Saturday, October 17, 2015

სოსო ბაბუა (საბავშვო)

      პატარა ნინო დედამ ცირკში წაიყვანა. კმაყოფილი და ბედნიერი ბრუნდებოდა შინ. უცებ გზაზე ბუშტების გამყიდველი  შეამჩნია. დედას ბუშტების ყიდვა სთხოვა. გამყიდველი მოხუცებული კაცი აღმოჩნდა. -რა გქვია, გოგონა?-ჰკითხა კაცმა პატარას.- მე ნინო ვარ, შენ რა გქვია?-კითხვა დაუბრუნა მოხუცს. -მე სოსო ბაბუა ვარ,- თქვა ღიმილით გამყიდველმა და გოგონას რამდენიმე ცალი გასაბერი ბუშტები მიაწოდა.- მერე თითქოს რაღაცა დაავიწყდაო,-  ეს ჩემგან საჩუქრად, პატარავ! -თქვა და ბავშვს დამატებით უშველებელი ნეონის ბუშტი მისცა ხელში. -ეს ოცნებების ბუშტია, რასაც ჩაიფიქრებ, ყველაფერი აგისრულდება!-უთხრა ბავშვს. -მადლობ,-თქვა ნინომ. გოგონას სიხარულით აუჩქრიალდა გული.
        ცისფერი ნეონის ბუშტი დიდხანს ეკიდა ნინოს ოთახში, ნელ-ნელა ჩაიჩუტა, დაპატარავდა. დედამ გადაწყვიტა მისი გადაგდება, მაგრამ გოგონამ გამოართვა და პატარა ყუთში მოათავსა, სადაც ძვირფას ნივთებს ინახავდა.
        ახლა ნონო დიდი გოგოა, მაგრამ ცისფერი ბუშტების დანახვაზე ყოველთვის სოსო ბაბუა ახსენდება. იცის რომ მას ყველა ოცნება აუსრულდება.

           

No comments:

Post a Comment