Tuesday, May 15, 2012

ვარდმა დამკაწრა ლამაზმა


ვარდმა დამკაწრა ლამაზმა,
ცრემლი მადინა მწარია,
მისი სადარი ამქვეყნად
ვიცი, რომ არვინ არია.
მისი ფერი და სინაზე
არვისთან შესადარია,
სურნელით გაბრუებულმა
კვლავ ცრემლი ვღვარე მწარია,
გუბე დამდგარა ისეთი,
ზღვასთანა შესართავია.
ყველა იმისი ნაჩხვლეტი
ვარდივით წითლად ღვიოდა,
წვეთი წვეთს ემატებოდა,
ჩემს გულს ძალიან სტკიოდა,
მაგრამ ვერავინ მშველოდა,
ნაღველი ცად ადიოდა.
ვარდო, დამეხსენ ლამაზო,
თუ გინდა, რომ არ ვკვდებოდე
და შენი სილამაზისთვის
ვიფერფლებოდე, ვდნებოდე...
მაგრამ ვარდია, ამაყი,
მის გულს არ აჩნის იარა,
მე თავის მონად მაქცია,
თვითონ აისად იალა!

ღმერთო, არ მორჩეს ჩემი იარა!

 
ღმერთო, მორჩება ჩემი იარა?!

ფიჭვის ტოტი ვარ, წიწვებდაცლილი,
საფლავის ქვა ვარ, ნადები შლამში,
აგორებული ტალღის ჩქამი ვარ
ზვირთებს შორის რომ იმსხვრევა ქარში.
ცის ნაგლეჯი ვარ, უწყლოდ გამშრალი,
ყვავილის მდელო, ცრემლით დამბალი,
კრწანისის ველის ერთი ყაყაჩო,
ვაჟკაცთა სისხლით გამძღარ-დამთვრალი.
პურის ყანა ვარ, ცელით ჩაჭრილი,
სიმწრით ავსილი ღვინის ფიალა,
იმას გვართმევენ, რაც მამა ღმერთმა
ჩვენს დიდ წინაპრებს გაუზიარა.
გარეჯის ბერთა უსიტყვო ღაღადს,
უიმედობას, ცად რომ იარა,
ქართველთა კვნესას, დაშვებულ ხელებს,
ასეთ ბედს ამ დრომ რად გვაზიარა?!
გამეხსნა გულზე ყველა ჭრილობა, -
ღმერთო, მორჩება ჩემი იარა?!

Friday, May 11, 2012

დევების ვახშამზე


ბნელმა დაკაწრა მთვარე ბრჭყალებით, -
ღამემ მთვარეზე შური იძია,
დევების ვახშამს ცა უმზერს მწუხრით,
ორთქლიან ქვაბში კაცი ჰკიდია.
ნაკუწ-ნაკუწად ათლიან ხორცებს,
იმისი ცოდვა თავზე  გვიდია,
სხვისი ჭირი და სხვისი სიავე
გულის სიღრმეში არ მიგვიღია.
უსამართლობის მორევში ჩაფლულთ
ღვთის სამართალი ნოხად გვიგია,
კეთილ-ბოროტის ვითომდა გამრჩევთ
შურის და ზაკვის ხიდი გვიგია.
გადაეცრიცა სახეებს ფერი,
სიკეთეს ვინ თესს, ვერ გაგვიგია,
გუშინ კი რწმენის ფიალით სავსეთ
იესოს ჯვარით მცხეთა გვიგია.
ვაზის ცრემლებად იღვრება ერი,
გოლგოთის გზაზე შედგა მრავალი,
ღმერთო, მოგვეცი იმისი ძალა,
რომ ვცნოთ ჩვენ შორის კაცი მართალი, -
ჩოხოსანთ ლაშქარს წაუძღვეს წინა,
კვლავ აღვადგინოთ ღვთის სამართალი, -
დევებს ქვაბები თავს დავახუროთ,
ვიხსნათ ტანჯვისგან კაცი მრავალი!

Thursday, May 10, 2012

სიყვარულის უვერტიურა




ორქიდეების ნაზ სუნთქვაში ჩავიძირები,
ატმის ტოტების დანალეწზე გავივლი ქარში
და სწრაფად, სწრაფად ისე მაგრად ჩაგეკონები,
რომ სასოებამ აღტაცებით შემოჰკრას ტაში.
იქ, იმ ლურჯ ველზე, მწვანე სახლთან დაგელოდები,
ჩვენ სიყვარულის უტყვ მოწმესთან დავიდებ ბინას,
მოჯადოებულ ქალწულივით სამარეს გავთხრი
და მთის დევები მომაყრიან ნოტიო მიწას.
ქარდაქარ ვიფრენ, ბუნების ფერს ჩავჭიდებ ხელებს
და ცისარტყელად დედამიწას შემოვევლები,
რომ დაგინახო, შეგისუნთქო, ჩაგხედო თვალში,
მერე კი, მშვიდად ლურჯ ღრუბლებში ძილს მივეცემი.









  
ღმერთი რომ ვიყო

ღმერთი რომ ვიყო, გაპატიებდი,
არ დამრჩებოდა ზიზღი და წყენა,
ღმერთი რომ ვიყო, შეგირიგებდი,
რომ ძველ სიყვარულს აედგა ენა,
ღმერთი რომ ვიყო, შევეცდებოდი
დამბრუნებოდა კვლავ შენი რწმენა,
მაგრამ ვაი, რომ ღმერთი არა ვარ
და არც შენა გაქვს ის აღმაფრენა.

Thursday, May 3, 2012

მინიატურა


მინდა წვიმის წვეთი ვიყო, ხის ფოთლიდან მიწაში ჩაღვრილი;
მინდა მზის სხივი ვიყო, დედამიწის გულში შეღწევას და მის გათბობას რომ ლამობს;
მინდა გაზაფხულის ღამე ვიყო, სიყვარულის ღამე;
მინდა ვარსკვლავი ვიყო, გზის მანათობელი;
მინდა მინდორი ვიყო, ჭრელი ყვავილებით მორთულ-მოკაზმული;
მინდა წყარო ვიყო, დამაშვრალს გული გავუგრილო;
მინდა ოფლის წვეთი ვიყო, გლეხკაცის შუბლზე შემოცვარული;
მინდა დედის ღიმილი ვიყო, დიდი ხნის უნახავ შვილს რომ ჩაიკრავს გულში;
მინდა პაპას თვალზე მომდგარი ცრემლი ვიყო, პირველად რომ დაინახავს თავის ოქროს ბალახშს, შვილიშვილს;
მინდა გაგახაროთ, მოგეფეროთ მოგეალერსოთ და გითხრათ ყველას: მიყვარხართ!