რატომ? (ნოველა), ავტ. მაია დიაკონიძე
გზაზე ხანშიშესული კაცი მოდიოდა, თეთრ სახეზე მოელვარე შავი თვალები უჩანდა და სახის ფერთან საოცარ კონტრასტს ქმნიდა. თანაბარი ნაბიჯებით გადაადგილდებოდა, გამვლელებს ყურადღებას არ აქცევდა. მოულოდნელად კისრისკენ წაიღო ხელები და მოიჭირა, სუნთქვა გაუძნელდა, აქოშინდა, თითქოს იხრჩობოდა, ნელ-ნელა დაეშვა მიწაზე, წამოწვა და გონება დაკარგა. ისედაც კანტიკუნტად დადიოდა ხალხი იმ ადგილას, ახლა კი რამდენიმე წუთი არავინ გამოჩენილა. აი, როგორც იქნა, ორმოციოდე წლის კაცმა გამოიარა. შეამჩნია ძირს დაწოლილი, მივიდა ახლოს, ჩაიმუხლა, რა მოგივიდა ბიძაჩემოო, ჰკითხა, ვინ უპასუხებდა? პერანგი შეუხსნა გულწასულს, პულსი გაუსინჯა, მიხვდა, ცუდად იყო საქმე. მობილური ამოიღო ჯიბიდან, სასწრაფო დახმარება გამოიძახა. თვითონ ხელებით მკერდზე დააწვა, გულის კუნთის მასაჟის ჩატარება დაუწყო, ხელოვნური სუნთქვაც გაუკეთა, არ შეზიზღებია მომაკვდავი, მოვიდა სასწრაფო დახმარების მანქანაც, გასინჯეს ავადმყოფი, გულის ბრალიაო, უთხრეს გამვლელს, მე თვითონაც ვიცი, ღიმილით უპასუხა, ერთ დროს სამედიცინოზე ვსწავლობდი, ცოტა რაღაცა გამეგებაო. ხანშიშესული საკაცეზე დააწვინეს, არ მოეწონა ორმოცი წლის კაცს, ავადმყოფს როგორ ექცეოდნენ, ფრთხილად წაიყვანეთ, ცოდოაო, ფული ამოიღო ჯიბიდან, სანიტარს ჩაუჩურთა, კარგ საავადმყოფოში მიიყვანეთ, ადამიანად იგრძნოს თავიო, დაემუქრა კიდევაც, დავრეკავ, გავიგებ ამ მოხუცის ამბავს, მაგას რომ შევხედე, გამზრდელი პაპა გამახსენდა, არ მინდა მოკვდესო. წავიდა სასწრაფო დახმარების მანქანა, კაცმა კი გზა განაგრძო, სამსახურში ეჩქარებოდა, მომსახურების სააგენტოში მუშაობდა, სანტექნიკოსი იყო. სამსახურში მისულმა აღელვებით მოყვა ეს ამბავი, დასცინეს, პირში ასუნთქავდი უცხო კაცს, ხომ შეიძლება რამე ავადმყოფობა გადაგედოსო, ხელი ჩაიქნია, ბედია ყველაფერი, ვინ რა იცის, რითი მოვკვდებაო.რამდენიმე დღის მერე არხეინად მიაბიჯებდა სანტექნიკოსი ქალაქის ქუჩაში, კარგ ხასიათზე იყო, სახლში არ ეჩქარებოდა, ცოლ-შვილი დასასვენებლად გაეშვა სოფელში. თავბრუსხვევა და გულისრევა იგრძნო, ალბათ სასმელის ბრალია, ცოტა მეტი მომივიდაო, მოხუცს თავისი გადამრჩენისთვის ორი ბოთლი საუკეთესო კონიაკი გამოეგზავნა, სამსახურში გახსნა, ბიჭებმა დალიეს, იქვე მაღაზიიდან თევზიც მოიტანეს, მწნილი, ყველი. სულის ხუთვა იგრძნო, ნეტავ, თევზმა ხომ არ მომწამლა, ტყუილად ხომ არ ამბობენ, რომელი თვის სახელშიც "რ" არ ურევია, თევზის ჭამა არ შეიძლებაო, ცუდად იყო, ძალიან ცუდად, სულის მოთქმა სცადა, ხროტინიღა ამოსდიოდა პირიდან, ცალი ხელი კისერზე მიიჭირა, მეორე გამვლელისკენ გაიშვირა, სთხოვა, მიშველეო, ის სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას. მოწყვეტით დაეცა ასფალტზე, გულაღმა იწვა, თავის ქალიდან სისხლმა გამოჟონა, გამვლელებმა, ნასვამიაო, არავინ ყურადღება არ მიაქცია, ჩანთიდან გადმოცვენილი სამუშაო იარაღებიც ერთი-ორმა ხელს გააყოლა, მომაკვდავმა თვალები ფართოდ გახსნა და ზეცას შეაცქერდა იმედით. ამაოდ.... იმ საღამოსვე გადაასვენეს პროზექტურაში ექსპერტიზის ჩასატარებლად.- რატომ? - კითხულობდა მოტირალი ცოლი. მალე დასკვნაც მოვიდა: მართლა თევზს მოეწამლა.
No comments:
Post a Comment