იმ დღეს დარეტიანებული დადიოდა, გაიგო, ქმარს სხვა ყავდა, სხვა უყვარდა, თავისი თავი შეეცოდა, ყველაფერზე უარი თქვა, მას შეწირა თავისი ახლაგაზრდობა, სილამაზე, ვერც კარიერა გაიკეთა, სახლში იყავი, უბრძანა ქმარმა, ბავშვებს მოუარეო. შვილების გარდა ყველა მისი მოსავლელი და საპატრონო გახდა, ქმრის ახლობელი თუ ნათესავი. ახლა თვითონაა ავად, მძიმედ ავად. ნერვიულობისგან აუდ-ჩამოუდის მკერდი, სუნთქვა უჭირს, მას ვინ დაეხმარება, ვინ დაიცავს მოღალატე ქმრისგან, ბავშვებიც დაიზარდნენ, იმათ ვერაფერს ეტყვის, ვერ გაანერვიულებს. მეორეხარისხოვანი ჰგონია თავი, აზრმა გაუელვა, თავი ხომ არ მოიკლას, ხომ არ წავიდეს ამ ქვეყნიდან, ამით დასაჯოს ყველა, მიხვდებიან მის ფასს. თოკიც ამოქექა უჯრაში, მოამზადა, ყულფი შეკრა, გაახსენდა პატარა შვილი სკოლიდან უნდა დაბრუნებულიყო, ვერ გაიმეტა ჩამომხრჩვალი დედის სანახავად, კატის ხმა მოესმა, კარებთან კნაოდა, სეირნობიდან დაბრუნებულიყო, საჭმელს ითხოვდა, გაიქცა, სახლში შემოიყვანა, აჭამა, უყურებდა, როგორ შეექცეოდა პატარა ცხოველი მის მომზადებულ კერძს, თეთრი ხორცის შემწვარ ნაჭრებს, ხელი გადაუსვა თავზე, ესიამოვნა, თითქოს მაგნიტივით მიიზიდა ბეწვმა, კატაც აკრუტუნდა, თვალებში შეაცქერდა, იგრძნო, პატრონს რაღაცა უჭირსო. ღაპაღუპით წამოუვიდა თვალებიდან ცრემლები, კატის მწვანე თვალები თანაგრძნობით უყურებდნენ, აიყვანა, გულში ჩაიხუტა, ამას როგორ ვუღალატოო, გაიფიქრა. ცხოველი თუ ასე დააწყნარებდა, ვერასოდეს წარმოიდგენდა. სკოლიდან დაბრუნებულ შვილს სიხარულით შეეგება, მაცაცომ პირველ რიგში კატა აიყვანა, თავზე გადაუსვა ხელი, რა იცოდა, რომ ცოტა ხნის წინ, სწორედ მან იხსნა ოჯახი ტრაგედიისგან.
No comments:
Post a Comment