ძალიან მიყვარს ნაძვის ხე, ფერად-ფერადი სათამაშოებით აჭრელებული, მათში არეკლილი ჩვენი ოცნებები, ჩემი, შენი, ყველასი, ნათურების ციმციმი, თვალისმომჭრელი სილამაზე, ფუმფულა და თან ჩხვლეტია ნაძვის ხე... წიწვებთან შეხება მომწონს, მაცოცხლებს, ვგრძნობ, რომ ვარსებობ... ბებია ახალი წლის წინა დღეს სხვადასხვა ქსოვილებისგან ნაჭრებს გამოგვიჭრის და გვირიგებს, სურვილები ჩაიფიქრეთ და ნაძვის ხეს გამოაბითო, ჩვენც სიამოვნებით ვასრულებთ მის თხოვნას, ჩემი ბებია აქაური არ არის, საახალწლოდ ჩამოდის ხოლმე, - მის ოჯახში, მის ქვეყანაში თურმე ასეთი ტრადიცია ყოფილა, თანაც სტუმარს ხომ არ ვაწყენინებთ, მით უმეტეს საყვარელ ადამიანს. ... სიმართლე გითხრათ, მომწონს კიდევაც ეს საქმიანობა და ფაციფუცი, ჩვენს ნაძვის ხესაც შეემატება ხოლმე ახალი ატრიბუტები,
დავაკვირდი და ჭრელ-ჭრელი ნაჭრები ყოველწლიურად მატულობს, ჩემი ძმები ჩუმ-ჩუმად ერთს კი არა, ორს და სამს გამოაბამენ ხოლმე ჩვენს მზეთუნახავს, ნელ-ნელა გავმრავლდით კიდეც და ახლა უამრავი ჭრელი ნაჭერია შებმული ჩვენს ნაძვის ხეზე, მაგრამ აღარ არის ის მთავარი, ნაძვის ხის წვეროსთან,
წელს ბებია აღარ ჩამოვიდა, ყველანი ნაღვლიანად შევცქეროდით ნატვრის ნაჭრებით დახუნძლულ ნაძვის ხეს, ნუთუ აღარასოდეს ასრულდებოდა ბებიას სურვილი თუ ის უკვე ასრულდა?! - ჩვენ ხომ ყველანი ერთად ვიყავით, მთელი ჩვენი დიდი ოჯახი, ამ ახალი წლის ღამეს. ავდექი, ცისფერი ყვავილებით მოხატული ნაჭერი ამოვირჩიე და ნაძვის ხის წვეროსთან შევაბი, სწორედ იქ, სადაც ბებიას ნატვრის და სურვილების სამფლობელო იყო... სევდა-ნაღველ მოწოლილ გულში კი კითხვა დამებადა და ჩემი სასწრაფოდ შეთხზული ლექსი წავიმღერე გულში:
რატომ უნდა გვჭირდებოდეს ნატვრა?
ღმერთს ხომ ჩვენი უსიტყვოდაც ესმის,
ჩვენს გულებში რჩება რჩეულ კადრად,
თანამგრძნობი კაცისაც და ღმერთის,
ვისაც ღამით სულ არ სძინავს ფიქრით,
ცდილობს, ყველას ცოტა მაინც არგოს,
რატომ უნდა გვჭირდებოდეს ნატვრა,
იქნებ, ყველამ ერთი კედრი დავრგოთ,
რომ შეისხას ოცნებებმა ფრთები,
თორემ მერე არ აღმოჩნდეს გვიან,
ნატვრის ნაჭრით დახუნძლული კედრის
ქვეშ ბებიას, მადლით სავსეს, სძინავს.
რატომ უნდა გვჭირდებოდეს ნატვრა, ჩვენ ხომ ბედნიერებისთვის ვიბადებით?!
No comments:
Post a Comment