Monday, August 31, 2020

სულს შემოსულხარ (ერთსტროფიანი)

 სულს შემოსულხარ სასოებავ, დიდი იმედით, 

ცაში გალობენ და ცეკვავენ ქერუბიმები,

მაგრამ რად არის ჩემი გული ასე დახშული,

რად ენატრება სხვა ტანჯვა და სხვა გაზაფხული?

რად არ ნებდება წვიმის წვეთებს ციდან გადმოღვრილს,

რატომ იზიდავს სიყვარულის საცხი ალუბლის,

გრიგალებსა და ქარიშხალში პოულობს შვებას

და მაშინ იცხრობს ამქვეყნიურ ამაო ვნებას.




სიმღერა(ერთსტროფიანი)

ცეცხლი ხარ, თუ ცეცხლის დარჩი ნაპერწკალი,

ციდან უცებ ლურჯ მიწაზე დაეშვი,
ნარნარ ზღვებზე ამტეხი ხარ ქარიშხალის,
ისღა დამრჩა, კვესზე გავკრა აბედი.

ავადმყოფობას (ერთსტროფიანი)

 ჩემს ნაზ სხეულში შემოდიხარ, როგორც ვაპირი,

და მაცლი ღონეს, სილამაზეს თეთრი მაცილი,

წვეთ-წვეთ ილევა ჩემი სისხლიც, ლურჯი და თხელი,

არაქათგაცლილს სიკვდილი მელის.


Saturday, August 29, 2020

არსად არ სწყალობენ სულ უბრალო პოეტებს

 სულ ნარჩევი პოეტები მიიწვიეს მეჯლისზე,

ერთი-ორი შეეპარათ, რომ არ უთქვამს მეხილეს,

საჩუქრებიც დაურიგეს, უმასპინძლეს ძღვენითაც,

ბაღის ნახვით გაიხარეს, მოუარეს ხეხილსაც,

აქ კულტურის სამინისტრო მართავს თურმე ფართებსაც,

მერია და სხვა ორგანო ახლა უცებ გახელდა,

მაგრამ არსად არ სწყალობენ სულ უბრალო პოეტებს,

გინდაც იყოს ბაირონი ანდა დიდი გოეთე. 

Friday, August 28, 2020

გამონათქვამები

 მარტოსული ადამიანი უდაბნოს ყვავილივითაა, ადრე თუ გვიან ეკლებს გამოისხამს.

უცნობი ავტორი

 თავი დაიხრჩო რეალობამ შიშველ ხეებზე, ილუზიურად მიიცვალა ყოველთვის ნაღდი... წავალ... ჩავიცმევ გაყვითლებულ ფოთლებს ხელებზე... და... ტკივილს გაგხდი...

რა დაუშავეთ ასეთი, ადამიანებო? (ჩანახატი)

 ყველაზე და ყველაფერზეა გაბრაზებული, დედაზე, მამაზე, ახლობელზე, ნათესავზე, ვერავისთან ნახულობს საერთო ენას, არავინ უყვარს, არც არავის უყვარს, ასეთი ხასიათის გამო. არავინ მოსწონს, მისთვის არ არსებობენ ავტორიტეტები, ყველას მოუნახავს ნაკლს, წუხს, რომ არ აფასებენ სათანადოდ, არც სამსახურში, არც სახლში, კონფლიქტურია და ფეთქებადი, გაბრაზდება თუ არა, ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე გადადის, არა და გულით ძალიან კეთილი და მგრძნობიარე ადამიანია. ცდილობს, გაჭირვებულებს დაეხმაროს, ეცოდება ცხოველები, ავადმყოფები, უყვარს ბუნება და ყვავილები, ხეთა გარენოცვაში უფრო უკეთესად გრძნობს თავს, ვიდრე ადამიანების. რა დაუშავეთ ასეთი, ადამიანებო?

Wednesday, August 26, 2020

ერთსტროფიანი

 სიყვარულის ბარათებს

რომ ვიღებდი ათასებს,
ყველა დარჩა წარსულში,
დრო გამხდარა ჯაშუში.

ქალი ცეკვავს განდაგანას (სიმღერა აჭარულ მოტივებზე), შეასრულა მაია სიჭინავამ.

 ქალი ცეკვავს განდაგანას,

ალვის რტოა ქარში, განა,
სხივი არის ათინათის,
სულს აგვივსებს ყველას ნათლით!
ქალი ცეკვავს განდაგანას,
მზესაც კი შურს მისი, განა,
აპობს ჰაერს მზერა ვაჟის,
-ნუღარ შეხვალ, ქალო, სახლში,
მოგიტაცებ თეთრი რაშით!
მისაღერი: განდაგანა, განდაგანა,
მომიმღერე იავნანა
და მიცეკვე განდაგანა.

Tuesday, August 25, 2020

მიყვარხარო (სიმღერა) შეასრულა მაია სიჭინავამ

 სიყვარულის ცეცხლში დამწვავს 

ალისფერი განთიადი,

ყაყაჩოს და ფურისულას 

დამაყარა ათინათი,

მისამღერი: მიყვარხარო, მითხრა მთვარემ,

მიყვარხარო, მითხრა მზემაც,

გამეცინა, მივხვდი მაშინ,

მას ვუყვარვარ სხვაზე მეტად.

მიყვარხარო, მითხრა მთვარემ,

მიყვარხარო, მითხრა მზემაც...

მზემ ზეცაში ამიტაცა,

ცხრა ზღვა ფეხქვეშ გამიფინა, 

ღრუბლის ფთილა შემომაცვა,

მდელოები მარონინა.

მისამღერი: მიყვარხარო მითხრა მთვარემ,

მიყვარხარო, მითხრა მზემაც,

გამეცინა, მივხვდი მაშინ,

მას ვუყვარვარ სხვაზე მეტად.

მიყვარხარო, მითხრა მთვარემ,

მიყვარხარო, მითხრა მზემაც...

არ მაღირსა ქება ზეცამ,

დამატეხა თავზე წვიმა,

იჭექა და იგრუხუნა,

მერე უცებ ნაირფერი  

ცისარტყელა გადმოფინა.

მისამღერი: მიყვარხარო, მითხრა მთვარემ,

მიყვარხარო, მითხრა მზემაც,

გამეცინა, მივხვდი მაშინ,

მას ვუყვარვარ სხვაზე მეტად.

მიყვარხარო, მითხრა მთვარემ,

მიყვარხარო, მითხრა მზემაც.

დედამიწა მომატარეს 

მზემ, მთვარემ და წვიმამ ერთად,

სამოთხეში კარი გახსნეს,

მეც ვიქეცი წვიმის წვეთად.

მისამღერი: მიყვარხარო, მითხრა მთვარემ,

მიყვარხარო, მითხრა მზემაც,

გამეცინა, მივხვდი მაშინ,

მას ვუყვარვარ სხვაზე მეტად.

მიყვარხარო, მითხრა მთვარემ,

მიყვარხარო, მითხრა მზემაც...




Monday, August 24, 2020

სიყვარული მეწვია (სიმღერა)

 სიყვარული მეწვია,

 მთვარე ხარ და ფიქალი,

თუკი შენც შეგიყვარდი,

ადრე რად არ მითხარი.

მოვირბენდით ეზოებს,

წვიმების და ჟვავების

შიში არ გვექნებოდა,

მხოლოდ სულის სალხენი.

აიკლებდა წვიმები 

სახლის წითელ სახურავს,

ჩვენ კი მოგვიმღერებდა:

ქოლგა რად არ გახურავთ!



ერთსტროფიანი

 ტყიდან ისმის კაკაკუკი,

აქვე დახტის კალია,
ყანას წითელ ალმებივით
ყაყაჩონი ასხია,
პეპელად რომ გადავიქცე,
ჩემთვის ესეც მადლია.

მწყემსის სიმღერა

ტუჩებიდან გედინება
ტკბილი წვენი შარბათია,
შენ ატლასი გმოსავს თეთრი,
ჩემი სახლი ნაბადია.
ნეტავ იმას, ვინც შენს ბაგეს
ფუტკარივით დაეწაფოს,
საბადო ხარ ტკბილი ნექტრის,
ჩემო მზევ და საესავო.
სალამურს რომ ავაკვნესებ,
მოდინდება ჯარი მხეცთა,
მომისმენენ, იტირებენ,
იკვნესებენ ჩემთან ერთად.
შენ, სამყაროს დედოფალო,
მხევალი გყავს ათას ერთი,
ყვავილების მდელოები
გაგეშლება ლაღად ფერხთით.
ვიცი, მე ვერ შემიყვარებ,
შენთვის ვინ ვარ? მწყემსი ერთი,
ჩემი გულის მურაზი ხარ, 
გაღმერთებ და ნაზად გეტრფი.









Sunday, August 23, 2020

ერთსტროფიანი

 ტყუილად ვწერთ და ტყუილად ვხატავთ,

ვის რად უნდა ჩვენი ნიჭი,
ფულს იმით თუ ვიშოვიდი,
ვყოფილიყავ მასაჟისტი.

ერთსტროფიანი

 ტყიდან ისმის კაკაკუკი,

აქვე დახტის კალია,
ყანას წითელ ალმებივით
ყაყაჩონი ასხია,
პეპელად რომ გადავიქცე,
ჩემთვის ესეც მადლია.

Saturday, August 22, 2020

შეუცნობადი სამყარო (მედეას სიკვდილთან დაკავშირებით)

 სამყარო შეუცნობადია, ადამიანს არ ძალუძს ჩასწვდეს მის საიდუმლოებებს. როგორც არა ერთხელ მითქვამს, ჩემი ოჯახის ისტორია ყოველთვის ღრმასთან და საოცართან არის დაკავშირებული. ჩემი და - მედეა სანამ გარდაიცვლებოდა, მანამდე მოხდა ეს ამბავი. ერთ დილას ჩემმა მეორე დამ - იამ, ჩემთან იყო სტუმრად, ლოგინიდან ადგა თუ არა, ჩანახატის გაკეთება დაიწყო, გამიკვირდა, არ იცის ხოლმე ასე სპონტანურად ხატვა, ყოველთვის დიდხანს ემზადება, ცისფერი ანგელოზი დახატა, მედიკოს სიკვდილის მერე გამოტყდა, რეალობაში დავინახე ანგელოზი ცისფერი ფრთებით, ძალიან ლამაზი იყოო, დავიწყე ხატვა და მედიკოს სახე გამოეხატაო, უცებ გადავაკეთე, მერე მკაცრი სახე გაუხდა, უცნაურად მომეჩვენაო ეს ყველაფერი. აი, ის ანგელოზიც!


Friday, August 21, 2020

ერთსტროფიანი

დედამიწა მომატარეს 

მზემ, მთვარემ და წვიმამ ერთად,

სამოთხეში კარი გახსნეს, 

მეც ვიქეცი წვიმის წვეთად.

სიყვარულის ლექსი (სიმღერა) (შეასრულა მაია სიჭინავამ)

 საოცარი სურნელი აქვთ ჩემი ბაღის ვარდებს,

აქ მეწვიე, დამინახე, იქნებ შეგიყვარდე,

იქნებ სული გამინათო შენი ნაზი მზერით

და  ღვარებად დამადინო სიხარულის ცრემლი.

საყვედური აღარ მითხრა, არ დამტოვო კენტად,

ჩემი გულის ვარდიც შენ ხარ, გყვარობ თავზე მეტად,

მეშვიდე ცას მივეწევი შენ თუ შემიყვარებ,

უარი თქვი, ნუ შეხედავ შენ სხვა ლამაზმანებს.

მისამღერი: აისიდან დაისამდე შეიცვლება ზეცა,

ჩემნაირს კი ვერასოდეს ვეღარ ნახავ ვერსად,

ვერავინ ვერ შეგიყვარებს ასე მთელი გულით,

მზეს და მთვარეს ჩამოგიხსნი ვარსკვლავების გუნდით. 






Thursday, August 20, 2020

სიმღერა, ავტ. მაია სიჭინავა

 ერთი მზე გვაქვს ჩვენ ორივეს,

ერთი მზის ქვეშ ვიცდით,

ხედავ, ეს ცხოვრება დიდი

თუ რა მალე მიდის.

იკარგება, რასაც გულით 

ჩვენ არ ვუფრთხილდებით,

სხვის დაკარგულს თუ ვიპოვით,

ის არაა ჩვენი.


ერთსტროფიანი

 ვხედავ, ხუნდება სევდაც,

კვალი დაემჩნა ზამთრის,
მაინც ყაყაჩოს ცეცხლად
მოჩანს კუნელის ალი.

აღარც წერის სურვილი მაქვს

 აღარც წერის სურვილი მაქვს,

აღარც ხატვის დამირჩა,

მაგ საქმეში ვეღარ გავხდი
ვერც პელე, ვერც გარინჩა,
სჯობს რომ ბაღი გავაშენო,
გაჭმევთ ჩირს და ჩამიჩსაც.

ერთსტროფიანი

 არ მიწვევენ მეჯლისებზე,

ბედს შევნატრი კონკიას,

საზეიმო ფარჩის კაბას

ვინმე მაღლა მომიტანს.

Wednesday, August 19, 2020

ქარს თუ გავყვები (სიმღერა)

 ქარს თუ გავყვები, ველურ ვნებით მიკოცნის ტუჩებს,

ალერსში მახრჩობს ნაზი სხივი მოლურჯო მთვარის,
ქარს თუ გავყვები, სულში მათოვს, ყოველი იცის
და მონატრების თეთრი ფრთები შესხმია ქარებს.
ამიტაცებს და დამაბრძანებს ცის ზღაპრულ კოშკში,
ღრუბლის ბალიშებს შემომიწყობს, დამიწნავს გვირგვინს,
ქარს თუ გავყვები, მათენდება მე შენზე ფიქრში,
მაგრამ სხვა გიყვარს და ეს ქარმა უთუოდ იცის.






პატარა ძაღლის ფიქრები (საბავშვო მოთხრობა)

  პატარა ძაღლი ვარ, პატრონს ძალიან ვუყვარვარ, მეც ძალიან მიყვარს პაპა გიორგი, ბავშვები ასე ეძახიან. მოხუცია, არავინ ელაპარაკება ან თითქმის არავინ, მარტო ცხოვრობს. ის და მე ერთგული მეგობრები ვართ. გამოვდივართ სახლიდან, მივაშურებთ მაღაზიებს, აფთიაქებსაც ხშირად ვსტუმრობთ, ხანდახან მისი შვილიშვილი მზიაც მოდის ჩვენთან ერთად სასეირნოდ, როცა პაპას სტუმრობს.

       ახლა აქ ვდგავარ, ვიცი, რომ სადღაც უცხო ადგილზე წამოვედით მე და ჩემი პატრონი, საავადმყოფოს ეძახიან. მე გარეთ დავრჩი, მითხრა აქ დამელოდეო, მეც ველოდები. დრო იწელება, მე მგონი მთელი საუკუნე გავიდა, რაც პატრონი თვალს მიეფარა. ყველა მე მიყურებს,ზოგს ჩემი მოფერება უნდა, მაგრამ არავის ვიკარებ, აგერ ბავშვებმა ჩამიარეს, - რა ლამაზია, - იძახიან, - ალბათ დაიკარგა. გზაზე გადავიდნენ, ლამის მეც გავყევი, იქნებ ჩემს მზიას იცნობენ,  გავიფიქრე. ახლა ვიღაც მოხუცი კაცი მომიახლოვდა, - დაიკარგე, გენაცვალე?! - მითხრა ალერსით, მაგრამ დავუღრინე, ემანდ, ხელი  არ მტაცოს და არ წამიყვანოს მეთქი. მაღაზიიდანაც გამოეფინენ ქალები, ბჭობდნენ, ნეტა ვისი ძაღლია, პატრონი როგორ მოვძებნოთ, ჩანს, რომ ჯიშიანია, მოვლილი, საყელურზე იქნებ რამე ეწეროსო, მაგრამ მე ახლოს ვის მოვუშვებდი შიშით, ადგილზე გაუნძრევლად ვიდექი. პატრონს სასტიკად ვყავდი გაფრთხილებული, რომ სადაც დამტოვებდა, იქიდან ფეხი არ  უნდა მომეცვალა. როგორც მაღაზიის გამყიდველმა თქვა, ოთხი საათი გავიდა, რაც იქ ვიცდიდი, ჩამობნელდა კიდეც, თვალებს ვაცეცებდი, პატრონი რომ არ გამომპარვოდა. ბოლოს სიხარულით შევხტი, ჩემი მზია დავინახე დედამისთან ერთად. მანქანაში ჩამსვეს და წამიყვანეს. მაინტერესებდა, პაპა გიორგი სად იყო, ვცდილობდი პასუხი ბავშვის თვალებში წამეკითხა, მზერას მარიდებდა. სახლში მივედით, მაგრამ პატრონი ვერსად ვნახე, მხოლოდ შუა ოთახში დადგმულ ტახტს მივაქციე ყურადღება, ზედ დიდი შავი ყუთი იდგა. ვხედავდი შავოსან ქალებს, მოტირლებს, ყველას ფეხებში ვებლანდებოდი, ბოლოს ვიღაცამ იკივლა, მომაშორეთ ეს ძაღლი აქედანო, კუთხეში მივიყუჟე შიშით, გარეთ არ გამაგდონ-მეთქი. მზია მეფერებოდა, შენი თავი პაპამ მე დამიტოვაო. მას მერე პატრონი აღარ მინახავს. ახლა მზიასთან ვცხოვრობ, მაგრამ ძალიან მენატრება ჩემი უწინდელი მეგობარი, იმედი მაქვს, რომ როდისმე ერთმანეთს კიდევ შევხვდებით.

Monday, August 17, 2020

გაგიფრინდები ჩიტივით, ჩემო! (სიმღერა) მაია სიჭინავამ შეასრულა

 ჩემს გულში სკდება საპნის ბუშტები

და სიყვარულის შევიგრძნობ გემოს,

როგორც ალერდი, ავფერადდები,
ჩემს თავს მოგიძღვნი, კარგო და ჩემო.
მოფრინდებიან ჩიტები შორით,
დაგვიხატავენ სახლსა და ერდოს,
სიყვარულისას იგალობებენ,
მერე ისევე გვტოვებენ, ჩემო.

მისამღერი: ჩვენც ხომ მოვქარგავთ ნისლისფერ ბუდეს,
ჩვენც ხომ მათსავით სიყვარულს ვჩემობთ,
თუ კი არ მოხვალ, გაგიფრინდები,
გაგიფრინდები ჩიტივით, ჩემო!
თუ კი არ მოხვალ, თუ კი არ მოხვალ,
გაგიფრინდები ჩიტივით, ჩემო!

ალბათ, გინახავს, როგორა რთავენ
ჩიტები ბუდეს ცვრიან ფოთლებით,
მაისის სითბოს ელოდებიან,
მეც უსაშველოდ შენ გელოდები.
მეც სიყვარულის დამიდის გემო,
სურნელს ვისრუტავ ვარდის ბაღიდან,
ამოუხსნელი საიდუმლო და
ცას გაკიდული ბაირაღი ხარ.

მისამღერი: ჩვენც ხომ მოვქარგავთ ნისლისფერ ბუდეს,
ჩვენც ხომ მათსავით სიყვარულს ვჩემობთ,
თუ კი არ მოხვალ, გაგიფრინდები,
გაგიფრინდები ჩიტივით, ჩემო!
თუ კი არ მოხვალ, თუ კი არ მოხვალ,
გაგიფრინდები ჩიტივით, ჩემო!




Saturday, August 15, 2020

ბულბულების ამბავი (ზღაპარი)

 ორი ბულბული ჩამომსხადარიყო ვარდის ბუჩქზე და საამურად გალობდა და იცით რაზე? სიყვარულზე, შვილებზე, ვარდის ბუჩქზე, რომელსაც ყოველდღე უმღეროდნენ და კიდევ ბევრ რამეზე, რომელიც შეიძლება არც ვიცით და  ვერც მივხვდებით ვერასოდეს. ერთი ეს იყო, რომ ეს გამორჩეული მომღერლები ხანდახან მოიწყენდნენ ხოლმე და დარდით თავს ჩაჰკიდებდნენ. ვერავინ ხვდებოდა ამის მიზეზს. თურმე ნუ იტყვით და მათ შვილს, ახალგაზრდა ბულბულს, სხვა ბაღის ბულბული შეყვარებოდა და ოჯახის შექმნაც განეზრახა, მაგრამ იმ ბაღში, სადაც ბულბულების ოჯახი ცხოვრობდა, სხვა ვარდის ბუჩქი არ იყო, იფიქრეს უფროსმა ბულბულებმა და სხვა გზა ვერაფერი ნახეს, იმ ბაღის დატოვება განიზრახეს (თუმცა ძალიან უჭირდათ), რომ შვილისთვის დაოჯახების საშუალება მიეცათ. გაფრინდნენ კიდეც, შორიახლო იტრიალეს, ძალიან შორს წასვლაც არ უნდოდათ და ასკილს შეაფარეს თავი, რომელიც იქვე ტყის შორიახლოს იზრდებოდა. ახლა ტყიდან ისმოდა ბულბულების გალობა, ისინი ხომ განთქმული მომღერლები იყვნენ, შეწუხდა ბაღის პატრონი, სად წავიდნენ, ახლგაზრდებს ხომ ჯერ კიდევ ხმა არ ჰქონდათ დაყენებული, ვერ უტკბობდნენ ყურს მშვენიერი გალობით, იმ პატარა ვარდის ბუჩქზე ალბათ ვერ ეტეოდნენ და აქაურობას იმიტომ გაეცალნენო, გაიფიქრა. მეორე დღესვე მოიტანა ვარდის ნერგები, ჩარგო ბაღის სხვადასხვა კუთხეში,  უცებ აყვავდნენ მზრუნველი ხელით, გადაივსო ბაღი ვარდებით, ერთ დღეს გადაუფრინეს ბულბულებმა ახალი წითელი ვარდებით გადაპენტილ ბაღს, ყვავილები თითქოს ეძახდნენ და უკან უხმობდნენ, გაიკეთეს ბუდე ახალ ვარდებზე და იქ დარჩნენ, მას მერე ამატებს და ამატებს პატრონი ვარდებს თავის ბაღს, რომ ბულბულების ყველა ახალ თაობას თავისი ბუჩქი ჰქონდეს, ბაღიც გაიზარდა, ქვეყნის ყველა კუთხიდან მოდიან ამ ბაღის სანახავად ადამიანები ოჯახებით, ერთმანეთს უყვებიან ბულბულების ამბავს, რომლებმაც ბაღი დატოვეს შვილებისთვის, მაგრამ კეთილმა ადამიანმა ისინი უკან დააბრუნა. დღეს ამ ბაღს ბულბულების ბაღს ეძახიან და ათასობით ფრინველი გალობს იქ სიკეთის და სიცოცხლის საგალობელს, 

მსჯელობანი საჭირბოროტო საკითხებზე

 სულ ვფიქრობ, რატომ ენანებათ ადამიანებს, ერთმანეთს უთხრან კეთილი სიტყვა, ლანძღღვისა და ჭორაობისთვის კი ყოველთვის მზად არიან, ცდილობენ თავიანთი დანაშაული და პასუხისმგებლობა სხვას გადააბრალონ, სხვა ამოსვარონ ლაფსა და წუმპეში, ამ დროს წუთისოფელი ხანმოკლეა და არავინ იცის როდის წარვსდგებით ღვთის წინაშე, დავიმშვენოთ გული კეთილი ფიქრებით და კეთილი ზრახვებით, დიდხანს სიცოცხლეც არ ღირს, თუ არავის ვეყვარებით

Friday, August 14, 2020

რატომ? (ნოველა)

 რატომ? (ნოველა), ავტ. მაია დიაკონიძე

გზაზე ხანშიშესული კაცი მოდიოდა, თეთრ სახეზე მოელვარე შავი თვალები უჩანდა და სახის ფერთან საოცარ კონტრასტს ქმნიდა. თანაბარი ნაბიჯებით გადაადგილდებოდა, გამვლელებს ყურადღებას არ აქცევდა. მოულოდნელად კისრისკენ წაიღო ხელები და მოიჭირა, სუნთქვა გაუძნელდა, აქოშინდა, თითქოს იხრჩობოდა, ნელ-ნელა დაეშვა მიწაზე, წამოწვა და გონება დაკარგა. ისედაც კანტიკუნტად დადიოდა ხალხი იმ ადგილას, ახლა კი რამდენიმე წუთი არავინ გამოჩენილა. აი, როგორც იქნა, ორმოციოდე წლის კაცმა გამოიარა. შეამჩნია ძირს დაწოლილი, მივიდა ახლოს, ჩაიმუხლა, რა მოგივიდა ბიძაჩემოო, ჰკითხა, ვინ უპასუხებდა? პერანგი შეუხსნა გულწასულს, პულსი გაუსინჯა, მიხვდა, ცუდად იყო საქმე. მობილური ამოიღო ჯიბიდან, სასწრაფო დახმარება გამოიძახა. თვითონ ხელებით მკერდზე დააწვა, გულის კუნთის მასაჟის ჩატარება დაუწყო, ხელოვნური სუნთქვაც გაუკეთა, არ შეზიზღებია მომაკვდავი, მოვიდა სასწრაფო დახმარების მანქანაც, გასინჯეს ავადმყოფი, გულის ბრალიაო, უთხრეს გამვლელს, მე თვითონაც ვიცი, ღიმილით უპასუხა, ერთ დროს სამედიცინოზე ვსწავლობდი, ცოტა რაღაცა გამეგებაო. ხანშიშესული საკაცეზე დააწვინეს, არ მოეწონა ორმოცი წლის კაცს, ავადმყოფს როგორ ექცეოდნენ, ფრთხილად წაიყვანეთ, ცოდოაო, ფული ამოიღო ჯიბიდან, სანიტარს ჩაუჩურთა, კარგ საავადმყოფოში მიიყვანეთ, ადამიანად იგრძნოს თავიო, დაემუქრა კიდევაც, დავრეკავ, გავიგებ ამ მოხუცის ამბავს, მაგას რომ შევხედე, გამზრდელი პაპა გამახსენდა, არ მინდა მოკვდესო. წავიდა სასწრაფო დახმარების მანქანა, კაცმა კი გზა განაგრძო, სამსახურში ეჩქარებოდა, მომსახურების სააგენტოში მუშაობდა, სანტექნიკოსი იყო. სამსახურში მისულმა აღელვებით მოყვა ეს ამბავი, დასცინეს, პირში ასუნთქავდი უცხო კაცს, ხომ შეიძლება რამე ავადმყოფობა გადაგედოსო, ხელი ჩაიქნია, ბედია ყველაფერი, ვინ რა იცის, რითი მოვკვდებაო.
   რამდენიმე დღის მერე არხეინად მიაბიჯებდა სანტექნიკოსი ქალაქის ქუჩაში, კარგ ხასიათზე იყო, სახლში არ ეჩქარებოდა, ცოლ-შვილი დასასვენებლად გაეშვა სოფელში. თავბრუსხვევა და გულისრევა იგრძნო, ალბათ სასმელის ბრალია, ცოტა მეტი მომივიდაო, მოხუცს თავისი გადამრჩენისთვის ორი ბოთლი საუკეთესო კონიაკი გამოეგზავნა, სამსახურში გახსნა, ბიჭებმა დალიეს, იქვე მაღაზიიდან თევზიც მოიტანეს, მწნილი, ყველი. სულის ხუთვა იგრძნო, ნეტავ, თევზმა ხომ არ მომწამლა, ტყუილად ხომ არ ამბობენ, რომელი თვის სახელშიც "რ" არ ურევია, თევზის ჭამა არ შეიძლებაო, ცუდად იყო, ძალიან ცუდად, სულის მოთქმა სცადა, ხროტინიღა ამოსდიოდა პირიდან, ცალი ხელი კისერზე მიიჭირა, მეორე გამვლელისკენ გაიშვირა, სთხოვა, მიშველეო,  ის სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას. მოწყვეტით დაეცა ასფალტზე, გულაღმა იწვა, თავის ქალიდან სისხლმა გამოჟონა, გამვლელებმა, ნასვამიაო, არავინ ყურადღება არ მიაქცია, ჩანთიდან გადმოცვენილი სამუშაო იარაღებიც ერთი-ორმა ხელს გააყოლა, მომაკვდავმა თვალები ფართოდ გახსნა და ზეცას შეაცქერდა იმედით. ამაოდ.... იმ საღამოსვე გადაასვენეს პროზექტურაში ექსპერტიზის ჩასატარებლად.- რატომ? - კითხულობდა მოტირალი ცოლი. მალე დასკვნაც მოვიდა: მართლა თევზს მოეწამლა.

მსჯელობანი პრობლემურ საკითხებზე

 დღეს ბაზრობისკენ ავიღე გეზი, დინამოს სტადიონის სიახლოვეს რომ მდებარეობს. ჩემს სახლთან მდებარე ორი მაღაზია დაიხურა, ნიკორაში შესვლა კი ძალიან ძვირი მიჯდება. რაც მჭირდებოდა, ვიყიდე, არ ვაპირებდი ტყემლის შეძენას, მაგრამ იაფად შემხვდა, ათი კილო ის ავიღე, მერე მინდვრის კიტრი დავინახე, ისიც ხელს გამოვაყოლე, მწნილს გავაკეთებ-მეთქი, საბოლოოდ ერთი თხუთმეტი კილო მაინც მეჭირა, თუ მეტი არა, გაჩერებაზე რომ მივედი, ხეიბარი კაცი იდგა, იმასაც 7-8 კილო სურსათი აეკიდებინა, ძლივს გადაადგილდებოდა, გული გამიჩერდა,როგორ უნდა ავიდეს-მეთქი ავტობუსში, პირველმა შევდგი კიბეებზე ფეხი, ვიფიქრე, დავდებ ჩემს ბარგს სადმე და ამ კაცს მოვეხმარები, სანამ ადგილი მოვნახე, კონტროლიორმა ქალბატონმა მძღოლს ავტობუსი გააჩერებინა, კაცი ვერ ამოდისო და თვითონ დაეხმარა, ადგილიც მიუჩინა ამოსასვლელთან ახლოს, რომ ადვილად ჩასულიყო, ღმერთმა გაახაროს. მთელი დღე იმაზე ვფიქრობ, ნეტავ, შვილები თუ ჰყავს ამ ადამიანს, და თუ არ ჰყავს, სახელმწიფო რატომ არ ეხმარება? ხომ არის სპეციალური სამსახურები, რომლებსაც უნარშეზღუდული ადამიანებისთვის საჭმელი სახლში მიაქვთ, ან იქნებ, ამ კაცს მოსწონს საზოგადოებაში ყოფნა და აქტიური ცხოვრება?! ყველა შემთხვევაში ღმერთმა ენერგია და ჯანმრთელობა მისცეს, რომ თავისი წილი ტვირთი ზიდოს.

Thursday, August 13, 2020

ერთსტროფიანი

 ქვეყანას არ ვჭირდები,

ვხედავ, ყავლიც გამსვლია,

ერთი ჩითის მერდინი,

აი, რაც გამჩნია.

ერთსტროფიანი

 ქვექვეყანას არ ვჭირდები,

ვისთვის რა არ გავაკეთე,

- ნუ იზამო, - მითხრეს, - ზედმეტს,
არ ეკუთვნის? ნუ აკეთებ,
დაგიშენენ თავში კეტებს.ხედავ, ყავლიც გამსვლია,

ერთი ჩითის მერდინი,

აი, რაც მაბადია.ყანას არ ვჭირდები,

ვხედავ, ყავლიც გამსვლია,
ერთი ჩითის მერდინი,
აი, რაც მაბადია.

ტიროდა ზეცა

 ტიროდა ზეცა,

ცრემლი სცვიოდა

ვაშლსა და ატამს,
ნუშსა და ტყემალს,
მხოლოდ ქალ-ვაჟი
ვერ გრძნობდა წვიმას,
მარად სიყვარულს
შესთხოვდა ზენარს.

Sunday, August 9, 2020

თქვენთვის მომირთმევია (სიმღერა) (დავით გასიტაშვილმა დაწერა)

 "საქართველოს პოეტებს!

ისევ მელის, ისევ მელის
მოშრიალე ჭადრები,
სუნთქავს, ფეთქავს ლურჯი ჭალა,
საამურად სასმენი.
მოჟღურტულე ჩიტუნები
ერთურთს ეჯიბრებიან,
განა მე ვარ მარტო ტყეში,
ირემი და შველია,
მინდა, "ლილე" შემოვძახო,
მადლი ვუძღვნა ამ მიწას,
სადაც ქვეყნის წმინდანების
მზის აკვნები დაირწა,
უხარიათ, ალბათ, დევებს
ტყეში ჩემი წანწალი,
მიყვარს ხეთა ანდამატი,
ყველა მათი ნათალი,
ისევ მელის, ისევ მელის
მე სამშობლოს ველები,
ყაყაჩოთა ალისფერი,
ზღვათა ლურჯი ტევრები,
ამოვკრიფავ ზურმუხტ-ლალებს,
მინდორში რომ ფენია,
სიყვარულის გვირგვინს დავწნავ,
თქვენთვის მომირთმევია."

Friday, August 7, 2020

კატა (ნოველა)

    იმ დღეს დარეტიანებული დადიოდა, გაიგო, ქმარს სხვა ყავდა, სხვა უყვარდა, თავისი თავი შეეცოდა, ყველაფერზე უარი თქვა, მას შეწირა თავისი ახლაგაზრდობა, სილამაზე, ვერც კარიერა გაიკეთა, სახლში იყავი, უბრძანა ქმარმა, ბავშვებს მოუარეო. შვილების გარდა ყველა მისი მოსავლელი და საპატრონო გახდა, ქმრის ახლობელი თუ ნათესავი. ახლა თვითონაა  ავად, მძიმედ ავად. ნერვიულობისგან აუდ-ჩამოუდის მკერდი, სუნთქვა უჭირს, მას ვინ დაეხმარება, ვინ დაიცავს მოღალატე ქმრისგან, ბავშვებიც დაიზარდნენ, იმათ ვერაფერს ეტყვის, ვერ გაანერვიულებს. მეორეხარისხოვანი ჰგონია თავი, აზრმა გაუელვა, თავი ხომ არ მოიკლას, ხომ არ წავიდეს ამ ქვეყნიდან, ამით დასაჯოს ყველა, მიხვდებიან მის ფასს. თოკიც ამოქექა უჯრაში, მოამზადა, ყულფი შეკრა, გაახსენდა პატარა შვილი სკოლიდან უნდა დაბრუნებულიყო, ვერ გაიმეტა ჩამომხრჩვალი დედის სანახავად, კატის ხმა მოესმა, კარებთან კნაოდა, სეირნობიდან დაბრუნებულიყო, საჭმელს ითხოვდა, გაიქცა, სახლში შემოიყვანა, აჭამა, უყურებდა, როგორ შეექცეოდა პატარა ცხოველი მის მომზადებულ კერძს, თეთრი ხორცის შემწვარ ნაჭრებს, ხელი გადაუსვა თავზე, ესიამოვნა, თითქოს მაგნიტივით მიიზიდა ბეწვმა, კატაც აკრუტუნდა, თვალებში შეაცქერდა, იგრძნო, პატრონს რაღაცა უჭირსო. ღაპაღუპით წამოუვიდა თვალებიდან ცრემლები, კატის მწვანე თვალები  თანაგრძნობით უყურებდნენ,  აიყვანა, გულში ჩაიხუტა, ამას როგორ ვუღალატოო, გაიფიქრა. ცხოველი თუ ასე დააწყნარებდა, ვერასოდეს წარმოიდგენდა. სკოლიდან დაბრუნებულ შვილს სიხარულით შეეგება, მაცაცომ პირველ რიგში კატა აიყვანა, თავზე გადაუსვა ხელი, რა იცოდა, რომ ცოტა ხნის წინ, სწორედ მან იხსნა ოჯახი ტრაგედიისგან.

Thursday, August 6, 2020

კრიმინალური ისტორიებიდან (ნამდვილი ამბავი)

  ქალს ორი ჰყავდა, 20 წლისას ტყუპი ვაჟი ეყოლა, ერთი ჯანმრთელი, ჯანსაღი, მეორე - სუსტი, ავადმყოფი. მას მერე მოსვენება არ ჰქონია, გადაეგო სუსტსა და ავადმყოფს, როგორმე გადავარჩინო, ვაცოცხლოო. სულ იმის მოვლასა და მასზე ზრუნვაში იყო. ქმარი ექიმი გახლდათ, ლამაზი კაცი იყო, ქალები მოსვენებას არ აძლევდნენ, ცოლის ყურადღების გარეშე დარჩენილმა რამდენიმე საყვარელი გაიჩინა, ბოლოს ვეღარ გაუძლო სახლში შექმნილ მდგომარეობას, ავადმყოფი შვილის ყურებას და ოჯახი მიატოვა. მაშინ 11 წლისები იქნებოდნენ ბიჭები. უფროსი, ნიკი, მშრომელი და ყურადღებიანი გამოდგა, დედის დამხმარე და მარჯვენა ხელი. როცა დედა სამსახურში იყო, ის უვლიდა ძმას, ეცოდებოდა გაწამებული დედა, კარგად სწავლობდა, სამედიცინო უნივერსიტეტში ჩააბარა, ექიმი გახდა, რომ უკეთესად დახმარებოდა ოჯახს. ვერც ცოლი მოიყვანა, ცალკე ბინა რომ ეყიდა, იმის საშუალებაც არ ჰქონდა, მთელი მისი ხელფასი ძმას ხმარდებოდა. 31 წლისები გახდნენ. ნიკის მთელი ცხოვრება დედა და ძმა იყვნენ. დამძიმდა სევის მდგომარეობა, თირკმლის გადანერგვა გახდა საჭირო. დედამ თავისი თირკმელი შესთავაზა ექიმებს, ჩაუტარეს გამოკვლევები, მაგრამ მისი თირკმელი გადანერგვისთვის არ გამოდგებოდა, ნიკმა მამის მონახვა გადაწყვიტა, ოცი წელი თვალით არ ენახა, იქნებ, შერცხვეს და შვილს თირკმელი მაინც მისცესო. სხვა ქალაქში იპოვა, ლამაზ ქალთან ცხოვრობდა. ატირდა მამა, მე თვითონ ავადმყოფი ვარ, ჩემი თირკმელი არ გამოგადგებათო. ნიკს სხვა გზა აღარ დარჩენოდა, თავისი თირკმელი შესთავაზა ექიმებს. დედა გახარებული იყო შვილის საქციელით, გმირი ხარო, ეძახა. ოპერაცია წარმატებით დამთავრდა, მაგრამ ცოტა ხანში ორივე ძმას ღებინება დაეწყო, მოწამვლის ნიშნები სახეზე იყო. ავადმყოფმა ნაოპერაციევმა სევმა ვერ გაუძლო ამ დილემას და გარდაიცვალა. დედა განადგურებული იყო, ექიმმა ეჭვი მიიტანა, რომ  ძმები ვიღაცამ მოწამლა, მაგრამ ვინ, ვერავინ მიხვდა. მედპერსონალის გარდა იქ არავინ არ იყო.  ნიკი მალე გაწერეს საავადმყოფოდან. დედა ახლა მას დასტრიალებდა თავზე, ერთი წუთით არ შორდებოდა, თვალებში უყურებდა, ეს ერთი შვილიღა დარჩენოდა. მთელი თავისი სიყვარული მასზე გადაიტანა. ერთ დღეს სახლში მისულმა ლაპარაკი მოისმინა, ნიკი ვიღაცას ესაუბრებოდა, ყველაფერი გამომივიდა, როგორც იქნა, გავისტუმრე დედაჩემის მტანჯველი საიქიოს, იმდენი უნდა გვეწვალა და ეგ მაინც მოკვდებოდა, ჩვენ კი შეგვიწირავდაო. ქალი გაოგნდა, ამას კი ნამდვილად არ ელოდა, გმირი შვილი მისთვის უცებ საწყალობელი გახდა. საღამოს ჩაი მიუტანა ლოგინში, მისი საყვარელი ნამცხვარიც გამოაცხო, ახლაღა გაიგო, რომ ნიკს სხვა ნამცხვრები უყვარდა, ვიდრე სევს, ის კი მხოლოდ სევის საყვარელს აცხობდა, შვილს თავზე მოეფერა, ბოდიში მოუხადა, დედის ყურადღება გაკლდა, ძმის გამოო. ღამის ორ საათზე ჩაძინებულ შვილს მიუახლოვდა ბალიშით ხელში, სახეზე დაადო, დასუსტებულმა ნიკმა დიდხანს ვერ გაუწია წინააღმდეგობა. ძმის მკვლელს არ უნდა ეცოცხლაო, ბუტბუტებდა თავისთვის. შეურაცხადად მიიჩნიეს. ახლა აწყდება პალატის ფანჯრებს, შვილებს ეძებს.

Wednesday, August 5, 2020

სიყვარულის სამეფო (სიმღერა)

სიყვარულის სამეფო 
მაჩუქე და არ მეყო,
ცაში გავინავარდე,
დავემსგავსე შავადენს,
ვარსკვლავების სამეფო,
შენს ფეხთ უნდა გამეგო,
სხვას რომ გულით მივენდე,
შენ გიწყობდი კასკადებს..
ქარმა სხვაგან წამიღო,
სიყვარულიც არ იყო,
მიყვებოდა ჩიტუნა 
მოიისფრო არაკებს,
რომ მიყვარდი ახლაღა
დარდით უნდა გაგენდო,
ის თეთრი ღამეები
ჩემთვის ახლაც ანათებს.
სიყვარულის სამეფო
მაჩუქე და არ მეყო,
სულის სულში მყოლიხარ
ახლა მინდა გაგენდო,
გიყვარდი და მიყვარდი,
მაგრამ ქარმა წამიღო,
სადაც მუდამ ბნელა და
ცა თვალებს ახამხამებს...






Monday, August 3, 2020

წინაპრების გახსენება (ძველი ლექსი)


კვლავ ჩემი სახლის პარმაღზე ვდგავარ, 

თუმცა აღარ ვარ მისი ნაწილი,

კარის სახელურს კრძალვით ვეხები, 

შეჩერდა დრო და გაქრა მანძილი.

ჩემი დარდები, როგორც ჩრდილები, 

გადასწოლიან ცისფერ ფოლიანტს,

მზე ჩადის ისე, მგონი, ძილშია, 

რა ესიზმრება წითელ გოლიათს?

არ მინდა ვიყო მკაცრი მსაჯული 

ჩემი თავის და განწყობას ვიწყობ,

მაგრამ სიჩუმე თავს დამტრიალებს, 

ფეხებთან მაწევს გველივით თითქოს,

სულისშემხუთველ მისტერიებში, 

მოგონებებში წინაპრებს ვიხმობ,

ვინატრე, ახდა, ესეც ბედია, 

ხელით ვეხები ვენახის ჭიგოს,

რომელსაც პაპა თლიდა ოდესღაც, 

რიგში აწყობდა მოხდენით თითოს,

ჭირისუფალის მოჰგავს გოდებას, 

იდუმალი ხმა ეძახის თვისტომს...

გაშავებულა სახლის კედლებიც, 

ჩამოწოლილა ვაშლი ლოდებად,

ეზოში დგანან ძველი ქვევრები, 

გახსენებიათ ძველი დროება,

მივდივარ მათთან და ვეფერები, 

ვერ კი ვახერხებ გულის მოგებას,

მიწას ეკრობა, ვხედავ, ყოველი, 

ჟამთმდინარების ტალღას მოჰყვება.

მზეზე გამომაქვს ძველი ხალიჩა, 

რომ შეისრუტოს ეზოს ნიავი,

უძღები შვილი ამას წავიტან, 

ავწონ-დავწონი, რა აქვს ზიანი,

იმასაც, როგორც ამ სახლს, გავყიდი 

და სულის მოთქმას ლხინით აღვნიშნავ,

აღარ გაჩნდება ის ბედაური, 

ვარსკვლავებთან რომ ცაში ამიყვანს.

ბოდიშს მოვუხდი ლეღვს და უნაბებს, 

რომ ვერ ვიქეცი იმათ პატრონად,

დავშორდი ისე, ვეღარ ვუწამლე, 

მხოლოდ სურათი მოვხსენ თაროდან,

მაგრამ რა ვუყო იმ ძველ ჭრილობას, 

რომელიც ტანჯვით ჩემს სულს გახსნია?

ვემშვიდობები სახლს - ძველ მეგობარს, 

ძაღლი კი მომყეფს: "ეს ღალატია!"


Sunday, August 2, 2020

ერთსტროფიანი

ყველა მესამე ხატავს,
ყველა მეორე წერს,
ფასი არა აქვს ნახატს,
არც იმას, რასაც ვწერთ.

მშობლები

ვისაც არ უნდა მშობლები,
სიას შეავსებს ობლების,
მიხვდება მერე რა არის
ამქვეყნად მარტო ტანტალი,
საყვედურიც კი მშობელის
ლოცვაა ცისკენ მავალი,
თუ ისიც ვერ შეიშნოვა,
მოუწევს ღვთის წინ კანკალი.

ერთსტროფიანი

მიედინება ეს ცხოვრება უაზროდ, მდარედ
და ნათურებსაც უიმედოდ სახლშიღა ვანთებ,
სხვები ისვრიან ფეიერვერკებს ფერადი შუქით,
მე მხოლოდ ნაზად ვიღიმი და მოკითხვას ვუთვლი.

Saturday, August 1, 2020

კოჰაბიტაცია (მოგონებებიდან)

  სადარბაზოში ჩვენთან ერთი წითური კატა გაიზარდა, რამდენიმე თვის წინ დაზიანდა, ძაღლმა თუ ისევე კატამ ტყავიანად ამოგლიჯა ხორცი (მამალი კატაა და საშინელი მოჩხუბარი). შავ დღეში იყო, ჭრილობა არა და არ უხორცდებოდა, ხან წყალბადის ზეჟანგით ვუმუშავებდი, ხან ბრილიანტის მწვანეთი, ხან მალამოებს ვუსმევდი, ბოლოს დაანება ჩემთან სახლში შემოსვლას თავი, ეტყობა, სტკიოდა ეს პროცედურები და სათოფეზე აღარ მეკარებოდა, გარეთ სადარბაზოში ვუდებდი საჭმელს, მათ შორის, ჯამში კატების საჭმელს ვუყრიდი, "კიტ-კეტს". თვითონ არ ჩანდა, მაგრამ საკვები არ მხვდებოდა ხოლმე, მიხაროდა, ჩუმ-ჩუმად ჭამს, მე რომ არ დავინახო. ესე იგი, არა უჭირს, გადარჩება-მეთქი, იმედი მქონდა. ერთ დღესაც გამოვედი ლიფტიდან და ჭრელი მტრედი შევნიშნე ჯამთან, ჩვენი კატა კი მაღლა სართულიდან იყურებოდა, სავარაუდოდ, მტრედს უთვალთვალებდა. მივხვდი, რომ იმ "კიტ-კეტს" კატა კი არა, ხშირად მტრედი მიირთმევდა ხოლმე.
ახლა ეს ქალბატონი, ასე მგონია რატომღაც, ისე გათავხედდა, "ციფ-ციფ" კატას რომ დავუძახებ, პირველი ეგ გამოფრინდება და მელოდება, საჭმელს როდის დავუყრი. ასე რომ, საკვები დაინაწილეს, კატა ახლა მხოლოდ ცოცხალ ხორცს, შემწვარ ქათამს და თევზს მიირთმევს, მტრედი კი - "კიტ-კეტს", მიკვირს, რომ კატა არც ერჩის, ელოდება ხოლმე ის როდის შეჭამს საჭმელს, მერე თავის ულუფას მიირთმევს, არა და, გაფრენილ ჩიტებს იჭერს ხოლმე ცაში ჩვენი წითური ფისუნია. ამას ჰქვია სწორედ კოჰაბიტაცია.

კორონა ვირუსი - კოვიდ 19, (სიმღერა) (მაია სიჭინავამ შეასრულა)

დადის კორონა ვირუსი,
ვით მეფე ასირიუსი,
ფეხმარდია და სწრაფია,
ჯალათს ეს აქვს მინუსი.
ხელების ბანა არ უყვარს,
არც სპირტით დეზინფექცია,
ეს ჭუჭყიანი, ბინძური,
ნეტავ, საიდან გვეწვია?
შეშფოთებულა აზია,
დღე ადგას არანაკლები
ევროპას, ადრე დაეხშო
ნეტავ, ჩვენთვისაც კარები,
ჩვენ სიყვარულზე ვმღერივართ,
სხვა ჩვენ არა გვაქვს სამღერი,
ბოღმას, სიძულვილს ვერ იტანს,
სული ნამდვილი ქართველის.
ღმერთო, გვამყოფე სულ კარგად
ეს ერთი მუჭა ქართველი,
სადაც არ ვიყოთ, გვიშველე,
იყავი ჩვენი საყრდენი.