Monday, December 28, 2015

კოხტა გოგო თათული (საბავშვო)

კოხტა გოგო თათული
გვეგებება ალუჩით,
ლამაზ თეფშზე  დაგვიწყობს,
ტკბილ კვერებსაც დაგვიცხობს,
სტუმრებს მიგვეხარება,
ღმერთი მისცემს ხარებას,
ისევ გვაწვდის ალუჩებს,
ჩვენგან იღებს საჩუქრებს.

ქრისტეს შობას გულით ველით

ქრისტეს შობას გულით ველით,
შევეგებოთ აზარფეშით,
გამოვცალოთ გაჭირვება,
ყრმა იესო გაბრწყინდება,
ნათელს მოგვფენს ჭირთა ძლევად,
ადიდდება, ადიდდება,
მოასკდება ათას ფერად
უფლის რწმენა, ,ერთგულება,
მაღლა მცველი გვეგულება,
მოგვეცემა მადლით შვება.

Sunday, December 20, 2015

ავტობიოგრაფია (სოფო)

   


 მე, სოფიო, დავითის ასული, ჭელიძე დავიბადე 2000 წლის 9 ნოემბერს, ქალაქ თბილისში. ვსწავლობ ქ. თბილისის 116-ე საჯარო სკოლის მე-12 კლასში. ვარ თბილისის საკრებულოს ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის " ჩემი თბილისი" ორგზის ფინალისტი (2015, 2016 წლები). 2016 წელს საქართველოს მწერალთა კავშირის თბილისის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის მიერ დაჯილდოებული ვარ დიპლომით ახალგაზრდა მწერალთა კონკურსში"მერანი" წარმატებით მონაწილეობისათვის. 2013 წელს გავიმარჯვე ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში "გადავარჩინოთ ბუნება"-ის მიერ ორგანიზებულ სლოგანების კონკურსში, არჩეული ვარ საქართველოს ეროვნული აკადემიის "მომავლის აკადემიის" წევრად. ვარ ოლიმპიადა "სენტენციას" 2017 წლის ფინალისტი  მხატვრულ წერაში, ჩემი ნაწარმოებები გამოქვეყნებულია რამდენიმე წიგნში, ჟურნალ "ცისკარში".
  ამავე დროს ვსწავლობ ქალაქ თბილისის სამხატვრო სასწავლებლის მეათე კლასში.
მონაწილეობა მაქვს მიღებული მხატვართა რამდენიმე ჯგუფურ გამოფენაში.
     მყავს  მშობლები და ორი ძმა.

Saturday, December 19, 2015

საქართველო ღმერთმა ადიდოს!

როცა სხეულზე დამეყრება ლურჯი იები
და როცა სული იასამნის სურნელს მოისხამს,
მე გავფრინდები... როგორც ჩიტი მშობლის უბეში,
საიქიოში სააქაო ამბავს მივიტან.
დავისხამ ყურძენს, ვაზის შტო ვარ, რქაგადაყრილი,
შვილები მტევნებს აასხამენ რწმენის აკიდოდ
და როგორც ღვინო, თიხის ქვევრში ამღერებული,
მეც შემოვძახებ - " საქართველო ღმერთმა ადიდოს!"

Friday, December 18, 2015

მე, როგორც უწინ

მე, როგორც უწინ, წინ მიმიძღვის დეკემბრის ქარი,
მე, როგორც უწინ,მეგობრებად ვარჩიე მთები,
მე,როგორც უწინ, კლდის ნაპრალში ჩავხედავ წყვდიადს,
რომელსაც ისევ გამიფანტავს მნათობის შუქი.


Wednesday, December 16, 2015

ყაყაჩო(მოთხრობა)

   საყდართან იჯდა, ლოცულობდა. - რაზე ლოცულობ, ბები? - ვკითხე, პასუხი არ გამცა. ნაღველი ჩასდგომოდა თვალებში. ეკლესიის ეზოში ბალახი მიბღოჯ-მობღოჯა, ჩანთაში ჩაიყარა, კურდღელს ვაჭმევ, მადლიაო. წამოვედით. წინ მივდიოდი, ხანდახან გავხედავდი მოხუცს, ძლივს მოაბიჯებდა, ჩანთა გულში ჩაეკრა, სულ თან დაჰქონდა, მიკვირდა კიდეც. აღმართს შევუდექით. ჩვენი ახალი სახლი მთის ფერდობზე იდგა. ძველ სახლს მაგონებდა. გზაზე ყვავილებს ვკრეფდი. ახლო-მახლო მინდვრები ყაყაჩოებს მოესურვილებინა. საოცარია, ახალი მოწყვეტილიც კი, მალე კარგავდა ფერს, ჭკნებოდა, შავდებოდა, თავს ჩამოკიდებდა ხოლმე ცხოვრებაზე ნაწყენი კაცივით.- ადამიანის სულივით ნაზი და ფაქიზია ეს ყვავილი, - გავიფიქრე, რომ უცებ ბებიას ხმა მომესმა. უკან დავბრუნდი. მოხუცი გზის პირას მიწოლილიყო, ხელებში რაღაცა ჩაებღუჯა. - რა არის, ბებია? - ვკითხე - ჩვენი ეზოს მიწაა, აფხაზეთიდან, - მითხრა ჩურჩულით და დადუმდა. იწვა ჩემი საყვარელი ბებია მიწიდან გამომზირალ  მუხის მოკრუნჩხულ, ფერშეცვლილ ფესვებს შორის. თვალები დავუხუჭე. პეშვი ფრთხილად გავუხსენი და იქ დარჩენილი მიწის ნამცეცები გულზე მოვაბნიე, მკერდზე მოწყენილი ყაყაჩო მივასვენე, ჩემი ბებოც  ხომ თავის მიწას მოწყვეტილი ყაყაჩო იყო. გაწვიმდა.

მომნატრებია დედის ფერება

ტყვიადაფარულ ღრუბლებს შევცქერი,
მომნატრებია დედის ფერება,
ციდან ღიმილის ბარათებს ველი,
თეთრი ფიფქები მათოვს ფერებად.

Thursday, December 10, 2015

თეთრი ფანტელი

თბილი გული და თბილი ხელები,
მომნატრებია დედის ფერება,
თავი ჩამიდევს დედის კალთაში,
თეთრი ფანტელი მადევს ფერებად.
გარეთ - იანვრის მთვარის ნათელი
შეჭირხლულ მინებს ხატავს პეპლებად,
დედას საოცრად მშვიდი თვალები
შემომხარის და თავზე მევლება.

Sunday, December 6, 2015

ჩიტი ღაბუა

ჩიტი ღაბუა ცხვირზე აზის თოვლის ბაბუას,
ჭიკჭიკებს, ლაღობს, ახალი წლის გვამცნობს დადგომას,
ჩამოიფერთხავს ბუმბულიდან დარდებს და წარსულს,
ემშვიდობება ფრთების ქნევით ძველ წელსაც, გასულს.

სამარადჟამოს ანთებ!

მხრებს დაგიმშვენებს წლები,
წლებზე ასხმული ვერცხლით,
ოქრო გულში გაქვს, დიდი,
ვარდიფერ ფრთებით ვლიდი.
მთებს შეაქანებ კიდით,
უახლოვდები მიზანს,
სამარადჟამოს ანთებ,
ცეცხლს, დანატოვარს ღვთისას.

Wednesday, December 2, 2015

ვისკის უხდება მანგო

ვისკის უხდება მანგო,
მერე ვიცეკვებ ტანგოს...
გარეთ გამოვალ მარტო,-
ჩემს სიმარტოვეს ვდარდობ.
ლამპიონების შუქზე, 
თეთრი ფარვანას ფრთებით,
გავწევ უფერულ გზებით...
უნდა გავლიო წლები.

ვაი პატრიოტის სიმღერა

სისხლსაც გამოვსვამ დედისას
გრანტის ჭამა თუ მეღირსა,
მამასაც მივაყოლებდი
თუ კარგად გავიქონები,
"მიყვარს სამშობლო ძალიან",
ვმღერით სიმღერას, ზარიანს,
დავიცვათ "დემოკრატია",
სიტყვას ვიშველებთ ფარიანს.






Thursday, November 19, 2015

მე ვეფერები

მე ვეფერები გალავნის კარებს,
მამა-პაპათა ნაგებს და ნაშენს,
სანთლად ჩამოქნილ თითებს ვემთხვევი,-
გამოვთხოვ ბებოს ლოცვას ვედრებით,
რომ მაპატიოს ჩემი სიცელქე,
არდაჯერება, ხედვის სიბეცე,
პეპელასავით ფრენა მინდორში
და სხვა ანცობა, ახლა ვინ მოსთვლის...
შეშას შევუწყობ დანგრეულ ბუხარს,
შეიგრძნობს სახლი, თუ როგორ ვწუხვარ.
შავი ბოლქვები, ასული ცაში,
მწარე ცრემლებად წამოვა ქარში.



წამო მთებისკენ!

თავს გვაკიდია მთების კალთები,
წამო ზევითკენ, ნუ დამზარდები,
ვახსენოთ ღმერთი, შევუდგეთ აღმართს,
დილის მზე თეთნულდს სირმებით ხატავს.
დაუგმანია  დღეს ბნელის კარი,
აწყვეტილ ნისლებს მხარს უბამს ქარი,-
ღრუბლებს გვერდები უწითლა ლახტით...
მხატვარმა გული იჯერა ხატვით.
წამო მთებისკენ, ნუ დამზარდები,
ციდან ჩამოვხსნათ ღრუბლის ფარდები,
ჯიხვს მივულოცოთ დადგომა დილის,
ჩვენი გულიც ხომ მზესავით იწვის.




Thursday, November 12, 2015

ლიტერატურული ავტობიოგრაფია


   მე, მაია იოსების ასული დიაკონიძე, დავიბადე ქ. თბილისში 1962 წლის 11 დეკემბერს.
1979 წელს დავამთავრე ქ. თბილისის 149-ე საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩავაბარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახალხო მეურნეობის დაგეგმვის ფაკულტეტზე, შრომის ეკონომიკის სპეციალობით, რომელიც წითელ დიპლომზე დავამთავრე 1984 წელს. შემდგომ სწავლა განვაგრძე იმავე სპეციალობით ასპირანტურის განყოფილებაში. 1984-1094 წლებში ვმუშაობდი საქართველოს სახალხო მეურნეობის დაგეგმვის და ეკონომიკის კვლევით ინსტიტუტში ლაბორანტის, უმცროსი, ხოლო შემდგომ უფროსი მენიერ-თანამშრომლის თანამდებობებზე. 1997-1998 წლებში ვიყავი ეკონომიკური მიმომხილველი ჟურნალ «ფინანსებსა» და გაზეთ «გადასახადებში». 2001წლიდან 2005 წლამდე ვეწეოდი პედაგოგიურ მოღვაწეობას ჰუმანიტარულ-ტექნიკურ ინსტიტუტში. ვარ 20-ზე მეტი სამეცნიერო შრომისა და სტატიის ავტორი.
    ვარ გატაცებული პოეზიითა და მხატვრობით. ლექსების წერას სერიოზულად მოვკიდე ხელი 2012 წელს. ამავე წელს ჩემი ლექსები დაიბეჭდა გაზეთში "მწერლის გაზეთი", შემდგომ  გაზეთებში "ქართული სიტყვა" და "ლიტერატურული მესხეთი". 2013 წელს მივიღე ლიტერატურული კონკურსის "შოთაობა" მეორე პრემია, რელიგიურ თემატიკაში, 2014 წელს გავხდი კონკურს "ემიგრანტის წერილის" ფინალისტი, ასევე ვარ კონკურს "ბერიკონის" ერთ-ერთი გამარჯვებული. 2017 წელს მივიღე მესამე პრემია საბავშვო პროზაში ჩატარებულ კონკურსში "ბუკნაჭო". ამავე წელს კვლავ გავხდი ლიტ. კონკურსის "შოთაობა"  მეორე პრემიის მფლობელი. ასევე ვარ ლიტერატურული კონკურსის  "წმინდა ნინოს" ერთ-ერთი ნომინანტი. ჩემი ლექსები და ესეები გამოქვეყნებულია სხვადასხვა წიგნებსა და ჟურნალებში.  ვარ ერთი საბავშვო წოგნის "იოცნებეთ ყველამ" (2015) და წიგნის "კოცნას მიგზავნის იასამანი" (2017) ავტორი.
     მყავს მეუღლე და სამი შვილი.

Saturday, November 7, 2015

ურემი (საბავშვო)

მაზანდა ვერ დაწია,
ავთომ, ბიჭმა პაწიამ,
უნდა ავტო, "ფერარი",
ხასიათზე ვერ არის,
შეაკეთეს, მიართვეს,
აღვირს ხელში აწვდიან,
გამართული ურემი,
შიგ ორი ხბო აბია.
თუმც არ არის "ფერარი,"
სათამაშოდ მზად არის,
ორი მისი ძმობილი,
დგანან მხარშეწყობილი.
.

ცაზე ფერხულში ჩაება მთვარე (საბავშვო)

საღამო იყო ისეთი მშვიდი,
რომ ჭრიჭინამაც მოუკლო ჭრიჭინს,
ცაზე ფერხულში ჩაება მთვარე,
დადუმებული უცქერდა არეს.



Saturday, October 24, 2015

მე თოჯინა ვარ

    მე ნამდვილი  თოჯინა ვარ, თუმცა ცოტა შელახული, დაძველებული, თვალებშიმზე ჩამქრალი ერთ დროს კი, როცა მიყიდეს, ჩემ შეხედვას არაფერი სჯობდა. მწვანე თვალება ქერათმიანი ლამაზმანი ვიყავი, ახლანდელი ბარბები სწორედაც რომ ვერ შემედრებოდნენ ნამდვილ, შეკვეთით დამზადებულ, საბჭოთა თოჯინას, დახვეული ნატურალური თმებით, თეთრი გეტრებითა და შავი ტუფლებით, მოსწავლესავით ჩაცმულ-დახურულს. მიყიდეს ჩემი საწოლით, ლოგინით, ვარდისფერი ბალიშებითა და ატლასის პენუარით, ავეჯეულობით და ანტიკვარიატით, სხვაც ბევრი რამ მომყვა, თუმცა ყველაფერი აღარც მახსოვს. სანამ სახლში მომიყვანდნენ, საპატარძლო კაბაშიც გამომაწყვეს, ოქრომკერგით ნაქარგი ფატა ძალიან  მიხდებოდა. ასეთი დედოფალა მაშინ იშვიათობა იყო, ამიტომ შენაძენით ამაყობდა არა მარტო ჩემი პატრონი, არამედ მისი დედა, მამა, ბებიები და ბაბუებიც კი. გარეთ ფაიტონით გამასეირნებდნენ, გვერდზე ჩოხა-ახალუხში გამოწყობილ პატრონს მომისვამდნენ და ყველას აჩვენებდნენ, ნახეთ, რა ლამაზი თოჯინა გვყავსო. მეც ვიპრანჭებოდი, ბედით კმაყოფილი, აქაოდა რა კარგ ხელში ჩავვარდი-მეთქი, ასე ყველა თოჯინას კი არ უმართლებდა?!, ზოგს ისეთი პატრონი შეხვდებოდა, ზედ არ შეხედავდა, ძირსაც გაათრევ-გამოათრევდა, თავსაც გაუტეხავდა, დაასახიჩრებულს ბოლოს ნაგავსაყრელზე მიუჩენდა ბინას, განა იშვიათად დაგინახავთ ხელ-ფეხმომძვრალი, თმებდაგლეჯილი დედოფალები, ნაგავში გადაყრილები?! ჰოდა, მეც მანდ ვარ! მე კი, როგორც ზევით აღვნიშნე, დიდ პატივში ვიყავი. მიხაროდა, ასე რომ მექცეოდნენ. პატრონი ყველგან თან დამატარებდა, მამამისს რამდენიმე მანქანაც აყიდინა, თოჯინას ძირს ფეხს ვერ დავადგმევინებო, პატრონის დედაც მეფერებოდა, მამაც, ბებიებიც და ბაბუებიც. მისთვის კი, ერთი წუთიც  უჩემოდ გატარებული, მთელი საუკუნე იყო. ნაირ-ნაირ ტანსაცმელს არ მაკლებდა, ეს ნუტრიას ქურქიო, ეს ტყავის ქურთუკიო, ეს "დუბლიონკაო", მაშინ მაგარ მოდაში იყო,  ხან დედოფლის სამოსში ვიყავი გამოწყობილი, ხან- მზარეულის,  ხან დიდი სახლის პატარა დიასახლისის როლს ვასრულებდი, ხან კი მოკლე კაბასა, შავ გეტრებსა და თეთრ ფეხსაცმელებში, მაღალ ქუსლებზე თავმომწონეობდი პატრონის წინ. არც სამკაულები მაკლდა: რამდენიმე ბრილიანტის ბეჭედი, საყურეები, სამაჯურები და საათები, ყველაფერი ოქროსი, მოკლედ, რომ ვთქვათ, ჩემს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა. პატრონმა, კარგად გაერთოსო, ჯერ სხვა ლამაზი თოჯინები მომიყვანა, იმეგობრეო, მერე შვილი თოჯინების ყიდვა გადაწყვიტა, შენნაირი ლამაზები უნდა იყვნენო, ბიჭი თოჯინების ყიდვა მაშინ ძნელი იყო, ახლა გაიოლდა, მაშინ კი მხოლოდ გოგო თოჯინები იყიდებოდა, ამიტომაც ორი გოგო თოჯინა მიყიდა, ბიჭი კი, რომ ვერ იშოვა, შეკვეთით დაამზადებინა, აქაოდა ჩემი გაუკეთებელი საქმე არ არსებობსო. ახლა დედის როლი მოვირგე,. სახლიც შეიძინა ჩვენთვის, უზარმაზარი ვარდისფერი სასახლე, დღეს ბარბებს რომ აქვთ, და ყველა გოგონა რომ შურის თვალით უყურებს, ვარდისფერი  მანქანაც მიყიდა, მაგრამ ხელფეხშეკრულს როგორ შემეძლო მისი ტარება, აქაოდა ჩემს თოჯინას ყველაფერი აქვსო, კმაყოფილი და ბედნიერი იყო, მეც ბედნიერი ვიყავი, სანამ...

                                                 __________________________

   ქალი ლოგინში იწვა და სარკეში ადევნებდა თვალს ქმარს. რეზოს დაკუნთული, გარუჯული  სხეული ყოველთვის ვნებას აღძრავდა მასში. ფულიანი კაცი იყო რეზო, მაღალი თანამდებობის პირი. ქალებსაც მოსწონდათ ენაწყლიანი, კოხტა, ხელგაშლილი მამაკაცი. ეჭვები ღრღნიდა, ბოლო ხანებში ქმარმა მის მიმართ დამოკიდებულება თითქოს შეცვალა, ისეთი სიყვარულით აღარ ექცეოდა, როგორც უწინ, თუ ეს ყველაფერი ეჩვენებოდა?!  ახლაც საუკეთესო ტანსაცმელში გამოეწყო, კვირა დღე იყო. ქალმა შეკითხვის დასმა ვერ გაბედა, მაგრამ თითქოს მის სხეულში რაღაცა მექანიზმი ჩაირთოო, თოჯინის თავში რაღაცა აირია. სწრაფად აამოძრავა ხელები და ფეხები, ჩაიცვა და უჩუმრად აედევნა მეუღლეს. რა იცოდა რეზომ, რომ მან შემთხვევით გამოჰკრა ხელი იმ გასაღებს, რომელიც თოჯინას აამუშავებდა, ეს გასაღები კი ეჭვი იყო. დიახაც, ეჭვი, რომელსაც შეუძლია ერთ წუთში გაანადგუროს დიდი ხნის ნალოლიავები, ფანტაზიით თუ რალობით შექმნილი უზარმაზარი კოშკები, თუ კი ის სიცრუეზეა აგებული. რეზო ძველ დანგრეულ შენობას მიადგა,  ქალმა აბანოს მიამსგავსა, ძველი ნესტიანი ობმოკიდებული კედლებიდან წყალი ჟონავდა, კაცმა ეს შენობა გვირაბივით სწრაფად გაიარა, გზადაგზა ქალისთვის უცხო ადამიანებს ხვდებოდა, ხელს ართმევდა, ესაუბრებოდა, ქალმა თითო-ოროლა სიტყვის გარჩევა თუ შეძლო: "მიიყვანეს," "ყველაფერი მზადაა", "მალე დაიწყება", რომელთა აზრი მისთვის უცნობი და გაურკვეველი იყო.  ქალი უჩუმრად მიჰყვებოდა უკან, შიშობდა, ქმარს არ დაენახა. კაციც საოცარ სიფრთხილეს იჩენდა, უკან-უკან იხედებოდა, შენობიდან გასული მამაკაცი ლამაზ სახლს თუ სასახლეს მიადგა, მიიხედ-მოიხედა და საეჭვო რომ ვერაფერი შეამჩნია, შიგნით შევიდა. ქალს არასოდეს დაუნახავს უწინ ეს შენობა ამ ადგილას ან არ შეუმჩნევია, ალბათ. ცოტა ხანში ქალიც უკან მიჰყვა, დაუბრკოლებლად გაიარა ორივე მხრიდან სტატუებით მორთული დერეფანი, რომელიც კოლიზეუმს უფრო ჰგავდა ვიდრე ჩვეულებრივ კორიდორს, გაკვირვებული ათვალიერებდა იქაურობას, გადაადგილებაში ხელს არავინ უშლიდა, მიუხედავად ბევრი იქ მდგომის უცნაური მზერისა, ის გზას უშიშრად აგრძელებდა. დერეფნის ბოლოს თვალებში თითქოს რაღაცა ეცა,, თვალები აეწვა.წაქცევისგან ძლივს შეიკავა თავი, თვალები რომ გაახილა ქვემოთ ჩამავალი კიბეები შენიშნა, ჩაუყვა და უეცრად მის თვალწინ უზარმაზარი არენა გადაიშალა, თავიდან ეგონა ცირკში მოხვდა, ჰაერში კვამლის ბოლქვები და ბუღი იდგა, ამიტომ უჭირდა რაიმეს გარჩევა, ისმოდა ყვირილი, კვნესა, შეძახილები. ნელ-ნელა თვალი შეაჩვია იქაურობას,  მის წინ საშინელი სურათი გადაიშალა, რომლის მთავარი მონაწილენი, მისდა გასაოცრად,  ადამიანები იყვნენ. მათ ხელჩართული ბრძოლა გაემართათ, უიარღოდ, ერთნეთს ხელებით  ებრძოდნენ, ფეხებსაც იშველიებდნენ, კბილებსაც, ერთმანეთს ხორცებს აგლეჯდნენ, თმებით წეწდნენ, აქა-იქ ხორცის ნაფლეთები ეყარა, აგერ ყურიც, სისხლის გუბეში კაცი ფართხალებდა, მკვდარიც კი შენიშნა, რომელსაც არენიდან მიათრევდნენ.  ქალი თვალებს არ უჯერებდა, ალბათ სიზმარში ვარ, გაიფიქრა და იქაურობის თვალიერება განაგრძო. მაყურებლებს შორის ბევრი ცნობილი ადამიანის სახე გაარჩია, რამდენიმე პოლიტიკოსი, ბიზნესმენიც ესწრებოდა წარმოდგენას, ზოგიერთი ყიჟინით, შეძახილებით ამხნევებდა ბრძოლის მონაწილეებს,, ზოგი თვალებზე ხელს იფარებდა, დადუმებული და გაშტერებული იჯდა, თითქოს სცხვენოდათ იქ ყოფნის, მაგრამ სხვა გზა არა ჰქონდათ, რამდენიმეს გულიც კი არეოდა და თავისივე ნაღებში იჯდა გაუნძრევლად.. ქალს თავბრუ დაეხვა, მეუღლე რომ ვერსად დაინახა, გასასვლელისკენ დაიძრა, უნდოდა ჰაერი ჩაესუნთქა და გაერკვია, რასთან ჰქონდა საქმე, რეალობასთან თუ ეს ყველაფერი მისი ფანტაზიის ნაყოფი იყო. დერეფანში ღია კარი შენიშნა, საიდანაც ხმაური ისმოდა, რეზოს ხმა გაარჩია, სასწრაფოდ იქით დაიძრა, უნდოდა ნანახი ეამბო მისთვის, შველა ეთხოვა. ოთახში გაშლილ მაგიდას მისი მეუღლე და რამდენიმე კაცი მისხდომოდა, მათ შორის რეზოს მეგობრები იცნო, ზოგი კი მისთვის სრულიად უცხო ადამიანი იყო. ხუმრობდნენ, იცინოდნენ, რაღაცას ჭამდნენ, ის იყო ქმრის სახელი უნდა ეყვირა, რომ მის ხელში ადამიანის თითები შეამჩნია, რომელსაც ის მადიანად მიირთმევდა, ქალი ქმარს გაქონილ პირისახეზე მიაშტერდა, -ვინ არის ეს თოჯინა?!- ჰკითხეს გაოგნებულ რეზოს, მან პასუხის გაცემა ვერ მოასწრო, რომ ქალმა გონება დაკარგა, მას ტუჩებზე შეაცივდა სიტყვა-: "კაციჭამიები".
          როცა გონს მოვიდა, ლოგინში იწვა, მეუღლე ზემოდან ეჭვით დასცქეროდა,  ქმარს თვალი თვალში გაუყარა, ის მშვიდად და ალერსით ელაპარაკებოდა,  -რა მოგივიდა, საყვარელო? ძილში საშინლად კვნესოდი, ცუდად ხომ  არ ხარ?! ექიმი გამოვიძახო?! -არ ჩერდებოდა რეზო. ყველაფერი სიზმარი ყოფილა, გაიფიქრა ქალმა და მშვიდად ამოისუნთქა., მეუღლეც დააწყნარა, არაფერი მიჭირსო და ლოგინიდან სწრაფად წამოხტა. მოდუნდა, მოიღვენთა, თითქოს მამოძრავებელი ძალები წაერთვაო, ისევ ის გახდა, ვინც მანამდე იყო.მექანიზმი გამოირთო. ქალი კვლავ გაუყვა უზრუნველი ცხოვრების დინებას და ყველაფერი ესე გაგრძელდებოდა, რომ არა უცნაური ზარი, რომელმაც ამცნო, რომ მის ქმარს საყვარელი ჰყავდა და არა მარტო საყვარელი, შვილიც კი. ზარმა დააფრთხო კიდევაც და მიძინებული ეჭვიც გაუღვიძა,-იქნებ ის სიზმარიც მართალია, -გაიფიქრა, ისევ აერია ტვინში რაღაცა, თითქოს ახლა ამოიღო არტახებიდან ხელი, მეუღლეს დაკითხვა მოუწყო. რეზომ თავიდან იუარა მეორე ცოლ-შვილის ამბავი, მაგრამ ბოლოს სიმართლე აღიარა, მიხვდა რომ რეალობას ვეღარ დამალავდა. ქალი ლოგინად ჩავარდა, ორი კვირა საწოლიდან ვეღარ დგებოდა, რეზო საწოლთან მუხლებდაჩოქილი პატიებას სთხოვდა, მაგრამ პასუხი არ ისმოდა.-ამდენი წელი ვის ვემსახურებოდი?!-შეკითხვას სვამდა ქალი და მწარე ცრემლები ჩამოსდიოდა თვალებიდან. ბოლოს მოხდა მოულოდნელი რამ, ქალი გამოჯანმრთელდა, ლოგინიდან ამდგარმა ცოტაოდენი ტანსაცმელი შეაგროვა,  მოცეკვავესავით ხელები აიქნია, გედივით მოიღერა კისერი და ამღერდა, ის ყელზე მოეხვია რეზოს და მადლობა მოუხადა, რომ ტყვეობიდან გაათავისუფლა, როგორც ჩიტი,  რომელიც დიდი ხანი იყო გალიაში გამოკეტილი,- აქამდე მე შენზე ვსწორდებოდი, შენ ჩემთვის სამაგალითო პიროვნება იყავი, დღეის იქით კი  მე თავისუფალი ადამიანი ვარ,- უთხრა ქმარს,- ჩვენ ერთად აღარ ვიცხოვრებთ და მან დატოვა ვარდისფერი კოშკი.


                                                 ______________________


              მე, პატარა გოგონა ვარ, რომლის მშობლებიც ერთმანეთს დაშორდნენ. მეც თოჯინა ვარ, რომლის ორ ნაწილად გახლეჩას ლამობენ. მერე უკვირთ, რატომ გვაქვს ნერვები ასე აწეწილი. ჩვენ ყველანი თოჯინები ვართ, ვინმეს მიერ მართული, მთავარია სიკეთეს ვემსახუროთ.  მე, დედამ და ჩემმა პატარა ძმამ მამის სახლი დავტოვეთ და დავსახლდით ქალაქგარეთ ბაბუაჩემის, რომელიც დიდი ხნის წინ გარდაიცვალა, სახლში. ვერ ვიტყვი, რომ ადვილი იყო ჩემთვის მშობლიური კუთხის მიტოვება, მაგრამ დედას მარტო ვერ დავტოვებდი.  ჩემი უფროსი და მამასთან დარჩა, ის ნამდვილი ბარბია, ულამაზესი ქერა თმებითა და ლურჯი თვალებით, ძალიან ჰგავს ჩვენს უკრაინელ ბებიას. ბებია დიდი ხანია უკრაინაში გადასახლდა, არეულობის დროს, 90-იანებში, პატარა ბიძასთან ერთად. დედა მიხვდა, რომ ცხოვრება ისეთი იოლი არ არის, როგორც ეგონა. ის აღარ ცხოვრობს ცისფერი ოცნებების ვარდისფერ სასახლეში. ის წყნარი, მშვიდი, ალერსიანია, ისეთივე ფუმფულა და ნაზი, როგორც მისი შეკერილი ბალიშები. ის გამოსავალს ეძებს, ათას საქმეს მოჰკიდა ხელი, რომ მე და ჩემი ძმა გვარჩინოს. მაინც გვიჭირს, მაგრამ მამაჩემისგან დახმარებას არ ღებულობს. დედამ ბებიას ნასწავლები სამკურნალო მალამოების რამდენიმე რეცეპტი გაიხსენა და ახლა იმ ადამიანებს ემსახურება, რომლებსაც მისი დახმარება ჭირდებათ. მე და დედა ხშირად დავდივართ შორიახლო მინდვრებში სამკურნალო ბალახების შესაგროვებლად, ჩვენს სახლში სულ დგას ყვავილების სუნი, რომელიც ძალიან მომწონს. ერთხელ ველზე გავედით, მე გვირილებს ვაგროვებდი, დედა, როგორც ყოველთვის-ბალახებს, დასასვენებლად ჩამოვჯექით, მე მუხლებში ჩავუდე თავი,  ცას ვუყურებდი, მოიღრუბლა, უცებ წვეთი დამეცა სახეზე, ვიფიქრე, წვიმა დაიწყო-მეთქი, მაღლა ავიხედე, დედა ტიროდა, მას სახეზე ცრემლები ჩამოსდიოდა და სახის კანს მიწვავდა,-რა მოგივიდა, -ვკითხე შეშფოთებით,-დედა მენატრება,- მითხრა დაღონებულმა, მივხვდი, რომ მასაც აქვს სურვილები, ოცნებები, რომელსაც ყურადღებას არ ვაქცევ, ისიც ჩვეულებრივი ადამიანია, როგორიც მე ვარ. მაშინ მფრინავი ხალიჩა ვინატრე ან ნატვრის თვალი, რომ მისთვის ყველა ოცნება ამეხდინა.
                 სახლში დედამ ხატების კუთხე მოიწყო.ხშირად ლოცულობს. ერთხელ ვკითხე- ვისთვის ლოცულობ, დედი?-ყველასთვის, მიპასუხა.- მამასთვისაც ლოცულობ/' -გავუმეორე შეკითხვა.- მამასთვისაც;- ისევ მიპასუხა და თვალებში სევდა ჩაუდგა. მამამ მეორედ იქორწინა, ახლა სხვა თოჯინაზე. მე და ჩემი ძმაც ისევ მის თოჯინებად დავრჩით, უხილავი ძაფებით მართულ თოჯინებად, დედა კი, თავისუფალი ადამიანია, ყველაზე თავისუფალი...

                                                 --------------------------
         

          მე თოჯინა ვარ, დაბერებული, შელახული, მაგრამ თვალებშიმზეჩამდგარი, რადგან ახლა მე ჩემი შვილიშვილის თოჯინა ვარ, ბებო თოჯინა, რომელიც მას ყველაზე მეტად უყვარს, მე სიკეთეს ვემსახურები და არა ბოროტებას, მე თოჯინა ვარ, რომელიც მუდამ იცინის, რომ პატარა მაია გაახაროს, მაგრამ ერთხელაც ალბათ დადგება დღე, რომ მეც კუთხეში მიმაგდებენ, გამათრევენ და როგორც უვარგისსა და გამოუსადეგარს სანაგვეზე გადამაგდებენ,


                                                 -----------------------------------------
        გოგონას პატარაობიდან უყვარდა სასაფლაო, რაღაცა სიმყუდროვეს გრძნობდა   საფლავებს შორის. პირველად იქ  ბებიას დასაფლავებაზე მოხვდა, თავისი საყვარელი ბებიას., რომელიც მუდამ კაკლის მურაბითა და ჩურჩხელებით უმასპინძლდებოდა. ამის მერე შეუყვარდა ალბათ სასაფლაო. ახსოვდა, როგორ ჩაუშვვეს კუბო წინასწარგათხრილ ორმოში, კიდევ დიდხანს ესმოდა, როგორ აყრიდნენ მიწას,  თვითონ კვიპაროსის ქვეშ იდგა ატირებული, ახსოვს ვიღაცა ამშვიდებდა, მაგრამ ვინ იყო, არ ახსოვს, ალბათ იმიტომ რომ ძალიან პატარა იყო. მას მერე ხშირად დადიოდა სასაფლაოზე, ხავსმოკიდებულ ქვებს ესაუბრებოდა. სწორედ იქ გაიცნო პატარა ბიჭი, რომელიც სადღაც შორიახლოს ათევდა ღამეს, უსახლკარო  და უპატრონო იყო.გოგონას ეცოდებოდა, ხანდახან მისთვის საჭმელი მოჰქონდა სახლიდან,  -სად ათევ ღამეს,-ჰკითხა ერთხელ გოგონამ, აქვე ახლოს- უპასუხა ბიჭმა, ხელი მოჰკიდა და ერთ პატარა სახლთან მიიყვანა, რომელიც თავისი ხელით შეეკოწიწებინა, გოგონა გაოცებით უყურებდა უცნაურ ნაგებობას, ფერადი შუშებითა და პლასტიკატებით შემკობილს, რომელიც მზის შუქზე ელავდა და ბრწყინავდა. -რა ნიჭიერი ყოფილხარ, -უთხრა გოგონამ, -მართლა მოგწონს? ჰკითხა ბიჭმა, --მართლა, მართლა,- პასუხობდა გოგონა, მაგრამ ყველაზე მეტად გააოცა იმ მშვენიერმა თოჯინებმა, რომლებსაც ამ სახლში მოეყარათ თავი. ზოგი გოგო თოჯინა იყო, ზოგი-ბიჭი, ლამაზად ჩაცმულ-დახურულები უცნაურად გამოიყურებოდნენ ამ ადგილას.-თოჯინების თეატრი-, წამოიძახა გოგონამ. -ამათ მაინც სად პოულობ?! - ჰკითხა ბიჭს, -ნაგავსაყრელზე,- იყო პასუხი, -წამოდი გაჩვენო,-უთხრა ბიჭმა, ხელი მოჰკიდა და გზას გაუყვნენ, მალე ნაგვით სავსე პატარა გორას მიადგნენ, რას არ ნახავდით აქ: გადაყრილ ავეჯს, ტანსაცმელს, ანტიკვარიატს, სურათებს და დიდ თუ პატარა თოჯინებს, ტანსაცმელშემოძარცვულებს, თავგატეხილებს, ხელფეხმომძვრალს, ზოგს წითელი ბაფთებით, ზოგს-თეთრი გეტრებით და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით, ზოგს თმადავარხცხნილსა და გაპუდრულს, ზოგსაც, სიძველისაგან წამწამებდაგლეჯილსა და გაშავებულს-.ისინი ჩემი ერთადერთი მეგობრები არიან, -თქვა ბიჭმა და მათი შეგროვება დაიწყო, მას მერე გოგონა ყოველთვის ერიდებოდა ნაგავსაყრელებს, ახსენდებოდა ის პატარა ბიჭი, რომლის ერთადერთი მეგობრები ძველი, გადაყრილი თოჯინები იყვნენ, არ უნდოდა ერთ დღეს თვითონაც იქ აღმოჩენილიყო.

Tuesday, October 20, 2015

მფარველი ანგელოზი (მოთხრობა)

   მთიდან სულ სირბილით მოვექანებოდი, რაღაცა ძალა თითქოს ქვემოთ მექაჩებოდა, ხანდახან ვბორძიკობდი, ქვას წამოვდებდი ხოლმე ფეხს,  ხან ეკალ-ბარდები მიღობავდა გზას, არ ვეპუებოდი, ვგლეჯდი, ვწეწდი, დავსისხლიანდი კიდეც, მაგრამ ვერაფერმა შემაჩერა, ვგრძნობდი ვიღაცას ვჭირდებოდი, ქანცგაწყვეტილი მივედი სახლში, ჩემი ქმარი ეზოში რაღაცას საქმიანობდა, გაკვირვებით შემომხედა- რა მოგსვლია, ქალო!-ესღა მკითხა, არაფერი მიპასუხია,  დავწყნარდი, აქ ყველაფერი რიგზეა, თორემ დათო ასე მშვიდად არ იქნებოდა-მეთქი,.სახლში შევედი, დასასვენებლად მივწექი, ბალიშზე დავდე თუ არა თავი, საშინელი სიზმარი მესიზმრა, დედას ფეხი სტკიოდა, დახმარებას მთხოვდა, ოფლიანმა გავიღვიძე,- ალბათ მოუხერხებლად ვიწექი,- თავი დავიმშვიდე. მას მერე, რაც დედაჩემი უკრაინაში ცხოვრობს, ხშირად მესიზმრება, ვფორიაქობ, ვნერვიულობ, ვეღარ ვისვენებ. აი, ახლაც, ისევ ცუდი აზრები ამეკვიატა.
     დედა უკრაინელი მყავს. დიდი ხნის წინ ჩამოვიდა საქართველოში, მამა გაიცნო, ხუთი შვილი ვეყოლეთ, გმირი დედაა, მაგრამ რა ხეირი, სამნი აქ ვცხოვრობთ, ერთი და-მხატვარი მოსკოვშია, ის კი არეულობის პერიოდში, 90-იან წლებში, სამშობლოში წავიდა, ჩემი ნაბოლარა ძმა, აფხაზეთის ომის მონაწილე, მეორე ჯგუფის ინვალიდი, თან წაიყვანა, უკეთესი ცხოვრების იმედით. ძმას მკურნალობა სჭირდებოდა, ფული არ ჰქონდა, სამუშაოს ვერ შოულობდა, ინვალიდს კი არა, ჯანმრთელ, ჯანსაღ მამაკაცებს დღესაც კი უჭირათ სამუშაოს შოვნა, მაშინ კი, იმ არეულობასა და საყოველთაო ქაოსში, მითუმეტეს, ძნელი იყო. ის ცალი ყურით ყრუ არის, გაგრასთან დაიჭრა, ექვსი საათი უკეთებდნენ ოპერაციას გაგრაში, ჩვენი ექიმების გულმოდგინეობით ყური აღუდგინეს, თუმცა სმენა ვერ შეუნარჩუნეს. რეაბილიტაციის მერე ისევ აფხაზეთში დაბრუნდა საბრძოლველად, კოდორს იცავდა. ძალიან დაწყდა გული. როდესაც გაიგო , რომ 2008 წელს ქართველებმა კოდორი დაკარგეს.  უკვე ოც წელზე მეტია, რაც  ხარკოვში ცხოვრობს, უკრაინელი ქალი მოიყვანა ცოლად, თუმცა დედა ძალიან წინააღმდეგი იყო, ქართველი რძალი უნდოდა, ქართველმა ქართველი უნდა მოიყვანოსო ცოლადო, სულ ამას ეუბნებოდა ჩემს ძმებს. დედას საქართველოში დაბრუნებაზე ოცნებობდა, მაგრამ არ გაუმართლა, ხერხემალი დაიზიანა, ექიმების მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდება. ახლაც სანატორიუმშია, ხარკოვისგან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით. ძმა ყოველ კვირა ჩადის მის მოსანახულებლად. მიუხედავად იმისა, რომ დედას მეთვალყურე და მომვლელი მუდმივად ჰყავს, მაინც ვღელავ, მიჭირს დედის გარეშე, ვოცნებობ, რომ ჩემთან იყოს, მშობლებთან ცხოვრება ხომ ღვთის მადლია. წუთისოფელს რა ვუთხარი, რომ ასე დაგვაცილა ერთმანეთს დედმამიშვილები და მშობლები, ერთმანეთის ნახვაც გვიჭირს, უსახსრობის გამო, დაილოცოს სკაიპის მომგონი, მაგითღა ვხედავთ ერთმანეთს, ისიც დროგამოშვებით, - დროის უქონლობის გამო .
    იმ დღეს საქმეებში გავერთე, ცუდი აღარაფერი მიფიქრია. ღამით ისევ  უსიამოვნოდ მეძინა, თითქოს ვიღაცა მეძახდა, შველას მთხოვდა მეტს ვეღარ გავუძელი და დილით ძმას დავურეკე ხარკოვში, რამე ცუდი ხომ არ ხდება -მეთქი. ჩემმა ზარმა გააკვირვა, ყველაფერი წესრიგშიაო დამამშვიდა,- ორი დღის წინ ვიყავიო დედასთან.-. მაგრამ რაც რამდენიმე დღის შემდეგ გავიგე, გამაოცა,  ჩემი ზარის  შემდეგ  ჩემი ძმა აფორიაქებულა, დედასთან დაურეკია, ზარს არავინ პასუხობდა, მერე დაუკავშირდა სანატორიუმის დირექტორს და გაუგია, რომ დედას სწორედ წინა დღეს მოუტეხია ფეხი და საავადმყოფოში გადაუყვანიათ. მისთვის არც შეუტყობინებიათ, ის  კი  მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ აპირებდა დედასთან ჩასვლას, თავზარდაცემული დათო(ჩემი ქმრის სეხნიაა) საავადმყოფოში გაქანდა ,  74 წლის ქალი მწოლიარე და გირებზე ფეხჩამოკიდებული რომ დაინახა , გადაირია. აღმოჩნდა, რომ იქაური ექიმების კვალიფიკაცია არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ დედასთვის სასწრაფო ოპერაცია გაეკეთებინათ, საჭირო იყო ხარკოვიდან სპეციალისტის ჩაყვანა. ასეც მოიქცა, დედას ოპერაცია გაუკეთეს, რომ არა ეს, მოხუცი მენჯ-ბარძაყის  მოტეხილობას (ფეხი ორ ადგილას იყო გადატეხილი),  ვერ გადაიტანდა.  მხოლოდ ოპერაციის შემდეგ დამირეკა ძმამ და ეს ამბავი შემატყობინა, მადლობას მიხდიდა, - მაია, შენ რომ არა, არ ვიცი რა მოხდებოდაო,- შვებით ამოვისუნთქე, მივხვდი, რომ ჩემმა მფარველმა ანგელოზმა საშიშროებისაგან გვიხსნა და ჩემი მისია ნაწილობრივ მაინც შევასრულე.  

Sunday, October 18, 2015

ხარი (საბავშვო)

-ხართუთა და ხარ-ირემი,
ხარი, ქვეყნის გადამრჩენი,
ბუხარი და ხარისთვალა,
-ავთომ სწავლით გაგვახარა.

დევმა მზე ჩამოგვიბნელა (საბავშვო)

აღარ გვაქვს გზისთვის საგზალი,
აღარც დილა დგას მზიანი,
მაშ, წასვლას რაღას ვეჩქაროთ,
ხმალი ვაფეროთ  ფრთიანი,
დევმა მზე ჩამოგვიბნელა,
ვეღარა გვითქვამს სათქმელი,
იქნებ მთის იქით გადავსვათ,
რომ დადგეს ჩვენი საშველი.


Saturday, October 17, 2015

სოსო ბაბუა (საბავშვო)

      პატარა ნინო დედამ ცირკში წაიყვანა. კმაყოფილი და ბედნიერი ბრუნდებოდა შინ. უცებ გზაზე ბუშტების გამყიდველი  შეამჩნია. დედას ბუშტების ყიდვა სთხოვა. გამყიდველი მოხუცებული კაცი აღმოჩნდა. -რა გქვია, გოგონა?-ჰკითხა კაცმა პატარას.- მე ნინო ვარ, შენ რა გქვია?-კითხვა დაუბრუნა მოხუცს. -მე სოსო ბაბუა ვარ,- თქვა ღიმილით გამყიდველმა და გოგონას რამდენიმე ცალი გასაბერი ბუშტები მიაწოდა.- მერე თითქოს რაღაცა დაავიწყდაო,-  ეს ჩემგან საჩუქრად, პატარავ! -თქვა და ბავშვს დამატებით უშველებელი ნეონის ბუშტი მისცა ხელში. -ეს ოცნებების ბუშტია, რასაც ჩაიფიქრებ, ყველაფერი აგისრულდება!-უთხრა ბავშვს. -მადლობ,-თქვა ნინომ. გოგონას სიხარულით აუჩქრიალდა გული.
        ცისფერი ნეონის ბუშტი დიდხანს ეკიდა ნინოს ოთახში, ნელ-ნელა ჩაიჩუტა, დაპატარავდა. დედამ გადაწყვიტა მისი გადაგდება, მაგრამ გოგონამ გამოართვა და პატარა ყუთში მოათავსა, სადაც ძვირფას ნივთებს ინახავდა.
        ახლა ნონო დიდი გოგოა, მაგრამ ცისფერი ბუშტების დანახვაზე ყოველთვის სოსო ბაბუა ახსენდება. იცის რომ მას ყველა ოცნება აუსრულდება.

           

ჩანახატი

      გარეთ წვიმს, ღრუბლიანი ამინდია, მაგრამ ასეც რომ არ იყოს, ჩემი ოთახიც საავდროდ გამზადებულს ჰგავს. ჭერზე ბიაზი რამდენიმე ადგილზე ძირს ჩამოვარდნილა, დამსკდარა, გაყვითლებულა, რამდენიმე წლის წინ ჩვენ ზემოთ მცხოვრებმა მეზობელმა წყალი დაგვასხა თავზე, მას მერე რემონტი ვეღარც გავაკეთეთ, ახლაც გეგონება, ესაა და წყალი წამოვა ჭერიდანო, კედლებზე შპალიერი ახეულია ერთ ადგილას, საცაა ძირს ჩამოვა, ისიც  მეზობლების წყალობით, სამზარეულოს კანალიზაციის მილი დაახლოებით ათი წლის მანძილზე იყო გახეთქილი, წყალი ჟონავდა სამზარეულოს ჭერიდან, დასველდა და დახავსდა სამზარეულოსა და საწოლი ოთახის კედელი, რომელიც საერთოა, ახლა ეს პრობლემა მოგვარებულია, მაგრამ ჩემი ოთახი ისე დარჩა, როგორც ნაშთი ძველი მოგონებებისა, დაბზარული, გაძარცვული, ნარემონტალი. ფანჯარასთან ვზივარ, ვამთქნარებ და ძილმორეული შევცქერი საავდრო ღრუბლებს, რომლებიც უკვე კარგა ხანია შემოვიდნენ ჩემს ცხოვრებაში. ნეტავ როდის შემოვა მზის სხივები ჩემს ფანჯრებში, როდის გამოიდარებს?!

გამოცანები (საბავშვო)

შავ-წითელი ყვავილია,
ყანის ხშირი სტუმარია,
უგვირგვინო დედოფალსა,
ტახტი  მინდვრად უკავია.
                               (ყაყაჩო)



თეთრი, ხანაც ნაცრისფერი,
დიდი მკერდით, დიდი გულით,
მშვიდობის ჩიტს ეძახიან,
ოვაციით არნახულით.
                            (მტრედი)



ქარებს უნდა დაეჭიდოს,
რომ ვეება ტვირთი ზიდოს,
ატრიალოს დიდი ქვები,
ფქვილით ავსოს მაფრაშები.
                       (ქარის წისქვილი)

ღრუბელს ცრემლად დაეკიდა,
ცამ ვარსკვლავის ფორმა მისცა,
მიწისაკენ გამოგზავნა
გოგო-ბიჭის გასახარად.
                          (თოვლის ფიფქი)


ხან ყვავილით ამოგვივსებს კალათებს და თვალებსაც,
ხან მზე არის ისე მწველი, თავი შეგებრალება,
ხან  ლხინია საწნახელში, ვენახს ვსტუმრობთ გოდრებით,
ხან გვცივა და ბუხრის პირას დილას ვხვდებით ზმორებით.
                                          (წელიწადის დროები)

ერთი ზღაპრის გმირია,
მისი მოგონილია,
თუკი მხრებზე თავი გადევს,
ყველა გზა გაქვს ხსნილია.
                                     (ნაცარქექია)
                                           

Friday, October 16, 2015

გაკვეთილი (საბავშვო)

ჩავატარე გაკვეთილი,
გავიძახე მურია,
სწავლა უნდა ამისთანა!
თვლით იჯერა გულია,
ერთს რომ ერთი მივუმატოთ,
რამდენია, მოსწავლე?-
ვეკითხები, ის მპასუხობს,
ორჯერ ყეფით, მხურვალედ,
გადავწყვიტე სკოლა გავხსნა,
ბატისა და იხვისთვის,
მამალიც კი, როგორც ვხედავ,
სწავლისაკენ მიილტვის.
ზუსტად იცის, რომელ წუთზე
შემოსძახოს "ყიყლიყო",
რომ გვაუწყოს გათენება,
სამჯერ უნდა იყივლოს.





ჟურნალისტი( საბავშვო)

მინდა გავხდე ჟურნალისტი,
თან ვატარო ჩამწერი,
ინტერვიუ ჩამოვართვა
ჩემს ფისუნას, გაბერილს,
სანამ კნუტებს შემოისევს,
თვალჭრელას და ფერადებს,
უნდა ბეწვებდავარცხნილი,
ლურჯ ეკრანზე მოთავსდეს.





თეთრი მამა-დავითი(საბავშვო)

სიფრიფანა ფანტელი თავს მევლება დილიდან,
თეთრი მამა-დავითი  ჰგავს თბილისის თილისმას,
თოვლი, გაბრწყინებული, ისრებს მესვრის ირიბად,
მთების თეთრი კარვები გულს ზეცისკენ იზიდავს.




მშვიდობის დღე (საბავშვო)

დალიმ ხელი დაიმშვენა,
შეკრა დიდი თაიგული,
ბებოს უნდა მიულოცოს
დღე, მშვიდობის, მთელი გულით.

ბებოს კიტრი(საბავშვო)

მოიწია ბებომ კიტრი,
შრომითა და  დიდი ჯაფით,
ბაღჩა-ვენახს ხომ ჭირდება
მშრომელი და გამრჯე კაცი.
საჭმელს შევჭამ, გავიზრდები,
ხარს დავადგამ ქედზე უღელს,
ტყიდან შეშას ჩამოვიტან,
სარით ვენახს ჩამოვურბენ.

Wednesday, October 14, 2015

ჩემი სოფელი( საბავშვო)

სილამაზით განთქმულია ქვეყნად ჩემი სოფელი,
აქ მდელოა გვირილების, იქ ჩანჩქერი მომელის,
ხიდისთავში ბებო მხვდება, მესალმება ყოველი,
ხარი, ძროხა, კნუტი ფეფო,
ვარ ნატვრის თვლის მფლობელი.


დიტოს გასაჭირი (საბავშვო)

დაეკარგა თურმე დიტოს, სათამაშო მობილი,
ყურშამ, მისმა მეგობარმა, ჭირი იგრძნო ძმობილის,
გადასინჯა ეზო-ყურე, საღორე და საქათმე,
თურმე ნატო მობილურით, ძროხებს საქმეს ავალებს,
მოიწველონ ბევრზე-ბევრი რძე თოვლივით ქათქათა,
ბებომ თურმე იმ დილისთვის, ბაბუს ცხენი დარახტა,
რომ წაიღონ თეთრი სითხე გასაყიდად ქალაქად,
შავი ჩოხა-ახალუხი დიტოს, ჩვენსას, დახატავს.
 
,



Monday, October 12, 2015

გამრჯე ბიჭი(საბავშვო)

გამრჯე არის ჩვენი თოკო,
ადრე დილით ურემს აბამს,
უნდა წაჰყვეს შეშის ჭრაზე
მამიკოს და თემო პაპას.

ზარმაცი ზურა(საბავშვო)

დაეკარგა პულტი ზურას,
ვეღარ მართავს თავის ავტოს,
ფეხით წასვლა აღარ უნდა,
უნდა მამას დაემსგავსოს.

კიბორგების მეგობარი (საბავშვო)

კომპიუტერს უზის ბიჭი,
არავისთვის არა სცხელა,
ბებოს უნდა დახმარება,
პაპაც მშველელს ელოდება,.
მაგრამ თამაშს ვერა სწყდება
კიბორგების მეგობარი და
ეკრანზე მთელ ჯარს ებრძვის,
გახდა დიდი მეომარი.

თევზაობა(საბავშვო)

თევზაობა უყვარს გიოს,
ცდილობს ლოქო დაიჭიროს,
თუ ამოჰყვა თევზი ანკესს,
ვგონებ მაღლა ვეღარ დარჩეს.
მდინარეში ადენს ტყაპანს,
წყალსაც ცოტას არ ჩაყლაპავს,
დიდ ღლავს როგორ მოერიოს,
ასე ციცქნამ როგორ სძლიოს?!
მაგრამ ბიჭი არა ღელავს,
ჩანთა უდევს ლოქოსხელა,
უნდა ხელი დაიმშვენოს,
თევზის კუდი მაინც ერგოს.



პატარა მხატვარი(საბავშვო)

შარვალს იცმევს კუბოკრულს,
პერანგს სუფთა,  ქათქათას,
დიდი ფუნჯით ზღვის ნაპირზე
ლურჯ პეიზაჟს დახატავს.
როგორც დიდი მხატვარი,
დაიხურავს ბერეტსაც,
ფიროსმანის ნიჭი მისცეს.
მაღლა ღმერთს ევედრება.
აგერ მფრინავ ღრუბელს ხატავს,
ქარი გახდა სამიზნე,
ტალღა თითქოს ტალღას მისდევს,
ტილო ყველას ვერ იტევს.
.

Sunday, October 11, 2015

გამოცანები (საბავშვო)

                                  გამოცანები
 

სათვალით და წიგნით ხელში,
ვინ დამჯდარა კაკლის ძირას?!
მურაბების ხარშვას მორჩა,
ეწაფება წიგნის კითხვას.
                               (ბებია)



თავი, ცხვირი დაგვისველა,
ფეხსაცმელი დაგვითხუპნა,
მისი მოსვლით ყველა ხარობს,
ბაღში ვარდი გაიფურჩქნა.
                            (წვიმა)



ვარდის დიდი მეგობარი,
მომღერალი ჩიტუნია,
მისი სტვენით ყველა ხარობს,
თავი გვერზე დაუხრია.
                     (ბულბული)


დარია თუ ავდარია, მუდამ ქოლგა აფარია.
                                                              ( სოკო)


კო, კო, კო, კოს გაიძახის,
თავქოჩორა ფრინველია,
საბუდარში ჩამჯდარა და
ქვეშ კვერცხები მიუწყვია.
                              (ქათამი)



კრიჭი-კრიჭი, ისმის მუდამ,
ერთი დიდი ოთახია,
გრძელი თმებით შედიან და
მოკლე თმებით გამოდიან.
                              (საპარიკმახერო)



Saturday, October 10, 2015

ბროწეული (საბავშვო)

დაგვიმწიფდა ბროწეული,
დაგვიმშვენა ხელის გული,
ათასობით მწიფე მარცვალს,
სასარგებლო წვენი ახლავს.

გაზაფხული მობრძანდება (საბავშვო)

ზამთრის სუსხი ნელა გვტოვებს,
გაზაფხული გვეძალება,
ატმისა და ნუშის კვირტებს,
მზე შიგ გულში უსახლდება.
ერთმანეთის საფერებლად,
ერთმანეთის მიყოლებით,
ამოდიან შავ-თეთრ ველზე
ნაირფერი ყვავილები,
აქ ენძელა გადაშლილა,
აქ კი- ია ლურჯთვალება,
ფეთქავს, ლაღობს გაზაფხული,
დროზე ადრე მობრძანდება!

ბულბული (საბავშვო)

გალიაში გამოკეტეს პაწაწინა ჩიტუნია,
აღარცა ჭამს, აღარცა სვამს,
პირზე კლიტე დაუდია,
ბულბული რომ არ მღეროდეს,
განა ვინმეს გაუგია?!

წითელი ავტო (საბავშვო მოთხრობა)

 მარის ძალიან უყვარს ხელოვნური ყვავილების დამზადება. ზოგი ყვავილი წითელია, ზოგი - ყვითელი, ზოგიც - ვარდისფერი. ლამაზია ეს ყვავილები, ამიტომაც მოსწონთ პატარა გოგონებს, ზოგს ნაწნავებზე იმაგრებენ, ზოგსაც - კაბაზე. პატარა ზურიკო კი გოგო არ არის! ამიტომაც ფიქრობს, ნეტავ რისთვის აკეთებს დედაჩემი ამ ყვავილებს, ვის ჭირდება?! აი, მე  რომ დიდი გავიზრდები, ავტოებს გავაკეთებ, დიდ ავტოებს, საქმეც ეგ იქნება... (ზურიკოს განსაკუთრებით მოსწონს წითელი სათამაშო მანქანა) დედაჩემმა აკეთოს თავისი ყვავილები, სოფოს მისცეს, თმებზე მიიმაგრებს, მე კი დიდი წითელი ავტო მინდა, სახელად "ფერერი".
  ღმერთმა აუხდინოს პატარა ზურიკოს ეს ოცნება!

პატარა გოჭი (საბავშვო მოთხრობა)

 ერთ ეზოში პატარა გოჭი ცხოვრობს, გოჭმაჭურს ეძახიან. გაიღვიძებს დილით გოჭმაჭური და ფიქრობს, რა ჭამოს. აბა, იმას სხვა საფიქრელი არაფერი აქვს, კბილები არა აქვს გასახეხი და გაკვეთილები სასწავლი. მიდის გოჭმაჭური ვაშლის ხესთან და ეუბნება: ვაშლის ხეო, ვაშლის ხეო, ერთი წითელი ვაშლი გადმომიგდე! ვაშლის ხე პასუხობს:_ შე ცინგლიანო, აქედან დამეკარგე, განა არ იცი, რომ წითელი ვაშლები ზურიკოსთვის მაქვს შენახული?! შენ მანდ, ღობის ძირში, დამპალი ვაშლები რომ ყრია, ის შეჭამეო. რა ქნას გოჭმაჭურმა, ჭამს დამპალ ვაშლებს.
  ახლა, მსხლის ხისკენ იღებს გეზს, მასაც ეძახის, ერთი- ორი ტკბილი მსუქანი მსხალი ჩამომიგდეო, მაგრამ მსხლის ხეც იგივეს პასუხობს, ეს მსხლები ზურიკოსთვის მაქვს შენახულიო. რაღას იზამს გოჭმაჭმური, დადის ხის ძირში და ძირნაყარ მსხლებს მიირთმევს. განა მანაც არ იცის, ვინ არის ზურიკო?!
     აი, ზურიკო ეზოში გამოდის, ძლივ-ძლივობით ადგამს ნაბიჯებს, იმიტომ რომ ძალიან პატარაა, თორემ იცით, რა ვაჟკაცია! მიდის ბიჭი ვაშლის ხესთან, ეპოტინება ტოტებს, წითელი ვაშლი უნდა, ვაშლის ხეც ტოტებს დაბლა წევს, იზნიქება, მაგრამ ბიჭი მაინც ვერ წვდება წითელ ვაშლს, გამორბის ბებო, ვაშლს წყვეტს და ზურიკოს აწვდის. ოო, როგორ უხარია ზურიკოს! წითელი ვაშლი ბრწყინავს მის პატარა ფაფუკ ხელებში, უხარია ბებოს, უხარია ვაშლის ხეს, უხარია ეზოს!

წითელი ბურთი (საბავშვო მოთხრობა)

   პატარა ზურიკოს წითელი ბურთი მოუტანეს. ახტა წითელი ბურთი, იცინის ზურიკო, დახტა წითელი ბურთი, ისევ იცინის. ძალიან უხარია ზურიკოს. წითელი ბურთი ხან ახტება, ხან დახტება. ზურა კი გულიანად იცინის და იცინის. მის სიცილზე დედაც იცინის, მამაც, დიდი გოგო სოფოც და ბებოც. იმათ სიცილზე მზემაც გაიცინა, გაიცინა და ოქროსფერი სხივები  გადააფინა ველებს. მის სიცილზე ყვავილები გაიშალა, გაიფურჩქნა. ყვავილებმაც გაიცინეს,ახლა პეპლები აცეკვდა, გაიცინა ყველამ.
   ახტება წითელი ბურთი, იცინის ზურიკო, დედა, მამა, პატარა გოგო სოფო, ბებო, მზე, ყვავილები და მთელი დედამიწა.

ბანაობა(საბავშვო)

ნებიერა კოხტა გოგო,
ძამიკოსთან ისევ ომობს:
-ნუ დადიხარ დათხუპნული,
-ამოცანა არის რთული,
სულ არ უყვარს წყალი ლევანს,
ბებო, პაპა ძლიერ ღელავს,
შეკრეს ერთად ყველამ პირი,
ბიჭს დაადგა გასაჭირი,
თავი უცბად ჩამობანეს,
ვეღარ გრძნობდა უკვე საფრთხეს,
მთელი ტანით აბანავეს,
სისუფთავის სურნელს აფრქვევს.



დარდობს ბიჭი ზურიკელა (საბავშვო)

დარდობს ბიჭი ზურიკელა,
სათამაშოდ არვის ცხელა,
ავთო პაპას ეხმარება,
ვენახს ფურჩქნის ნელა-ნელა,
ლევანს ცხვარი ებარება,
გაიყვანოს უნდა ველად,
სოფიკუნა სარეცხს რეცხავს,
ქეთო ბებოს უნდა შველა,
დარდობს ბიჭი ზურიკელა,
სათამაშოდ არვის ცხელა,
სანადიროდ წავლენ ალბათ,
ის და მისი მურიკელა.

,
,

ფანქარი (საბავშვო)

ფანქრის გათლა გადაწყვიტა
სოფიკუნამ, ერთი ციდამ,
საიდან არ უტრიალა,
სიმწრით თითიც მოიკვნიტა,
ვერ გააწყო ვერაფერი,
კატუნიას თვალი ჰკიდა,
-მომეხმარე უსაქმურო,
დაგიხატავ სამ-ოთხ ცინტალს,
-აიპრიხა კატამ კუდი და
კნავილით უთხრა რაღაც,
გოგო მიხვდა, რომ ბებია
დაეხმაროს უნდა ახლაც.





ცელქი სოფო (საბავშვო)

დედოფალა მისცეს ხელში,
გადაუღეს ბევრი ფოტო,
მე მანქანით მინდოდაო,
არ ისვენებს ცელქი სოფო,
რომ ვერაფრით დააწყნარეს,
შეუსრულეს გოგოს თხოვნა,
რული მისცეს მხოლოდ ხელში,
მანქანისო ჭირსო პოვნა.

ზეიმი (საბავშვო)

ფერად-ფერად ბუშტებით
გამოვიდნენ ბაღიდან,
ფოტოც ბევრი გადაიღეს
უხარიათ ძალიან.

ცელქი ბიჭი ლევანი (საბავშვო)

ცელქობს ბიჭი, ლევანი,
დააქცია მელანი,
მტირალა და აბეზარი,
გაგვიჩინა გულზე ბზარი.

ავთანდილი (საბავშვო)

კოხტა ბიჭი ავთანდილი,
გონიერი, ლაღი, ზრდილი,
საჭმელს აწვდის ბებიას,
ბებოს ყელი სტკენია.
ლოცავს ქალი დამხმარეს,
სწავლით, გარჯით ახარებს,
გულზე აბნევს აკიდოს,
მაღლა ღმერთმა ადიდოს!

ორი მეგობარი (საბავშვო)

აბრიალებს თვალებს ზურა.
მგელი უნდა შეაშინოს,
რომ პატარა მურიკელამ
თავი მხნედ და ლაღად იგრძნოს,
თუ კი მტერმა გადმოკვეთა
მათი სახლის ეზო-კარი,
მედგრად უნდა დახვდეს ხროვას
ჩვენი ორი მეგობარი.

Friday, October 9, 2015

მიყვარხარო, დედა გეტყვის (საბავშვო)

მიყვარხარო, დედა გეტყვის,
გადაივლი ბილიკებს,
სიტყვებს, მისგან გამოგზავნილს,
როგორც ლოცვას მიიღებ,
ადიდდება მდინარე თუ
ჩამოდგება ზამთარი,
შენთან არის ის ყოველთვის,
დაგეხმაროს, მზად არის!

უფალის წყალობა დიდია!

სიცოცხლეს არასდროს ვღალატობ,
მაშინაც, მთები რომ ტირიან,
მდინარეც იპოვის კალაპოტს, -
უფალის წყალობა დიდია!

Thursday, October 8, 2015

ანანური, ბანა, გრემი

ანანური, ბანა, გრემი,
ყოველ დილას ვხვდები კდემით.
დევი ბრდღვინავს ბოროტებით,
ისმის ზარი თეთნულდს ზევით,
კვალად ლურჯი მეომრების
ზეცას რთავენ ოპიზრები,
ჟღარუნია რვალის, მგლეთის...
ელვას, ფორაჯ ქარაფებით,
გზას უკვალავს ქარი  სტვენით.
ღამის ყორანს შავი ფრთებით,
ჩუმი ცა ცვლის, ძელქვა-წარაფს
სალი კლდენი მზეს უმალავს,
ჭიუხებში ხარ-ირემი
ჯანში ტეხავს მთების ჰავას.

გველი ამოჰყვა ლიბოსა (ხალხურ მოტივებზე)

გველი ამოჰყვა ლიბოსა,
კაცმა ვით მოილხინოსა?!
ომით მოსული ვაჟკაცი
ვეღარ შახსნიდეს ღილოსა,
შხამით გვივსებდნენ თასებსა,
შხამითვე ვსვამდეთ ღვინოსა,
ქვრივმა, შავებში მოსილმა,
როგორღა დაიძინოსა,
ვინ დააპუროს ობლები,
ღმერთით, სულ ცოტა ცდილობსა,
შხამი ჩაღვრილა მიწაშიც,
დასხმია საყველპუროსა,
ამ სატიალო ქვეყანას
ძილს ძაღლის ყეფა უფრთხობსა,
გადუწყვეტიათ სინდისი, -
დიდი, პატარა ქურდობსა,
სიტყვა "მამული" არ ესმით,
დამსგავსებიან ურდოსა,
ნამღერსა იავნანურსა,
ყური ვინ უნდა უგდოსა?!



მეფეთა ყვავილი

ვარ ვარდი ქვიშაში, ფერით და სინაზით
ვერ შემედარება ვერცერთი ყვავილი,
ძოწივით წითელი, სურნელით ფაქიზით
ეზოსაც დავატკბობ სახლის წინ, ალიზით
მოზელილ კედლებსაც ვდარაჯობ ავი ზნით,
ეკლიან ღეროებს შემორჩა ტკივილი,
ვნებებსაც დავაცხრობ გრძნობებით აზიზით,
ვარ ვარდი ქვიშაში, მეფეთა ყვავილი.



Sunday, October 4, 2015

პიკასოს თურმე შეეჯიბრა მოდილიანი

მე სიახლე მაქვს, თითქოს, თქვენთვის, ძველი სიახლე,
პიკასოს ერთ დღეს შეეჯიბრა მოდილიანი,
ტორეადორმა გაუყარა ხარს თვალი თვალში
სცნო გენიოსი და პიკასომ შემოჰკრა ტაში,
ფიროსმანი მან დაგვიხატა ფუნჯებით ხელში,
არ ატყუებდა მას ხელოვნის ალღო და გეში,
მას ჭეშმარიტი ესპანელის უდუღდა სისხლი,
ფლამენგოს რიტმში გაახვია მსოფლიო  ნიჭით.


იქნებ არც იყავი...

იქნებ არც იყავი... ტყუილად მიყვარდი, 
მირაჟში ცხოვრება მარგუნა სამყარომ,
არაფერს არ ვნანობ, მინდა რომ მიყვარდე,
ოღონდ ის მითხარი, ამქვეყნად სად გნახო?!

Saturday, October 3, 2015

Однажды

Однажды, я опять вернулась,
Но вслед за мной пришла гроза,
Не успел ты оглянутся,
Алмаз блестнул в моих глазах.
В душе исчезли все сонения,
Огонь любьви давно погас,
И тянется в дали дорога,
Закати солнца не для нас.



სიმფონია ( საბავშვო)

ჭუჭულების დევნაში დაიღალა ბებია,
ახლა ხბორებს გამოუდგა, დადგა მათი ჯერია,
ხან ზმუილი, ხან კაკანი, აუკლიათ ეზო-კარი,
მურიკელამ თავის ყეფით სიმფონიას მისცა ბანი.

ბოლო აკორდებით

ქარმა სიცივისთვის ისევ გამიმეტა,
შარფი ვეღარ ფარავს სახის ყვირიმალებს,
ვდგავარ ამინდივით სულ მთლად გაცრეცილი,
გრძნობებალეწილი, შენ კი იგვიანებ...
ნაძვმა დამაბერტყა თოვლის ერთი გუნდა,
თეთრი ფანტელები თრთიან გაოცებით,
ვდგავარ ხიდის თავში გრძნობებდალეწილი,
ყინულს ვეჯახები ბოლო აკორდებით. 

Friday, October 2, 2015

უშენოდ ყოფნა

შემოვაცალე ბროწეულს ქერქი,
ძოწიფერ მარცვლებს გავუგე გემო...
ჩემმა ცხოვრებამ დაკარგა ფერი, -
უშენოდ ყოფნა სასჯელად მერგო.



დრომ დამაფერთხა თავისი კალთა

დრომ დამაფერთხა თავისი კალთა,
ქარვისფერი ვარ და არა ლალის,
თვალებში მაწევს მწუხრი სიშორის,
ძარღვებში სისხლი გაცივდეს ლამის.
ვიღაც კოსმოსში მიფრინავს ახლა,
უნდა დალაშქროს ცხოვრება ხვალის...
ძვლებში დამტვრეულ ჩონჩხებს მაგონებს,
ვერხვის ტოტები ნათელში მთვარის...
თარეში გააქვთ ნაღვინარ ქვევრებს,
თასით დავცალეთ დიდება ერის...
შეემატება ლეკვებს ლომისას 
ღამისმთეველი, რჩეული ღმერთის?!



Tuesday, September 29, 2015

Верю в любовь (перевод с грузинского стиха Иветы Павлиашвили "Любовь", автор перевода: Майя Диаконидзе)

Лишь в такую любовь я верю,
Сомнения надеждою развею,
Чтоб не погасла, как свеча,
Чашу любви выпью до дна.
К небу тянется дорога,
Не присутствует там злоба,
С легкостью по ней шагаю,
Вижу рай, я уверяю.
Богатства другого мне не надо,
Долг любви, моя награда,
Благодарю Бога и рада,
Что любовью я богата.
          სიყვარული (ავტორი ივეტა პავლიაშვილი)

სიყვარული მე მწამს მხოლოდ,
იმედით და რწმენით სავსე,
ნელა-ნელა იფერფლება,
ცამდე თუ არ დააფასე.
მადლიერი ვარ იმითაც, რაც მაქვს,
სხვის სიმდიდრეზეარ მრჩება თვალი,
მე სიყვარულთ მსურს გამდიდრება,
იმ სიყვარულით, რომ არ აქვს ვალი.

Monday, September 28, 2015

შენ, ღვთისმშობელო დედავ!

დიდი ხანია ვხედავ, 
რომ მზე ასულა ცაზე,
სხივი ოქროსფრად ელავს, -
ჯვარს გარდამსახავს თავზე.
შენ, ღვთისმშობელო დედავ,
ცოდვილი გაპყრობ თვალებს,
ბრწყინავ, დიდების მზე ხარ,
მახვევ ლოცვების სალტეს.

Saturday, September 26, 2015

მეტროში(მოთხრობა)

  დაღლილი და გასავათებული ვიყავი. მეტროში ჩავედი, მუხლები მეკვეთებოდა, თვალებში ნისლი მედგა, სიცხე სულს მიხუთავდა, თითქმის ხელების ცეცებით ვიკვლევდი გზას, მატარებელი ახალი გასული იყო, ბაქანზე დავდექი  მოლოდინში, ხალხი ნელ-ნელა ემატებოდა, მალე იქაურობა მგზავრებით გაივსო, რატომღაც უცნაური ფიქრი ამეკვიატა, ნეტავ, როგორ იკლავს თავს ხალხი, ახლა რომ მატარებელს ჩავუვარდე, ჩემი ცხოვრებაც დასრულდება... მერე წარმოვიდგინე, რომ დაიწყებოდა იმის გარჩევა, ძალით ჩავუვარდი მატარებელს, თუ შემთხვევით... ტელევიზორშიც გამოაცხადებენ ამ ამბავს. შეიძლება იმიტაციაც მოვახდინო, ვითომ შემთხვევით გადავვარდი, ფეხი რაღაცას წამოვკარი, რომ თვითმკვლელის სახელი მაინც არ მქონდეს, მაგრამ შეცვლის ეს რამეს?! ნეტავ, ვის ვატყუებ, მაღლა ღმერთს არაფერი ეშლება, ყველაფერს ხედავს, ყველაფერი იცის! - ვმსჯელობდი ჩემთვის. გამახსენდა, რომ თვითმკვლელები ჯოჯოხეთში ხვდებიან, ამიტომაც ყოველგავარი სურვილი დავკარგე ჩემი თავისთვის ზიანი მიმეყენებინა, აქაც მეყოფა ტანჯვა, საკმარისია, - ვიფიქრე და მატარებლის ვაგონში შევაბიჯე. ვიღაც ღვთისნიერმა კაცმა ადგილი დამითმო, მატარებლის ვაგონის კუთხეში დავჯექი და დამნაშავესავით მივიკუნჭე. თავს გავუბრაზდი ასეთი უცნაური ფიქრებისათვის, მიკვირდა, რომ მუდამ ოპტიმიზმით სავსემ, წლებთან ერთად, სიცოცხლის ხალისი  დავკარგე. შემდეგ გაჩერებაზე ქალი შემოვიდა, ბრმა იყო. ისეთი გულშიჩამწვდომი ხმით შემოსძახა სევდიანი სიმღერა, რომ თვალებში ცრემლები მომაწვა, დავაკვირდი, მისი თანმხლები მოხუცი ქალი, სავარაუდოდ, მისი დედა იყო. ეს ბრმა ქალი  მსოფლიოს საუკეთესო სცენებზე უნდა იდგეს და იქ მღეროდეს, ის კი... ფულს აგროვებს საჭმლისთვის. - გავიფიქრე და გული მომიკვდა, ყველა თავის ჯვარს ატარებს... ესაა ჩვენი ბედი. თავს ძალა დავატანე და ნელ-ნელა გამოვფხიზლდი, ვაგონში მყოფებს გადავხედე. ჩემ წინ ახალგაზრდა კაცი აღმართულიყო,  გვერდზე მისი ცოლ-შვილი იჯდა, ამაყი იყო, თავის ქალიშვილებს ესიყვარულებოდა, ცოლს ცოტა ბრძანების კილოთი ელაპარაკებოდა, თითქოსდა შემომხედეთ, რა კაცი ვარო, ისიც მორჩილად პასუხობდა. ბავშვების, განსაკუთრებით პატარას, ქცევებმა გამახალისა, ისეთი სინათლე მოჩანდა მის თვალებში, მეორე გოგონას სახეს ვერ ვხედავდი. მერე წინ მსხდომებს გადავხედე, მოხუცი ქალბატონი, დაახლოებით 80 წლისა, იჯდა შვილთან ერთად, საოცრად მოწესრიგებული იყო, ფრჩხილებიც კი გაკეთებული ჰქონდა, ვერცხლისფერი ლაქი ესვა. სუფთა, სუფთა, ლამაზ ვეფხვისფერებიან ბლუზაში გამოწყობილი, თვით სიცოცხლე იჯდა ჩემ წინ, მის თვალებში ისეთივე სინათლე მოჩანდა, რომელიც ცოტა ხნის წინ ბავშვის თავალებში შევამჩნიე. მოხუცის ქალიშვილიც ამაყი იყო, ასეთი დედის გვერდით, მივხვდი, რომ ტყუილად არ შემოვედი ამ ვაგონში, ღმერთმა მიკარნახა, როგორ ვიცხოვრო. მარად ბავშვობა, აი, რა არის ბედნიერი ცხოვრების საწინდარი., ბავშვების თვალებით შევხედოთ ყველაფერს და მივხვდებით, რა საოცარია ეს ქვეყანა,რომელიც ღმერთმა გვისახსოვრა, რა მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანის სიცოცხლე და როგორ უნდა გავუფრთხილდეთ მას, გვქონდეს მომავლის რწმენა ბავშვებივით და ჩვენ წინ აყვავდება ბედნიერების ყვავილები. მივიხედ-მოვიხედე, ყველა ადამიანი სხვადასხვა ყვავილს მივამსგასე, მოხუცი სწორედ რომ წითელი ვარდი იყო, მასავით კეთილშობილი, პატარა გოგოები იები იყვნენ, მათი დედა კი - იასამანი. მთელი ვაგონი სურნელებით გაივსო და მეც წამოვდექი, გავისწორე ფრთები, დიახაც, ფრთები და პეპელასავით გამოვფრინდი ვაგონიდან.

დამინთეთ სანთლები

წავედი, ვეძებდი, ცეცებით ვიდოდი,
უჩინოს დამეხშო ედემის კარები,
ანგელოზს ვეძახდი, დამიცევ, აღდექი,
ფრთები ვერ გაშალა, გრძელი პერგამენტით
ცოდვებში მამხილა, ავტირდი ქარივით.
მარწუხში, ბოროტის, თართივით გავები,
სულს მივეც საზრდელი, გავშალე აფრები,
სანთლის და საკმევლის გზას მაღლა ავყვები
და რომ არ ვიქნები, დამინთეთ სანთლები!

Sunday, September 20, 2015

ცოდვის მორევში ბანაობ ისევ!

ლურჯი ზეციდან მესმის გალობა,
ზღვის ტალღებივით ავყევი ფიქრებს,
ღმერთი გვასწავლის კაცის დანდობას,
ადამიანმა არ იცის, ისევ.
ფულში გაცვლილი პატიოსნება,
დამხრჩვალ ძაღლივთ აწყდება კიდეს,
ნუთუ ვერ ხედავ, ადამიანო,
ცოდვის მორევში ბანაობ ისევ!

Sunday, September 13, 2015

შემოდგომა (საბავშვო)

მოგვიბრძანდა შემოდგომა,
კალათით და გოდრებით,
გლეხკაცს რთველი დასდგომია,
ყურძნის მოჩანს გორები.
არ მოაკლდეს ჩვენს ოჯახებს
ხვავი სოფლად, ქალაქად,
ეს სიმდიდრე დარჩენოდეს
მთელ ქვეყანას არაკად.

სიზმრად ვნახე თეთრი გედი (სიმღერა)

სიზმრად ვნახე თეთრი გედი,
ირგვლივ შუქს რომ აფენდა,
ფრთებზე ესხა მარგალიტი,
გიშრის ტბა აქვს თვალებად.
მომაგონა ქალი, ნაზი,
თეთრი, დალალდაწნული,
თვალები აქვს ღამესავით,
დამიბნელა წარსული.
სიყვარულმა გააჩინა,
თუ კეთილმა ფერიამ,
მასზე უფრო მშვენიერი
ქვეყნად არაფერია.



შემიყვარე (სიმღერა)

შემიყვარე, ფიცი დადე,
რომ ამიყვან ზეცაში,
ედემის ბაღს გადავივლით,
დავიღლებით ფრენაში.
ჩუქურთმიან სახლს მაჩუქებ
და პატარა ფერიას,
უბის წიგნაკს მისახსოვრებ,
შიგ ლოცვები წერია.

Friday, September 11, 2015

ყველაფერი ყველაფერზე დიდებული!

ყველაფერი ყველაფერზე დიდებული...
არმაზს იქნებ ნიკორწმინდა ჯობია,
გრემს ამშვენებს მზის სხივები, კიდებული, -
ოქრონაზავს  თან სირმებიც ჰქონია.
ვარდს ფურცლები ალუბლისფრად შეფაკვლია,
თეთრს კი თავი დაუხრია მიწაზე,
-გენაცვალე, დილასავით  დიდებული,
.სალბუნივით დაედები იარებს.
დაამშვენეთ საქართველო, ღმერთის ნებით,
ცაც ლამაზი, ბარიც კარგი გვქონია,
ყველაფერი ყველაფერზე დიდებული,
მარადიულ უკვდავების ტოლია.

Friday, August 28, 2015

შვილს (საბავშვო)

შენი სული, ჩემო კარგო,
ფიქრით არის მოხატული,
შიგ ჩასახლდნენ ვარსკვლავები,
ასხივოსნებს მთვარის შუქი.
დამიჯერე, კეთილს მისცემს
ჩვენი ღმერთი თავის სამწყსოს,
წინ დაგხვდება სიყვარული
და ცხოვრების გზები ფართო.

სიყვარულის ბრალია

ქუჩა ნაწვიმარია, სიყვარულის დარია,
მიყვარს როცა ქარია, ცად ნისლები ადიან,
ნაცრისფერი ღრუბლები ჩემკენ მოიჩქარიან,
ფეხშიშველი დავეძებ, სადაც წვიმის კვალია,
ვდგავარ სიმარტოვეში, - სიყვარულის ბრალია.

Wednesday, August 12, 2015

ჩემს სულს გაჩუქებ!

ხელებს დამადებ თბილსა და სათუთს,
გულს კაეშანი ეყრება სრულად,
შენ სიყვარული მაჩუქე დიდი,
მე კი ჩემს სულსაც გაჩუქებ უბრად.

კიდევ მოითხოვს მელა!

ხელზე მადნება ფიქრი,
ვერ აღდგენილა ხიდი,
ნაბიჯი რომც ვდგათ ფართო,
ზოგს ჩვენი წყენა ართობს...
მადა ჭამაში მოდის, -
გავიმეოროთ ყველამ,
ხომ გადავუგდეთ ბარტყი, -
კიდევ მოითხოვს მელა!

შემოაბიჯებს დიდ ქალაქში ნიკალა ქველი

-ვიცი, მომიტანს იადონი შენგან მოკითხვას,
ჩამოათეთრებს მთვარის შუქი სანატრელ თბილისს,
ზირათ ხათუნი, მეზობელი, მძივად აკინძულ 
სიტყვებს დამაყრის,- ნუ გძინავს, ელი...
-თვალებს ვიშვნიტავ, დაფარულა სიმშვიდით ველი.
-ჩემო ნიკალა, ავსებულა სიკეთით ქვევრი, 
შენი მაზანდა ვერ დაწიე, ღამეს ათენებ,
რომ ხატო წმინდა კელაპტარი, ლამაზი შველი, 
-"მრავალჟამიერ" გამაღვიძებს, -  სამება თეთრი
სანთლად ანთია, ათასობით მლოცველის გვერდით.
ოცნების ნისლში ფიროსმანის კინტოებს ველი...
შემოაბიჯებს დიდ ქალაქში ნიკალა ქველი..


Monday, August 10, 2015

როცა პატარა ვიყავი (ავტობიოგრაფიული მოთხრობა)

  როცა პატარა ვიყავი, მეგონა თბილისი ყველაზე დიდი ქალაქი იყო დედამიწის ზურგზე,
ყველაზე დიდი შენობები იდგა ჩემს სახლში, როგორც ბავშვობაში ვეძახოდი,
თუმცა თბილისი ყველას სახლი იყო. რუსის, ქართველის, სომეხის, ქურთის, ეზიდის, ებრაელის. ყველაზე დიდი და ვარსკვლავებით მოხატული ცა ეხურა თავზე ჩვენს სახლს,
პიონერთა სასახლეში  მიმავალს, ორთაჭალიდან წამოსულს,
მეტეხი და ვახტანგ გორგასლის ქანდაკება მხვდებოდა წინ, ისინი იყო ჩემთვის თბილისი.
ნარიყალადან გადმომზირალი ქართლის დედა იყო ჩემთვის თბილისი,
გამყიდველი ქალი, რომელიც რუსთაველზე :საპონჩიკეში დედამიწის ზურგზე ყველაზე გემრიელი პონჩიკებით მიმასპინძლდებოდა და ყველაზე  კარგი ქალი იყო ქვეყანაზე, რა თქმა უნდა დედაჩემის შემდეგ, ის იყო ჩემთვის თბილისი. მიყვარდა საპარიკმახერო, რომელშიც დედაჩემი დადიოდა თმების და ფრჩხილების გასაკეთებლად. სადაც საღებავების სუნი იდგა და სადაც დედაჩემს ყოველთვის სიხარულით ხვდებოდნენ, ჩემს უკრაინელ დედას, გრძნობდნენ, რომ მშობლის სითბო აკლდა და ეფერებოდნენ, ათას ლამაზ სიტყვებს ეუბნებოდმემ, დედობას უწევდნენ,მე კი, რომ არ მომწყენოდა, თმის საშრობს ჩამირთავდნენ, მიყვარდა იქ ჯდომა. ეს იყო ჩემი თბილისი. სტუდენტობისას ლაღიძის წყლები და აჭარული ხაჭაპურები ჩვენი ყოველდღიური რაციონი იყო, გვიყვარდა რუსთაველის პროსპექტზე სიარული, კინოფილმი არ გვრჩებოდა უნახავი. ცა და დედამიწა ჩვენი იყო, ჩვენ ხომ ოქროს ახალგაზრდები ვიყავით, ჩვენზე ზრუნავდნენ, ჩვენ ვუყვარდით.ეს იყო ჩემი თბილისი. განათებული, ღიმილიანი სახეები იყო ჩემი თბილისი.
      თმაში ჭაღარა შემომერია, ჩემთვის თბილისი ყველაფერია. ჩემს გულში დადუღებული მაჭარი, ღვინოდ ქცეული მინდა მოგიძღვნა ჩემო ერთადერთო სიყვარულო, ჩემო თბილის ქალაქო!



Sunday, August 9, 2015

ჩემო სამშობლოვ!

ჩემო სამშობლოვ, ჩაძირულხარ სევდის მორევში,
ნეკნებს გითვლიან, რომელიმე ამოგაცალონ,
ცრემლი მოჟონავს საქართველოს დედის უბეში,
ვხედავ, უფალი, ცოდვებიანს, დიდად არ გწყალობს.
დარდს გაუმაგრდი, შეაჩერე მტერი, უზღვავი,
შემოეხვიე ვაზის ლერწად რწმენას, ვით ჭიგოს,
წამოიმართე, გისახსოვრეს თეთრი სამოსი,
რომ როგორც უწინ, წმინდა სულით ნათელი იყო.

Saturday, August 8, 2015

თბილისი (ავტორი:სოფიო ჭელიძე)

    თბილისი უძველესი და განუმეორებელი ქალაქია, მან გადაიტანა უამრავი  სირთულე და ბრძოლა, გადაურჩა ბევრ მრისხანე მტერს და დღეს მას ღირსეულად ჰქვია ამ დიდებული პატარა ქვეყნის- საქართველოს დედაქალაქი. ძალიან მიყვარს თბილისის გამჭვირვალე ცხოვრება, მაგრამ, როდესაც ვუფიქრდები, ვხვდები, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ადრე მეჩვენებოდა, თავის გატანა არ ყოფილა ისეთი მარტივი, ბევრი უნდა იშრომო, რომ გქონდეს საჭმელი, ბევრი ადამიანი იჩაგრება, ისინი ვერ შოულობენ სამსახურს, იღებენ ვალებს ბანკიდან, რათა ცოლ-შვილი შიმშილით არ დაეხოცოთ, არსაიდან გამოსავალი, რომ არ ჩანს, ვალებს ვალებს ამატებენ და  ბოლოს რჩებიან გარეთ, საცხოვრებელის გარეშე,ეს  ნამდვილი უსამართლობაა, ამ დროს კი, სხვები მდიდრდებიან. როდესაც მივდივარ სკოლაში ან სამხატრო სასწავლებელში, გზად ხშირად ვხედავ გაჭირვებულ ადამიანებს, რომლებიც ძალიან მეცოდებიან და გული შემტკივა მათზე, მათ დანახვაზე სწრაფად ვიჩხრიკავ ჯიბეებს და ვცდილობ მცირეოდენით მაინც დავეხმარო, მაგრამ ვხვდები, რომ ეს არ არის საკმარისი, მეტი გულისმიერებაა საჭირო ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ.
   ჩვენს ქალაქში ულამაზესი არქიტექტურული შენობებია, რომელიც ტურისტებს უფრო მეტად ხიბლა,ვს ვიდრე თვითონ აქ მაცხოვრებლებს, ვინაიდან ვხედავ უდიერ გულგრილ დამოკიდებულებას მათ მიმართ. ცხოვრება ნელ-ნელა სულ უფრო აუტანელი ხდება, ან მე შევიცვალე და სხვა თვალით ვუყურებ ყველაფერს, ხალხი იმდენად გადაღლილია ფიქრით თუ სად იშოვონ ფული, რომ  გარშემო ვეღარ ამჩნევენ ვერაფერს, დღის ბოლოს, საზოგადო ტრანსპორტში ადამიანების სახეებს დიდი ინტერესით ვაკვირდები, როგორი გადაღლილები, დასევდიანებულები და განაწამები არიან ისინი, ადრე კი მახსოვს, როდესაც დედას ავყავდი ტრანსპორტში, ხალხი სულ იღიმოდა, ერთმანეთთან საუბრობდნენ, მგზავრები ხუმრობდნენ და მძღოლიც გულიანად იცინოდა მათ უკბილო ხუმრობებზე, ძალიან მინდა ხოლმე, რომ ის დრო დაბრუნდეს, როდესაც ხალხი ერთმანეთს ენდობოდა და ქალაქი ისევ აივსოს იმ დიდი სიყვარულით, რომელიც ადრე ჰქონდა.
  შემოდგომაზე თბილისის ქუჩები მოფენილია ლამაზი წითელ-ყვითელი გამხმარი ფოთლებით, რომელზეც გავლა ბავშვობიდან მიყვარდა მათი უცნაური ხმის  გამო. მომწონს ზამთარის ღრუბლიანი ამინდები, რადგან მზე არ მიყვარს, წვიმიანი, ნისლიანი, ნაცრისფერი ღრმა ღრუბლები ხანდახან მგვრის სევდას და ვუფიქრდები თუ როგორ ვხედავდი მე პატარაობაში თბილისს, ის იყო ჩემთვის უზარმაზარი, მეგონა მის გარდა არცერთი სხვა ქვეყანა და ქალაქი არ არსებობდა, სანამ წამიყვანდნენ დასასვენებლად ქალაქგარეთ თეთრიწყაროში, სადაც სულ სხანაირი სახლები და ბუნება იყო, გავოცდი, რომ გავიგე, რომ ამ უცნაურ, მაგრამ ლამაზ ადგილას საუბრობდნენ ჩემთვის ნაცნობ ენაზე, შემდეგ როდესაც ცოტა წამოვიზარდე წამიყვანეს მატარებლით ქობულეთში, ექვსაათიანი მგზავრობა ძალიან დამღლელი იყო  და როდესაც დიდი მატარებელი შიგადაშიგ ჩერდებოდა, მამაჩემი მეუბნებოდა -აი, სოფო, ეს არის მცხეთის სადგური, ეს არის ხაშურის სადგური, ეს არის ურეკის სადგური და ა.შ.- მე ვფიქრობდი რეებს მელაპარაკება ნეტა- მეთქი, სანამ შემდეგ არ გავიგე, რომ თბილისის გარდა არსებობდა უამრავი ქალაქი, უამრავი ენა, უამრავი ულამაზესი კულტურა, მაგრამ მაინც თბილისი ჩემთვის ერთადერთია. ჩემი კორპუსი მდებარეობს რკინიგზის ლიანდაგებთან, სადაც ყოველთვის მატარებლების ხმა ისმის და ყოველთვის მახსენდება ის დღე, როდესაც პირველად გავაცნობიერე, რომ თბილისი მარტო ერთი ქალაქი არ არის მთელს დიდ დედამიწაზე,
   ჩემი დიდი სურვილია, რომ ამ ლამაზ ქალაქს მისი მაცხოვრებლების სახეზე ლამაზი ღიმილი ამშვენებდეს, ყველა იყოს ბედნიერი, დაბრუნდეს ის დიდი ერთგულება და ნდობა, როგორიც ადრე იყო და ხანდახან ვფიქრობ, კარგი იყო როდესაც შუქი ქრებოდა-ხოლმე, მეც მახსოვს ის დრო, სხვათაშორის, რადგან მთელი ოჯახი ერთიანდებოდა, მე და ჩემი ორი უფროსი ძმა, დედ-მამა და ბებია, რომელიც ყოველთვის ემუქრებოდა და აშინებდა თელასში თანამშრომლებს, რომ ლივტში კაცი გაჭედა და ცუდადააო. ამ დროს სწრაფად გვირთავდნენ დენს, არადა კარგი იყო სანთლის მოგიზგიზე ალის ყურება და ხშირ შემთხვევაში სახლის ფანჯრიდან  თბილისის სხვა დასახლებების ცქერა, მაგალითად,: თემქის, მუხიანის, საბურთალოს და ა.შ მათ ქონდათ დენი თუ არა, ამ ისტორიების გახსენება დიდ სიამოვენებას მანიჭებს.
  მიყვარს წვიმის თბილი წვეთები გაზაფხულზე, როდესაც თბილისში ყველაფერი იღვიძებს, ბუნება ხარობს და მწვანდება, მიხარია, როდესაც თედო მასწავლებელს დავყავართ ჩანახატების გასაკეთებლად ძველი თბილისის ულამაზეს ქუჩებში და მიხარია, რომ აქ ვცხოვრობ!

Friday, August 7, 2015

ჩემი თბილისი(ავტორი: სოფიო ჭელიძე)

   გუშინ დილით მშვენიერ გუნებაზე გავიღვიძე, შაბათი დილა იყო, ისე ძალიან არ ცხელოდა, როგორც წინა დღეებში, თითქოს წვიმას აპირებდა, თუმცა მზე მაინც იჭყიტებოდა ღრუბლებიდან. გავხედე ფანჯარას, ცა მოჩანდა. ნიკოლოზ ბარათაშვილის "ცისა ფერს" გამახსენდა და "შედევრის" შესაქმნელად მოვემზადე (ზოგჯერ ლექსების წერა მიყვარს) გავიფიქრე, სხვა პოეტებმა როგორ უნდა მაჯობონ,  რომ უეცრად, როგორც რუსები უწოდებენ", სვარკა" ჩართეს. განვრისხდი, ვიფიქრე, ეს რა უბედურებაა, სამი თვეა მეხუთე სართულის მეზობლებს რემონტი აქვთ, რით ვერ მორჩნენ ამ გაუთავებელ სამუშაოებს?!.ყოველ დილით სხვადასხვა მუსიკალურ ნოტებზე ვიღვიძებთ, ხოლმე. პირველად ვინანე, რომ ჩემი პაპა თბილისელი იყო და სოფელში, სადმე გადაკარგულ ტყეში  მთაში პატარა ქოხი არ მქონდა, მერე მშობლებს გადავწვდი, რით ვერ მოახერხეს სადმე ახლომახლო ქალაქგარეთ პატარა სახლი ეყიდათ, ზაფხულში დამესვენა!, ბოლოს ყველაფერი ბედისწერას დავაბრალე, პაპას რომ გურიაში ჰქონოდა კარმიდამო, იქნებ აქ არც კი ჩამოსულიყო, მე კი აუცილებლად თბილისელობა მინდოდა, მერე მეზობლებიც გავამართლე, რა ქნან, რაიონიდან ჩამოვიდნენ, მათაც თბილისში უნდათ ცხოვრება, როგორც მე, მართალია, "შედევრი" ვეღარ შევქმენი, თავი გავიმართლე, ვითომ ხმაურმა შემიშალა ხელი,  მერე გამახსენდა, რომ გალაქტიონი სწორედ თბილისში ქმნიდა თავის ბრწყინვალე ნაწარმოებებს , თუმცა,  დიდი ალბათობით, მაშინ ასეთი ხმაური არ იქნებოდა, ჩემი სახლის უკან რკინიგზის და მეტროს ლიანდაგებიც გადის, და ფიქრი გავაგრძელე.
    როცა პატარა ვიყავი, უფრო სწორედ, როცა ძალიან პატარა ვიყავი, თბილისი მეგონა მთელი საქართველო, მთელი დედამიწა, მთელი სამყარო. როცა მეკითხებოდნენ, რომელ ქვეყანაში ცხოვრობო, ამაყად  ვპასუხობდი-, თბილისში! დედა მისწორებდა, თბილისი კი არა, საქართველო უნდა თქვაო, მიკვირდა, რა განსხვავებაა-მეთქი. იხტიბარს არ ვიტეხდი. როცა პირველად წამიყვანეს თეთრიწყაროში დასასვენებლად, მივხვდი, რომ სხვა ქალაქებიც არსებობდა, თუმცა პატარა და იქაც ქართულად ლაპარაკობდნენ, მერე როცა ქობულეთისკენ მატარებლით  მიმავალ გზაზე მომიწია რამდენიმესაათიანმა მგზავრობამ, ნამდვილად დავრწმუნდი, რომ საქართველო არ იყო მხოლოდ თბილისი. კიდევ ცოტა რომ წამოვიზარდე, დედამ სამხატვრო სასწავლებელში შემიყვანა, მაშინ აღმოვაჩინე, რომ თბილიში არ არის მხოლოდ ის კორპუსები, რომელიც ჩემი სახლის ფანჯრებიდან და აივნიდან მოჩანს და გამოფენის ბაღი, სადაც დედა ხშირად მასეირნებდა, რომ არის ძველი თბილისიც, სადაც ხშირად დავყავართ ჩვენს თედო მასწავლებელს.და რომელიც პირველად ჩემმა პირველმა ხატვის პედაგოგმა-  ნათელა მაყაშვილმა დამანახა სხვა რაკუსით და მისი სიყვარული ჩამინერგა, მივხვდი, რომ თბილისი მარტო ის არ არის,რაც მე მეგონა. იგი უფრო დიდია და მრავალფეროვანი. თბილისია სოლოლაკის პატარა ქუჩებიც და რუსთაველის გამზირიც, ვაკეც და თბილისის გარეუბნებიც.სამწუხაროდ, ჩვენი ქალაქის ულამაზესი არქიტექტურული შენობები ტურისტებს უფრო მეტად ხიბლავს, ვიდრე თვითონ აქ მაცხოვრებლებს, ვინაიდან ხანდახან ვხედავ აქაურების უდიერ, გულგრილ დამოკიდებულებას კულტურული მემკვიდრეობის მიმართ. თბილისში აღმოვაჩინე ზოოპარკიც, სადაც ხატვიდან, ზაფხულობით, პრაქტიკებზე დავდიოდით ბოლო სამი წლის განმავლობაში, წელს, პირველად, ვერ წავედით( მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს. ძალიან დაგვწყდა გული მეც და სხვა ბავშვებსაც. ყველა ზოოპარკის თანამშრომელს, ლამის, პირადად ვიცნობდით, ვუყურებდით, თუ როგორი დიდი სიყვარულით უვლიდნენ ისინი ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს, თუმცა მათ შორის ბევრი გარეული ცხოველიც იყო. იქ ვნახე, თუ როგორი დიდი მეგობრობა შეიძლება აკავშირებდეთ ადამიანებსა და ფაუნის წარმომადგენლებს.. განსაკუთრებით დამამახსოვრდა ყარყატი, რომელიც ბავშვებს ფანქრებს გვპარავდა ხოლმე, ვეჩხუბებოდით, როგორც ადამიანს და უკან ვიბრუნებდით დაკარგულ ნივთებს.დღეს კარგად ვიცი, რა არის ჩვენი თბილისი. ის მრავალჭირნახული საქართველოს დედაქალაქია და ამაყად ატარებს თავის სახელს. ამიტომ არა მარტო ჩვენია, თბილისელების, ის ყველასია, თითოეული ქართველის, თითოეული საქართველოს მოქალაქის, რა ეროვნებისაც არ უნდა იყოს ის. ის მთელი მსოფლიოსია, ის მთელ სამყაროს ეკუთვნის, რადგან უნიკალური და განუმეორებელია.
       ძალიან მიყვარს თბილისის გამჭვირვალე ცხოვრება, მაგრამ, როდესაც ვუფიქრდები, ვხვდები, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ადრე მეჩვენებოდა, თავის გატანა არ ყოფილა ისეთი მარტივი, ბევრი უნდა იშრომო, რომ გქონდეს საჭმელი, ზოგი ადამიანი იჩაგრება, ისინი ვერ შოულობენ სამსახურს, იღებენ ვალებს ბანკიდან, რათა ცოლ-შვილი შიმშილით არ დაეხოცოთ, გამოსავალი არსაიდან რომ არ ჩანს, ვალებს ვალებს ამატებენ და  ბოლოს რჩებიან გარეთ, საცხოვრებელის გარეშე, წელს ჩემი ორი მეზობელი გამოასახლეს ბინიდან. დავინახე როგორ გამოჰქონდათ ავეჯი მათი სახლებიდან, როგორი სასოწარკვეთილი სახეები ჰქონდათ ოჯახის წევრებს. ჩემი აზრით, ეს ნამდვილი უსამართლობაა, როდესაც მივდივარ სკოლაში ან სამხატრო სასწავლებელში, გზად ხშირად ვხედავ გაჭირვებულ ადამიანებს,რომლებიც ძალიან მეცოდებიან და გული შემტკივა მათზე, მათ დანახვაზე სწრაფად ვიჩხრეკ ჯიბეებს და ვცდილობ მცირეოდენით მაინც დავეხმარო, მაგრამ ვხვდები, რომ ეს არ არის საკმარისი, ცხოვრება ნელ-ნელა სულ უფრო რთული ხდება ან მე შევიცვალე და სხვა თვალით ვუყურებ სამყაროს, ხალხი იმდენად გადაღლილია ფიქრით თუ სად იშოვონ ფული, რომ  გარშემო ვეღარ ამჩნევენ ვერაფერს, დღის ბოლოს, საზოგადო ტრანსპორტში, სამხატვრო სასწავლებლიდან დაბრუნებისას, ადამიანების სახეებს დიდი ინტერესით ვაკვირდები, როგორი გადაღლილები, დასევდიანებულები და განაწამები არიან ისინი, ადრე კი მახსოვს, როდესაც დედას ავყავდი ავტობუსში, ხალხი სულ იღიმოდა, ერთმანეთთან საუბრობდნენ მგზავრები, ხუმრობდნენ და მძღოლიც გულიანად იცინოდა მათ უკბილო ხუმრობებზე, ძალიან მინდა, რომ ის დრო დაბრუნდეს, როდესაც ხალხი ერთმანეთს ენდობოდა და ქალაქი ისევ აივსოს იმ დიდი სიყვარულით, რომლითაც ადრე ასე ცნობილი იყო.  ჩემი დიდი სურვილია, რომ ჩემს ლამაზ ქალაქს ღიმილი დაუბრუნდეს, რომელიც ყოველთვის ამშვენებდა,  მინდა ყველა იყოს ბედნიერი, დაბრუნდეს ის დიდი ერთგულება და ნდობა, რომელიც ადრე ჰქონდა ხალხს ერთმანეთის მიმართ. ხანდახან ვფიქრობ, კარგი იყო როცა შუქი ქრებოდა, მეც შევესწარი იმ დროს, მთელი ჩვენი ოჯახი ერთიანდებოდა, მე და ჩემი ორი უფროსი ძმა, დედ-მამა და ბებია, რომელიც ყოველთვის ემუქრებოდა და აშინებდა თელასის თანამშრომლებს, რომ ლიფტში კაცი გაიჭედა, ცუდადაა და სწრაფად ჩართეთ დენიო. დენი სწრაფად მოდიოდა, არადა კარგი იყო სანთლის მოციმციმე ალის ყურება და, ხშირ შემთხვევაში, სახლის ფანჯრიდან  თბილისის სხვა დასახლებების ცქერა, თემქის, მუხიანის, საბურთალოს და ა.შ სულ იმის გარკვევაში ვიყავით, ჰქონდათ თუ არა მათ დენი და  თუ ჰქონდათ, ჩვენ რატომ არ გვქონდა. ამ ისტორიების გახსენება ახლაც დიდ სიამოვენებას მანიჭებს, რადგან მთელი თბილისი ერთიანდებოდა, ქალაქი ივსებოდა მოლოდინით, რომ რაღაცა აუცილებლად შესრულდებოდა. მინდა იმედი დაუბრუნდეს ადამიანებს, რომლის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია.
      მე და ჩემს მეგობრებს ძალიან გვიყვარს თბილისის ქუჩებში სიარული. არ მომწონს, როცა აქ მოსიარულეს წინ ნაგავი მხვდება, ვფიქრობ, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც მეტად უყვართ თბილისი და რომლებსაც, ალბათ, ნაკლებად, თუმცა შეიძლება მათაც ისევე უყვართ ჩვენი ქალაქი, როგორც ჩვენ, უბრალოდ არ იციან, როგორ მოიქცნენ. თბილისი არ არის მხოლოდ კარგი გოგოების და ბიჭების ქალაქი, ის ცუდი გოგოების და ბიჭების ქალაქიცაა. აქ არიან ნარკომანები და მეძავები, აფერისტები და ქურდები, ხულიგნები და ძველი ბიჭები, როგორც მათ ეძახიან, მაგრამ ეს ქალაქი მათიცაა და არა მგონია ჩვენზე ნაკლებად შესტკიოდეთ მასზე გული. მე თბილისის ყველა მაცხოვრებელი მიყვარს, ღარიბიც და მდიდარიც, "უფლისწულიც" და "მათხოვარიც", ყველას სატკივარი მტკივა, ისინი ხომ ჩვენი ცხოვრების ნაწილი არიან, ამ ქალაქის შვილები, ზოგი დროისა და ჟამისაგან განებივრებული, ზოგი კი- დაჩაგრული.
     შემოდგომაზე თბილისის ქუჩები მოფენილია ლამაზი წითელ-ყვითელი გამხმარი ფოთლებით, რომელზეც გავლა ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა იმ უცნაური ხმის გამო, რომელსაც თითოეული  ნაბიჯის გადადგმა იწვევს. მომწონს ზამთარის ღრუბლიანი ამინდები, რადგან მცხუნვარე მზე მაღიზიანებს, წვიმიანი, ნისლიანი, ნაცრისფერი მუქი ღრუბლები ხანდახან სევდას მგვრის, ღრმა ფიქრებში გადავყავარ.  მიყვარს წვიმის თბილი წვეთები გაზაფხულზე, როდესაც თბილისში ყველაფერი იღვიძებს, ბუნება ხარობს და მწვანდება, მიხარია, როდესაც თედო მასწავლებელს დავყავართ ჩანახატების გასაკეთებლად ძველი თბილისის ულამაზეს ქუჩებში და მიხარია, რომ აქ ვცხოვრობ!.                ახლა კი, მე, პატარა თბილისელი გოგო, ვდგავარ თბილისის ერთ-ერთი ჭადრის ქვეშ და ვფიქრობ, როგორ გავაგრძელო ჩემი მონოლოგი, გამახსენდა, რომ ჭადრის თეთრი მფრინავი ბუმბულები სისხლს მიშრობს გაზაფხულზე, ალერგიას მაძლევს, მეც, ჩემს ძმებსაც, მაგრამ, როცა წარმოვიდგინე, რომ უნდა მოჭრან, დამენანა, ჩავეხუტე, ხელები შემოვხვიე და ვუთხარი- როგორიც არ უნდა იყო, მაინც ჩემი ხარ, მაინც მიყვარხარ.!- ახლა აგვისტოა, მაგრამ სკოლის დაწყებას სიხარულით ველოდები. არ მიყვარს ცარიელი თბილისი, ჩემი თანატოლების გარეშე. მინდა, რაც შეიძლება მეტი ბავშვი დაიბადოს და გაიზარდოს ჩვენს ქალაქში, რომ ის მუდმივი სიხარულის, მზის, სინათლის ქალაქი იყოს, რომლისთვისაც ძვირფასია თითოეული ადამიანის, ვინც არ უნდა იყოს, სიცოცხლე და ჯანმრთელობა, მინდა ერთმანეთს ჩავჭიდოთ ხელები, ჩავხედოთ თვალებში და ერთმანეთს ვუთხრათ: მიყვარხარ!
     

Thursday, August 6, 2015

ოდა "თბილისს" (მოთხრობა)

  ხან ჯანმრთელო, ჯანმაგარო და ფერხორციანო, ხანაც ფერმკრთალო და გამომშრალო, ყვითელი ღრუბლების ბუღში გახვეულო, ხან უჩვეულოდ მხიარულო და მოღიღინევ, ხანაც ნაღველისა და დარდის ბუდევ, ღამურასავით ხის ტოტზე მოქანავევ, ღალატისა და ორგულობის მნახველო და მაინც დაუმარცხებელო, მამაცო, გულადო. ზოგჯერ მინდა, როგორც ჩემს მოხუც დედას, შუბლზე ხელი მოგისვა, მოგეფერო, ცრემლიანი თვალები მოგწმინდო, იმიტომ რომ ვიცი,ხანდახან შენც გიჭირს, შეირყევა შენი გულის კარები, დაფლეთს ძარღვებს ჭირი და გინდა ამოისუნთქო, მაგრამ ფილტვები თითქოს რაღაცა სისხლიან ბურთს დაუგმანია, ვეღარ სუნთქავ, ოფლად იღვრები, წვეთები გისველებს დაღარულ შუბლს, რომელზეც ათასობით წელს გადაუვლია  და დაუჭმუჭნია, ამავე დროს, დაუხვეწია და გაუსპეტაკებია. ჩემო მშობელო დედავ, ამაყო და პირუთვნელო, მტრის მტრულად დამხვედრო და მოყვრის-მოყვრულად.შენთვის დაღუპული შვილების საფლავებზე აცრემლებულო და მაინც გამარჯვების დროშის ხელში მჭერო, ქრისტეს ჯვრის მპყრობელო და  დამცველო ყველა რელიგიური აღმსარებლობისა,. დედათა დედავ, მეორე იერუსალიმო, ჩემო თბილისო!
   ყურძნის მტევანო, საქართველოს მზის ქვეშ დამკრახულო, გავსებულო სურნელოვანი ნექტარით, რომელიც ათასობით ფუტკარს იზიდავს, რომ მერე თავისი შრომის ნაყოფით გააბედნიეროს დედამიწა, ღიმილი მოჰგვაროს მშრომელ კაცს, ბარაქა მისცეს ყველა ოჯახს! შენ დაულეველო შარბათო, სავსევ სიტკბოებითა და ნეტარებით.
   განა შენს ღონიერ მხარმკლავზე არ წამოწოლილა ის მთები, ერთი შეხედვით უსახური, რომ გვიცავს, ჯაჭვის პერანგში გამოწყობილი?! განა აქ არ მოედინება მდინარე, თითქოსდა ჭუჭყიანი და მღვრიე, მაგრამ ჩვენი მოჭირნახულე, მოიმედე, დამხმარე?! განა
შენ არ წაუღიხარ რკინა-ბეტონის ჩონჩხებსა და კასკადებს, მაგრამ შენ გულში ძველი ქალაქი ცოცხლობს განუმეორებელი,ქუჩებითა და აივნებით, ხალიჩებითა და ფარდაგებით, საიათნოვათი და ფიროსმანით! დაულეველო წყაროვ შთაგონებისა და ფიქრისა, მეცნიერებისა და მუშაკობისა. დალოცვილი ყოფილიყავი აწ და მარადის, შენი მზითა და მთვარით, შენი სილამაზითა და სიყვარულით, რომელიც ანდამატივით იზიდავს ყველას,.ასაზრდოებს, ძალას აძლევს  სიცოცხლისა და სიკეთისათვის!
     დღეს მე შენს ფეხქვეშ გაწოლილი სურო ვარ ბაღებიდან, სკვერებიდან, შენობების აივნებიდან მომზირალი, ათასი ბედუკუღმართობის მნახველი. გულშემატკივარი მობურთალი ბავშვების, ჭადრაკის მოთამაშე მოხუცების, შეყვარებული ქალ-ვაჟის. დღეს მე შენი ფანტაზია ვარ, რომელიც აგებს ცათამბჯენებს, აშენებს, ქმნის და არა ანადგურებს. დღეს მე სევდა ვარ, დედის უბეში დამალული, რომელსაც შვილები წაართვეს, დაანარცხეს ძირს უდროოდ მოგლეჯილი ყვავილებივით, გაატანეს წყალს, ეს გლოვა ხომ შენი არის, დედა თბილისო!  დღეს მე სული ვარ, მაღლა ცაში აჭრილი, არწივად გარდასახული, რომელიც მახვილი მზერით ათვალიერებს მტერს და არ მისცემს შენი იავარქმნის საშუალებას, ღმერთმა გაცოცხლოს და გადღეგრძელოს, დედა თბილისო1

Wednesday, August 5, 2015

მზეს არ უმზერენ მზესუმზირები

მზეს არ უმზერენ მზესუმზირები, -
თავებს დახრიან მძიმე კირთებით,
გული სავსე აქვთ სიკეთით, დიდით,
თავებს რომ ხრიან, რაღაზე გიკვირთ?!

იქნებ არც იყავი!

იქნებ არც იყავი და ტყუილად მიყვარდი,
გონებამ მირაჟში ცხოვრება მაჩუქა,
არაფერს არ ვნანობ, მინდა რომ მიყვარდე,
ოღონ ის მითხარი, ამ ქვეყნად სად გნახო!

დედა(ავტობიოგრაფიული მოთხრობა)

  დედა, შეიძლება ამაზე ტკბილი და თბილი სიტყვა წარმოთქვა?! თქვენი არ ვიცი და მე დედაჩემი მთელ ქვეყანას მირჩევნია, თუმცა წლებია მისი ნახვის საშუალება არ მაქვს. დღეს ის უკრაინაში ცხოვრობს. მოგეხსენებათ, რა ძნელია, ფინანსური განხრით, სხვა ქვეყანაში წასვლა, ჩემი ოჯახის მწირი ბიუჯეტი კი ამის საშუალებას არ იძლევა..საქართველოში 90-იან წლებში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობის დროს ის სამშობლოში დაბრუნდა. მაგრამ შემდგომ უკან ჩამოსვლა ვეღარ შეძლო, ხერხემალი დაიზიანა და გადაადგილება უჭირს. ძნელია დედის გარეშე ცხოვრება, რადგან ის შუქია, რომელიც გზას გინათებს, ვარსკვლავია, რომელიც ზევიდან დაგცქერის და მტერს აფრთხობს, მზე და მთვარეა, რომლის გარეშე დედამიწა არ იქნებოდა დედამიწა. მენატრება ჩემი ლამაზი და ჭკვიანი დედა, თუმცა მიუხედავად იმ სივრცისა, რომელიც ჩვენ გვაშორებს, ის ყოველთვის ჩემთანაა, არასდროს მტოვებს, რჩევებს მაძლევს, ყოველთვის ვგრძნობ მის სიახლოვეს.
    როგორც უკვე მიხვდით, დედაჩემი უკრაინელია, დიდი ხნის წინათ ის საქართველოში ბიძასთან ჩამოვიდა და სწავლა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მამა კი, თქვენ წარმოიდგინეთ, ტრამვაიში გაიცნო. თურმე ვიღაც ბიჭები ამ უკრაინელ ულამაზეს გოგონას აწუხებდნენ, აქ კი მამაჩემმა იყოჩაღა და დამცველად დაუდგა. მას შემდეგ ერთმანეთი კარგად გაიცნეს და დაქორწინდნენ, თუმცა, როგორც დედა ყვებოდა, მამაჩემს თავი შეუცოდებია, ობოლი ვარ, არავინ მყავსო, ქორწილის შემდეგ კი ჩამოვიდნენ, საჩუქრებით დატვირთული, ჩვენი იმერელი ნათესავები, ბებიას წინამძღოლობით.ბებიას მაშინვე მოსწონებია რძალი, მას შემდეგ მათი ურთიერთობა სამაგალითო იყო, არასოდეს გამიგონია მათ ერთმანეთზე საყვედური ეთქვათ.უკრაინელმა ქალმა ხუთი შვილი გააჩინა, ქართული ისწავლა, მახსოვს როგორ გვიკითხავდა იაკობ გოგებაშვილის "ბუნების კარს" ქართულად (მაშინ მხოლოდ ოთხი წლის ვიყავი), თვითონ ყველა ქართველი მწერლების შემოქმედებას გაეცნო ქართულ ენაზე, განსაკუთრებით მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობები მოსწონდა. მშობლებმა ქართულ სკოლაში შეგვიყვანეს, რაც ასევე იშვიათი იყო, რადგან ბავშვები რუსულენოვანი ოჯახებიდან რუსულ სკოლებში შეჰყავდათ ხოლმე. ჩვენი დედა, რა თქმა უნდა, .რუსულად გველაპარაკებოდა, ქართულად ლაპარაკი უჭირდა, თუმცა ცდილობდა, მამა-ქართულად, ასე რომ სკოლაში მისვლისას თავში დომხალი გვქონდა, მაგრამ ამას არ შეუშლია ხელი კარგად გვესწავლა. სამაგალითო ბავშვები ვიყავით, რაშიც დედის დიდი დამსახურება იყო. ქართველი ბავშვები ქართულად უნდა გაიზარდონ, ამბობდა ის, და ამ დევიზისთვის არასდროს უღალატია.მახსოვს არეულობა თბილისში, ზვიად გამსახურდიას გაპრეზიდენტების პერიოდი. დედა მაღაზიაში შესულა, უცებ ვიღაცა (საშინელ ხალხს რა დალევს) გამოუვარდა და შეურაცხყოფების მიყენება დაუწყო, რუსო, წაეთრიე შენს ქვეყანაშიო, გაოგნებულა, ძლივსღა მოუხერხებია ეთქვა, რომ ხუთი ქართველი გაზარდა. მიუხედავად ყველაფრისა, არასოდეს განელებია სიყვარული საქართველოსა და ქართველების მიმართ. - მენატრება საქართველო- ასე ამბობს ხოლმე და ცრემლი დაედინებაო მის ჯერ კიდევ ლამაზ უბერებელ სახესო-,ხშირად გვეუბნება ჩემი ძმა, რომელიც ასევე უკრაინაში გადაიხვეწა დედასთან ერთად. დედას ძალიან დაწყდა გული, როცა დათომ იქაური ცოლი მოიყვანა და უკრაინაში დარჩა საცხოვრებლად, ქართველი რძალი უნდოდა. მაპატიებს ალბათ ჩვენი რძალი, ამას რომ ვამბობ. ცხოვრების უკუღმართობამ გაგვყარა ახლობლები და სიმინდის მარცვლებივით მოგვაბნია მთელ დედამიწაზე. მენატრება ჩემი თბილი, ტკბილი, სტუმართმოყვარე დედა, რომელიც ჩემი მეგობრებისთვის გულს ამოიღებდა ხოლმე, დაუდებდა თეფშზე და ისე მიართმევდა, თუმცა საქართველო არ აღმოჩნდა მისთვის სტუმართმოყვარე, ისევე როგორც ბევრისთვის. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს და ადღეგრძელოს დედაჩემი!

მთვარის საიდუმლო თავი VI ( ავტორი: სოფიო ჭელიძე)

                                                        თავი VI
  მეორე დილით, როდესაც მე სამსახურში მივედი, ჩემს კაბინეტთან, მდივანისათვის განკუთვნილ მაგიდასთან,  დამხვდა უცნობი და საკმაოდ სასიამოვნო გარეგნობის სტუმარი, ეს იყო ლამაზი, წითური, ხუჭუჭათმიანი, ზღვისფერთვალება, თოვლზე თეთრი, ნაზი მოვლილი კანის მქონე ჭორფლიანი ქალი, სახეს სქელი წითელი ტუჩები უმშვენებდა, პატარა აპრეხილი ცხვირი ჰქონდა, საშვალო სიმაღლის გახლდათ, კოხტა ტანის, შესანიშნავ გრძელ მუქ იასამნისფერ კაბაში გამოწყობილი. ის ჩემთან გასაუბრებაზე იყო მოსული, სამსახურის თაობაზე, როდესაც ის დავინახე, გულმა თრთოლვა დამიწყო, მივხვდი, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე არ დავიღლებოდი ამ ულამაზესი არსების ცქერით, ის ნამდვილად წააგავდა  თამამ და თავისუფალ გაზაფხულის ფრინველს, მერცხალს, კაბინეტის კარგი გავუღე, ქალმა  გაიღიმა და ამ ღიმილმა მომაჯადოვა, საუბრის დროს გაირკვა, რომ მას არა მხოლოდ ფიზიკური სილამაზე გააჩნდა, არამდე  სულშიც ია ამოსდიოდა, მის კატრინა დევიტსონი, რომელიც ჩემზე 1 წლით ახალგაზრდა 38 წლის ქალბატონი აღმოჩნდა და რომლის სახეზეც ასაკი არავითარ კვალს არ ტოვებდა, განათლებული, გამოცდილი მდივანი და კარგ ოჯახში აღზრდილი ღირსეული ინგლისელი ქალბატონი  გახლდათ, მე რა თქმა უნდა ავიყვანე ის ჩემს დამხმარედ და ფრიად გავბედნიერდი, რადგანაც ყოველ დღე დავინახავდი ამ მშვენიერ არსებას, მის შემხედვარეს ყველა პრობლემა გადამავიწყდა, უეცრად ოთახის კარი ვიღაცამ სწრაფად და მკვეთრად შემოაღო, ეს აღელვებული ვილიამი აღმოჩნდა, მას თვალებიდან ნაპერწკლები სცვიოდა, დორბლებს ძლივს იკავებდავ, შემოავლო ოთახს თვალი, მის კატრინას დანახვაზე წარბიც არ შეუხრია, თავისი ლამაზი თვალების მზერა ჩემზე შეაჩერა, მე ვიჯექი ჩემს მაგიდასთან და საბუთებს ვაწერდი ხელს, მან უეცრად გაბრაზებული და იმედგაცრუებული სახე მიიღო, ღრმად ამოიოხრა და თქვა:
- კი მაგრამ, ფრედ, მე მეგონა უკვე მზად იყავი ჩემთან ერთად წამოსასვლელად!- ჩემი მეგობრის სახე, სევდამ მოიცვა, მისი ამბიციები დროებით წარსულს ჩაბარდა, ჩემი მოუმზადებლობის გამო.
- მაპატიე, მეგობარო, საქმეები მქონდა, ახალი მდივანი ავიყვანე, გაიცანი მის კატარინა- ფრედი ნამდვილი ჯენლტმენი იყო, მან დაიცვა ჩვეული ეტიკეტი, ახლოს მივიდა ქალთან, მანაც ნაზად გაუწოდა ხელი და ვილიამი ეამბორა.
- ძალიან ბედნიერი ვარ თქვენი გაცნობით მის!.- ბლექის უნაკლო კაცურ სახეს ყალბი ღიმილი გამოესახა, მას ეტყობოდა, რომ არავინ და არაფერი არ აინტერესებდა საქმის გარდა. სახე მოეღრიცა და მომთხოვნი ტონით მომმართა.- ფრედ სწრაფად ჩაიცვი, მანქანაში დაგელდები!
 სიტყვის თქმა ვერ მოვასწარი, ვილიამი მაშინვე წავიდა. მეც ჩავიცვი, ბოდიში მოვუხადე კატარინას და გავედი გარეთ, ძალიან ციოდა, წინწკლავდა კიდევაც, დიდი წვეთები ყინულის ნატეხებივით მეცემოდა, ჩავჯექი მანქანაში, მისტერ ბლექმა უსიტყვოდ დაძრა ძველი ''შევროლე'', როდესაც პოლიციის განყოფილება თვალს მოეფარა, მან ხმა ამოიღო: - ბევრი ვიფიქრე, ფრედ, გუშინ ღამით მომხდარზე და მივედი იმ დასკვნამდე, რომ მანქანა სარას მკვლელმა დამიზიანა, ის გვეთამაშება და ამითი უსაზღვრო სიამოვნებას იღებს, მან იცოდა, რომ ჩვენ არ გადავიჩეხებოდით და ცოცხლები გადავრჩებოდით, ვფიქრობ, რომ გუშინ ტყეში ის უცნობი ძაღლიანად ან თვითონ მკვლელი იყო ან მისი დამხმარე, ჩვენ მას პირისპირ შევხვდით და ვერც კი მივვხვდით ვინ იყო ის, შემდეგ კი მანვე შეაკეთა მანქანა, არ ვიცი რატომ, მაგრამ როგორც ჩანს, ის ნამდვილი გიჟია!
 გავიაზრე მეგობარის ნალაპარაკები.-შეიძლება ის სრულიად მართალიაა-გავიფიქრე, უკმაყოფილოდ და სინანულის გრძნობით ვუპასუხე: -სატანასავით ეშმაკია ის ჭკუიდან გადასული, ფიქრობ, რომ ჩვენი წამებით მართლა ერთობა?!
 - სრულიად დარწმუნებული ვარ მაგაში!- ვილიამმა კბილებიდან გამოსცრა.
  მანქანა ადიოდა აღმართზე, საიდანაც კარგად მოჩანდა ის უღრანი შავი და 'მისტიური' ტყე, სადაც უცნობი მწვანე პალტოიანი შეგვხვდა, თითქოს თავში ჩამესმოდა ნადირის
უცანური ხმები, მანქანა მიუახლობდა ჰარისონების უზარმაზარ შავ ჩუქურთმებიან რკინის ჭიშკარს, ნისლიანი და ბნელი ამინდის გამო, სასახლის ბუნდოვან მოხაზულობას ვხედავდით, სახლი თითქოს ჩამკვდარიყო, კარი მსუქანმა წითელლოყებიანმა მოსამსახურემ გაგვიღო, შეგვიპატიჟა სასტუმრო ოთახში, სადაც ახალგაზრდა ქერა მაღალი, დარდისგან განაწამები გამომეტყველებით, დაახლოებით 27 წლის ახალგაზრდა ვაჟი დაგვხვდა, ეს დილან ჰარისონი იყო, მისი სახე ნერვიულობისაგან და დაძაბულობისგან სულ გათეთრებულიყო, დილანს ეტყობოდა, რომ ძალიან დარდობდა საცოლის მოულოდნელი არაადამიანური დაღუპვის ამბავს, ახალგაზრდას შავი კოსტუმ-შარვალი ეცვა, სუფთა თეთრი პერანგი და მუქი ნაცრისფერი ჰალსტუხი ამშვენებდა მის სადა და ამავე დროს მდიდრულ ჩაცმულობას, უცბად გამახსენდა, რომ დღეს სარას დაკრძალვის დღე იყო, ვილიამი ოთახში მდგომ ყველა საგანთან ახლოს მიდიოდა, ყველაფერს ხელით სინჯავდა და დაჟინებით ათვალიერებდა, დილანთან საუბრარის დროს მე ეჭვიც არ შემპარვია, რომ ის არ მოკლავდა თავის საცოლეს, ის სასწაულებრივ შეყვარეული იყო, მე მეგობრულად დავუსვი მას კითხვა: - დილან, შენ ხომ უნდა შეხვედროდი სარას იმ საშინელ საბედისწერო დღეს?
- დიახ, მე მას შევხვდი კიდევაც, არაფერი საეჭვო, ის ძალიან ლამაზი, მშვიდი და გახარებული იყო, რომ ინტერვიუ თავისი ძველი მეგობარის, ცნობილი მეცნიერის, ფრედ ედკინსონისგან  უნდა აეღო.- სევდიანად მიპასუხა მან.
   ცოტა ხანში ჩვენ დავამთავრეთ დილანის დაკითხვა და გვინდოდა მამამისსაც გავსაუბრებოდით, მაგრამ ის სახლში არ აღმოჩნდა, ვილიამს ძალიან დასწყდა გული, შემდეგ ჩვენ თითეული მსახური დავკითხეთ, უმეტესობამ არაფერი იცოდა, ხოლო ერთ ქალს, რომელმაც კარი გაგვიღო და თბილად გაგვიმასპინძლდა, წამოსცდა ისეთი რამ, რამაც მე და მისტერ ბლექი ძალიან დაგვაინტერესა და მაშინვე ჩავაფრინდით მის წარმოთქმულ სიტყვებს,წითელლოყებიანმა მოსამსახურემ გვითხრა: -იცით რაა, მისტერ ბლექ და მისტერ ბენეტ, ძალიან ვწუხვარ ასე რომ მოხდა, სარა საოცრად კარგი გოგონა იყო, დილანს და მას ნამდვილად უსაზღვროდ უყვარდათ ერთმანეთი, მათ სიყვარულს მხოლოდ მისტერ ჰარისონი ეწინააღმდეგებოდა, არ მოსწონდა, რომ მისი შვილის სატრფო ღარიბი  ოჯახიდან იყო, მართლაც ისე მოხდა, როგრც მას უნდოდა, ძალიან ვწუხვარ.
  ჩვენ ჩავჯექით "შევროლეში", საკმაოდ გახარებული ვიყავით, რადგან ახალი საეჭვო ინფორმაცია შევიტყვეთ, მაგრამ მაინც გულდაწყვეტილები დავრჩით, რომ ოჯახის თავკაცს ვერ გავესაუბეთ პირადად, უამრავი აზრები გვაწუხებდა და ერთმანეთს ვუზიარებდით მე და მისტერ ბლექი, მოულოდნელად ვილიამმა მანქანა დაღმართზე სწრაფად დაამუხრუჭა, თავი ჩახარა, გაოცებული ვიყავი მისი მოქმედებით, მან ამოიხედა და გაოგნებული ხმით წარმოთქვა: - ფრედ, მე რაღაც ვიპოვე!...

Tuesday, August 4, 2015

ჩემი უკრაინელი ბებია (ავტობიოგრაფიული მოთხრობა)

    ნეტავ რა უფრო მეტად მიყვარდა, კარტოფილის ,,ვარენიკები" თუ ალუბლის?! ყაყაჩოს ღვეზელი თუ ვაშლის ,,პეროგი"?! ჩემი უკრაინელი ბებიას მიერ გამომცხვარი, ის ხომ ნამდვილი ოსტატი იყო ამ საქმეში! ახლა ვხვდები, რომ ყველაზე მეტად მაინც ალუბლის ვარენიკები მომწონდა, მომჟავო-მოტკბილო გემოთი, ალუბლის ბაღი გვქონდა, დიდზე-დიდი, ყოველ შემთხვევაში, მაშინ ასე მეჩვენებოდა. მწიფე ალუბალს არ ვტოვებდით ხეზე მე და ჩემი და-ძმები, შევესეოდით, პირს ვიტკბარუნებდით. ალუბლის სიყვარულმა ერთხელ ჩემი და ხიდანაც კი გადმოაგდო და ხელი მოსტეხა, რის გამოც ბებიამ გაგვტყიპა ყველანი, მას მერე ხეზე ასვლას გვიშლიდა, მაგრამ ჩვენ რა შეგვაჩერებდა.
     მშრომელი ბებია მყავდა, ერთ დროს კოლმეურნეობის თავმჯდომარედ ნამუშევარი, მკაცრიც იყო .მუშაობას პატარაობიდან გვაჩვევდა, კარტოფილის ნათესებში შევდიოდით და ფოთლებს კოლორადოს ხოჭოს ვაცლიდით ( ქილებში ვაგროვებდით). ერთგვარი გასართობიც იყო ჩვენთვის. 
 საჩუქრებით და ნუგბარითაც ხშირად  გვიმასპინძლდებოდა. ჩვენი განებივრება რომ შესძლებოდა (ზაფხულობით ორი-სამი თვით მივყავდით იქ მშობლებს), ხუთნი ვიყავით, დამლაგებლად იწყებდა მუშაობას კულტურის სახლსა და ფოსტაში, ეს შენობები ჩვენს სახლთან ახლოს იყო, ამავე დროს ჩვენთვისაც უნდა გაეწია მეთვალყურეობა, რაც ადვილი არ იყო, ცელქები ვიყავით, ორი ბიჭი და სამი გოგო, თანაც ერთმანეთზე პატარები. თვითონ ძროხა არ ჰყავდა, მაგრამ ახალ-ახალი რძე რომ გვქონოდა, ყოველდღიურად, მეზობელთან მოილაპარაკებდა ხოლმე და თივას რძეში უცვლიდა. ჰექტარი მიწა ჰქონდა. თვითონ უვლიდა, მარტო, რა არ მოჰყავდა ამ მიწაზე: კიტრი, პომიდორი, კარტოფილი, ბარდა, სტაფილო, ხახვი, ჭარხალი, სიმინდი.კურდღლების პატარა ფერმაც ჰქონდა, ასე რომ იქ ჩასულებს არაფერი გვაკლდა. მეზობლებიც მოდიოდნენ ხელდამშვენებულები, აქაოდა, საქართველოდან სტუმრები ჩამოვიდნენო, ყურადღებას არ გვაკლებდნენ. ვისაც რა ემეტებოდა, ის მოჰქონდა, ეს კი ცოტა არ იყო. განსაკუთრებით უყვარდათ საკაბე ნაჭრების მოტანა, რითაც ბებია კაბებს გვიკერავდა, შესანიშნავად კერავდა და ქარგავდა.
     მის უკრაინულ ალიზით მოზელილ სახლში ყოველთვის სისუფთავე სუფევდა. ბალიშებზე მოქარგული ტილოები იყო გადაფარებული, ლამაზი ჭურჭელი იდგა კარადებში, რომლებიც მერე მზითევში გამომიგზავნა, როცა გავთხოვდი. მახსოვს სიგრილე და ტბილი სუნი, რომელიც იქ ტრიალებდა. სამზარეულო ცალკე შენობაში იყო განთავსებული. არასდროს დამავიწყდება ბებიას ცისფერი თვალები და ის გამჭოლი მკაცრი მზერა, რომლითაც შემომხედავდა ხოლმე. თვითონ ომგამოვლილი გახლდათ,. რა ვიცოდი, რომ ის მომავალი მძიმე ცხოვრებოსთვის მამზადებდა. ძალიან მინდოდა მისნაირი ზღვისფერი თვალები მქონოდა და ის ენერგია, რომელიც ალბათ მზესაც შეშურდებოდა,