Tuesday, October 20, 2015

მფარველი ანგელოზი (მოთხრობა)

   მთიდან სულ სირბილით მოვექანებოდი, რაღაცა ძალა თითქოს ქვემოთ მექაჩებოდა, ხანდახან ვბორძიკობდი, ქვას წამოვდებდი ხოლმე ფეხს,  ხან ეკალ-ბარდები მიღობავდა გზას, არ ვეპუებოდი, ვგლეჯდი, ვწეწდი, დავსისხლიანდი კიდეც, მაგრამ ვერაფერმა შემაჩერა, ვგრძნობდი ვიღაცას ვჭირდებოდი, ქანცგაწყვეტილი მივედი სახლში, ჩემი ქმარი ეზოში რაღაცას საქმიანობდა, გაკვირვებით შემომხედა- რა მოგსვლია, ქალო!-ესღა მკითხა, არაფერი მიპასუხია,  დავწყნარდი, აქ ყველაფერი რიგზეა, თორემ დათო ასე მშვიდად არ იქნებოდა-მეთქი,.სახლში შევედი, დასასვენებლად მივწექი, ბალიშზე დავდე თუ არა თავი, საშინელი სიზმარი მესიზმრა, დედას ფეხი სტკიოდა, დახმარებას მთხოვდა, ოფლიანმა გავიღვიძე,- ალბათ მოუხერხებლად ვიწექი,- თავი დავიმშვიდე. მას მერე, რაც დედაჩემი უკრაინაში ცხოვრობს, ხშირად მესიზმრება, ვფორიაქობ, ვნერვიულობ, ვეღარ ვისვენებ. აი, ახლაც, ისევ ცუდი აზრები ამეკვიატა.
     დედა უკრაინელი მყავს. დიდი ხნის წინ ჩამოვიდა საქართველოში, მამა გაიცნო, ხუთი შვილი ვეყოლეთ, გმირი დედაა, მაგრამ რა ხეირი, სამნი აქ ვცხოვრობთ, ერთი და-მხატვარი მოსკოვშია, ის კი არეულობის პერიოდში, 90-იან წლებში, სამშობლოში წავიდა, ჩემი ნაბოლარა ძმა, აფხაზეთის ომის მონაწილე, მეორე ჯგუფის ინვალიდი, თან წაიყვანა, უკეთესი ცხოვრების იმედით. ძმას მკურნალობა სჭირდებოდა, ფული არ ჰქონდა, სამუშაოს ვერ შოულობდა, ინვალიდს კი არა, ჯანმრთელ, ჯანსაღ მამაკაცებს დღესაც კი უჭირათ სამუშაოს შოვნა, მაშინ კი, იმ არეულობასა და საყოველთაო ქაოსში, მითუმეტეს, ძნელი იყო. ის ცალი ყურით ყრუ არის, გაგრასთან დაიჭრა, ექვსი საათი უკეთებდნენ ოპერაციას გაგრაში, ჩვენი ექიმების გულმოდგინეობით ყური აღუდგინეს, თუმცა სმენა ვერ შეუნარჩუნეს. რეაბილიტაციის მერე ისევ აფხაზეთში დაბრუნდა საბრძოლველად, კოდორს იცავდა. ძალიან დაწყდა გული. როდესაც გაიგო , რომ 2008 წელს ქართველებმა კოდორი დაკარგეს.  უკვე ოც წელზე მეტია, რაც  ხარკოვში ცხოვრობს, უკრაინელი ქალი მოიყვანა ცოლად, თუმცა დედა ძალიან წინააღმდეგი იყო, ქართველი რძალი უნდოდა, ქართველმა ქართველი უნდა მოიყვანოსო ცოლადო, სულ ამას ეუბნებოდა ჩემს ძმებს. დედას საქართველოში დაბრუნებაზე ოცნებობდა, მაგრამ არ გაუმართლა, ხერხემალი დაიზიანა, ექიმების მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდება. ახლაც სანატორიუმშია, ხარკოვისგან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით. ძმა ყოველ კვირა ჩადის მის მოსანახულებლად. მიუხედავად იმისა, რომ დედას მეთვალყურე და მომვლელი მუდმივად ჰყავს, მაინც ვღელავ, მიჭირს დედის გარეშე, ვოცნებობ, რომ ჩემთან იყოს, მშობლებთან ცხოვრება ხომ ღვთის მადლია. წუთისოფელს რა ვუთხარი, რომ ასე დაგვაცილა ერთმანეთს დედმამიშვილები და მშობლები, ერთმანეთის ნახვაც გვიჭირს, უსახსრობის გამო, დაილოცოს სკაიპის მომგონი, მაგითღა ვხედავთ ერთმანეთს, ისიც დროგამოშვებით, - დროის უქონლობის გამო .
    იმ დღეს საქმეებში გავერთე, ცუდი აღარაფერი მიფიქრია. ღამით ისევ  უსიამოვნოდ მეძინა, თითქოს ვიღაცა მეძახდა, შველას მთხოვდა მეტს ვეღარ გავუძელი და დილით ძმას დავურეკე ხარკოვში, რამე ცუდი ხომ არ ხდება -მეთქი. ჩემმა ზარმა გააკვირვა, ყველაფერი წესრიგშიაო დამამშვიდა,- ორი დღის წინ ვიყავიო დედასთან.-. მაგრამ რაც რამდენიმე დღის შემდეგ გავიგე, გამაოცა,  ჩემი ზარის  შემდეგ  ჩემი ძმა აფორიაქებულა, დედასთან დაურეკია, ზარს არავინ პასუხობდა, მერე დაუკავშირდა სანატორიუმის დირექტორს და გაუგია, რომ დედას სწორედ წინა დღეს მოუტეხია ფეხი და საავადმყოფოში გადაუყვანიათ. მისთვის არც შეუტყობინებიათ, ის  კი  მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ აპირებდა დედასთან ჩასვლას, თავზარდაცემული დათო(ჩემი ქმრის სეხნიაა) საავადმყოფოში გაქანდა ,  74 წლის ქალი მწოლიარე და გირებზე ფეხჩამოკიდებული რომ დაინახა , გადაირია. აღმოჩნდა, რომ იქაური ექიმების კვალიფიკაცია არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ დედასთვის სასწრაფო ოპერაცია გაეკეთებინათ, საჭირო იყო ხარკოვიდან სპეციალისტის ჩაყვანა. ასეც მოიქცა, დედას ოპერაცია გაუკეთეს, რომ არა ეს, მოხუცი მენჯ-ბარძაყის  მოტეხილობას (ფეხი ორ ადგილას იყო გადატეხილი),  ვერ გადაიტანდა.  მხოლოდ ოპერაციის შემდეგ დამირეკა ძმამ და ეს ამბავი შემატყობინა, მადლობას მიხდიდა, - მაია, შენ რომ არა, არ ვიცი რა მოხდებოდაო,- შვებით ამოვისუნთქე, მივხვდი, რომ ჩემმა მფარველმა ანგელოზმა საშიშროებისაგან გვიხსნა და ჩემი მისია ნაწილობრივ მაინც შევასრულე.  

No comments:

Post a Comment