Saturday, October 10, 2015

პატარა გოჭი (საბავშვო მოთხრობა)

                             გოჭის ამბავი

          ერთ ეზოში გოჭი ცხოვრობს, გოჭმაჭურს ეძახიან. გაიღვიძებს დილით გოჭმაჭური და ფიქრობს, რა ჭამოს. აბა, იმას სხვა საფიქრელი არაფერი აქვს, კბილები არა აქვს გასახეხი და გაკვეთილები სასწავლი. მიდის გოჭმაჭური ვაშლის ხესთან და ეუბნება: ვაშლის ხეო, ვაშლის ხეო, ერთი წითელი ვაშლი გადმომიგდე! ვაშლის ხე პასუხობს:_ შე ცინგლიანო, აქედან დამეკარგე, განა არ იცი, რომ წითელი ვაშლები ზურიკოსთვის მაქვს შენახული?! შენ მანდ, ღობის ძირში, დამპალი ვაშლები რომ ყრია, ის შეჭამეო. რა ქნას გოჭმაჭურმა, ჭამს დამპალ ვაშლებს.
  ახლა, მსხლის ხისკენ იღებს გეზს, მასაც ეძახის, ერთი- ორი ტკბილი მსუქანი მსხალი ჩამომიგდეო, მაგრამ მსხლის ხეც იგივეს პასუხობს, ეს მსხლები ზურიკოსთვის მაქვს შენახულიო. რაღას იზამს გოჭმაჭმური, დადის ხის ძირში და ძირნაყარ მსხლებს მიირთმევს. განა მანაც არ იცის, ვინ არის ზურიკო?!
     აი, ზურიკო ეზოში გამოდის, ძლივ-ძლივობით ადგამს ნაბიჯებს, იმიტომ რომ ძალიან პატარაა, თორემ იცით, რა ვაჟკაცია! მიდის ბიჭი ვაშლის ხესთან, ეპოტინება ტოტებს, წითელი ვაშლი უნდა, ვაშლის ხეც ტოტებს დაბლა წევს, იზნიქება, მაგრამ ბიჭი მაინც ვერ წვდება წითელ ვაშლს, გამორბის ბებო, ვაშლს წყვეტს და ზურიკოს აწვდის. ოო, როგორ უხარია ზურიკოს! წითელი ვაშლი ბრწყინავს მის პატარა ფაფუკ ხელებში, უხარია ბებოს, უხარია ვაშლის ხეს, უხარია ეზოს!

No comments:

Post a Comment