Thursday, October 31, 2019

ერი წერამ აიტანა (ერთსტოფიანი)

ერი წერამ აიტანა,
დასახნავი დარჩა ყანა,
იმიტომაც ქვეყნის საქმე,
მიდის ასე გან და განა.

В. Высоцкий "Будь хоть бедой в моей судьбе", თარგმანი მაია დიაკონიძის

უბედურებაც რომ იყო ჩემი
და როგორც უნდა, განგვსაჯონ სხვებმა,
სამუდამოდ მაქვს მისჯილი ჩემთვის, 
მთელი ცხოვრება გავლიო შენთან.
ვლადიმერ ვისოცკი

Будь хоть бедой в моей судьбе,
Но кто б нас не судил,
Я сам пожизненно к тебе
Себя приговорил...
В. Высоцкий



Tuesday, October 29, 2019

ჩვენს სადადებელს ჩვენვე ავშლივართ

ჩვენს სადარდებელს ჩვენვე ავშლივართ,
როგორც ეკლები ვარდს მხმოიარეს
და გოლგოთისკენ მავალ ბილიკზე
ჯვარცმულზე უფრო სწრაფად ვიარეთ,
რომ დაგვენახა იმისი სევდა,
ტვირთი გამხდარა კაცობრიობის,
ჩვენს სადარდებელს ჩვენვე ავშლივართ,
მოთმენა აღარ გვყოფნის იობის.


,

Monday, October 28, 2019

თვალში ჩავიდგამ ფირუზებს

შენ თუ არაფერს მიყვები,
არც მე არაფერს გეტყვი,
თვალში ჩავიდგამ ფირუზებს,
ზღვათა სივრცეს რომ ელტვის...
შიგ დაინახავ ყველაფერს,
რისი თქმაც შენთვის მსურდა,
შენი თვალების ტბებიდან,
ამოვცურდები უკან.
ანათებ, ისე ანათებ,
როგორც ვარსკვლავი ცისკრის,
დღისით მიწაზე დაგყავარ,
ღამით - ვარსკვლავებს ვითვლი.








მიაპობს ტოტებს ირემთა რემა

მიაპობს ტოტებს ირემთა რემა,
მონადირე კი მიჰყვება კვალზე,
ცა ელოდება ღვთის შვილთა ბელადს,
სისხლს არ შეახმობს ვაგლახად ტანზე.


Sunday, October 27, 2019

სამშობლოში ცრემლი გვახრჩობს... (ერთსტროფიანი)

სამშობლოში ცრემლი გვახრჩობს,
სისხლი, დაგლეჯილი მიწის
და იმედად დავრჩით მარტო,
ევროპის და ამერიკის.

იქ არავინ მელოდება...(ერთსტროფიანი)

ნეტავ, სახლში რად ვიჩქარი?
იქ არავინ მელოდება,
გადავლახავ დროს და მანძილს,
სადაც მიხმობს მოგონება.

დრო აღარა გვაქვს (ერთსტროფიანი)

გაუხეშებულ ჩვენს სულს, ნეტავ, ვუშველოთ როგორ,
გაფაციცებით კვლავ ვაგროვებთ შხამიან სოკოს,
დრო აღარა გვაქვს, წამოვსკუპდეთ ხავერდის ველზე...
მაშინ ჩვენს გულში ვარდ-ყვავილებს რატომღა ვეძებთ?!

ნუ შეგაშინებს... (ერთსტროფიანი)

მინდა, სულშიაც ღრმად ჩამომხედო,
ჯერ კიდევ ცოცხლობს ნაზი ყვავილი,
ნუ შემომცქერი ასე შორიდან,
ნუ შეგაშინებს დრო და მანძილი.

სახუმაროები

ჩემზე როდისღა დაწერ,
თვალში როდის მოგივალ?
არ ვჯობივარ გარდასულთ,
ბეთჰოვენს და სტრაივარს?
________________________
ფოტოს მეტი ლაიქი აქვს,
ვიდრე ლექსს და ნახატს,
იმიტომაც არ ვცილდები
საცხს და პირის საბანს!
________________________
გვერდზეც შემოგვღიმილე,
მარტო თავს ნუ უყურებ,
მაგ სარკეში ყურება
არ მოგბეზრდა, ნეტავ?!
შეგვამჩნიე, მოგვხედე,
თორემ მალე ზეწავალთ,
მარტოობა დაგრჩება
და ეგ სარკე ხედად.

_______________________

არავის აქვს არავისი  დარდი,
თუ გინდ მათ წინ, იქვე დასაფლავდი,
მხოლო მაშინ მოიხოკენ ლოყას,
ფოტოგრაფი თუ კი სადმე მოჩანს.



სატრფიალო (სიმღერა)

ვაჟი:
ჩემკენაც გამოიხედე, პირმშვენიერო ქალავ,
ღრუბელზე წამოგაგორებ, მზეებრ აგანთებ ალად,
ზღვებზედაც გაგასეირნებ, გემის ვიქნები აფრა,
ოღონდაც ნუ შემომხედავ, როგორც სულელს და აფრაკს.
ქალი:
მე განა გულში ქვა მიდევს, შენს გაღიმებას ვფიცავ,
თვალს თუ გარიდებ, გამიგე, მამა-პაპურ წესს ვიცავ,
ხშირად იტკიებს ნაისრალს შეყვარებული გული,
მითხარ, მთისა და ბარისა, მადლიერებით უფლის,
თმაში ჩავიწნავ გვირილებს, მოგებებები წინა,
ორივე:
სიყვარულის ზღვა ლივლივებს, წყაროს წყალივით წმინდა.

Sunday, October 20, 2019

დავჯექი და ვიტირე (ერთსტროფიანი)

ოკობოკრო ბილიკებით ბედმა სად არ მატარა,
ხან ლურჯ მთებზე ვისეირნე, ხან - ტბა შევსვი პატარა,
ტყე-ტყე ფიქრად ავიკინძე, ღრუბელ-ღრუბელ ვიფრინე,
რომ დავბრუნდი, დიდი ვიყავ, დავჯექი და ვიტირე.

Saturday, October 19, 2019

ილიას შუბლი (ერთსტროფიანი)

სამშობლოსათვის მაშვრალი კაცის
ნაოჭი შუბლზე მზის სხივად იქცა
და ანათებდა ბებერ მთაწმინდას
ილიას შუბლი, წმინდათა-წმინდა.

Wednesday, October 16, 2019

თავს იმართლებდა...(მინიატურა)

  არასოდეს ეცალა მშობლებისთვის, და-ძმებისთვის, ხანდახან ნახულობდა მონატრებულებს, ოჯახი და ბავშვები სულის მოთქმის საშუალებას არ აძლევდნენ, ისინი დიდები არიან, თავის თავს თვითონ მოუვლიან, ამათ მეტი ყურადღება სჭირდებათ, ვის დავუტოვოო, იმართლებდა თავს. ქმარიც არსად უშვებდა, მკაცრად აკონტროლებდა მის თითოეულ ნაბიჯს, ამასთან ხომ არ ვიჩხუბებ, ოჯახს ხომ არ დავანგრევო. თავს იმართლებდა. დედამთილსაც მოვლა სჭირდებოდა, ხან გაზის ქურა რჩებოდა ჩართული, ხან კარები ხვდებოდათ სკოლიდან მოსულ ბავშვებს ჩაკეტილი, გარეთ რჩებოდნენ. მოხუცია, ამასაც მარტო ხომ ვერ დავტოვებო. თავს იმართლებდა. ამასობაში მარტოობა იგრძნო. მიიხედ-მოიხედა, მოიკითხა, და-ძმები დაფანტულიყვნენ სხვადასხვა ქვეყნებში  დედაც წაეყვანათ. მამა მარტოობის ლაგამს ცოხნიდა, სახლში ჩაკეტილიყო, ვეღარ დადიოდა. მივიდა, ვეღარ იცნო, კარებიც აღარ გაუღო. ვერ ვნახე, სახლში ვერ შევედიო, თავს იმართლებდა. ძმა გახდა ავად. თავი მოიყარეს, როგორც იქნა, თმაში ვერცხლი შეპარვოდა ყველას, დედა ბედნიერი იღიმებოდა, ყველას ერთად ხედავდა. იხმაურეს, მოისიყვარულეს ერთმანეთი, დიდხანს ვერ გაუძლო. ისევ დაიფანტნენ. გამიჭირდაო ავადმყოფი ძმის ყურება. თავს იმართლებდა. მარტოობაში ამოხდა სული.

Tuesday, October 15, 2019

ფეისბუქკურიოზი (ჩანახატი)

   ფეისბუქში ერთი ქალბატონი დამიმეგობრდა თავისი ინიციატივით, ნაცნობის ნაცნობი, რომელსაც აქვს ანტიკვარული სურათი და მის გაყიდვას ცდილობს წლების მანძილზე, ხშირად დებს ხოლმე თავის გვერდზე, მეც ყოველთვის ვუწონებ, გუშინ მომწერა, რატომ იწონებთ ჩემს სურათს,გავიგეთ რომ მოგწონთო, ვიფიქრე, სარეკლამო ოინია და მივწერე, მე კი მომწონს, მთავარია სხვებს მოვაწონოთ-მეთქი. დღეს დილით ჩემს გვერდზე ვკითხულობ: - ქალბატონო მაია, თავი დაანებეთ ჩემს სურათს და მეც! - გაოგნებული დავრჩი, არა და არაფერი საქმე ამ ქალბატონთან არასოდეს არ მქონია, არც ვიცნობ! შეწუხებული რომ მნახა, სოფიომ დამამშვიდა, ალბათ, ფიქრობს, შენი თვალი სცემს მაგის სურათს და იმიტომ არ იყიდებაო. მერე კი ვიცინე კარგად. რა თქმა უნდა, მეგობრებიდან წავშალე. ახლა მივხვდი, რომ ყველას არ უნდა დაუმეგობრდე!

Monday, October 14, 2019

ბუტია (ბავშვობის მოგონებებიდან)

    ბევრი დედმამიშვილი ვიყავით და დაბადების დღეებით გათამამებულები, ხან ერთის იუბილეს ვზეიმობდით, ხან - მეორის. მახსოვს ჩემს დას იას მამამ დაბადების დღეზე გერმანული თოჯინა მოუტანა, მაშინ არ იშოვებოდა, დახლის ქვევიდან უნდა გეყიდა ან ნაცნობობით, არ ვიცი, მამამ როგორ მოახერხა, კი მოიტანა, საოცრად ლამაზი და მოხდენილი იყო. მეტიც არ მინდოდა, თოჯინები ძალიან მიყვარდა, შევიკეტე მეორე ოთახში და ავქვითინდი, ვერავინ გამომიყვანა იქიდან, სანამ მამამ, სხვა თოჯინა არ მოარბენინა სახლში, რა თქმა უნდა, გერმანული ვეღარ იშოვა, რუსული თოჯინა იყო, სამაგიეროდ, იას თოჯინაზე ორჯერ დიდი, მაშინ კი დავმშვიდდი. მას მერე მამას წესად ჰქონდა, ვისი დაბადების დღეც არ უნდა ყოფილიყო, ჩემთვის საჩუქარი უნდა მოეტანა, რომ არ გავბუტულიყავი.
   ამისთვის კიდევ ერთი საბაბი მიეცა, როდესაც ერთხელ სახლში კიდევ ესეთი სცენა გათამაშდა. არ ვიცი, საიდან,მამამ სახლში თოჯინა მოიტანა, სავარაუდოდ, ვიღაცამ აჩუქა, ყიდვის შემთხვევაში ერთს არ იყიდდა, სამი ქალიშვილი ვყავდით, მოიტანა და მე მაჩუქა, როგორც უფროსს, მეორე დღეს მოვიდა სათამაშოებით დატვირთული და დანარჩენებს დაურიგა, როგორც ჩემი და იხსენებს ხოლმე, გავპარულვარ, ფარდის უკან დავმდგარვარ და ჩუმად ავტირებულვარ, მამა ისევ გაქცეულა ჩემთვის კიდევ ერთი საჩუქრის საყიდლად. აი, ასეთი ბუტია და ცოტა არ იყოს გათამამებული ბავშვი ვყოფილვარ. 

Friday, October 11, 2019

ჩემი და თინიკოს კაფიაობა, ერთვება ნინო არსენაშვილი, დოდო წივწივაძე

თინიკო, - ჩიტი მზეწვია
დიდებულ მზე ქალს ეწვია,
ხელთ მისცა იმან კალამი,
წერეო, ჩემო ჭეჟია,
წერა და მღერა ბავშვისთვის
შენნაირ ჩიტთა წესია.
მაია დიაკონიძე

ნეტავ, ვინ გითხრა, მზეწვიამ?
ეგ შენთან თუ კი მობრძანდა,
ეტყობა, ჩემზე ეჭვი აქვს,
ხომ არ ივიწყებს პატარებს
ეგ მაკვარანცხი ჭეჟია?
თინიკო ჭეჟია

გააგრძელეთ კაფია, ხომ არ არის სადღაც ლექსის "მაფია".
ნინო არსენაშვილი

საბავშვო ლექსთა "მაფია"
ჩვენი არაა,სხვისია,
ჩვენ მარტო კაფიებსა ვწერთ,
რომ შევასრულოთ მისია.
მაია დიაკონიძე

დიაკინიძე მართალია,
ჭეჟიამ დაივიწყა პატარები!
"საბავშვო ლექსთა მაფია"
არსებობს!
დოდო წივწივაძე

ჭეჟია მალე მოვა და პროზას მოიტანს ,,დილაში,,
ნეტავი ხომ არ ჰგონიათ, ზღვაზე თამაშობს სილაში?
არავინ არ მოიკითხა, ახველებს ამ ცხელ ზამთარში,
დადის წამლების ყლაპვით და ხელში კომშის ნახარშით!
თინიკო ჭეჟია

მე მოგიკითხე, ძვირფასო, როგორც მეგობრის წესია,
თურმე წამალი შეგესვა, მერე მოგწერე მესიჯად,
მაგრამ არ გამეც პასუხი, არ იყავ შესაფერისად.
მალე ხომ ფეხზე დადგები, ძიძა გახდები სხვებისაც.
მაია დიაკონიძე

Monday, October 7, 2019

ყვითელი ფოთლები ქარდაქარ მიჰქრიან (ეძღვნება გია ყანჩელს)

რა მალე დასცვივდა ფოთლები საღამოს...
სადღაც იქ, შორეთში, ღამემ დღე აღამოს,
სადღაც იქ, შორეთში, წვიმები  ტირიან,
ყვითელი ფოთლები ქარდაქარ მიქრიან.
მიქრიან, თან მიაქვთ ოცნება, იმედი, 
ორქიდეები, ვარდები, ტიტები,
ხატაურა მთა, ჭრელ-ჭრელი მინდვრები,
ფერს კარგავს სამყარო, შენ რომ არ იქნები.
რა მალე დასცვივდა ფოთლები საღამოს,
სუნთქვას რომ იკრავდა სამშობლოს ხილვებით,
დგას შემოდგომის უტყვი სიმფონია,
ისევ ჩემს გულში ხარ,  ისევ მეფიქრები.

,

მადლი (ზღაპარი)

    ერთ სოფელში ქვრივი ცხოვრობდა, ქმარი და სამი ვაჟკაცი ომში დაღუპვოდა, სახლში სამი ქალიშვილი და ერთი ვაჟი დარჩენოდა და იმათ მოვლა-პატრონობას ვერ აუდიოდა, მარტოხელას უჭირდა ოჯახის რჩენა. სოფელი ეხმარებოდა, მაგრამ არც იმათ ჰქონდათ რამე, ოჯახის მამები ზოგი ომში დაღუპულიყო და ბევრიც სხვა ქვეყანაში წასულიყო ლუკმა-პურის საშოვნელად. მტერი ყველა მხრიდან უტევდა სოფელს და მიწებს სტაცებდა, საშველი არსაიდან ჩანდა. ანთებდა ქვრივი ყოველ დღე სანთელს, თავის ხელით ჩამოქნილს, ღვთიშობელს სთხოვდა დახმარებას, ღმერთთან მიშუამდგომლე, იქნება ჩვენს სოფელს რამე ეშველოსო, ჩამოიარა ერთ დღეს შარაგზაზე ქალმა და ქვრივის სახლს მიადგა, ღვთიშობელმა თქვენთან გამომგზავნა დასახმარებლად, აგერ თქვენ ქოთანი, შემოდგი ცეცხლზე, ჩაყარე შიგნით ხორბალი, რომ მოიხარშება, ყოველდღე თითო კოვზი დაურიგე შენს თანასოფლელებს, მადლი დაიწყებს დენას და გამდიდრდება ყოველი,  ლოცვაც არ დაგავიწყდეთ  და გაძლიერდება თქვენი სოფელიო, მტერიც ასე ადვილად ვეღარ გაგიბედავთ შევიწროებასო. ასეც მოიქცა ქვრივი, შემოდგა ქოთანი ცეცხლზე და როცა ხორბალი მოიხარშა, მთელი სოფელი თავისთან იხმო, კოვზებიც წამოიღეთო, ყველას დაუბარა. ამის მერე ყოველდღე თითო კოვზი მადლი მიჰქონდათ სოფლელებს თავიანთ სახლებში და გაივსო ოჯახები, კარდაკარ დადიოდა სიკეთე, დიოდა თაფლი და ერბო, ოქროს ბეწვიანი ცხვრები ბღაოდნენ ფარეხებში, მაგრამ ერთ გლეხს არაფერი ყოფნიდა, ერთი კოვზი ცოტააო და ორის წამოღება გადაწყვიტა. ერთ ღამეს მიადგა ქვრივის ეზოს, სამზარეულოში შეიპარა, კოვზი უნდა ჩაეყო ქოთანში, მაგრამ სიბნელეში ვერაფერი გაარჩია, ხელი ჰკრა ქოთანს და ძირს გადმოაგდო, გადმოდინდა მადლი, მდინარედ იქცა, წავიდა და წავიდა, სხვა სოფლებსა და ქალაქებში ჩამოურიგდა ხალხს, დარჩნენ ამ სოფლის მკვიდრნი მადლის გარეშე, სხედან ახლა ხის კოვზებით ხელში და ელოდებიან, ლოდინში მუშაობაც გადავიწყდათ, იქნებ ისევ გამოიჩინოს გულმოწყალება ღვთიშობელმა და  ათუხთუხდეს ქვრივის სახლში მადლით სავსე ქოთანიო, ახლაც პირდაღებულები შესცქერიან ცას.

Tuesday, October 1, 2019

თინა წავკისელს! (შოთაობის კონკურსისთვის)

საით მიქრის შენი ცხენი, საით, ჩემო თინათინ,
მუმლი უნდა ატიალო, გაამრავლო ღვთის მადლი,
მაგრამ დღეს რომ ხმალი გაცვდა, შემოვდევით თაროზე,
მტერი ლაღად დასეირნობს წინაპართა კალოზე!
დაინგრა და შემოგვეფშვნა ძველი ციხე-კოშკები,
სიყვარულით ნაშენები ხანძთები და ოშკები...
ფუტკრის ნესტრით ამარცხებდი თავდამსხმელებს, მომხდურებს,
თაფლს ასმევდი შენიანებს, მზით ავსებდი ქონგურებს,.
წავკისში რომ იდგა კოშკი, ისიც ჟამმა დაშალა
თუ ქართველებს გვასვეს ცრემლი, - შხამიანი სამსალა,
ჩვენი ხელით ვანადგურეთ, ვშალეთ ეკლესიები,
იმ ველებზე აღარ ჰყვავის ენძელები, იები.
პატარა კახს გულს უთბობდი მამაცურად მზირები
(მფარველი და მწე რომ იყო სწორუპოვარ გმირების),
რამდენ მომხდურს  ჩაუყენე შიში ჭუტა თვალებში,
ვერ იტანდი ცრუს და ლაჩარს,  ლაჟვარდებში ნაგეში.
თინა, ნეტავ, რად მესიზმრე, რისი არის ნიშანი?
საქართველოს აღზევება იყო შენი მიზანი,
დაე, ქვრივი და ობოლი აღარ გახდეს ხიზანი,
შენს თავს ვფიცავ, არ მოკვდება ჩვენი მზე, საფიცარი!
საით მიქრის შენი ცხენი, დაგვავიწყო მარაბდა?!
ბრძოლისაკენ მოგვიწოდებ, იარები კარდაკარ,
ქარს მიჰყვება დალალები, ცხადია თუ სიზმარი?!
მუმლი უნდა ატიალო, გაამრავლო ღვთის მადლი!















ზოგს რომ თავი ჰგონია

ზოგს რომ თავი ჰგონია წყაროს წყალი, სათავე,
გამარჯობა რომ გითხრას, ერთ პირ სიკვდილს ათავებს,
თავმდაბლობა წმინდანთა ტყუილად არ ირჩიესო,
თავის მოწაფეებსაც ფეხებს ბანდა იესო.

ვერ მაპატიეს!

ათასჯერ დამწვეს, ასჯერ მაგინეს,
უსიტყვო სიტყვით გულსა თუ გონში,
ვერ გადახარშეს, ვერ მაპატიეს,
იმათ რომ ვჯობდი სულ ერთი გროშით.