Monday, December 30, 2013

თბილისს!

დუმს და სიჩუმე იღვრება ირგვლივ,
გარინდულია მეტეხის ხიდი,
მტკვარს უხილავი დიდება ათრობს
გარს შემორტყმული ქალაქის დიდის.
მტერს და მოყვარეს უხვდება მედგრად,
თავს არ დაუხრის ომების დესპანს,
ხოლო სიკეთის გვირგვინით ამკობს,
ვისაც სამშობლოს სიავე ნესტრავს.
ისევ დაისხავს დიდების მარცვლებს
ვაზი, სიტკბოთი თბილისს რომ ავსებს,
კვლავ გაიზრდება ათასი გმირი,
დედა ქართლისა დალოცავს მნახველს.

Friday, December 27, 2013

მიწავ, შენი გვაქვს ვალია!

დედა ბუნების მხევალთა,
მიწავ, შენი გვაქვს ვალია,
პურს გვაჭმევ, შენით ვსაზრდოობთ,
გეწვევით დღეს თუ ხვალეა.
სანამ შენს გულზე დავდივართ,
სანამ ხორცს გვითბობს მზე-ქალა,
მუდამ შენზედა ვილოცებთ,
შენი დაგვრჩება ბეგარა!.

Monday, December 23, 2013

ნაზფურცელა (სიმღერა) შეასრულა მაია სიჭინავამ

ქალწულივით მორცხვად რომ იღიმები,
ნაზფურცელა, შენ ედემის კოკორო,
ამ თავკერძა ნიავს როგორ შებმიხარ,
გინდა, ყველას უკარება ეგონო?!
ვიცი, მარად სიყვარულით სავსეა
შენი გული, ტრფიალების მორევი,
თავს იწონებ, სამაისო ვარდი ხარ, -
შენც გულისწორს თბილ ქვეყნიდან მოელი.

ვაზის დიდება

ღრუბლების მიღმა გამოვაღებ სამოთხის კარებს,
თუ არ გამიქრა იმედი და წყალობა ღმერთის,
ჩემი გალობა ალაზანის სიმღერას ერთვის,
ნაზამთრალ მინდვრებს კაცის ხელი, მარჯვენა ეტრფის.
ვაზის დიდებას ვერ გააქრობს ყინვა და სუსხი,
ღეროს ჯანიანს ჩაუდგება სიცოცხლის წყალი,
ცრემლიან რტოებს ვეფერები და ჩუმად ვეტყვი,
შენ საქართველოს ფესვი ხარ და იზარდე, ამინ!

მე შენ მიყვარხარ

მე შენ მიყვარხარ, თუმცა უკვე არ მაძლევ სალამს
და შენს თვალებში ვერ ვკითხულობ ფრთათეთრ სონეტებს,
წარსულზე სევდამ გამოლია ამ სიტყვებს ძალა,
გულნატკენი და არეული გონს ვერ მოვეგე...
შეჰყრიხარ სიკვდილს, არ ვიცოდი, რა ფერი ჰქონდა,
ანდა სურნელით რატომ ჰგავდა წითელ პიონებს,
იისფერ ნისლში მიიწევი უსიტყვო მოთქმად,
ჩემი ოცნების გაუშლელი ვარდი გიწოდე...

Friday, December 20, 2013

მე საქართველოს ჯარისკაცი ვარ!

მე საქართველოს ჯარისკაცი ვარ,
სამშობლოს მიწას ბურჯად ვადგივარ,
მუხის ფესვები მიმაგრებს სხეულს,
მძლავრი ტოტებით დავიცავ ეულს,
ქვეყანას ჩემსას, ოცნების თვალით,
ვუმზერ, გამხდარა სამოთხის ბაღი,
აღარ ასხდება ყვავები ალვებს,
მისი გულისთვის სიცოცხლეს დავლევ.

Tuesday, December 17, 2013

გილოცათ ბარბარობას!

ზამთრის დღეა, მშვენიერი დეკემბერი,
ფიფქი ცვივა, გადუპანტავს მთა და ველი,
"სამებისკენ" მიიჩქარის ერი-ბერი,
ბარბარობის დღესასწაულს ყველა ველით.
ზარი რეკავს თუ ქალწულის ნაზი ხმებით,
თეთრი თოვლით გვეფერება დეკემბერი,
ფრთებს შეისხავს ჩვენი ლოცვა, ზევით ელის, -
ღვთიურ მადლით გაბრწყინებულს სკიპტრა შვენის!

სამაჩაბლოში დაღუპულებს

ცისკრის ვარსკვლავმაც დაკარგა ფერი,
ვეღარ ანათებს მნათობი წყვდიადს,
ფერუმარილი დააკლდა ქედებს,
შენ კი, თვალები შემოგრჩა ღია.
გაყინულ გუგებს მზის შუქი აკრთობს,
ხორცი დაადნო ციურმა ცვარმა,
მამაცი გული სამშობლოს ერგო,
სულს ვაჟკაცობის უღელი ადგას.
ერთი წუთითაც არ დაგცდა კვნესა,
შენს სახელს იტყვის ლოცვებში ყველა,
ანგელოზები წარგიძღვნენ ზევით,
შენზე დაწერენ გმირობის ეტრატს.

Monday, December 16, 2013

სული შემიბერე, ღმერთო!

სული შემიბერე, ღმერთო,
გულში ნაკვერჩხალი იწვის,
ნუთუ დასრულდება ჟამი,
ნუთუ ვეღარ ვნახავ თბილისს.
ფიქრებს საქართველოს ცაზე,
ახლა დაემატა დედა,
ნუთუ ვეღარ ვნახავ აპრილს,
ნუშზე კვირტი როგორ სკდება.
ცეცხლი აღგზნებულა სულში,
ტანჯვის სამოსელში იწვის,
ნუთუ ვეღარ ვნახავ დედას,
ნუთუ ვეღარ ვნახავ თბილისს.

Sunday, December 15, 2013

მოკვდა წარსული


მოკვდა წარსული, ნაფეხურებს ელის გაქრობა,
თლილი ბროლიდან მიმოფანტულ ნატეხებს ვხედავ,
ჰყავი წყალობა, გვაპატიე, ღმერთო, ცოდვები,
ტანჯვის შვილნი ვართ, გულდამწვარი ლაპარაკს ვბედავ.
ხეთა რიგებად ეჯარება "სამებას" მრევლი,
ცისკარს შეჰყურებს ამბოხებულ გმირთა სულები,
საკურთხეველთან მოფრენილა ანგელოზთ გუნდი,
გალობით უნდა დაგვაფრქვიოს მადლი ულევი,
მაგრამ ვერ ხედავს კაცის მოდგმა ტანჯვას მამისას,
დედის ცრემლები გადმოღვრილა უმწეო მსხვერპლად,
სატანა ისევ დაბოგინებს ღვთიურ მიწაზე, -
კაცი კი, კაცზე დაბოღმილი, ვერაფერს ხედავს.

Thursday, December 5, 2013

ხარისფერი განთიადი შემობრძანდა

ხარისფერი განთიადი შემობრძანდა,
თავი უდევს გაზაფხულის სათუთ მკერდზე,
ატმის ყვავილს ტუჩზე საცხი შეაპარა,
მთებზე ოქროს ასოებით ლექსებს წერენ
მ ზ ი ს  ს ხ ი ვ ე ბ ი.
ჭალებიდან სალამურის სტვენა ისმის,
მწყემსს მშიერი საქონელი მიაბარეს,
დედამიწამ ზურგი ცოცხით მოიფხანა...
საოცარი სურნელი აქვთ იასამნებს.

Tuesday, December 3, 2013

ბროწეული

მოწეულა ბროწეული, წითლად ღუის,
მძივებივით დაეკიდა ხეებს მკერდზე,
ხან ყვავილებს აუშლია ვნების ცეცხლი,
ხან ნაყოფით გვტაცებს თვალს და მიჯნურს ეძებს.
გზნების ცეცხლო, შემოდგომის ზეიმია,
ატლას-კაბით შემობრძანდი, სტუმრებს ველით,
კომშს და ყურძენს ხონჩა კოხტად გაუწყვიათ,
შენ ხელები ძოწის თვლებით დაგვიმშვენე.

Sunday, December 1, 2013

მე შენ გელი!

სასწაულის მოლოდინში გავიღვიძე,
ვხედავ, თოვლმა გადაბარდნა მთა და ველი
და ბუხრიდან წამოსულმა კვამლის ჭავლმა
თეთრ ღრუბლებზე დააწერა "მე შენ  გელი!"

თუ როგორც ადრე...

ხანძთის გოდებას გაძარცვული სევდით ვპასუხობთ,
ტაო დაგვკლდა,  ეს ქვეყანა, ვერ იშრობს ცრემლებს,
ჯვრით ხელში მკვდარი დასაფლავდა ჩემი ბებია,
მუხლზე დაჩოქილ ჩვენს წინაპრებს წაართვეს ნენე.
ვარსკვლავთმრიცხველო, გადახედე ამ ზეცის რუკას,
ნუთუ ვერ ხედავ ჩვენს მომავალს, რა გველის მერე?!
ფეხზე დამდგარი საქართველოს დროშა ფრიალებს,
თუ როგორც ადრე, მატიანეს სულ სხვები წერენ?!

Saturday, November 30, 2013

ვაზის გასაზრდელად სიცოცხლე გვეყოფა

ვკლავ დროს და მანძილებს,
ფიქრი არ მაძინებს,
ჩემთვის არ სცალია
სიკვდილს, სხვა ვალი აქვს,
ცხოვრება ღერძია,
მავანნი გვებრძვიან,
ათასის ოცნებას ტალახებს ესვრიან,
ზღაპრული კოშკებით
"ელიტა" ამაყობს,
ჩვენ უნდათ ნაგავში
ნაკელში დაგვმარხონ,
არ უნდა ზეციერს
ქართველის მოსპობა,
ვაზის გასაზრდელად
სიცოცხლე გვეყოფა!

გაზაფხული

დარდიმანდულად ჩამოჰყვება თოვლი ფერდობებს,
მკლავებს გადახსნის შესახვედრად ბებერი მიწა,
პირსაც დააფჩენს დაღრეჯილი ნაცნობი ხევი,
რომ გადაყლაპოს დიდ სტომაქში ჭაველი წყლისა.
მობურულ ხეებს მზის სხივების ანცობა ართობს,
სისხლმა დაიწყო მოძრაობა, აძგერდა გული,
ტიტველმა კლდემაც გამოიბა თვალი და ყური,
იქნებ, იებმა მის კალთაზე გათხარონ ხნული.

Tuesday, November 26, 2013

დღეს ვერცხლი ფასობს!

ნემსის წვერივით გაუბასრავთ ენები კაცთა,
ოქრო არისო დუმილიო, - წარსულში დარჩა,
დღეს ვერცხლი ფასობს, ზურგს იფხანენ კაცები ენით,
ოქრო კი, როგორც სამკაული, ქალებსა შვენით.

Saturday, November 23, 2013

გილოცავთ გიორგობას!

გადმოიღვარა ფერებად ლოცვა,
ღვთის ანგელოზი ქვეყანას ლოცავს,
ასი ათასი  აანთებს სანთელს,
ხალხს გიორგობის აუწყებს ნათელს.
ამხედრებულა წმინდანი რაშზე,
ბოროტს, უწმინდურს არ აძლევს საშველს,
შევუერთდებით ასობით მლოცავს,
გიორგობის დღეს უფალი გვლოცავს!

Thursday, November 21, 2013

ცისკარს მივეგებებით

სისხლიფერი ულაყებით
მთებს დავლაშქრავთ, ტყიანებს,
ნიავს ქარად შევერევით,
ყვავილს დავკრეფთ მზიანებს,
გვირგვინებით თავს შევიმკობთ,
ცხენსაც ყურზე დავკიდებთ
ქრისტესისხლას, ვარდკაჭკაჭას,
გავალთ კლდეთა ნაპირებს,
ჭალა-ჭალა, ბულახ-ბალახ,
თმებში ოქროს ღერებით,
მზეს შევხვდებით ადრე დილით,
ცისკარს მივეგებებით.

Wednesday, November 20, 2013

შემოდგომა (საბავშვო)

შემოდგომის ფერებს მინდა
დავესესხო განწყობა,
წითელ, ყვითელ, ოქროსფერში,
ფიქრებს მოაქვს სხვა წყობა.
გულს ახარებს ვაშლის ნაჭრებს
რომ ავასხამ ჩირებად,
ბროწეულით პირს ჩავიტკბობ,
დავიკიდებ მძივებად.
მზეს ვუსწორებ ახლა თვალებს,
ისე არ იკბინება,
ცრემლის წვეთსაც გადმოაგდებს,
ჩაქრა მისი დიდება.

სამშობლო მიყურებს...

მთებიდან, გზებიდან, ციდან და მიწიდან,
საფლავის ქვებიდან, შუკიდან, ბაღიდან,
სამშობლო მიყურებს ნაღვლიან თვალებით, -
ასეთი ლამაზი, სათნო და პაწია.
მსხვერპლს ითხოვს ქვეყანა, დრო არ გვემეტება,
ზეციდან მოწყენით გვიყურებს მშობელი,
ხარირმის ბღავილი ჭალიდან გაისმა, -
იების, ვარდების გაზაფხულს მოველით.


მესმის ის, რისი თქმაც შენ გინდოდა

მესმის ის, რისი თქმაც შენ გინდოდა,
მაგრამ ვერ მითხარ, გაქვავდა წამი,
გულმა მრავალგზის შვება ითხოვა
და ნაოცნებარს წაართვა თავი.
ცისფერ ბაგეებს ლოცვად მოსწყდება,
ბალიშის ნაცვლად დამიდებ მკლავებს,
ვთრთი და ვკანკალებ შენზე ოცნებით,
ნიავის კოცნა ამიმღვრევს თვალებს.

Tuesday, November 19, 2013

გულისცემა მესმის შენი...

გულისცემა მესმის შენი,
თუმცა ისე შორსა ხარ,
შემომხვიე ნაზად ხელი,
მე ხომ იის კონა ვარ.
შენი სუნთქვა თავბრუს მახვევს,
სიზმრებს თავს ვერ ვანებებ,
დაგიგია ყველგან მახე,
სიმწრით თვალებს ვაცეცებ.
შენ ცაში ხარ, მე კი- ქვევით,
ცისარტყელას ხიდი გვაქვს,
სანთელს ვანთებ ცხარე ცრემლით,
შენ ხომ ფერად ნისლში ხარ.

დაიჩოქე საქართველო, მამა მოდის!

დაიჩოქე, საქართველო, მამა მოდის,
შემოაცვდა ანაფორის კალთას ლხენა.
ჭმუნავს გული, სულს ატყვია ნატყვიარი,
ფეხქვეშ მიწა იისფერი კადრით ქრება.
სიონიდან მოტირალთა ისმის ზარი,
ღვთის დედაა, სევდიანი, აფრქვევს ცრემლებს,
მძლავრობს მტერი, ერი ისევ იტანჯება...
გმირებს პატივს იმქვეყნად თუ მიაგებენ.
დაუნგრიეს ჩვენს ერდოზე მერცხლებს ბუდე, -
რომ მოფრინდნენ, მერე საით გაეშურონ?!
ბრძენი კაცი ათასობით ბარტყს აპურებს,
კვლავ მოიწვევს მშენებელს და კირითხუროს.
გასწით მთები, ერის მამა მობრძანდება!
მზემ ცხრა ფეხი აიკრიფა, მორცხვობს ძლიერ,
ბნელი ღამეც ოდესმე ხომ გათენდება, -
ჩვენს სახლებში რწმენის მადლი გაიბრწყინებს!

Friday, November 15, 2013

შვილებს!

ის ტვირთი უნდა ზიდოთ, შვილებო,
რაც მე ვერ შევძელ და ვერა ვზიდე,
მინდა სიმძიმე შეგიმსუბუქოთ, -
ცოდვა ვასწორო, დრო დამრჩა კიდევ,
გულიდან მოდის სიტყვები წყებად,
ჩემი ცხოვრების საზრისი თქვენ ხართ,
ფიანდაზები გაგეგოთ ფეხქვეშ,
რომ ბოროტებამ არ გდიოთ ფეხად.
ღმერთო, შემინდე, გზა მომეც ფართო,
(უკან მქაჩავენ ძალები ბნელი),
ჩემს შვილებს მიეც ზურგი ძლიერი
და გაუწოდე სიკეთის ხელი.

რეზოს ბურთი (საბავშვო)

დაბზრიალდა რეზოს ბურთი,
გაგვიხეთქა ყველას გული,
ახტა, თვალებს მიეფარა,
ფანჯრის მინას ზურგი აჰკრა,
ჩაამტვრია, ჩაამსხვრია,
ნატეხები თვალებს გვჭრიან,
მერე სახლში დატრიალდა,
სკამს, მაგიდას გვერდი გაჰკრა,
ახლა სარკეს მიეხეთქა,
ჩამოიმსხვრა სარკე ხელად,
ბებოს რისხვას შიშით ველით,
ჩვენ ყვირილით ჩაგვწყდა ყელი.

Tuesday, November 12, 2013

აღარ გსურს ძილი

მაგ ცხელ სხეულში ჩაიფსკვნება ლურჯი ვენები,
ტკივილიც თითქოს რიტმულია კარგა ხანია,
იძინებ, დგები, არ გეშვება, აღარ გპატიობს,
იმასაც ნანობ, ცხოვრებაში რაც გაპატია.
მთვარეს შეჰყურებ, როგორც მცურავს, - შხამს ანთხევს მხოლოდ,
წვეთ-წვეთობით რომ შედის სისხლში, გიბინდავს თვალებს,
აღარ გსურს ძილი, გირჩევნია ტკივილით მოკვდე, -
ჩამოიშორო ის ლაქები, ჭუჭყად რომ გადევს.
ადნები საწოლს, იღვენთები, როგორც სანთელი,
არ გიყუჩდება სიზმარშიაც, გღალატობს გონი,
ასობით კითხვას, დასმელსა და, ხშირად, დაუსმელს,
ლურსმნებივით რომ ჩაგრჭობია და გაცლის ღონეს,
ეჯაჯგურები, ხორცს აყოლებ, ხანდახან სულსაც,
ქანცგაწყვეტილი გაიძრობ და გაჰყვები ნაპირს,
რომელსაც იქნებ, არც მიჰყავხარ, მგონი, არსაით,
თუმცა ხომ ცდილობ და იმედი თანა გდევს მაინც.

Sunday, November 10, 2013

მე კი გაზაფხულს ველი!

ჩამოეცალა ფოთლები ხეებს,
ქერქი დააზრო სიცივემ, ყინვამ,
გაყინულია ძარღვებში სისხლი,
ცრემლი მოჟონავს ზეციდან წვიმად.
ქარს მარტოობის სურნელი მოაქვს,
კვამლმა შეჭამა ოცნების ხედი,
ბუხართან კატას ლამაზად სძინავს,
მე კი ნაღველით გაზაფხულს ველი.

მე შენთან მოვალ!

მე შენთან მოვალ, დამაგლეჯენ ზვირთები მკლავებს,
იქნებ ვეღარ მცნობ, დაგავიწყდი დიდი ხანია,
მოვარდნილ გრძნობებს, როგორც ზღვაში ნაფოტებს წყალი,
გადმოისვრიან ამ სხეულის ყველა უჯრედით
რეცეპტორები, დამწყდარ ნერვებს რომ აბარია.
ჩემს მოგონებებს შემოვიცმევ, როგორც სამოსელს,
მონატრება კი თავს მევლება ფრთათეთრ თოლიად,
ნუ კი გამკიცხავ, ჩემო კარგო, გულით დამლოცე,
თავი ვანებო უცხო ქვეყნად ტანჯვა-ბორიალს
და მივაკვლიო სასურველის ადგილსამყოფელს,-
- ზღვის სამეფოში უფლისწულის ტახტი გქონია.

Saturday, November 9, 2013

ჩვენს აფხაზეთს

სევდით ისევ დაცვარულა მინდვრები,
საუკუნემ ჩვენთან ვერა გააწყო,
ჩაქრებიან ხიდის გაღმა ფიქრები,
ჩვენ წარსულის მოგონებებს ვთავაზობთ.
არ წაშლილა კვალი ჩვენი ერთობის,
ჩვენ ორივეს ერთი ძუძუ გვდებია,
ფრთებს შეისხამს სიყვარულის მერანი
და საზღვრები მზის სხივებზე ქრებიან.


ზამთრის ეტიუდი

ვხედავ, გარეთ თოვლის ფიფქი თამაშობს,
თავის წილი აუკენკავთ ჩიტებს,
დაბურულ ცას ჩემს სიმღერას ვთავაზობ,
მზის საყელო შემოადნათ ფიფქებს.
თეთრმა თოვლმა გადაფარა მიდამო,
ერთი გახდა დედამიწა, ზეცა,
მე კი ლამაზ ოცნებებთან ვთამაშობ,
ჩიტი კიდევ თოვლის გუნდას კენკავს.

Thursday, November 7, 2013

ნეტავ. სიკეთედ მაქცია!

სამშობლო ზოგიერთისთვის
ძნელად საკითხი წიგნია,
ობლისთვის ლუკმის გაყოფას
ზედმეტ გმირობად ითვლიან,
სადღეგრძელოში იტყვიან:
"ხალხზე ზრუნვაში ვათენებ",
კაზინოებში გართობა
ეშმაკისაკენ ახედებთ...
ხორცს გახრწნის,
გულსაც დაგესლავს,
სულს შეაშფოთებს ნანახი,
ნეტავ, სიკეთედ მაქცია, -
დრო მოვიყვანო ნანატრი.

Monday, November 4, 2013

მახსენდება დედაჩემის თავსაფარი...

მახსენდება დედაჩემის თავსაფარი,
შემოდგომის ფერებივით ჭრელზე-ჭრელი,
ცისკარივით ანთებული ნაზი სახე,
იავნანა - ცის ფრინველი გადამფრენი.

ბავშვობა და ბევრი ტკბილი მოგონება,
ჩემი ძმები - ღელის პირას ბადით ხელში,
პაპაჩემის თეთრი ცხენი, უზანგებით,
ოდა-სახლი აკინძული ფოლაქებით.

შევინახავ მოგონებებს, როგორც სიზმრებს,
იმ ქვეყანას მამაჩემი გრდემლზე ჭედავს,
იქნებ ისევ დავუბრუნდე მშობელ კუთხეს, -
დაღრეჯილ კარს დასტყობია პირზე წყენა.

მეომარი ვარ!

თავი ამიწევია და ავადობას ვებრძვი,
მეომარი ვარ სიღატაკესთან, არაადამიანობასთან,
ჩემს სურვილებს ქაღალდზე ვწერ და ბოთლში ვაგდებ.
მდინარეს ის ცხრა მთას იქით მიაქვს,
იქნებ დედამიწაზე გაქრეს ყველაფერი ცუდი,
სურვილი ხომ ძალიან მნიშვნელოვანია,-
იქნებ ყველამ ერთად მოვინდომოთ!

Sunday, November 3, 2013

ზარს ჩამოჰკრავს გაფრთხილებით მაღლა ღმერთი

ამ სამყაროს შემოაცვდა თითქოს ჩოხა, -
იღვენთება, ახალ სამოსს ვეღარ ირგებს,
ზეცას მისწვდა აზიური ცათამბჯენი,
ევროპა კი იდეალებს ახალს იძენს:
დახურდავდა კაცობა და ვაჟკაცობა,
ფულის სუნზე დაგეშილან ძაღლებივით,
ზარს ჩამოჰკრავს გაფრთხილებით მაღლა ღმერთი,
ჩვენ კი ლოცვას თავშალივით მხრებზე ვიხვევთ.

Saturday, November 2, 2013

ზამთრის ბოლო

მანდილივით ჩამოცურდა კლდიდან თოვლი,
შემოეხვა დედამიწას სათუთ მხრებზე,
გზას მიაპობს გულისაკენ წმინდა წყალი, -
მზე უკოცნის საქართველოს სათუთ ხელებს.
დავარდნილა ტალახივით ეშმა ფლიდი,
აუვსია სიბინძურით შავი ორმო...
თეთრი თოვლი, ანგელოზის ფრთებზე მჯდარი,
უკვდავებად გადააქცევს ზამთრის ბოლოს.

Thursday, October 31, 2013

სევდა

მოგონებებს დააფრინდა ჩიტი,
ამოკენკა, დამიტოვა სევდა,
გულს მიწვრილებს კოდალას ხმა ტყეში,
კაკ-კუკ, კაკ-კუკ, - გულის ფიცარს ჭედავს.
დაუბერავს შემოდგომის ქარი, -
ფოთლებივით ამიკენწლავს ფიქრებს.
მიწა საბანს დაიფარებს მალე,
მე კი ნაღველს თავშალივით ვიხვევ.

Wednesday, October 30, 2013

ჩამტყდარა ხიდები

ჩამტყდარა ხიდები, ერთმანეთს ვეღარ ვცნობთ,
არ გვესმის ამ ქვეყნის ტკივილი, გოდება,
ჩაკეტილ სახლებში, ფიქრების საყრელზე,
გულქვა სიმარტოვე სარკმელთან მოდგება.
უგრძნობი სამყარო  გამშრალი თვალებით,
ფულზე დაგეშილი ძაღლური ალღოთი,
სულს ითქვამს წამებით, ჩქარობს და გვაბრუნებს...
ციყვივით, ნაღველით ტყის პირებს გავყურებ.

ეთერივით გვეხვევა ანგელოზთა კრებული

დედამიწა ტრიალებს, ლურჯ ბურუსში ეხვევა,
ძალი, სიტყვა ღვთიური ძირს ჩამოდის ლექსებად,
ეთერივით თანა გვდევს ანგელოზთა კრებული,
ზრუნვით ყველა ჩვენგანზე და უხორცო სხეულით.
ხან სიზმრებში მოდიან სიკეთეზე მლოცველნი,
ცხოვრების გზას სახავენ, ძილშიც ჩვენთან მყოფელნი.
ხანაც დღისით, წმინდანი, შეგვამკობენ ნათელით,
მხარს გვიმშვენებს თითოეულს სხივთა შარავანდედი.
ღმერთის მადლით გვფარავენ, სიყვარულით გვათბობენ,
ბოროტისგან გამოხსნას ჩვენთა სულთა ლამობენ,
ვაზის შტონი დაგვირგეს, უფლის სიტყვით დახუნძლეს,
ნეტარების ძალით და ქრისტეს ჯვარით გვაკურთხეს.






ინტონაციური ლექსები

ვარდი დააზრო ყინვამა,
ძირს მოცელილა ბალახი,
მზე ვიღას უნდა ესტუმროს,
წინ ეგებება ტალახი.
 

           ========
ვარსკვლავებს ეთამაშები,
ქვეყნად არა გყავს ტოლია,
შენ მზე და მთვარე მოხიბლე,
თავზე გვირგვინი გქონია.

           ========
ქარებს ცელქობა მოუნდათ,
ღრუბლებს წამოჰკრეს ხელია,
მიწამ წყურვილი მოიკლა,
ახლა მნათობის ჯერია.

Monday, October 28, 2013

ყველას ლოცვა გზას იპოვის ღმერთთან

დააკვირდით სანთლის ალის ლიცლიცს,
მლოცველივით, ზოგი სწრაფად იწვის,
ზოგი წვეთ-წვეთ იღვენთება ნაზად,
ზოგის ტკრციალს ცეცხლიც დიდი ახლავს,
ზოგი ფეთქავს ვარსკვლავივით ნელა,
დროდადრო რომ ცის ტატნობზე ელავს,
ზოგიც ქრება, ისე სწრაფად ქრება,
სიტყვის თქმასაც ვეღარ ასწრებს ღმერთთან,
მაგრამ ლოცვა არ დარჩება ქვევით,
სანთლის ალი მაღლა ღრუბლებს სწვდება,
ანთებულა დედამიწა, იწვის
და ხელები გადიქცევა ფრთებად.

Saturday, October 26, 2013

მე შემოდგომამ ამკინძა ფიქრად

მე შემოდგომამ ამკინძა ფიქრად,
მოგონებები აშლილა ქვიშის,
ქარი სახეში შემაყრის ფოთლებს,
თითქოს ბუნებაც ჩემსავით ტირის...
სიკვდილის სუნი დამდგარა ტყეში,
ნეკერჩხლის ფოთოლს დაეტყო წყენა,
ჩემს გულს შეზრდია სიშავე მიწის,
სევდის ღრუბელი იღვრება ცრემლად.

შემოდგომა

ქარმა ღრუბლები გარეკა,
ტირიან, როგორ ტირიან,
ცრემლი ჩამოსდით ხეებსაც, -
თავის სიშიშვლეს ჩივიან,
ფოთლებს, აკინძულს მძივებად,
მიწა გულმკერდზე დაიფენს,
ჩაშავებული ფერებით
გლოვის მიზეზსაც გაგვიმხელს,
ღრუბლები ქარმა გარეკა,
ტირიან, როგორ ტირიან...
მზე შემომჯდარა კოფოზე, -
ჩვენთვის სინათლის სხივია.

Friday, October 25, 2013

იესოს!

შენ საკრავი ხარ, უხრწნელი ქნარი,
შენი სხეული მიწაზე იშვა,
ჭრილობა, წყლული მოშუშდა, თუმცა
ჯვარი შემოგვრჩა წამების ნიშნად.
შენმა მკლავებმა, დაღლილმა ტვირთით
გამოატარა ამ ქვეყნის ჯვარცმა,
ჩვენი ცოდვები აზიდე თვითონ,
რომ საუკუნოდ ელხინათ კაცთა.
სუსტი აღმოჩნდა ადამის მოდგმა,
ბოროტი ცდილობს წაგვართვას ძალა,
მეოხ გვყავ ღმერთთან, ოსტატო სიტყვის, -
სასუფეველში შევიდეთ ლაღად.

პატარებს!

საზრდოობს და ხარობს ერი,
ბიბლიური სიტყვით ბრძენი,
გადავშალოთ სახარება,
წინაპრისგან გვევალება.
დავისწავლოთ ათი მცნება,
ავასრულოთ მშობლის ნება,
ყოველ დილით ვშლიდეთ ლოცვანს,
ქრისტე ღმერთი ციდან გვლოცავს..

წმინდა აბოს

წმინდა აბოს!

მარად ჭაბუკო, გრაალის მცველო,
ტკბილსახიერო და ახოვანო,
განუქარვებელ ზეთის მცხებელო,
ქრისტეს სახელით მადლის მთესველო,
მოგვხიბლე შენი რწმენით, სიმტკიცით,
ხორციელ გვემას ხვდებოდი შვებით,
შენ საუკუნო გვირგვინს ელოდი,
ცად ამაღლებულს დიდება გშვენის.
კელაპტარივით მანათობელო,
არაბეთიდან გადმოხვეწილო,
ტკბილსახიერო, მწყერო, მწყაზარო,
ქრისტიანთათვის მარტოდ შთენილო,
წმინდაო აბო, აცოცხლე ერი,
კვლავ იმედებით აუვსე გული,
მუჭად შეკარი ყველა ქართველი,
ბოროტს ეძგერა ღვთიური შუბი.
იანვრის ღამეს თბილისი ტირის,
გაახსენდება წამება წმინდის,
ალი სანთლების დაიწყებს ლიცლიცს,
ჩვენი მადლობა ზეცამდე მიდის.
25.10.2013წელი

Thursday, October 24, 2013

მე მხოლოდ ღმერთთან მსურს საუბარი

მე მხოლოდ ღმერთთან მსურს საუბარი,
ის ჩემთან არის, ან უფრო მაღლა,
ათასი ტყუილი, ათასი წყენა
დამგროვებია და სულ თან მახლავს,
საფიქრალს ჩემსას არ უჩანს ბოლო, -
მომგლიჯეს გული, დასერეს დანით,
ბევრჯერ ღალატის დამარტყეს ტყვია
და სულმდაბლობა შევიცან კაცის.
ღმერთო, ძლიერო, მომეცი ნება,
გულის კარები ჩავრაზო მყარად,
შევძლო შევცვალო, რის შეცვლაც ძალმიძს
და რაც არ ძალმიძს, ტანჯვისთვის კმარა.


საიდან მოდის ცრემლები?!

საიდან მოდის ცრემლები?!
მლაშედ მოჟონავს თვალიდან,
მერე კი გულში ბრუნდება,
ისევ იწყება თავიდან...
ღმერთი ზევიდან გვიყურებს,
იცის, ცრემლები ვისია,
მისით ზნეობას ვიპურებთ,
კურცხალიც ყველა მისია.

Tuesday, October 22, 2013

ქართულო ზეცავ, ნუ ატირდები!

ქართულო ზეცავ, ნუ ატირდები,
ნუ გაგვიახლებ სევდის იარებს,
ნუღარ იწვიმებ სისხლის ცრემლებით,
ნუღარ აპოხებ გვიმრა-ხვიარებს.
ბედს, უბედობას შენ ხარ ჩვეული,
მედგრად ხვდებოდი მტრის გაშლილ დროშებს,
ვინა სთქვა შენი დამარცხებები,
ათას წმინდანებს გვიზრდიდი ოდეს...
ცოტნე, დავითი, მღვდელი თევდორე...
ჩვენდა შეწევნას უფალს შესთხოვენ,
გადაარჩინოს პატარა ერი,
ქრისტეს დიდების ერთგული მცველი.

მიწას მინდა მადლი ვუძღვნათ

ერთი გიშრის საყურე მაქვს,
შვილს მზითევში გავატან,
ოქრო-ვერცხლის კიდობანი
ღმერთს შევწირე ზვარაკად.
ეს ხალიჩა, ჭრელი ველის,
ზედ მწყერი რომ ბარტყდება,
ჩემთვის უნდა დავიტოვო,
ვიცი, გული არ ცხრება,
ლამაზ-ლამაზ ყვავილებით
ხშირად მოიჩითება,
მშობელ მიწას მადლი ვუძღვნათ, -
ჯერ მე, მერე შვილებმა.

Monday, October 21, 2013

ნაღველში ვპოვე ლაიტმოტივი


ცოდვის სიმძიმე ამირევს ფიქრებს,
რომ არ დავკარგო სევდის მოტივი,
სიხარულს აღარ ვემეგობრები, -
ნაღველში ვპოვე ლაიტმოტივი.
ცხოვრებას ჩვენსას ახურავს თალხი,
მომავლის იმედს ჩაატყდა ძვლები,
არაკაცობას თვლიან გმირობად, -
თავს იწონებენ ცხოვრების წესით.
ბავშვის ოცნებას, იყოს ვაჟკაცი,
დამფასებელი თუ არ ეყოლა,
თუკი ნიკალას სულს რომ ჩახედავ,
"ვერ გავიგეო"- ეტყვი მეგობარს,
თუკი გულიდან ამოსულ სიტყვას
პილპილს მოაყრი და არა შაქარს,
თუ სანთელივით არ ჩაიღვენთე,
სადმე ქუჩაში ობოლს რომ ნახავ...
რაღა ყოფილა ჩვენი ცხოვრება,
თუკი არა გწამს ამ ქვეყნად ღმერთის,
თუკი ტაძარში აღარ ილოცებ და
ფულის ტომრებს მოიწყობ გვერდით.

წმინდა"სამების" ტაძარს

რა ლამაზი ხარ, ჩემო ტაძარო,
ცისაკენ რწმენით უნდა გვატარო,
კედლებზე ცისკრის გევლება შუქი, -
გაუფანტია ფერები მუქი,
თეთრად ელვარებ, როგორც სანთელი,
შარავანდედით შეგმოსა ღმერთმა,
ბნელეთის ძალთა დამანგრეველო,
გამარჯვების გზას გავივლით ერთად.
შენ დაგვილოცე ქართლისა მრევლი,
მადლით მოწურე მტევანი ვაზის,
მრავალჟამიერ გუგუნებდეს ხმა
ღვთის ანგელოზის, მხარზე რომ გვაზის.

იქნებ გამოვყვე წვიმასა


ქარმა ღრუბლები გახედნა,
როგორც რაშები, მირბიან,
თვალებს დაჭყიტავს მნათობი,
ხან სანახავად ძვირია.
წითელ-ყვითელი ფოთლები
ჩამწკრივებულან ჯარებად,
მიქრიან, სადღაც მიქრიან,
ნაღველის ამოსაღებად.
ცაზე ხან ელვა ინათებს,
ხანაც გრუხუნებს ზეცაო,
ალმასისფერი წვეთებით
ქვეყანა გადირეცხაო.
მოვალ, მეც მოვალ ზევიდან,
წლების და წლების მერეო,
იქნებ გამოვყვე წვიმასა,
სიცოცხლით ვავსო ღელეო.

Sunday, October 20, 2013

მინდა რომ შემხვდე თბილი ხელებით


მინდა რომ შემხვდე თბილი ხელებით,
როცა სამყაროს ძალიან ცივა,
სულში ჩამხედო, გაუფრთხილებლად,
არ მითხრა სიტყვა, რომელიც მტკივა.
ნაზი ღიმილით შევხედავ ქედებს,
თოვლი რომ ადევთ, როგორც ქუდები,
ვიცი რომ ცივათ, ძალიან სტკივათ,
მე კი გამათბობს შენი ხელები,
გახსნილი წარბით შევხედავ დილას,
თოვლის ფანტელებს ფიქრით დავადნობ,
შენი ღიმილი გაათბობს ქუჩას,
რომელიც მზესთან მთვარეს ღალატობს.

მე შემოდგომა ავკინძე ფიქრად...


მე შემოდგომა ავკინძე ფიქრად,
სევდის პეპლებად ფოთლები იქცა,
მოგონებები გარეკა ქარმა,
შავ ღრუბლებს მიღმა ოცნება დარჩა.

ქალაუ, მითხარ, რა გინდა?!


-ქალაუ, მითხარ, რა გინდა?
ლექსებს მოგიძღვნი ვარდიანს,
-ბიჭოვ, ლექსები რად მინდა, -
გულზე დარდებად მაყრია,
სჯობს, რომ გვირგვინი მაჩუქო,
მზითა და ვერცხლით ნაფერი,
ზედ იაგუნდი ჰყვაოდეს,
რომ იყოს ჩემი საფერი.

ლექსების წერა მომინდა


ლექსების წერა მომინდა,
მინდა რომ ლექსი მტკიოდეს,
არ დამაძინოს არც ღამით,
დღისით ტკივილი ყიოდეს.
ციდან ცვიოდეს სიტყვები,
ღმერთმა ჩემს გულში ჩაფინოს, -
მერე ხელიდან ქაღალდზე
სტრიქონ-სტრიქონად აკინძოს.
ზარივით ჟღერდეს ჩემი ხმა,
არ მომწყენოდეს ვედრება,
ღმერთო, მომეცი ძალ-ღონე,
არ გესმას ჩემი ყვედრება.

შემოდგომის სურათი


ირხეოდა ჭადარი,
კაბის კალთებს იწევდა,
გაგიჟებულ ქარიშხალს
სალაღობოდ იწვევდა,
არ სციოდა, მის გულში
სიყვარული ღვიოდა,
ატირებულ თვალთაგან 
სიმწრის ცრემლი სცვიოდა.
შემოდგომის ფოთლები
ლამაზ მძივად აკინძა,
მერე თავის საყვარელს 
გულზე მძივად დაკიდა,
და შიშველი მიჯნური
გადაეშვა მორევში,
წვიმა ტანს უსველებდა,
მზე ვიდოდა ზმორებით

Thursday, October 17, 2013

ღრმად მონანიე


ამ დიდ ტკივილებს ვეღარ იტევს ჩემი სხეული,
სულის იარებს თუ მომირჩენს, მხოლოდ იესო,
თითქოს ჰაერში გაფანტულა სული ცოდვილი,
ნაწილ-ნაწილად მიაწყდება წყეულ ციხესო,
საკმევლის სუნით გაჟღენთილი ოთახში ვრჩები,
საგალობელი გაისმება, დავითნის, ფრთხილად
და წავა ზევით, უფრო ზევით, ვიდრე მგონია,
ღმერთი კი, ვიცი, ის სიტყვაა, რომ უნდა ითქვას!
და ძე კაცისა, ხომ არ არის ალეგორია?!
ღვთის შვილნი გვქვია და იესოს სახე გვქონია,
სინანულს მივცე თავი ჩემი, ლოცვას და მარხვას,
სიკვდილის შემდეგ რომ მოვესწრო სამოთხის ნახვას.

შენი თვალები


მკლავს ეს სილურჯე შენი თვალების,
თუმცა ქარივით არ გეძალები,
მე მხოლოდ ღმერთის შეწევნას ვითხოვ
და ერთ შეხედვას, ნაღველს რომ მიქრობს.

Wednesday, October 16, 2013

პასუხი არის გვიანი


ყვითელ ყვავილებს შენ მოგიძღვნი და ავტირდები...
ცრემლებს ვაპკურებ ხავერდოვან მწვანე მინდორზე,
ამოვა ია, თვალების ფერს ვეღარ გაჩვენებ,
თვალდახუჭული მხოლოდ იებს გამოგიწოდებ...
ჩამოვხსნი ვარსკვლავს, გამოვგზავნი სხივთა კარედებს,
გიმღერებ სონეტს, ავცეკვდები, როგორც ნიავი,
გულსაც მოგიძღვნი, ჩემს დაფერფლილ, დამწვარ სიცოცხლეს
და შენ მიხვდები, რომ პასუხი არის გვიანი .

ყანების დარაჯად მთვარე დაკიდულა

ყანების დარაჯად მთვარე დაკიდულა,
სხივები დაურთავს ვერხვების მახლობლად,
ჩრდილებში წარსულის ლანდები კრთებიან, -
ბებოს ჭრელ თავსაფარს ვიტოვებ სახსოვრად.
მიწიდან სიცივეს შეიგრძნობს სხეული,
ფოთლების საბანი მას ვეღარ გაათბობს,
თოვლს ელის ქვეყანა, მე არ მეჩქარება, -
სიმინდის მოსავალს ყანებში ვდარაჯობ.
საზრდელი კაცისა შრიალებს ნიავზე,
ჩემს გულს რომ სალბუნად, მალამოდ ედება,
წინაპრის მიწაზე აყრილი ტოტებით, -
დაკოჟრილ ხელებით ბაბუ მეფერება.

Tuesday, October 15, 2013

დაშრეტილა სამყარო


გახელებულ გონებით
დაიწრიტა სამყარო,
როგორც ბავშვი, პატარა,
მზის სხივებით ვთამაშობ.
აუხდენელ სურვილებს
ისევ ვეპოტინები,
ახლა, წლებით დაღლილებს
გავიტაცებ ფიქრებით,
დაშრეტილა სამყარო,
მხოლოდ გული არ ცხრება,
ოცნებების ახდენაც
ათას კედელს აწყდება.

სიტყვებს გადასცემ ჯადოსნურ ძალას...


აუტანიხარ თითქოსდა წერას, -
სტრიქონებს წერ და ტკივილი იკლებს,
ამოხეთქილი ნაღველით, ფიქრით...
ავტომატიდან ტყვიებს რომ ისვრი,
ისე გაისვრის გონება სიტყვებს,
გულში ჩამალულ აზრებს და ხარობ,
რომ შენს ნაფიქრალს სულ ყველას ეტყვი,
რომ შენს ნააზრევს სულ ყველას ანდობ
და მოძალებულ სევდასაც გასცემ, -
გამდინარე წყალს გაატან სიზმარს,
რომ არ აგიხდეს არასდროს ცუდი,
არ გაგიყიდონ სული ან ბინა...
გული კი ამას ყველაფერს იტევს,
სიტყვებს გადასცემს ჯადოსნურ ძალას,
თითბრის ზარები რეკავენ გულში, -
რომ არასოდეს გადაყრი წიგნებს,
ასე ძლიერ რომ უყვარდა მამას.
.

ბოშა ქალს


შენ მისტიკური მზე გათბობდა
და შენი კანი, ნარუჯი, გლუვი,
ხავერდივით ნაზი და თბილი,
ზღვის სანაპიროს რომ ავსებდა
ბოშური ხიბლით და უკარგავდა
მშვიდობის დღეს ანთებულ მზერას,
დღეს მისტიკური მზით დამწვარს
და დაღვრემილს გხედავ,
- მზეს აღარ მისცე არასოდეს
თამაშის ნება!

გზა ამაღლების...


მაწევს უღელი, დაღლილი მხრებით
ვეღარ ავზიდე მთელი სამყარო,
ჭაობში შთენილს გამოსვლა მიჭირს, -
ვიქნევ ხელებსაც, მაგრამ ამაოდ,
გუგებს მისველებს ნაკადი ცრემლის,
გულს მარტოობის ღრუბელი ფარავს,
ეს უსახური ცხოვრება მიპყრობს,
უსუსურობის მწვერვალებს ვლაშქრავ,
თითქოს მომიგდეს ჩაკეტილ მუჭში,
კედლები მოჩანს მომავლის ხედად,
თვითმკვლელობაა ჩვენი ცხოვრება, -
ცოდვებით სავსე, ამასაც ვხედავ
და მაპატიე, ღმერთო, ჩივილი,
ჩემთვის კი არა, სხვებისთვის ვბედავ,
მომეცი ძალა, ნიჭი და ღონე,
გზა ამაღლების გავლიოთ ერთად.

უშენობის სიზმარი


ღამეა, ბნელა, ლურჯი მთვარე აღარ თამაშობს
და უშენობით სავსე არის სველი ქუჩები...
წვიმს ისე, როგორც, უწვიმია, ალბათ, არასდროს, -
ცრემლის წვეთებით გაუვსია სევდას გუგები.
მუნჯია ღამე, შენც მუნჯი ხარ და შენი სახლიც,
კარზე ბოქლომი დაუდიათ რკინის ჯაჭვებით,
ჩემში კი ისევ ღრმა ფიქრებით სილუეტს ვავსებ
და ამ ცხოვრებას გავაგრძელებ შენი ხატებით.
ღამეა, ბნელა და სიცივე შემიკრავს ხელებს,
ყინავს ჩემს გულში და ყინული დაფარავს წყალსაც,
მე კი, მწყურვალი, უშენობით სილუეტს ვავსებ
და უშენობის სიზმარშიაც შენს სახეს ვხატავ.

Monday, October 14, 2013

ცხოვრებას!


ხან ფერო და ხან უფერო,
ხან ქარო და ხან ნიავო,
ხან ნიაღვრის შემოტევავ,
ხანაც - გზაო ნაღვლიანო.
ათასფერად ანთებულო,
ზეცავ, ჩვენთვის მადლიანო,
წვიმის ღრუბელს გამოუშვებ, -
მთა და ბარი ამთლიანო,
მიწავ, ჩვენო განაჩენო,
ნოყიერო, ხან კლდიანო,
ყვავილებით მოფენილო,
ხან უწყლო და ხან წყლიანო.
ჩვენი სულის ამოფეთქვავ,
თვალები არ მიწყლიანო,
შვილებსაც ნუ დამიობლებ, -
ნუ მომწყვიტავ ადრიანო.

...და ტორტმანებდა მცხეთა-ქალაქი


...და ტორტმანებდა მცხეთა- ქალაქი, -
ნინო ვიდოდა ქრისტეს ზარებით,
მოციქულთ სწორმა განაპო ზეცა,
გააქრო ბნელი ცისკრის ნათებით.
ვაზის ჯვრით ხელში აკურთხა მიწა,
არმაზის კერპი დაემხო უმალ,
ღვთიური მადლით გაბრწყინებული,
სვეტიცხოველი იდგება მუდამ!

Sunday, October 13, 2013

ქარმა ფოთლები თმაში ჩამიწნა


მე, მოპოეტო დავდივარ ქალი,
ქარმა ფოთლები თმაში ჩამიწნა
და მეომრები აწყვეტილ ჯარის
ცაზე ქარვისფერ მძივად აკინძა.
სხივმა ჩამოხსნა სიბნელე მთოვარს,
კვლავ ალიცლიცდა ჭადრის ჩრდილები,
როგორც ტკივილი გაძარცვულ ხეთა,
ამდევნებიხარ შავ  აჩრდილებით.
ყლუპ-ყლუპად მასმევ შარბათს შხამისას
შემოპარული გიენის კბილის,
აღმოსავლური ტკბილხმოვანების
გულში ნასობი მახვილი წივის.

ღრუბელმა ჩამომიაროს


ღრუბელმა ჩამომიაროს,
თავზე მაწვიმოს ნისლები,
მინდა რომ იმათ შევერთო, -
ზეცას ვწვდებოდე ფიქრებით.
არაგვის პირას, ხევ-ხუვში,
მთის წყალმა გულზე მიაროს,
გამომიმთელოს სხეული,
მიმინოს მზერა მიმადლოს.
აყვავებული ფშატები
თავს დამცქეროდნენ ფერებით,
ჯანღი ნიავმა შეჭამოს, -
ბარისკენ წავალ ხელებით.

Thursday, October 10, 2013

გაზაფხული მოდის ხელი (საბავშვო)


ჩვენი ბაღი აგვიყვავდა,
მზემ ყვავილი გაგვითანგა,
ნუშს ჩამოხსნა სამი ღილი,
მოდის ურჩი, მოდის ფრთხილი,
ატამს ლოყა შეეფაკლა,-
ვარდისფერი ფერი დაჰკრავს,
ალუბლები გადათეთრდა,
წყვილად დგანან, ორნი ერთად,
იამ ლურჯი სამოსელი
შემოიცვა, დობილს ელის,
ტიტამ გული გადაგვიხსნა,
წითელ  ოქროდ გადაიქცა,
ჯეჯილს ეტრფის მიწა მხსნელი,
დასტყობია კაცის ხელი,
ურჩი, ფრთხილი, სასურველი,
გაზაფხული მოდის ხელი.

ალაზნის ველი


მესურვილება გაზაფხულზე ალაზნის ველი,
ჭრელ-ჭრელ ყვავილებს მოუქარგავთ იმისთვის კაბა...
თეთრი ჩოხებით ჩამომდგარან ალუბლის ხენი,
ქორწილს შევცქერი დალოცვილი ბუნების  კართან!

Wednesday, October 9, 2013

შენს აკვანზე შემომჯდარა ოქროს ჩიტი, ალილუია

შენს აკვანზე შემომჯდარა ოქროს ჩიტი,
ალილუია,
ანგელოზი დაგამშვიდებს,
ალილუია,
მზე თვალებში შემოგცინებს,
ალილუია,
ქარი აკვანს გადაგირწევს,
ალილუია,
გაიზრდები დიდი ბიჭი,
ალილუია,
ასოს იტყვი, ოცდაცამეტს,
ალილუია,
მხარზე შევარდენით ივლი,
ალილუია,
ფრთებსაც გაშლი არწივივით,
ალილუია,
მადლით ბოროტს დაამარცხებ,
ალილუია,
ანგელოზებს გაახარებ,
ალილუია!

უსაშველობის დამდგარა ბინდი...


ვით გიწინამძღვრო, ტკბილო ოცნებავ,
უსაშველობის დამდგარა ბინდი,
თვალდახუჭული მივსდევ ცხოვრებას,
ალღუმს ატარებს თავხედი, ფლიდი.
მე კი არ მინდა სხვის ნაკვალევში
ჩავდგა ფეხი და დავიმხო ზეცა,
საით მიდიხარ, ტკბილო ოცნებავ,
ქარს თუ გაჰყვები, ცისაკენ, ნეტავ?!.

Tuesday, October 8, 2013

დგას ეკლესია


დგას ეკლესია, როგორც ღვთის სვეტი,
როგორც ნატეხი ჩვენი გულების,
ქვებზე ხავსები შემოსდებია,
დაუთმენია წლები ულევი.
საკმევლის სუნი, სანთლების შუქი,
შესამოსელი თეთრი, კვართივით,
საუკუნეთა უკან მზირალი,
ბრწყინვალე ხატი ზეამაღლების.
დგას ეკლესია, - სიცოცხლის სვეტი,
როგორც სიმტკიცე კაცის გონების...
თავზე ნათელი შემოხვევია, -
თავის წიაღში ყველას მოგველის.

აიაზმის ეკლესია ბრწყინავს! (აიაზმის ღვთიშობლის ეკლესია, მეორენაირად ქციის მონასტერი იმყოფება წალკის მუნიციპალიტეტში)

აიაზმის ეკლესია ბრწყინავს! 
(აიაზმის ღვთიშობლის ეკლესია, მეორენაირად ქციის მონასტერი იმყოფება წალკის მუნიციპალიტეტში)

ჭრილობაში ჩამრჩა შხამის წვეთი,
სისხლს მიწამლავს, ვფორიაქობ, ვფრთხები,
ანგელოზნი გამოგზავნა ღმერთმა, -
მამშვიდებენ საუკუნო ლხენით.
ზმანებებში ღვთის საუფლოს ვხედავ,
ცისფერ სივრცეს ნინოს ჯვარი ამკობს,
ნეტავ ახლა დავინახო რწმენით, -
ქციის პირას ერთი ფშატი ხარობს.
ღვთის მხევალნი გამართავენ კრებას,
დალოცავენ ეკლესიის კედლებს,
ღვთისშობელის მადლი უხვად სწყალობს,
აიაზმის ხატებს, ცრემლისმდენებს.
სიყვარული გადაგვარჩენს მხოლოდ,
მუხლმოყრილი შევღაღადებ უფალს,
დაარჩინოს გულმოწყალე ერი,
საზრდო მისცეს მშიერსა და მწყურვალს...
ფანჯარაზე შემოჯდება მტრედი,
ღვთიურ მადლით განათდება დილა,
მინდა ფრენით გადავლახო მთები, -
აიაზმის ეკლესია ბრწყინავს!
8.10.2013 წელი

Monday, October 7, 2013

შენ დაბრუნდები!


შენ გაიქცევი, როგორც ყოველთვის,
მე კი ფიქრებით დაგედევნები,
სიცარიელე დარჩება ჩემთან,
შენ წამოგყვება სევდის პეპლები.
არ მოგასვენებს ცოდვის სიმძიმე,
სულს აგიმღვრევენ ჩემი თვალები,
შენ დაბრუნდები, როგორც ყოველთვის,
"ღამენათევი და ნამთვრალევი"...
შენ დაბრუნდები და ფანჯრებს იქით
ფერებს შეიცვლის მთელი სამყარო,
მთვარე  მაჩუქებს სხივების ღიმილს...
მე  შენს ნაბიჯებს კართან ვდარაჯობ.

მე დავედევნე ოცნებას შენსას...


მე დავედევნე ოცნებას შენსას, -
ჩემთვის არ იყო ადგილი იქაც,
როგორც ყაყაჩო გადამწვარ ველზე,
დაფერფლილ გულსაც მოგიტან ფრთხილად,
რომ ფრთხიალებდეს შენს ხელისგულზე
და სანთელივით აფენდეს მირონს,
ვით უსახლკარო პატარა ბავშვი,
სათუთ მზერას და სიყვარულს ვითხოვ.

Saturday, October 5, 2013

დგას დღეს გაზაფხულის პოეზია...


გული გაზავდება სიყვარულით,
სისხლი აირევა მორევივით,
ჩქარი მატარებლის მოძახილით,
უკან დავედევნე პოეტივით
ზამთარს, თოვლითა და ნამქერებით,
ზაფხულს, ქვიშიანს და პალმებიანს,
ასჯერ გადავცურავ ოკეანეს,
დგას დღეს გაზაფხულის პოეზია...

Friday, October 4, 2013

თოვლმა გადაფარა ბილიკები


თოვლმა გადაფარა ბილიკები,
სახლებს გავცქერივარ უსახურებს,
ამ გზას ბოლომდე თუ გავუყევი,
ალბათ მოწონებას ვიმსახურებ.
თვალში ნაცარივით მომაბნია
ქარმა ფიქრები და ბარათები, -
ციდან ეშვებოდნენ მტრედებივით
თეთრი, ნაღვლიანი ფასადებით.
გული დრო-ჟამივით მიიჩქარის,
სულში ამოხეთქავს არტერია,
შენი წერილები ვერ ვიცანი, -
ალბათ რაღაცაში ამერია.

ზეცაში მთვარე ფართხალებს მკვდარი...


ზეცაში მთვარე ფართხალებს მკვდარი,
სხივებს მოლურჯო ელფერი დაჰკრავს,
გადაფარვია ღრუბელი შავი,
ჩასჭიდებია მნათობის კალთას.
და როგორც ბავშვი, ცრემლებით ტირის,
მხრებს იწურავს და ცახცახებს წყენით,
ჩამოიცლება წვეთ-წვეთად წვიმად...
მთვარე კი ისევ დარჩება ზევით.

Thursday, October 3, 2013

ჩვენ დავიცლებით, როგორც ვენები


ჩვენ დავიცლებით, როგორც ვენები,
სხეულს უსუსურს წაიღებს მიწა,
შენ მთხოვ, არ მინდა გარდაცვალება, -
ბუნება წესრიგს თავისას იცავს.
შენ მეუბნები, არ დადგა ჟამი,
ცხოვრებით ტკბობა არ არის რთული,
თუ კი იხსენებ ბედნიერ წამებს,
თუკი გიყვარდა მხურვალე გულით...
მაგრამ სიკვდილი არ მაცლის ფიქრებს,
სასთუმალთან ზის, მიჭერს სამკლავეს,
თვალს თვალში მიყრის, როგორც მიჯნური
და უსათუოდ დამასამარებს...
შენ ალბათ გინდა, რომ მოვიარო
 ტყე შემოდგომის, მძიფე ვენახი,
ალბათ, ყურძენი ჩამოდნა მზეზე,
ქარვას და ზურმუხტს ერთურთს უნაცვლებს, 
ალბათ ვაშლები, წითელ-ყვითელი
მწვანე ფოთლებში ვარსკვლავებს ჰგვანან
და ზეცა, რომლის ფერებაც მიყვარს,
ჩემთვის იქცევა სამოთხის ბაღად. 

სადიასპანო გაჭენდა ცხენი


სადიასპანო გაჭენდა ცხენი,
მოკითხვა მიაქვს, დაემხო ზეცა,
წმინდა შუშანიკს ენიშნა თითქოს,
ღალატის სუნი მაშინვე ეცა.
მონას მოკითხვა შესჩარა პირში,
პატრონის ნება მიწას დასრისა,
ცურტავში გახსნა ანგელოზთ კრება,
სამგზის უბადრუკს ისე გაექცა.
ციხის ზღუდესთან ვინა დგას ნეტავ,
რაზე ციმციმებს თვალში ცრემლები?!
თავისუფლება წაართვეს ნეტარს,
გარე სამყაროს უცქერს კედლებით.
მაგრამ ურყევი სული ხომ რჩება
და პალეკარტით ნაზად მოსილი,
შიგნიდან ძაძის ტარება ერგო,
რომ  აღეზადა ხორცი პყრობილი.
აწამეს, დასდეს როგორც ზვარაკი,
ჩვილი ხორციდან ადინეს სისხლი,
საწყალობელი ერისმთავარი
ვეღარ ისვენებს  დედოფლის ხიბლით.



Wednesday, October 2, 2013

შევხიზნებივარ დედის ფიქრებს და დედის ლოცვას


შევხიზნებივარ დედის ფიქრებს და დედის ლოცვას,
როგორც ბატკანი უსუსური, უდროოდ ვტირი,
ვენებდაცლილი ავადმყოფის სევდით ვარსებობ
და შენს თვალებში სიხარული ძალიან მიკვირს,
ძალიან მიკვირს, ძალიან მიკვირს...
ამდევნებია ქარბუქი და სეტყვა თამაშობს,
ჩემს სახეს წვიმის ნაკადები ჩამოსდის ცრემლად,
არ მიცხოვრია ამ მიწაზე თითქოს არასდროს,
თითქოს არასდროს, თითქოს არასდროს გვეცხოვროს ერთად.

ლექსი მინდა ვწერო..


ლექსო, ასაკივით შემაბერდი,
წყვილი ყავარჯენით იარები,
ვხედავ, კოჭლიც ხარ და ბრუციანიც,
თორემ დიდებასაც მიაგნებდი.
მუზა გამიფრინდა მერცხალივით,
თეთრი მყინვარივით შორი არის,
მაინც არ მასვენებს შემოქმედი,
ლექსი მინდა ვწერო დარდიანი.

მიწავ, რად არა ღონდები?!


ხარის ქედივით ძლიერო,
მიწავ, რად არა ღონდები?!
შენი შვილების ძვლებითა
გადავსებულა კბოდები.
შენ შეინახე შენს მკერდზე
დასვენებული ვაჟები,
მამა-პაპათა საფლავებს
კვლავ მიემატა ნათელი.
მიწავ, რად არა ღონდები,
ანგელოზნიც კი ტირიან,
ის დაკარგული ადგილი,
მაჩაბლის წყაროს ხიდია.

Tuesday, October 1, 2013

ჩემს ხარს!


მაგ საცრისხელა თვალებით,
სევდა გიმძიმებს ქუთუთოს,
ღმერთს რატომ არ სთხოვ შველასა, -
მადლს გაიღებდა უთუოდ.
რომ შენს სალხინოდ, ნიკორავ,
არაგვმა მძლავრად იდინოს...
ქორფა ბალახით აავსოს
ჭალა, ხევი და ღილკილო
ჩახსნას მიწასა, რომ წყალმა
დედის ცრემლებით იტიროს...
რომ აყვავილდეს მიდამო,
ყანამ მოისხას თავთავი,
ზამთრისთვის კაცის მზადებას
წინ არ ხვდებოდეს ავდარი...
მაგ საცრისხელა თვალებით
რა უცნაურად მიცქერი?
მე მხოლოდ ძე ვარ ადამის,
უძლურის ცრემლით ვირწყვები...


დასრულდა ზღაპარი...


ნანახი სიზმრებით დასრულდა ზღაპარი.
მას შემდეგ ზამთარი, ყინვა და ქარია,
სისხლძარღვებს ყინულის სალტენი დაადეს,
სარქველებს გულისას დაუხშეს კარია.
ზარდახშის კედლებსაც გასცლია ფერები,
სულ ყალბი აღმოჩნდა ზურმუხტიც, ლალებიც...
საფირონს, რომელიც მზესავით ელავდა,
ლურჯ ფსკერზე დაეტყო ურიცხვი ბზარები.
დასრულდა სიზმარი, გრძნობებზე აცრილმა
დავკეტე ნიშა და ჩავრაზე კარები,
თუმც ვზარდე ნერგები, ღრმადა აქვთ ფესვები...
სევდიან ფიქრებით ღმერთს მივეკედლები.

ჩემს თოჯინას


ალუბლებმა მიწილადეს ტუჩის საცხი,
ზღვამ თვალების ფერი მომცა, არ დამზარდა,
კულულები ყანებს ვთხოვე თიბათვეში
და ბუნებამ ეს თოჯინა გამიმზადა.

Monday, September 30, 2013

ქარმა ჭიუხში იქაროს


წამო, მთისაკენ წავიდეთ,
ქარმა ჭიუხში იქაროს,
არწივმა, კლდეზე გაზრდილმა,
ზღვის ღელვად გადაგვიაროს,
შავმა ღრუბელმა დაგვნიშნოს,
ზეცამ უეცრად იავდროს,
ჯიხვების ჯოგმა ლატალში
ქორწილი გადაგვიხადოს!

წამო, მთებისკენ წავიდეთ!


წამო, მთებისკენ წავიდეთ,
ერთად დავლაშქროთ კლდეები,
არწივმა ჩამოგვიფრინოს,
გული ათრთოლდეს ხელებით,
იჭექოს, ცაი გაიხსნას,
შავ ღრუბელს მოვეფერები,
არ დამატიოს მიწაზე,
ზეცას შევეხო ხელებით.
წამოდი, მთისკენ წავიდეთ,
ბარისთვის არ მემეტები,
ფრთები შევისხათ არწივის,
გადავიფრინოთ ქედები...