სადარბაზოში ჩვენთან ერთი წითური კატა გაიზარდა, რამდენიმე თვის წინ დაზიანდა, ძაღლმა თუ ისევე კატამ ტყავიანად ამოგლიჯა ხორცი (მამალი კატაა და საშინელი მოჩხუბარი). შავ დღეში იყო, ჭრილობა არა და არ უხორცდებოდა, ხან წყალბადის ზეჟანგით ვუმუშავებდი, ხან ბრილიანტის მწვანეთი, ხან მალამოებს ვუსმევდი, ბოლოს დაანება ჩემთან სახლში შემოსვლას თავი, ეტყობა, სტკიოდა ეს პროცედურები და სათოფეზე აღარ მეკარებოდა, გარეთ სადარბაზოში ვუდებდი საჭმელს, მათ შორის, ჯამში კატების საჭმელს ვუყრიდი, "კიტ-კეტს". თვითონ არ ჩანდა, მაგრამ საკვები არ მხვდებოდა ხოლმე, მიხაროდა, ჩუმ-ჩუმად ჭამს, მე რომ არ დავინახო. ესე იგი, არა უჭირს, გადარჩება-მეთქი, იმედი მქონდა. ერთ დღესაც გამოვედი ლიფტიდან და ჭრელი მტრედი შევნიშნე ჯამთან, ჩვენი კატა კი მაღლა სართულიდან იყურებოდა, სავარაუდოდ, მტრედს უთვალთვალებდა. მივხვდი, რომ იმ "კიტ-კეტს" კატა კი არა, ხშირად მტრედი მიირთმევდა ხოლმე.
ახლა ეს ქალბატონი, ასე მგონია რატომღაც, ისე გათავხედდა, "ციფ-ციფ" კატას რომ დავუძახებ, პირველი ეგ გამოფრინდება და მელოდება, საჭმელს როდის დავუყრი. ასე რომ, საკვები დაინაწილეს, კატა ახლა მხოლოდ ცოცხალ ხორცს, შემწვარ ქათამს და თევზს მიირთმევს, მტრედი კი - "კიტ-კეტს", მიკვირს, რომ კატა არც ერჩის, ელოდება ხოლმე ის როდის შეჭამს საჭმელს, მერე თავის ულუფას მიირთმევს, არა და, გაფრენილ ჩიტებს იჭერს ხოლმე ცაში ჩვენი წითური ფისუნია. ამას ჰქვია სწორედ კოჰაბიტაცია.
No comments:
Post a Comment