Wednesday, October 16, 2019
თავს იმართლებდა...(მინიატურა)
არასოდეს ეცალა მშობლებისთვის, და-ძმებისთვის, ხანდახან ნახულობდა მონატრებულებს, ოჯახი და ბავშვები სულის მოთქმის საშუალებას არ აძლევდნენ, ისინი დიდები არიან, თავის თავს თვითონ მოუვლიან, ამათ მეტი ყურადღება სჭირდებათ, ვის დავუტოვოო, იმართლებდა თავს. ქმარიც არსად უშვებდა, მკაცრად აკონტროლებდა მის თითოეულ ნაბიჯს, ამასთან ხომ არ ვიჩხუბებ, ოჯახს ხომ არ დავანგრევო. თავს იმართლებდა. დედამთილსაც მოვლა სჭირდებოდა, ხან გაზის ქურა რჩებოდა ჩართული, ხან კარები ხვდებოდათ სკოლიდან მოსულ ბავშვებს ჩაკეტილი, გარეთ რჩებოდნენ. მოხუცია, ამასაც მარტო ხომ ვერ დავტოვებო. თავს იმართლებდა. ამასობაში მარტოობა იგრძნო. მიიხედ-მოიხედა, მოიკითხა, და-ძმები დაფანტულიყვნენ სხვადასხვა ქვეყნებში დედაც წაეყვანათ. მამა მარტოობის ლაგამს ცოხნიდა, სახლში ჩაკეტილიყო, ვეღარ დადიოდა. მივიდა, ვეღარ იცნო, კარებიც აღარ გაუღო. ვერ ვნახე, სახლში ვერ შევედიო, თავს იმართლებდა. ძმა გახდა ავად. თავი მოიყარეს, როგორც იქნა, თმაში ვერცხლი შეპარვოდა ყველას, დედა ბედნიერი იღიმებოდა, ყველას ერთად ხედავდა. იხმაურეს, მოისიყვარულეს ერთმანეთი, დიდხანს ვერ გაუძლო. ისევ დაიფანტნენ. გამიჭირდაო ავადმყოფი ძმის ყურება. თავს იმართლებდა. მარტოობაში ამოხდა სული.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment