ბულბულების ამბავი
ორი ბულბული ჩამომსხადარიყო ვარდის ბუჩქზე და საამურად გალობდა და იცით რაზე? სიყვარულზე, შვილებზე, ვარდის ბუჩქზე, რომელსაც ყოველდღე უმღეროდნენ და კიდევ ბევრ რამეზე, რომელიც შეიძლება არც ვიცით და ვერც მივხვდებით ვერასოდეს. ერთი ეს იყო, რომ ეს გამორჩეული მომღერლები ხანდახან მოიწყენდნენ ხოლმე და დარდით თავს ჩაჰკიდებდნენ. ვერავინ ხვდებოდა ამის მიზეზს. თურმე ნუ იტყვით და მათ შვილს, ახალგაზრდა ბულბულს, სხვა ბაღის ბულბული შეყვარებოდა და ოჯახის შექმნაც განეზრახა, მაგრამ იმ ბაღში, სადაც ბულბულების ოჯახი ცხოვრობდა, სხვა ვარდის ბუჩქი არ იყო, იფიქრეს უფროსმა ბულბულებმა და სხვა გზა ვერაფერი ნახეს, იმ ბაღის დატოვება განიზრახეს (თუმცა ძალიან უჭირდათ), რომ შვილისთვის დაოჯახების საშუალება მიეცათ. გაფრინდნენ კიდეც, შორიახლო იტრიალეს, ძალიან შორს წასვლაც არ უნდოდათ და ასკილს შეაფარეს თავი, რომელიც იქვე ტყის შორიახლოს იზრდებოდა. ახლა ტყიდან ისმოდა ბულბულების გალობა, ისინი ხომ განთქმული მომღერლები იყვნენ, შეწუხდა ბაღის პატრონი, სად წავიდნენ, ახლგაზრდებს ხომ ჯერ კიდევ ხმა არ ჰქონდათ დაყენებული, ვერ უტკბობდნენ ყურს მშვენიერი გალობით, იმ პატარა ვარდის ბუჩქზე ალბათ ვერ ეტეოდნენ და აქაურობას იმიტომ გაეცალნენო, გაიფიქრა. მეორე დღესვე მოიტანა ვარდის ნერგები, ჩარგო ბაღის სხვადასხვა კუთხეში, უცებ აყვავდნენ მზრუნველი ხელით, გადაივსო ბაღი ვარდებით, ერთ დღეს გადაუფრინეს ბულბულებმა ახალი წითელი ვარდებით გადაპენტილ ბაღს, ყვავილები თითქოს ეძახდნენ და უკან უხმობდნენ, გაიკეთეს ბუდე ახალ ვარდებზე და იქ დარჩნენ, მას მერე ამატებს და ამატებს პატრონი ვარდებს თავის ბაღს, რომ ბულბულების ყველა ახალ თაობას თავისი ბუჩქი ჰქონდეს, ბაღიც გაიზარდა, ქვეყნის ყველა კუთხიდან მოდიან ამ ბაღის სანახავად ადამიანები ოჯახებით, ერთმანეთს უყვებიან ბულბულების ამბავს, რომლებმაც ბაღი დატოვეს შვილებისთვის, მაგრამ კეთილმა ადამიანმა ისინი უკან დააბრუნა. დღეს ამ ბაღს ბულბულების ბაღს ეძახიან და ათასობით ფრინველი გალობს იქ სიკეთის და სიცოცხლის საგალობელს,
No comments:
Post a Comment