Monday, July 31, 2017

დღე და ღამე

როცა სანგარში წვებოდა ღამე,
დღე აკვდებოდა მიწისფერ ღრუბელს,
მხოლოდ ერთურთში ეძებდნენ ნუგეშს,
ზედ აწყდებოდნენ სისხლიან გუბეს.

Thursday, July 27, 2017

წლები რომ სხვასა ჰყვარობდი (ხალხურ მოტივებზე)

- ქალაუ, გულსა რადა მწყვეტ, ღალატს რად არა მპატიობ,
ასგზის გითხარი ბოდიში, გულს ეკალს მასობ, ქაცვიობ,
ნუთუ შენს სულში სულ არ გაქვს ჩემთვის პატარა ადგილი,
ჩემი გულიდან შენამდე აღარ შემოკლდა მანძილი?!
- ვაჟაუ, უნდა გეფიქრა, სანამ აფრენდი ალალსა,
წლები რომ სხვასა ჰყვარობდი, დაგრეხდი იმის დალალსა,
ნარჩენებს სიყვარულისას მიყრიდი, როგორც ნაგავსა,
მთები ისევე გიხმობენ, ჯიხვი შემორჩაი ქარაფსა.


Tuesday, July 25, 2017

მთვარის საიდუმლო (IX თავი)

       კონვერტი დიდი სიფრთხილით გავხსენი, ხელწერა მაშინვე ვიცანით:
 " მის დევიტსონ, ჩემს მეგობარზე მინდა გაგესაუბროთ, აუცილებელი საქმე მაქვს და გთხოვთ შეხვედრაზე დამთანხმდეთ, ხვალ, შვიდ საათზე კაფე "შანსონში'',
    ღრმა პატივისცემით, ვილიამ ბლექი."
 - ეს ორი წერილი ერთი ადამიანის დაწერილია, მის კატრინას მისაღებ ოთახში მაგიდაზე ვიპოვე. - სწრაფად განმიმარტა ვილიამმა.
 - ეს საცოდავი ჩემ გამო მომკვდარა.- კიდევ უფრო დავმწუხრდი კატრინას გამო, თვალწინ წარმომიდგა მისი ლამაზი სახე, მკვლელი აუცილებლად უნდა დავიჭიროთ. გავიფიქრე,
- ფრედ, ჩემი აზრით. თვალყური უნდა ვადევნოთ მის სტუარტს. - სხვათაშორის მითხრა მეგობარმა.
- მაგ ქალმა შენ კი თვალი დაგადგა, რა მოტივი უნდა ჰქონდეს, შენი აზრით? -დაინტერესებულმა ვკითხე.
- არ ვიცი, სიმართლე გითხრა, შეიძლება შურდა მისი. - განაგრძო მსჯელობა ვილიამმა.
- ჩანს, რომ მის ელიზაბეტს სახარბიელო ცხოვრება არ ჰქონია, - ვთქვი მე.
 - რას გაუგებ ქალებს, უცნაური არსებები არიან. - მითხრა და სახე უსიამოვნოდ შეეჭმუხნა.
- შენ ცოტათი მაინც არ მიგიზიდა ამ ქალმა? ძალიან ლამაზი არსებაა, შენ კი არავის აქცევ ყურადღებას. - გამომცდელი მზერა მივაპყარი, მაგრამ ვილიამი არ დაიბნა და სხარტად მიპასუხა:
- ჯერ საქმე, მეგობარო, მე სუსტი სქესი გზა-კვალს ვერ ამიბნევს, ისე, მართლაც მშვენიერია, მაგრამ ზედმეტად ნერვიული მომეჩვენა, ეგეთებისგან კი შორს უნდა იყო, რამე შარში, რომ არ გაგხვიონ. ახლა კი, ვისადილოთ და დავადგეთ გზას ჰარისონებისკენ. - თქვა და გაიღიმა.
   გემრიელად ვისადილეთ, თუმცა სისხლიანი სტეიკის დანახვამ, რომელიც ბლექმა შეუკვეთა, კატარინა გამახსენა და უსიამოვნო გრძნობა დამიტოვა. როგორც  ყოველთვის, მაგარი ნალექიანი ყავა მივაყოლეთ ნოყიერ სადილს და უკვე წასვლას ვაპირებდით, რომ მოულოდნელად კაფეში უცნაური ქალი გამოჩნდა, თავზე წითელი თავშალი წაეკრა, სამკაულებიც უხვად აესხა გულმკერდსა და თითებზე, ჭროღა დიდი თვალებით ათვალიერებდა დარბაზში მსხდომებს,  რატომღაც მზერა ჩვენზე შეაჩერა, ღია წითელად შეღებილი ტუჩები მოკუმა და ჩვენკენ გამოემართა. მოუსვენრობის გრძნობა დამეუფლა, ჩემი მეგობარი კი, როგორც ყოველთვის, გულგრილად შესცქეროდა მოახლოებულს.
  -ბატონებო! - მოგვმართა ქალმა. - ხომ არ გიმკითხაოთ?
 მე სწრაფად ვიუარე, ვილიამი კი, ჩემდა გასაკვირად, დათანხმდა, გავოცდი, რადგან ის საკმაოდ სკეპტიკურად უყურებდა ასეთ საკითხებს. ალბათ გართობა თუ გადაწყვიტა, გავიფიქრე ჩემთვის.
 ქალმა მაგიდიდან აიღო მისი ყავის ჭიქა, ნალექი ლამბაქზე გადმოაპირქვავა და ხელსახოცი მოითხოვა, ვილიამი აუღელვებლად უყურებდა მის ყოველ მოძრაობას, მე პერიოდულად თვალს მიკრავდა. ქალმა ხელსახოცზე  შეამშრალა ფინჯანი და შემდეგ ხელში დაატრიალა. ის ისე მონდომებით იყურებოდა მასში, რომ მეც დამაინტერესა, თუ რას იტყოდა.
 - ოოო,  მარტივი სამუშაო არ გქონიათ, - ოდნავი ირონიით უთხრა ვილიამმა.
- თქვენც არ გქონიათ მარტივი ცხოვრება, როგორც ვხედავ, მალე ახალგაზრდა გოგონას გაიცნობთ, რომელსაც ძალიან შეიყვარებთ, მაგრამ მანამდე რაღაც უბედურება გელოდებათ, ვხედავ ძაღლიან კაცს, უფრთხილდით მას, სისხლი დაიღვრება...  თუმცა მთვარე... მთვარე ყველა საიდუმლოს გაგანდობთ, მხოლოდ ის არის ამ ყველაფრის მოწმე!
- ჩვენ ერთმანეთს გაოცებულებმა  გადავხედეთ, გადავწყვიტეთ მისთვის ფულის მიცემა, მაგრამ მოხედვაც ვერ მოვასწარით, რომ ის უეცრად გაუჩინარდა. სადილის შემდეგ ვილიამთან შევიარეთ, ცოტა დავისვენეთ, წინასწარმეტყველებაზე კარგა გულიანად ვიცინეთ, მაგრამ აშკარა იყო, რომ ორივეს მეხსიერებაში ჩაგვრჩა ქალის ნათქვამი. ბლექი მოუთმენლად ელოდა ჰარისონებთან შეხვედრას.
    საღამოხანს ჩავსხედით ''შევროლეში'' და გზას დავადექით. სახლში უმცროსი ჰარისონი დაგვხვდა, რომელიც უძინარი, დადარდიანებული და სევდიანი იყო, ჩვენ მას კიდევ ცოტა გავესაუბრეთ მამამისის მოლოდინში, რომელიც შვილის თქმით კაბინეტში მუშაობდა და მალე შემოგვიერთდებოდა. ვილიამი კითხვებს უსვამდა მამის შესახებ, აინტერესებდა ის რა პროფესიის იყო და რას მოღვაწეობდა.
  - მამაჩემი ბოლო ათი წელია ღვინის ბიზნესითაა დაკავებული, მოსავალიც თვითონ მოჰყავს, ბევრი ვენახები გვაქვს, მამას ძალიან უყვარს ყურძნის მოვლა. - უხალისოდ ლაპარაკობდა დილანი.
  -დედათქვენი რას საქმიანობს? - საუბარში ჩავერთე მე, თუმცა კარგად ვიცოდი, რომ დედა არ ჰყავდა, რამე ხელჩასაჭიდს ვეძებდი...
- იცით რა, მე დედაჩემს სამწუხაროდ არც კი ვიცნობდი, ჩემს მშობიაობას გადაჰყვა. -დამწუხრებულმა გვითხრა.
  ამ დროს ოთახის კარი გაიღო და შემოვიდა ახოვანი, გემოვნებით ჩაცმული, სუფთად წვერგაპარსული წარმოსადეგი მამაკაცი. შვილმა მამა წარმოგვიდგინა, ვილიამი სხარტად წამოდგა და ხელი ჩამოართვა მაიკლს, მათ შორის გრძელი დიალოგი გაიმართა, კარგად გაუგეს ერთმანეთს, ხოლო მე და უმცროსმა ჰარისონმა ზედმეტად მივიჩნიეთ თავი და აივანზე გავედით სასაუბროდ, თუმცა ცალი ყური მოსაუბრეებისკენ მქონდა მიპყრობილი, მეშინოდა, ბლექს რაიმე დეტალი არ გამორჩენოდა მხედველობიდან. როგორც აღმოჩნდა, წლების წინ, როცა ცოლ-ქმარი ჰარისონები დასასვენებლად იმყოფებოდნენ, მის გრეტას ნაადრევი მშობიარობა დასწყებოდა,  გამოუვალი მდომარეობა შექმნილა იმის გამო, რომ ახლო-მახლო სამედიცინო პუნქტი არ ყოფილა და მეუღლეს თვითონ მიუღია მშობიარობა,  ქალი დაიღუპა, სწორედ იმის წყალობით, რომ მაიკლი გარკვეული იყო მედიცინაში, მან ვაჟის სიცოცხლე შეინარჩუნა. მამამ შვილი მარტომ გაზარდა. ეს ყველაფერი საკმაოდ სანტერესოდ მომეჩვენა და გავიფიქრე, მომავალში სწორედ ამაზე მესაუბრა ვილიამთან.
   გავიგონე მისტერ ბლექის მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც მაიკლს დაუსვა, თუ რატომ იყო ის  წინააღმდეგი სარას და დილანის ქორწინების.
  - სიმართლე, რომ გითხრათ ეს გოგონა ბევრს ლაპარაკობდა, ალბათ როგორც ჟურნალისტებს სჩვევიათ და სათანადო აღზრდაც არ ჰქონდა მიღებული, თუმცა ძალიან გული მწყდება მისი დაღუპვის გამო, რადგან ჩემს შვილს ძალიან უყვარდა და ახლა იტანჯება. თანაც რა საშინლად დაიღუპა...- თქვა და სიგარას მოუკიდა.
   ჰარისონები გაგვიმასპინძლდნენ საუკეთესო ღვინოებით, დიდხანს არ გვიშვებდნენ. მხოლოდ ათი საათისთვის მოვახერხეთ მათი სახლის დატოვება. გამოსვლისას ისევ რაღაც ცხოველის ყმუილი მოგვესმა, ხმა შორიახლოდან მოდიოდა, ტანში ჟრუანტელმა დამიარა.
   დაღლილები მანქანაში ჩავსხედით და პოლიციის განყოფილებისკენ გავემართეთ, წერილების შემოწმება გვინდოდა, იქნებ რამე ფარული მინიშნება გვეპოვა...

Sunday, July 23, 2017

მთვარის საიდუმლო (VIIIთავი)

   ვილიამის მოსვლისთანავე ცოტა გულზე მომეშვა, მართალია, მის კატრინას სულ ცოტა ხანი ვიცნობდი, მის დანახვაზე ჩემი გული ისეთ ბაგაბუგს იწყებდა, როგორც უწინ არასდროს.
    მისტერ ბლექმა გულგრილად დახედა ქალის ცხედარს, თვალებით ანიშნა თანამშრომლებს თავის საქმეს შესდგომოდნენ, ზოგი საპირფარეშოს დათვალიერებას მოჰყვა, ზოგიც კაფეში მომუშავე პერსონალს და იქ მყოფ ხალხს პატარა დაკითხვას უწყობდა. ჩემი მეგობარი ყურადღებით ათვალიერებდა მის დევიტსონის გამოფატრულ მუცელს, მე კი მხოლოდ იმ ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე არსებას წარმოვიდგენდი, რომელსაც ცოტა ხნის წინ  უნდა შევხვედროდი.. ჩემი მეგობარი მომიახლოვდა, მისთვის არადამახასიათებლად რბილი ტონით დამელაპარაკა:
 - ფრედ, ძალიან ვწუხვარ, ვითვალისწინებ შენს მდგომარეობას, მაგრამ არ უნდა მოდუნდე, უნდა დამეხმარო და ერთად გავერკვიოთ ამ საქმეში, არ ვიცი რა ხდება ამ ქალაქში?! - თქვა და გამჭოლი მზერა მესროლა.
 - ვიცი, ვიცი, მაპატიე. რამე ხომ არ აღმოაჩინე საეჭვო? - ვკითხე ძალდატანებით.
- სრულებით ვერაფერი, სუფთა ნამუშევარია, მკვლელმა იცის თავისი საქმე, პროფესიონალია, უბადლო. ერთმა რამემ კი მიიზიდა ჩემი ყურადღება.- მითხრა აღელვებით.
- გისმენ!- ვთქვი და ცნობისმოყვარედ მივაჩეერდი თვალებში.
-მის დევიტსონს ულამაზესი ბრილიანტების კოლიე უკეთია, ხედავ?! ალბათ,  საკმაოდ ძვირფასია, საინტერესოა, საიდან აქვს ის  მდივან ქალს? შეიძლება ეს  არც არაფერში დაგვჭირდეს, ყოველ შემთხვევაში სავარაუდოდ, ეს თავდასხმა გაძარცვის მიზნით არ ყოფილა. - სხაპასხუპით ლაპარაკობდა ვილიამი.
- მაშინ ისღა დაგვრჩენია ხვალ კატრინას ახლობლებს გავესაუბროთ. - ვუპასუხე თავაუწევლად, დაჟინებით ჩავცქეროდი კატრინას ლამაზ სახეს.
- და მისი სახლი დავათვალიეროთ. - განაგრძობდა ჩემი მეგობარი.
-ხო, მაგრამ ჩვენ ამდენი დრო არ გვაქვს, ჯერ კიდევ გაუხსნელი საქმე გვაბარია. - მისმა სულსწრაფობამ ამაღელვა.
-მოვასწრებთ, მე შეხვედრა უკვე დავუნიშნე უფროს ჰარისონს ხვალ, საღამოს, მასთან სახლში. - ეს თქვა ვილიამმა და ჩაიღიმა, კმაყოფილი ჩანდა.
   დილას, კარებზე ზარმა გამაღვიძა, თავი ძლივს ავწიე, სასწაულად მეძინებოდა და მოთენთილი ვიყავი, ჩემი სტუმარი ვილიამი აღმოჩნდა, რა თქმა უნდა, მაიძულა სწრაფად ჩამეცვა და მანქანით გამაქანა მის დევიტსონის სახლში.
   კარები გაგვიღო ერთმა ქალბატონმა, რომელსაც ჩვენს დანახვაზე ზღვისფერი თვალები გაუფართოვდა. გვიუცხოვა, ჩვენი საბუთები წარვუდგინეთ, გაკვირვება ვერ დამალა. ბინა პატარა, არც თუ ისეთი მდიდრული, დალაგებული და სუფთა აღმოჩნდა, ძვირფასი ფრანგული სუნამოების სუნი ტრიალებდა ჰაერში. ბლექი თავის ჩვევას არ ღალატობდა და ყველა საგანს ხელს კიდებდა, ათვალიერებდა, ხოლო მადმოაზელი, რომელიც სახლში შეგვიძღვა, ჩემს მეგობარს თვალს არ აცილებდა, ცხადზე ცხადი იყო, ის მოეწონა.
   ქალი ძალიან გამხდარი, მაღალი, ლამაზი, შავთმიანი, სასიამოვნო გარეგნობის გახლდათ. ჩანდა, რომ საკმაოდ ნერვიული ბრძანდებოდა მის ელიზაბეთ სტუარტი, მინდოდა რაც შეიძლება რბილად ამეხსნა მისთვის სიტუაცია და გავსაუბრებოდი.
 -მის ელიზაბეტ, თქვენ ვინ ბრძანდებით მის დევიტსონისთვის?
 -მისი უახლოესი მეგობარი და ერთადერთი ახლო ადამიანი საერთოდაც.- ნერვიულად და მკაცრად მიპასუხა მან.
- დიდი ხანია რაც იცნობთ ერთმანეთს? - რბილი ტონით ვკითხე, მეშინოდა მეტად არ გაღიზიანებულიყო, თანაც ველოდებოდი მისი რჩეული როდის ჩაერთვებოდა საუბარში.
- დაახლოებით სამი წელია. - უინტერესოდ მიპასუხა, სიგარეტს მოუკიდა და ვილიამსაც შესთავაზა, რომელმაც თავის მოძრაობით ანიშნა, რომ არ უნდოდა.
-გასაგებია, როგორი ურთიერთობა გაქვთ?
-რა მნიშვნელობა აქვს? საერთოდ რა დაკითხვას მიწყობთ? სიმართლეს გეტყვით, ძალიან ჩაკეტილი და უცნაური ადამიანია კატრინა, თითქმის არაფერს ყვება თავის ცხოვრებაზე, მე კი თუ დავიწყე ვერ გავჩერდები...ეს მარტოხელა ქალების ჩვევაა. -გავიფიქრე, რომ პირდაპირ ვილიამს იღებდა ეს ქალბატონი მიზანში.
-გუშინ ღამით სახლში იყო თქვენი მეგობარი?- ვკითხე უკვე დაღლილმა.
-არა, საერთოდაც ხშირად არ მოდის ხოლმე ღამით სახლში, სულ თავის კავალერთანაა.
-აქედან უკვე კონკრეტულად! -სწრაფად ჩაერთო საუბარში ბლექი.
- ღმერო ჩემო... მე ბევრი არაფერი ვიცი, უბრალოდ ვიღაც მდიდარი საყვარელი ჰყავს, რომელიც ძვირფასი საჩუქრებით ანებივრებს, მაგრამ თქვენთან რატომ უნდა ვამბობდე ამ ყველაფერს, რაშია საქმე? -აფორიაქდა ქალი, მაგრად მოქაჩა სიგარეტი.
-როგორც ჩანს, მართლაც ანებივრებდა, სხვა არაფერი იცით ამ კაცზე? -კატეგორიულობა გაისმა ვილიამის კითხვაში.
- არა, არა, რომ ვიცოდე, ხომ გეტყოდით, მისტერ ბლექ, თქვენ არ დაგიმალავდით, მაგრამ... არის რაღაც.. ერთხელ ღამით ფანჯრიდან თვალი მოვკარი, რომ მოაცილა კატრინა სახლამდე, იმ კაცს ჭაობისფერი პალტო ეცვა, მასეთი სხვაზე არც კი მინახავს,თავზე კი ჩვეულებრივი ქუდი ეხურა, სახე ვერ დავინახე, ეს თუ რამეში დაგეხმარებათ, სხვა არაფერი არ ვიცი, რადგან არც მაინტერესებს. - ამბობდა და თვალებს უპაჭუნებდა ჩემს მეგობარს.
-კარგი, საკმარისია, მადლობა, სამწუხაროდ თქვენი მეგობარი გუშინ ღამით კაფეში მოკლეს, ღრმად ვწუხვარ...ჩვენ ვიძიებთ ამ საქმეს. -უთხრა ვილიამმა და კარისკენ გაემართა.
  ქალის სახეზე სევდა აღიბეჭდა, ხმა არ ამოუღია, მხოლოდ კარის დაკეტვის შემდეგ გავიგონეთ მისი ხმამაღალი ტირილი.
   მანქანში ჩავსხედით, ვილიამმა გახარებულმა გამომხედა.
- მე რაღაც ვიპოვე, რაც ამ ორ საქმეს აკავშირებს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, მკვლელი გვეთამაშება... - მან გულის ჯიბიდან ყოველგვარი წარწერის გარეშე კონვერტი ამოიღო...

Friday, July 21, 2017

მთვარის საიდუმლო (VII თავი)

 ვილიამს სახეზე გაოცება აღბეჭდვოდა, მას ხელში კონვერტი ეჭირა, ყოველგვარი წარწერის გარეშე
- ეს აქ ნამდვილად არ იყო, ვიღაცამ გზავნილი დაგვიტოვა...
 მე ჯიბიდან სასწრაფოდ ამოვიღე ხელთათმანები და მეგობარს ხელიდან გამოვტაცე ნივთმტკიცებულება, რომელზეც შეიძლება პოტენციური დამნაშავის თითის ანაბეჭდები დარჩენილიყო.
 -სწრაფად გახსენი! - დაძაბული ხმით მითხრა ვილიამმა და ჯიბის ფანარი მოანათა ქაღალდს. ფრთხილად გავხსენი კონვერტი, ფურცელი ძალიან ლამაზი კალიგრაფიით ბურთულიანი კალმით იყო დაწერილი, ამას კი ნამდვილად არ მოველოდი, ეს გზავნილი პირადად ჩემს მეგობარს ეკუთვნოდა, მასში კი შემდეგი ეწერა: '' მისტერ ვილიამ ბლექ, თქვენ ალბათ გაგიკვირდებათ და სასაცილოდაც შეიძლება არ გეყოთ, მაგრამ მე თქვენ პირველი დანახვისთანავე შემიყვარდით, ძალიან გთხოვთ შემხვდით კაფე "შანსონში'' ხვალ, საღამოს შვიდ საათზე.
პატივისცემით, კატრინა დევიტსონი."
    ვილიამმა ვერ მოითმინა და  სიცილი წასკდა, მეც გამეცინა, თუმცა სიმწრისაგან.
- ისევ შენ გაგიმართლა მეგობარო, მშვენიერმა ქალმა პაემანი დაგითქვა.
- სულ არ მცალია უაზრო დროის ხარჯვისთვის იმ ქალბატონთან, ამის გარდა, კაბინეტში შემოსვლისთანავე შეგამჩნიე, რომ ის მოგეწონა, ჩემს პრინციპებს ასევე ეწინააღმდეგება ისიც, რომ ასაკობრივი სხვაობა ჩვენ შორის დიდია და რაც მთავარია, სულაც არ არის ჩემი გემოვნების ქალი, ასე, რომ შეგიძლია შემეცვალო, მე კი საქმეს მივხედავ და ვეცდები უფროს ჰარისონს, მაიკლს შეხვედრა დავუთქვა, იმან ხომ არ მოიშორა თავიდან მომავალი სარძლო?! - იკითხა და ცნობისმოყვარე მზერა მომაპყრო. დავიბენი, არ ვიცოდი დავთანხმებულიყავი თუ არა  მის წინადადებას.
   მეორე დღეს კაბინეტიდან არ გამოვსულვარ, არც მისტერ ბლექს შემოუვლია ჩვეულებისამებრ ჩემთან, ეტყობა ბევრი საქმე ჰქონდა, ახალი მდივნისკენაც ხანდახან გავაპარებდი ეჭვიან მზერას და მინდოდა ქალის სახეზე რამე ამომეკითხა, მაგრამ ის სრულებით გულგრილი იყო ჩემს მიმართ და მხოლოდ საქმისადმი იჩენდა უდიდეს ყურადღებას. სულ ვფიქრობდი, ღირდა თუ არა პაემანზე ჩემი მეგობრის ნაცვლად მისვლა და მის დევიტსონის უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება, ბოლოს სულმა მაინც წამძლია და სამუშაო დღის ბოლოს გავემართე დანიშნული ადგილისაკენ. გადავწყვიტე მომებოდიშებინა ქალისთვის მეგობრის მიუსვლელობის გამო და ყვავილები მიმერთმია მისგან. ყვავილების კიოსკში დიდხანს ვათვალიერე თაიგული, მინდოდა მათ შორის ულამაზესი ამერჩია.
  სუსხიანი ამინდი იდგა, უკვე ბნელდებოდა, ქალაქის ქუჩებში ბურუსი წვებოდა, თუმცა ლამპიონების შუქი ებრძოდა სიბნელეს, მომეჩვენა თითქოს ვიღაცა მომყვებოდა, მაგრამ საეჭვო ვერავინ შევამჩნიე, კაფესთან ბევრი ხალხი იდგა, შემსვლელიც ბევრი იყო და გამომსვლელიც, ფანჯრიდან შევიხედე, თვალებით ვეძებდი კატრინას, შევამჩნიე, როგორ მიემართებოდა საპირფარეშოსკენ, ლამაზ ალისფერ კაბაში გამოწყობილი. ამ კაფეს კარგად ვიცნობდი, თავის დროზე მე და ვილიამი აქ დავდიოდით დროის გასატარებლად, სამსახურთან ახლოს იყო. ამიტომ შესვლისთსნავე შინაურივით თავისუფალი მაგიდისკენ გავემართე და მის დევიტსონის მოლოდინში სკამზე გავიტრუნე, თვალები მიპყრობლი მქონდა იქითკენ, საიდანაც ის უნდა გამოჩენილიყო, ოც წუთზე მეტი გავიდა, ქალი კი არსად ჩანდა, საყვედურები მოისმა, ქალების საპირფარეშოს კარი გაფუჭებულიყო და ვერავინ ვერ შედიოდა შიგნით. გულმა რეჩხი მიყო და გადავწყვტე კაფეში მომუშავე პერსონალს დავხმარებოდი კარის გაღებაში. აღმოჩნდა, რომ ვიღაცას შიგნიდან საგულდაგულოდ ჩაეკეტა, სხვა გზა არ იყო, ის უნდა შეგვემტრია. როგორც ყველაზე გამოცდილმა, ეს საქმე ჩემს თავზე ავიღე, ერთი მხრის დაჯახებით საპირფარეშოში ავღმოჩნდი, სადაც ყველაფერი წითლად იყო შეღებილი, ფეხები სისხლიან გუბეში მედგა. რაც დავინახე, არასდროს დამავიწყდება... ულამაზესი კატრინა გაყინული თვალებით მომჩერებოდა, მათში შიში და სასოწარკვეთა აღბეჭდილიყო, მისთვის მუცელი სულ მთლად გამოეფატრათ  

ბასრი საგნით, საჩქაროდ გამოვიძახე ვილიამ ბლექი და სხვა თანამშრომლები. ძარღვებში სისხლი მიდუღდა, მინდოდა მკვლელი საკუთარი ხელებით მომეღრჩო. მოულოდნელად, სადღაც გარედან, შუა ქალაქში, უცხო ნადირის ყმუილი შემომესმა, იქ მყოფებს შიშის ზარი დასცემოდათ.
  

Monday, July 17, 2017

ეპატრონოს საქართველოს უნდა ვინა?!

გული მტკივა, მეგობრებო, გული მტკივა,
ეპატრონოს საქართველოს უნდა ვინა?
გაპარტახდა, შემოგვტირის ფუძის გველიც,
ოდა-კარი, გარინდული, პატრონს ელის!
არ ჯობია შენი სახლი სხვათა კოშკებს?!
ზეცა ვაებს, ვენახები, ბაღი გოდებს!
გული მტკივა, მეგობრებო, გული მტკივა,
ეპატრონოს საქართველოს უნდა ვინა?!

Tuesday, July 11, 2017

დედების ცრემლი

ზეცას სწყდებოდა წვეთი,
ხან ბევრი, ხანაც ერთი,
ეკიდებოდა ლოყებს,
უჭკნობს და მარადმყოფელს,
ედინებოდა უბეს,
უერთდებოდა გუბეს,
დედების ცრემლი, ერთი,
ბრწყინავს ვით ნათლის სვეტი.

Sunday, July 9, 2017

ვინ ვარ და რატომ მოვედიო?!

ვინ ვარ და რატომ მოვედიო?! -კითხულობ შენთვის,
რადგან აღმოჩნდი ცხოვრებაში ყრუცა და ბეციც,
აღარ გეღირსა არც კომფორტი, არც არც შენი კუთხე,
მოხუცი დედაც ვერ გინახავს, პასიანსს ურევ...
გინდა განსაზღვრო მომავალი, რომელიც არ გაქვს,
ხარ მხოლოდ ჭია, თავს ამსგავსებ ჩრჩილსა და მატლსა,
ღრღნი მოგონებებს და აწყდები კუთხიდან კუთხეს,
მცირე იმედით შეპყრობილი პასიანსს ურევ.

Saturday, July 8, 2017

დამიბრუნდა იმედი და...

იშლებოდა იმედი და სევდა
ჩემს ფანჯრებთან დილით სარეცხს ფენდა,
გაიტაცა, ატრიალა ქარმა,
გააშრო და მზეზე გაახამა,
დამიბრუნდა იმედი და ღამე
ოცნებების ვალსში გავატარე.

Wednesday, July 5, 2017

ბებიას!

ეჰ, შერეული ამინდივით ვიქცევი ძილად,
სიზმარში, ცხადში საჩეჩელზე ვატარებ ფთილას,
ბებოს ხმა მესმის, -  გაისწორე თავშალი ბალღო,
- მისი ხელები შუბლს ეხება და ისევ მათბობს.
ორაგულივით დაწინწკლული ველები მახსოვს,
ყაყაჩოები ამშვენებდა მინდორს და ახოს,
დღეს აღარა აქვს იმ ყვავილებს სუნი და ფერი
და სიზმარშიაც ჩემს ბებიას ამაოდ ველი.



Tuesday, July 4, 2017

აგვისტოო! (საბავშვო)

აგვისტოო, ცხელო, მწველო,
შემოდგომის მაწეველო,
სოფლად შრომის გამწეველო,
მზის ცის თაღზე ამწეველო.
მთების წყაროთ მიაქვთ ბუღი,
გვიბრუნდება სიოდ, ქარად,
ბაღში შესვლას არარა სჯობს,
გამოგვივსებ ხილით კასრსაც.
აგვისტოო, სულის ლხინო,
ატმად, ვაშლად, ყურძნად ლხინობ,
ფერცვალობის მადლი გვიხმობს,
ავთოს, ლევანს, სოფოს, ნიკოს!

Monday, July 3, 2017

უზადო იყო ჩემი სხეული (იესოს)

უზადო იყო ჩემი სხეული,
თეთრი ყვავილი 
და ბროწეული,
ძირს გათრეული,
უზადო იყო ჩემი სული,
სუფთა და ნაზი, 
ვით წყაროს თვალი,
გაწამებული,
ურწმუნობით და 
სიძულვილით ავსებულ კაცთა,
და კიდევ სხვათა, -
ბინძური კასტა,
გამიროკაპდა, 
თუმც ცრემლი ენთო 
უთვალავ თვალთა,
მნათობთა მნათთა,
ვინც გამამართლა.







Sunday, July 2, 2017

ეს ყოველივე ამოვიკითხე ერთი პოეტი ქალის თვალებში

მე დავინახე მის თვალებში მოზრდილი შუქი,
თვით პოეზიას შემოეცვა კრაველის ქურქი
და სამწუხაროდ, ის ტყდებოდა ყოფის კრისტალში
და ათასფერად აცვდებოდა ჩვენს მქრქალ სახეებს,
ბავშვთა ბაგეებს, ჩანასახის უმწე პოზაში,
სამყაროს კიდეს, დახრჩობა  სურს კოცნა- ალერსში,
კოშკზე პიზაში სულ სხვანაირი ამინდი იდგა,
ჩვენ ვიფარებდით გარდაცვლილთა მოთეთრო მიტკალს.



ვერ გავაკეთეთ ის, რაც უნდა გვექნა...

ვერ შეაჩერებს ვერაფერი დროის დინებას,
ცხოვრება გვკბენს და ხან ბავშვივით ენას გვიჩლიქავს,
ბატონი ჩვენი, ამოგვაცმევს წინდებს შალისას,
ხან შეგვახურებს და პიგმენტებს გვიცვლის კანისას,
ხან გულში ხანჯალს, როგორც მკვლელი დაგვიტრიალებს,
ხან სხივებს გვესვრის და ვარსკვლავებს ვუცქერთ დიადებს,
და ჩვენი ყოფნაც ზოგჯერ ხდება, ალბათ, სათუო,
ვერ გავაკეთეთ ის, რაც უნდა გვექნა უნდა უთუოდ.


Saturday, July 1, 2017

თუ დაინახავ, ვიღაცას უჭირს

თუ დაინახავ, ვიღაცას უჭირს,
ნუ დაინანებ, გახსენი მუჭი,
არავინ იცის, სად, რომელ დროში,
შენს საკუთარ შვილს დასჭირდეს გროში,
მერე წაგწვდება ცრემლები ხორხში,
რომ დაიმოკლე სინდისის მორჩი,
სჯობს ამ ქვეყნიდან წახვიდე ლაღი,
მადლობას გეტყვის დიდიც და ბალღიც.