Saturday, October 24, 2015

მე თოჯინა ვარ

    მე ნამდვილი  თოჯინა ვარ, თუმცა ცოტა შელახული, დაძველებული, თვალებშიმზე ჩამქრალი ერთ დროს კი, როცა მიყიდეს, ჩემ შეხედვას არაფერი სჯობდა. მწვანე თვალება ქერათმიანი ლამაზმანი ვიყავი, ახლანდელი ბარბები სწორედაც რომ ვერ შემედრებოდნენ ნამდვილ, შეკვეთით დამზადებულ, საბჭოთა თოჯინას, დახვეული ნატურალური თმებით, თეთრი გეტრებითა და შავი ტუფლებით, მოსწავლესავით ჩაცმულ-დახურულს. მიყიდეს ჩემი საწოლით, ლოგინით, ვარდისფერი ბალიშებითა და ატლასის პენუარით, ავეჯეულობით და ანტიკვარიატით, სხვაც ბევრი რამ მომყვა, თუმცა ყველაფერი აღარც მახსოვს. სანამ სახლში მომიყვანდნენ, საპატარძლო კაბაშიც გამომაწყვეს, ოქრომკერგით ნაქარგი ფატა ძალიან  მიხდებოდა. ასეთი დედოფალა მაშინ იშვიათობა იყო, ამიტომ შენაძენით ამაყობდა არა მარტო ჩემი პატრონი, არამედ მისი დედა, მამა, ბებიები და ბაბუებიც კი. გარეთ ფაიტონით გამასეირნებდნენ, გვერდზე ჩოხა-ახალუხში გამოწყობილ პატრონს მომისვამდნენ და ყველას აჩვენებდნენ, ნახეთ, რა ლამაზი თოჯინა გვყავსო. მეც ვიპრანჭებოდი, ბედით კმაყოფილი, აქაოდა რა კარგ ხელში ჩავვარდი-მეთქი, ასე ყველა თოჯინას კი არ უმართლებდა?!, ზოგს ისეთი პატრონი შეხვდებოდა, ზედ არ შეხედავდა, ძირსაც გაათრევ-გამოათრევდა, თავსაც გაუტეხავდა, დაასახიჩრებულს ბოლოს ნაგავსაყრელზე მიუჩენდა ბინას, განა იშვიათად დაგინახავთ ხელ-ფეხმომძვრალი, თმებდაგლეჯილი დედოფალები, ნაგავში გადაყრილები?! ჰოდა, მეც მანდ ვარ! მე კი, როგორც ზევით აღვნიშნე, დიდ პატივში ვიყავი. მიხაროდა, ასე რომ მექცეოდნენ. პატრონი ყველგან თან დამატარებდა, მამამისს რამდენიმე მანქანაც აყიდინა, თოჯინას ძირს ფეხს ვერ დავადგმევინებო, პატრონის დედაც მეფერებოდა, მამაც, ბებიებიც და ბაბუებიც. მისთვის კი, ერთი წუთიც  უჩემოდ გატარებული, მთელი საუკუნე იყო. ნაირ-ნაირ ტანსაცმელს არ მაკლებდა, ეს ნუტრიას ქურქიო, ეს ტყავის ქურთუკიო, ეს "დუბლიონკაო", მაშინ მაგარ მოდაში იყო,  ხან დედოფლის სამოსში ვიყავი გამოწყობილი, ხან- მზარეულის,  ხან დიდი სახლის პატარა დიასახლისის როლს ვასრულებდი, ხან კი მოკლე კაბასა, შავ გეტრებსა და თეთრ ფეხსაცმელებში, მაღალ ქუსლებზე თავმომწონეობდი პატრონის წინ. არც სამკაულები მაკლდა: რამდენიმე ბრილიანტის ბეჭედი, საყურეები, სამაჯურები და საათები, ყველაფერი ოქროსი, მოკლედ, რომ ვთქვათ, ჩემს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა. პატრონმა, კარგად გაერთოსო, ჯერ სხვა ლამაზი თოჯინები მომიყვანა, იმეგობრეო, მერე შვილი თოჯინების ყიდვა გადაწყვიტა, შენნაირი ლამაზები უნდა იყვნენო, ბიჭი თოჯინების ყიდვა მაშინ ძნელი იყო, ახლა გაიოლდა, მაშინ კი მხოლოდ გოგო თოჯინები იყიდებოდა, ამიტომაც ორი გოგო თოჯინა მიყიდა, ბიჭი კი, რომ ვერ იშოვა, შეკვეთით დაამზადებინა, აქაოდა ჩემი გაუკეთებელი საქმე არ არსებობსო. ახლა დედის როლი მოვირგე,. სახლიც შეიძინა ჩვენთვის, უზარმაზარი ვარდისფერი სასახლე, დღეს ბარბებს რომ აქვთ, და ყველა გოგონა რომ შურის თვალით უყურებს, ვარდისფერი  მანქანაც მიყიდა, მაგრამ ხელფეხშეკრულს როგორ შემეძლო მისი ტარება, აქაოდა ჩემს თოჯინას ყველაფერი აქვსო, კმაყოფილი და ბედნიერი იყო, მეც ბედნიერი ვიყავი, სანამ...

                                                 __________________________

   ქალი ლოგინში იწვა და სარკეში ადევნებდა თვალს ქმარს. რეზოს დაკუნთული, გარუჯული  სხეული ყოველთვის ვნებას აღძრავდა მასში. ფულიანი კაცი იყო რეზო, მაღალი თანამდებობის პირი. ქალებსაც მოსწონდათ ენაწყლიანი, კოხტა, ხელგაშლილი მამაკაცი. ეჭვები ღრღნიდა, ბოლო ხანებში ქმარმა მის მიმართ დამოკიდებულება თითქოს შეცვალა, ისეთი სიყვარულით აღარ ექცეოდა, როგორც უწინ, თუ ეს ყველაფერი ეჩვენებოდა?!  ახლაც საუკეთესო ტანსაცმელში გამოეწყო, კვირა დღე იყო. ქალმა შეკითხვის დასმა ვერ გაბედა, მაგრამ თითქოს მის სხეულში რაღაცა მექანიზმი ჩაირთოო, თოჯინის თავში რაღაცა აირია. სწრაფად აამოძრავა ხელები და ფეხები, ჩაიცვა და უჩუმრად აედევნა მეუღლეს. რა იცოდა რეზომ, რომ მან შემთხვევით გამოჰკრა ხელი იმ გასაღებს, რომელიც თოჯინას აამუშავებდა, ეს გასაღები კი ეჭვი იყო. დიახაც, ეჭვი, რომელსაც შეუძლია ერთ წუთში გაანადგუროს დიდი ხნის ნალოლიავები, ფანტაზიით თუ რალობით შექმნილი უზარმაზარი კოშკები, თუ კი ის სიცრუეზეა აგებული. რეზო ძველ დანგრეულ შენობას მიადგა,  ქალმა აბანოს მიამსგავსა, ძველი ნესტიანი ობმოკიდებული კედლებიდან წყალი ჟონავდა, კაცმა ეს შენობა გვირაბივით სწრაფად გაიარა, გზადაგზა ქალისთვის უცხო ადამიანებს ხვდებოდა, ხელს ართმევდა, ესაუბრებოდა, ქალმა თითო-ოროლა სიტყვის გარჩევა თუ შეძლო: "მიიყვანეს," "ყველაფერი მზადაა", "მალე დაიწყება", რომელთა აზრი მისთვის უცნობი და გაურკვეველი იყო.  ქალი უჩუმრად მიჰყვებოდა უკან, შიშობდა, ქმარს არ დაენახა. კაციც საოცარ სიფრთხილეს იჩენდა, უკან-უკან იხედებოდა, შენობიდან გასული მამაკაცი ლამაზ სახლს თუ სასახლეს მიადგა, მიიხედ-მოიხედა და საეჭვო რომ ვერაფერი შეამჩნია, შიგნით შევიდა. ქალს არასოდეს დაუნახავს უწინ ეს შენობა ამ ადგილას ან არ შეუმჩნევია, ალბათ. ცოტა ხანში ქალიც უკან მიჰყვა, დაუბრკოლებლად გაიარა ორივე მხრიდან სტატუებით მორთული დერეფანი, რომელიც კოლიზეუმს უფრო ჰგავდა ვიდრე ჩვეულებრივ კორიდორს, გაკვირვებული ათვალიერებდა იქაურობას, გადაადგილებაში ხელს არავინ უშლიდა, მიუხედავად ბევრი იქ მდგომის უცნაური მზერისა, ის გზას უშიშრად აგრძელებდა. დერეფნის ბოლოს თვალებში თითქოს რაღაცა ეცა,, თვალები აეწვა.წაქცევისგან ძლივს შეიკავა თავი, თვალები რომ გაახილა ქვემოთ ჩამავალი კიბეები შენიშნა, ჩაუყვა და უეცრად მის თვალწინ უზარმაზარი არენა გადაიშალა, თავიდან ეგონა ცირკში მოხვდა, ჰაერში კვამლის ბოლქვები და ბუღი იდგა, ამიტომ უჭირდა რაიმეს გარჩევა, ისმოდა ყვირილი, კვნესა, შეძახილები. ნელ-ნელა თვალი შეაჩვია იქაურობას,  მის წინ საშინელი სურათი გადაიშალა, რომლის მთავარი მონაწილენი, მისდა გასაოცრად,  ადამიანები იყვნენ. მათ ხელჩართული ბრძოლა გაემართათ, უიარღოდ, ერთნეთს ხელებით  ებრძოდნენ, ფეხებსაც იშველიებდნენ, კბილებსაც, ერთმანეთს ხორცებს აგლეჯდნენ, თმებით წეწდნენ, აქა-იქ ხორცის ნაფლეთები ეყარა, აგერ ყურიც, სისხლის გუბეში კაცი ფართხალებდა, მკვდარიც კი შენიშნა, რომელსაც არენიდან მიათრევდნენ.  ქალი თვალებს არ უჯერებდა, ალბათ სიზმარში ვარ, გაიფიქრა და იქაურობის თვალიერება განაგრძო. მაყურებლებს შორის ბევრი ცნობილი ადამიანის სახე გაარჩია, რამდენიმე პოლიტიკოსი, ბიზნესმენიც ესწრებოდა წარმოდგენას, ზოგიერთი ყიჟინით, შეძახილებით ამხნევებდა ბრძოლის მონაწილეებს,, ზოგი თვალებზე ხელს იფარებდა, დადუმებული და გაშტერებული იჯდა, თითქოს სცხვენოდათ იქ ყოფნის, მაგრამ სხვა გზა არა ჰქონდათ, რამდენიმეს გულიც კი არეოდა და თავისივე ნაღებში იჯდა გაუნძრევლად.. ქალს თავბრუ დაეხვა, მეუღლე რომ ვერსად დაინახა, გასასვლელისკენ დაიძრა, უნდოდა ჰაერი ჩაესუნთქა და გაერკვია, რასთან ჰქონდა საქმე, რეალობასთან თუ ეს ყველაფერი მისი ფანტაზიის ნაყოფი იყო. დერეფანში ღია კარი შენიშნა, საიდანაც ხმაური ისმოდა, რეზოს ხმა გაარჩია, სასწრაფოდ იქით დაიძრა, უნდოდა ნანახი ეამბო მისთვის, შველა ეთხოვა. ოთახში გაშლილ მაგიდას მისი მეუღლე და რამდენიმე კაცი მისხდომოდა, მათ შორის რეზოს მეგობრები იცნო, ზოგი კი მისთვის სრულიად უცხო ადამიანი იყო. ხუმრობდნენ, იცინოდნენ, რაღაცას ჭამდნენ, ის იყო ქმრის სახელი უნდა ეყვირა, რომ მის ხელში ადამიანის თითები შეამჩნია, რომელსაც ის მადიანად მიირთმევდა, ქალი ქმარს გაქონილ პირისახეზე მიაშტერდა, -ვინ არის ეს თოჯინა?!- ჰკითხეს გაოგნებულ რეზოს, მან პასუხის გაცემა ვერ მოასწრო, რომ ქალმა გონება დაკარგა, მას ტუჩებზე შეაცივდა სიტყვა-: "კაციჭამიები".
          როცა გონს მოვიდა, ლოგინში იწვა, მეუღლე ზემოდან ეჭვით დასცქეროდა,  ქმარს თვალი თვალში გაუყარა, ის მშვიდად და ალერსით ელაპარაკებოდა,  -რა მოგივიდა, საყვარელო? ძილში საშინლად კვნესოდი, ცუდად ხომ  არ ხარ?! ექიმი გამოვიძახო?! -არ ჩერდებოდა რეზო. ყველაფერი სიზმარი ყოფილა, გაიფიქრა ქალმა და მშვიდად ამოისუნთქა., მეუღლეც დააწყნარა, არაფერი მიჭირსო და ლოგინიდან სწრაფად წამოხტა. მოდუნდა, მოიღვენთა, თითქოს მამოძრავებელი ძალები წაერთვაო, ისევ ის გახდა, ვინც მანამდე იყო.მექანიზმი გამოირთო. ქალი კვლავ გაუყვა უზრუნველი ცხოვრების დინებას და ყველაფერი ესე გაგრძელდებოდა, რომ არა უცნაური ზარი, რომელმაც ამცნო, რომ მის ქმარს საყვარელი ჰყავდა და არა მარტო საყვარელი, შვილიც კი. ზარმა დააფრთხო კიდევაც და მიძინებული ეჭვიც გაუღვიძა,-იქნებ ის სიზმარიც მართალია, -გაიფიქრა, ისევ აერია ტვინში რაღაცა, თითქოს ახლა ამოიღო არტახებიდან ხელი, მეუღლეს დაკითხვა მოუწყო. რეზომ თავიდან იუარა მეორე ცოლ-შვილის ამბავი, მაგრამ ბოლოს სიმართლე აღიარა, მიხვდა რომ რეალობას ვეღარ დამალავდა. ქალი ლოგინად ჩავარდა, ორი კვირა საწოლიდან ვეღარ დგებოდა, რეზო საწოლთან მუხლებდაჩოქილი პატიებას სთხოვდა, მაგრამ პასუხი არ ისმოდა.-ამდენი წელი ვის ვემსახურებოდი?!-შეკითხვას სვამდა ქალი და მწარე ცრემლები ჩამოსდიოდა თვალებიდან. ბოლოს მოხდა მოულოდნელი რამ, ქალი გამოჯანმრთელდა, ლოგინიდან ამდგარმა ცოტაოდენი ტანსაცმელი შეაგროვა,  მოცეკვავესავით ხელები აიქნია, გედივით მოიღერა კისერი და ამღერდა, ის ყელზე მოეხვია რეზოს და მადლობა მოუხადა, რომ ტყვეობიდან გაათავისუფლა, როგორც ჩიტი,  რომელიც დიდი ხანი იყო გალიაში გამოკეტილი,- აქამდე მე შენზე ვსწორდებოდი, შენ ჩემთვის სამაგალითო პიროვნება იყავი, დღეის იქით კი  მე თავისუფალი ადამიანი ვარ,- უთხრა ქმარს,- ჩვენ ერთად აღარ ვიცხოვრებთ და მან დატოვა ვარდისფერი კოშკი.


                                                 ______________________


              მე, პატარა გოგონა ვარ, რომლის მშობლებიც ერთმანეთს დაშორდნენ. მეც თოჯინა ვარ, რომლის ორ ნაწილად გახლეჩას ლამობენ. მერე უკვირთ, რატომ გვაქვს ნერვები ასე აწეწილი. ჩვენ ყველანი თოჯინები ვართ, ვინმეს მიერ მართული, მთავარია სიკეთეს ვემსახუროთ.  მე, დედამ და ჩემმა პატარა ძმამ მამის სახლი დავტოვეთ და დავსახლდით ქალაქგარეთ ბაბუაჩემის, რომელიც დიდი ხნის წინ გარდაიცვალა, სახლში. ვერ ვიტყვი, რომ ადვილი იყო ჩემთვის მშობლიური კუთხის მიტოვება, მაგრამ დედას მარტო ვერ დავტოვებდი.  ჩემი უფროსი და მამასთან დარჩა, ის ნამდვილი ბარბია, ულამაზესი ქერა თმებითა და ლურჯი თვალებით, ძალიან ჰგავს ჩვენს უკრაინელ ბებიას. ბებია დიდი ხანია უკრაინაში გადასახლდა, არეულობის დროს, 90-იანებში, პატარა ბიძასთან ერთად. დედა მიხვდა, რომ ცხოვრება ისეთი იოლი არ არის, როგორც ეგონა. ის აღარ ცხოვრობს ცისფერი ოცნებების ვარდისფერ სასახლეში. ის წყნარი, მშვიდი, ალერსიანია, ისეთივე ფუმფულა და ნაზი, როგორც მისი შეკერილი ბალიშები. ის გამოსავალს ეძებს, ათას საქმეს მოჰკიდა ხელი, რომ მე და ჩემი ძმა გვარჩინოს. მაინც გვიჭირს, მაგრამ მამაჩემისგან დახმარებას არ ღებულობს. დედამ ბებიას ნასწავლები სამკურნალო მალამოების რამდენიმე რეცეპტი გაიხსენა და ახლა იმ ადამიანებს ემსახურება, რომლებსაც მისი დახმარება ჭირდებათ. მე და დედა ხშირად დავდივართ შორიახლო მინდვრებში სამკურნალო ბალახების შესაგროვებლად, ჩვენს სახლში სულ დგას ყვავილების სუნი, რომელიც ძალიან მომწონს. ერთხელ ველზე გავედით, მე გვირილებს ვაგროვებდი, დედა, როგორც ყოველთვის-ბალახებს, დასასვენებლად ჩამოვჯექით, მე მუხლებში ჩავუდე თავი,  ცას ვუყურებდი, მოიღრუბლა, უცებ წვეთი დამეცა სახეზე, ვიფიქრე, წვიმა დაიწყო-მეთქი, მაღლა ავიხედე, დედა ტიროდა, მას სახეზე ცრემლები ჩამოსდიოდა და სახის კანს მიწვავდა,-რა მოგივიდა, -ვკითხე შეშფოთებით,-დედა მენატრება,- მითხრა დაღონებულმა, მივხვდი, რომ მასაც აქვს სურვილები, ოცნებები, რომელსაც ყურადღებას არ ვაქცევ, ისიც ჩვეულებრივი ადამიანია, როგორიც მე ვარ. მაშინ მფრინავი ხალიჩა ვინატრე ან ნატვრის თვალი, რომ მისთვის ყველა ოცნება ამეხდინა.
                 სახლში დედამ ხატების კუთხე მოიწყო.ხშირად ლოცულობს. ერთხელ ვკითხე- ვისთვის ლოცულობ, დედი?-ყველასთვის, მიპასუხა.- მამასთვისაც ლოცულობ/' -გავუმეორე შეკითხვა.- მამასთვისაც;- ისევ მიპასუხა და თვალებში სევდა ჩაუდგა. მამამ მეორედ იქორწინა, ახლა სხვა თოჯინაზე. მე და ჩემი ძმაც ისევ მის თოჯინებად დავრჩით, უხილავი ძაფებით მართულ თოჯინებად, დედა კი, თავისუფალი ადამიანია, ყველაზე თავისუფალი...

                                                 --------------------------
         

          მე თოჯინა ვარ, დაბერებული, შელახული, მაგრამ თვალებშიმზეჩამდგარი, რადგან ახლა მე ჩემი შვილიშვილის თოჯინა ვარ, ბებო თოჯინა, რომელიც მას ყველაზე მეტად უყვარს, მე სიკეთეს ვემსახურები და არა ბოროტებას, მე თოჯინა ვარ, რომელიც მუდამ იცინის, რომ პატარა მაია გაახაროს, მაგრამ ერთხელაც ალბათ დადგება დღე, რომ მეც კუთხეში მიმაგდებენ, გამათრევენ და როგორც უვარგისსა და გამოუსადეგარს სანაგვეზე გადამაგდებენ,


                                                 -----------------------------------------
        გოგონას პატარაობიდან უყვარდა სასაფლაო, რაღაცა სიმყუდროვეს გრძნობდა   საფლავებს შორის. პირველად იქ  ბებიას დასაფლავებაზე მოხვდა, თავისი საყვარელი ბებიას., რომელიც მუდამ კაკლის მურაბითა და ჩურჩხელებით უმასპინძლდებოდა. ამის მერე შეუყვარდა ალბათ სასაფლაო. ახსოვდა, როგორ ჩაუშვვეს კუბო წინასწარგათხრილ ორმოში, კიდევ დიდხანს ესმოდა, როგორ აყრიდნენ მიწას,  თვითონ კვიპაროსის ქვეშ იდგა ატირებული, ახსოვს ვიღაცა ამშვიდებდა, მაგრამ ვინ იყო, არ ახსოვს, ალბათ იმიტომ რომ ძალიან პატარა იყო. მას მერე ხშირად დადიოდა სასაფლაოზე, ხავსმოკიდებულ ქვებს ესაუბრებოდა. სწორედ იქ გაიცნო პატარა ბიჭი, რომელიც სადღაც შორიახლოს ათევდა ღამეს, უსახლკარო  და უპატრონო იყო.გოგონას ეცოდებოდა, ხანდახან მისთვის საჭმელი მოჰქონდა სახლიდან,  -სად ათევ ღამეს,-ჰკითხა ერთხელ გოგონამ, აქვე ახლოს- უპასუხა ბიჭმა, ხელი მოჰკიდა და ერთ პატარა სახლთან მიიყვანა, რომელიც თავისი ხელით შეეკოწიწებინა, გოგონა გაოცებით უყურებდა უცნაურ ნაგებობას, ფერადი შუშებითა და პლასტიკატებით შემკობილს, რომელიც მზის შუქზე ელავდა და ბრწყინავდა. -რა ნიჭიერი ყოფილხარ, -უთხრა გოგონამ, -მართლა მოგწონს? ჰკითხა ბიჭმა, --მართლა, მართლა,- პასუხობდა გოგონა, მაგრამ ყველაზე მეტად გააოცა იმ მშვენიერმა თოჯინებმა, რომლებსაც ამ სახლში მოეყარათ თავი. ზოგი გოგო თოჯინა იყო, ზოგი-ბიჭი, ლამაზად ჩაცმულ-დახურულები უცნაურად გამოიყურებოდნენ ამ ადგილას.-თოჯინების თეატრი-, წამოიძახა გოგონამ. -ამათ მაინც სად პოულობ?! - ჰკითხა ბიჭს, -ნაგავსაყრელზე,- იყო პასუხი, -წამოდი გაჩვენო,-უთხრა ბიჭმა, ხელი მოჰკიდა და გზას გაუყვნენ, მალე ნაგვით სავსე პატარა გორას მიადგნენ, რას არ ნახავდით აქ: გადაყრილ ავეჯს, ტანსაცმელს, ანტიკვარიატს, სურათებს და დიდ თუ პატარა თოჯინებს, ტანსაცმელშემოძარცვულებს, თავგატეხილებს, ხელფეხმომძვრალს, ზოგს წითელი ბაფთებით, ზოგს-თეთრი გეტრებით და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით, ზოგს თმადავარხცხნილსა და გაპუდრულს, ზოგსაც, სიძველისაგან წამწამებდაგლეჯილსა და გაშავებულს-.ისინი ჩემი ერთადერთი მეგობრები არიან, -თქვა ბიჭმა და მათი შეგროვება დაიწყო, მას მერე გოგონა ყოველთვის ერიდებოდა ნაგავსაყრელებს, ახსენდებოდა ის პატარა ბიჭი, რომლის ერთადერთი მეგობრები ძველი, გადაყრილი თოჯინები იყვნენ, არ უნდოდა ერთ დღეს თვითონაც იქ აღმოჩენილიყო.

No comments:

Post a Comment