი იჭერს.

გავტყდები ისე, როგორც გატყდა ოდესღაც მამა,
როცა დანისლა მაღალი მთა სეტყვამ და წვიმამ,
ღვარცოფმა გულში ჩაატანა ღორღი და რკინა,
ნაომარ ველზე მეც მის გვერდზე დავიდებ ბინას.


რა ცოდვებმა ამოგვზიდა მიწიდან,
ან რა ცოდვით ვწვებით ისევ მიწაში,
ღირს კი ნეტავ, ეს ცხოვრება ღიმილად,
თუ კი კაცის სიკეთეს არ იწამებ.

Thursday, May 25, 2017

უფალს!


კალოზე არის ნალეწი,
ჩვენი არსობის პურია,
გმადლობ, რომ გამოიმეტე,
მუდამ გვშია და გვწყურია,
ყანა მზის ცვარში გვიკურთხე,
მწყერი ჩაგვისვი კალთაში,
მადლისმქმნელს მიეც მშვიდობა,
ბალღი აცურე კარაქში.





ამაღლება

ამაღლება, წარმოგვიდგა ცა ნაკრებად მზის და მთვარის,
სხივებს მიჰყავთ ზევით-ზევით მაცხოვარი, მხსნელი კაცის,
ჩვენს იმედად და ოცნებად რჩება ღმერთი, ქვეყნად ერთი,
ამაღლება, -  მისი სიტყვა დაივანებს ათას მკერდში.


ო, როგორ გელოდი!

ო, როგორ გელოდი, შენ კი არ მოხვედი,
ტკივილში დავჭმუჭნე მრავალი ფურცელი,
მინდა რომ პასუხი თემიდამ მოგთხოვოს,
ჩაგაგდოს სამართლის ქაფიან მორევში,
ო, როგორ გელოდი, შენ კი არ მოხვედი!

Tuesday, May 16, 2017

სულელი ბავშვი

ეხ, ვეღარ ვიტან ვერც სიცილს და ვეღარც სიცხეს,
მიკვირს კიდევაც, რა კავშირია, არადა მიტევს,
შემომაწურავს ფეხის წვივზე ჯინსების შარვალს,
მხრიდან, მკერდიდან აორთქლებულ ნაწვეთებს ფანტავს,
უწყლობისაგან უკანასკნელ ძალებსაც მაცლის,
მე კი ვიცინი, როგორც უმწე, სულელი ბავშვი.

Friday, May 12, 2017

მაღაროში დაღუპულებს!

დატანჯულ სხეულს, გამოკეტილს ნახშირის ყუთში,
გამოიტანენ დღის სინათლეზე, რომ ვნახოთ უკეთ,
ნამოქმედარი ჩვენს მოძმეთა, ჩვენივე ხელთა,
ნავსაყუდელზე მტვრეულ ძვალთა ქვითინებს დედა,..

ვუძღვნი მაღაროში დაღუპული მუშების ხსოვნას

დავხუჭე დიდი თვალები,
შიგნით სამყარო ცხოვრობდა,
დღეს იქეთ ესე ქვეყანა
კაცივით გამიუცხოვდა,
ცოლი, შვილი და მოყვარე
კუბოს თავს წინე უძღოდა,
დამნაშავეთა სირცხვილით
თავზე ლეჩაქი ხუროდათ.
მუშა მაღაროს მკვდარი ვარ,
აქ დამიხუჭავს თვალები,
მაგრამ სული თქვენ გიცქერით,
სასჯელს ვერ დაემალებით,
აღარ დამცალდა სიცოცხლე,
ასე ძლიერ რომ მიყვარდა,
ცოლს და შვილს ეცით პატივი,
ნუ გაახარებთ მქირდავთა.



Wednesday, May 10, 2017

ცხოვრების კრედო

თუ რაც გასწავლეს შენმა მშობლებმა,
შენთვის არ გახდა ცხოვრების კრედო,
მაშინ შენს ბედსაც ტყუილად უჩივი,
ცხოვრების არსზეც ამაოდ ყბედობ.

როცა მემოსა აპრილის კაბა

როცა მემოსა აპრილის კაბა,
ყურშიც მესმოდა ჩუხჩუხი წყალთა,
დღეს შემოდგომის ფერები მმოსავს,
გარემოს იკლებს ჩხავილი ყოვთა.

ქალის სული ამაყი და ურჩია (სახუმარო)

ქალის მსგავსი, ქალის დარი არსება,
ღმერთმა ნუ ქნას, დავინახოთ კაცში,
ჭორაობა მხოლოდ სუსტ სქესს "უხდება",
სხვისგან მესმის - მაჟრიალებს ტანში.
ქალის სული ამაყი და ურჩია,
ალერსი და მოფერება უყვარს,
ღმერთმა შექმნა მამაკაცის ნეკნისგან,
"მოუფრთხილდი, ვით შენს ნაწილს", უთქვამს,
მაგრამ უყვართ, სანამ ალვა ნორჩია,
სილამაზით გარე იკრებს მორჩილთ,
მერე, როცა ჟამად მიინავლება,
ქათამივით ძირს ათრევენ ქოჩრით!

გამონათქვამები

  წნინდა გულის ადამიანი ყოველთვის ბედნიერია, მის სულში ია და ვარდი ხარობს, ვერ ამჩნევს ბოროტებას და უკეთურობას, რადგან ვერ წაროუდგენია, რომ ისინი არსებობენ!

  ყველა ადამიანს აქვს გულში ერთი კუთხე, რომელშიც არავინ არ უნდა შეახედო, თორემ შეიძლება საყოველთაო დაცინვის და გაქიაქების ობიექტი გახდე. ადამიანებმა დანდობა არ იციან!

   როცა ვერ გიგებენ, გაჩუმდი, თითოეული შენი სიტყვა შეიძლება სამარცხვინო ბოძზე გააკრან და გაგანადგურონ ფიზიკურადაც და მორალურადაც. ნუ დაიხარჯები ასეთი ადამიანებისათვის!


    მაღალი მორალური პრინციპები საზიანოა იმ ადამიანისთვის, ვინც ამას იყენებს თავისი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, შემომხედეთ, რა კარგი ვარ, თქვენ გჯობივართო, თვით იესო ქრისტეც კი თავმდაბლობის მაგალითი იყო.

    ძალიან ძნელია, სხვა ადამიანებს აუხსნა შენი გაჭირვება, ხშირად, არც გინდა, ვინაიდან არავინ მოგეხმარება, ჭორაობის ობიექტი კი შეიძლება გახდე. მართლაც, არავინ არ იცის, ვის სულში რა ცეცხლი ტრიალებს, ჩვენი ქმედებებით ან უმოქმედობით შეიძლება, ნავთიც კი დავასხათ გაღვივებულ ნაღვერდალს და ხანძარიც გამოვიწვიოთ, რასაც ზოგჯერ ადამიანის სიცოცხლეც ეწირება.

      იმედგაცრუება ვინმეს ან რამის მიმართ ადამიანისთვის მძიმე დარტყმაა, შეიძლება ცხოვრების ხალისიც კი დაუკარგოს და დეპრესიის. უიმედობის ჭაობში ჩაძიროს, ამიტომაა, რომ ვცდილობთ მშობლების, ახლობლების თვალში მუდამ ღირსეულ ადამიანებად დავრჩეთ და დავიცვათ ისინი სულიერი ტრამვებისაგან. კაცი, ვინც ამას არ აკეთებს, მხეცს უტოლდება, რომელიც გულგრილია თავისი თანამოძმეების ტანჯვის მიმართ.

ერთხელაც ფიფქებს ჩამოთოვს ციდან

ერთხელაც ფიფქებს ჩამოთოვს ციდან
სიხარულის და ბედნიერების,
დაეფინება დატანჯულ მიწას,
რომლის გულშიაც ოცნებებს სძინავთ,
გაშლიან ფრთებს და დარახტულები
გადაასწრებენ ღრუბლებს ჭენებით.