Monday, October 7, 2019
მადლი (ზღაპარი)
ერთ სოფელში ქვრივი ცხოვრობდა, ქმარი და სამი ვაჟკაცი ომში დაღუპვოდა, სახლში სამი ქალიშვილი და ერთი ვაჟი დარჩენოდა და იმათ მოვლა-პატრონობას ვერ აუდიოდა, მარტოხელას უჭირდა ოჯახის რჩენა. სოფელი ეხმარებოდა, მაგრამ არც იმათ ჰქონდათ რამე, ოჯახის მამები ზოგი ომში დაღუპულიყო და ბევრიც სხვა ქვეყანაში წასულიყო ლუკმა-პურის საშოვნელად. მტერი ყველა მხრიდან უტევდა სოფელს და მიწებს სტაცებდა, საშველი არსაიდან ჩანდა. ანთებდა ქვრივი ყოველ დღე სანთელს, თავის ხელით ჩამოქნილს, ღვთიშობელს სთხოვდა დახმარებას, ღმერთთან მიშუამდგომლე, იქნება ჩვენს სოფელს რამე ეშველოსო, ჩამოიარა ერთ დღეს შარაგზაზე ქალმა და ქვრივის სახლს მიადგა, ღვთიშობელმა თქვენთან გამომგზავნა დასახმარებლად, აგერ თქვენ ქოთანი, შემოდგი ცეცხლზე, ჩაყარე შიგნით ხორბალი, რომ მოიხარშება, ყოველდღე თითო კოვზი დაურიგე შენს თანასოფლელებს, მადლი დაიწყებს დენას და გამდიდრდება ყოველი, ლოცვაც არ დაგავიწყდეთ და გაძლიერდება თქვენი სოფელიო, მტერიც ასე ადვილად ვეღარ გაგიბედავთ შევიწროებასო. ასეც მოიქცა ქვრივი, შემოდგა ქოთანი ცეცხლზე და როცა ხორბალი მოიხარშა, მთელი სოფელი თავისთან იხმო, კოვზებიც წამოიღეთო, ყველას დაუბარა. ამის მერე ყოველდღე თითო კოვზი მადლი მიჰქონდათ სოფლელებს თავიანთ სახლებში და გაივსო ოჯახები, კარდაკარ დადიოდა სიკეთე, დიოდა თაფლი და ერბო, ოქროს ბეწვიანი ცხვრები ბღაოდნენ ფარეხებში, მაგრამ ერთ გლეხს არაფერი ყოფნიდა, ერთი კოვზი ცოტააო და ორის წამოღება გადაწყვიტა. ერთ ღამეს მიადგა ქვრივის ეზოს, სამზარეულოში შეიპარა, კოვზი უნდა ჩაეყო ქოთანში, მაგრამ სიბნელეში ვერაფერი გაარჩია, ხელი ჰკრა ქოთანს და ძირს გადმოაგდო, გადმოდინდა მადლი, მდინარედ იქცა, წავიდა და წავიდა, სხვა სოფლებსა და ქალაქებში ჩამოურიგდა ხალხს, დარჩნენ ამ სოფლის მკვიდრნი მადლის გარეშე, სხედან ახლა ხის კოვზებით ხელში და ელოდებიან, ლოდინში მუშაობაც გადავიწყდათ, იქნებ ისევ გამოიჩინოს გულმოწყალება ღვთიშობელმა და ათუხთუხდეს ქვრივის სახლში მადლით სავსე ქოთანიო, ახლაც პირდაღებულები შესცქერიან ცას.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment