Friday, June 30, 2023

უცნობი იყო არადა... (სატრფიალო) ლევან ალავერდაშვილს

უცნობი იყო არადა...
,,თქვენ მშვენიერი ხართ ქალბატონო!",
მითხრა და ჩემ წინ გაჩერდა,
მზერა ზეცას უნდა დაატოლოს,
თვალთა ზღვა ჰორიზონტს ავსებდა.
შავი მოეხურა მოსასხამი,
მოსასხამი თუ ლაბადა,
თითქოს ნაცნობის მონახაზი,
უცნობი იყო, არადა.
ვარდი მომაწოდა სიყვარულით
(ვისაც ყვარებია, გაიგებს),
მას მერე არ მწყინდება სიარული,
ჩემს ღიმილს ვარდებად ვარიგებ.
სიყვარულს გაჩუქებთ, მეგობრებო,
ღიმილსაც გაგატანთ ნამატად,
სიხარულს მოვფანტავ ეზო-ეზო,
დარდების არა მაქვს ატანა.
---------------------------------
შავი მოეხურა მოსასხამი,
მოსასხამი თუ ლაბადა,
თითქოს ნაცნობის მონახაზი,
უცნობი იყო, არადა.
მაია დიაკონიძე
3-.06.2023 წელი







გაზაფხული

 ტანთ შემოვიცვი მწვანე ბალახი,

თვალში ჩავიდგი ქვები ზურმუხტის,

მკერდი ავშალე, როგორც ბაღნარი,

მასპინძელი ვარ ახლა გულუხვი.

მდინარეებო, იჩქარეთ ჩემკენ,

სტუმრად მეწვიეთ, თეთრქუდა მთებო,

სუფრა გავშალე გამოღმა ეწერს,

გაზაფხულის რომ ისმინოთ ექო.



Thursday, June 29, 2023

ვისთვის ვწერ ლექსებს?

 ვისთვის ვწერ ლექსებს? ჩემთვის, შენთვის, იმისთვის, სხვისთვის, 

ყველასთვის, ვინც კი ჩემი ძმა და ,მეგობარია,

ვეთაყვანები ჩემს სამშობლოს, პირმზიან  თბილისს,

აქ მტკაველ მიწას, ვიცი, რომ არ დამამადლიან.

როდესაც ზეცა გადაწვება მარჯვნვ ან მარცხნივ

 და ალმაცერად გადმოხედავს მთვარე აივნებს,

მე იქ ვიქნები, არ მჩვევია ვიგემო მარცხი,

და ვამცნობ სიკვდილს, დანებებას რომ არ ვაპირებ.

მინდა რომ სისხლში სულ ცოცხლობდეს ქართული გენი,

და ნარიყალას გოგო-ბიჭთა შვენოდეს ალყა,

ამ მთების იქით გაისმოდეს ,,ჩაკრულო" ჩვენი,

უმზერდეს ყველა ჩვენთა თვალთა დანთებულ ხანძარს.

შეყვარებულთა ნაზ ტკბილ ჩურჩულს ვისმენდეთ ღამით,

ქორწილები და გამრავლება გვისურვოს ღმერთმა,

და ვღაღადებდეთ, ,,შეგვეწიე, უფალო, ამინ!,

და ნუ მოგვიშლი სილამაზეს ცადამფრენ  ლექსთა! 





,







მინიმა

 მზიან ველზე წვება ნისლი,

ბინდის მოსვლას ღამე ჩქარობს,
ყაყაჩოს არ ეძინება,
მთა ბუბუნებს: დედოფალო!"...

საბენეფისე ექსპრომტი იუბილარ ეკო ჯავახიშვილს, ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 


საბენეფისე ექსპრომტი იუბილარ

ეკო ჯავახიშვილს
.
.
გულში დამწყვდეულ
ლექსს უღებ კარებს ,
არ ხარ უბრალოდ
ამყოლი მოდის ...
და თუ მკითხველი
დაყნოსავს ბწკარედს ,
იქიდან ი ი ს
სურნელი მოდის .

შენ შეგიძლია ,
იცხოვრო ც ა შ ი
და არ დაიშლი
ღრუბლებზე რწევას ,
მთელი ცხოვრება
დარჩები ბ ა ვ შ ვ ი , -
თუნდაც ასაკით
გაასწრო ე ვ ა ს !

გეძვირფასება
ყოველი ასო
და ლექსი არის
შენი სტიქია ...
სულ გეუბნები ,
არ ჰგავხარ სხვასო ,
ახლაც გიქებ და
ადრეც მიქია .

გადმოვარდნილი
ჩიტი ხარ , ~ ბუდით ,
ბევრჯერ გალეწე
ცრემლების კალო ...
ვერ შეგაშინებს
იღბალი ცუდით ,
ე მ ი გ რ ა ნ ტ ე ბ შ ი ც -
თ ა ვ ა დ ი ს ქალო !

ძალზე აკლია
მამულს შენი ხმა ,
შენ ბულბულივით
კ რ ე ტ ა ზ ე ჰგალობ ,
ვიდრე ი მ ე დ ი ს
კ ვ ი რ ტ ი შეგიხმა ,
სახლში დაბრუნდი ,
თავადის ქალო !

ტიალო წუთისოფელო (ხალხურ მოტივებზე)

ტიალო წუთისოფელო!


რაად გინდა რომ მატირო,

რად დავისველო თვალები,

წამწამებს ნამი ეკიდოს,

გულს ვიბრუნებდე წვალებით.

ყვავილებ ფერი დაკარგონ,

მწვანე არ დარჩეს ბალახი,

ჩემ ბედ მე ვეღარ განვაგო,

ცხოვრება მაშინ რაღად ღირს.

ტიალო წუთისოფელო,

ხან შხამი დაგდის, ხან თაფლი,

მოყვასს ვუღალატ-ვუყელო,

ვით დამიტირებს არაგვი.

















 ცხოვრება ჩვენი - დიდი თეატრი,

ზოგი ნიღბით და ზოგი უნიღბოდ,

ვგავართ ჟანა დარკს, ნანას, ბეატრიჩს,

ზოგი ნიჭით და ზოგი უნიჭოდ.

ვასრულებთ როლებს, ხან არც გამოგვდის,

გვინდა ნიღაბი ჩამოვირცხოთ,




Wednesday, June 28, 2023

მფინარესა ჰგავს (ფილოსოფიური)

 მდინარესა ჰგავს ეს ცხივრება, ქვა-ღორღი მიაქვს,

ხან მარგალიტიც აღმოჩნდება მდინარის ფსკერზე,

ვედუდუნებით, ხმით ავყვებით ქარსა და ნიავს,

არ ვცვლით კალაპოტს და სულ ვფიქრობთ იმ ერთადერთზე.

ვუძლებთ გრიგალებს, დავარწყულებთ ყვავილებს, ბალახს,

და გვიხარია მზის ამოსვლა, ასე რომ გვათბობს,

დამაშვრალები ვიხდით მშვიდად ცხოვრების ღალას,

არავინ იცის, ჩვენ რასა ვგრძნობთ და რასა ვნატრობთ.

მდინარესა ჰგავს ეს ცხოვრება, ხან შმაგს, ხან მდარეს,

იმიტომაც გვაქვს ხასიათი ყველას სხვადასხვა,

ხან მოვევლებით ოცნებებით თვალუწვდენ ალპებს,

და აქვე მდგარი კავკასიის არ გვსურს დანახვა. 

ხამდახან ღამით ავტირდებით, სურნელი მოაქვს

ნიავს ამ ჩვენი ველების და ოქროს ყანების,

და მაშინ ვხვდებით, სამშობლოსას ვერ ვპოვებთ ტოლფასს

და ერთგულებით იმის მიწას ვენაცვალებით.





Tuesday, June 27, 2023

ხომ გიყვარვარ, ხომ გიყვარდი (სატრფიალო), სიმღერა დაწერა და შეასრულა გიული ერგემლიძემ

ხომ გიყვარდი, ხომ გიყვარვარ, ვგონებ მეტად შეგიყვარდე,

მე ერთადერთს, ვით მეგობარს, შენი სულის კლიტე მანდე,

ვით ნაზ იას ქარისაგან, უშენობით დამზრა ფრთები,

როგორც ჩემი სულის მშველელს, მეც ოდისევსს გელოდები..

რომ იფრინო, არა კმარა ხორციელი სილამაზე,

შემომიდექ როგორც ჭიგო და იზრუნე  უსურვაზზე,

შენი ჯიშის მე ვყოფილვარ, მე გაგიგებ, ვიცი, მხოლოდ,

მე მომენდე, მოსავლელად რომ არ დაგრჩეს ღობის ღოლო.

ციურ სხივებს ყველა ელის, როგორც მზიან განთიადებს,

და ფიქრები,  ოცნებები ჩვენს ნაზ სულებს ადიადებს,

ხომ გიყვარდი, ხომ გიყვარვარ, ვგონებ მეტად შეგიყვარდე,

მე ერთადერთს, ვით მეგობარს, შენი სულის კლიტე მანდე,

მაია დიაკონიძე

29.06.2023 წელი






შემოგიდექ, შეგიფარე, არ აგიგდე სიტყვა ბანზე,

ვინახავდი გულში თბილად შენს ფიქრებს და ლამაზ აზრებს.




 

იქ მელიან წინაპრები

გზად რითმები შემომაცვდა,
როგორც ალბათ ყველა ნიჭი,
და ვის ვუთხრა, ან ვინ მითხრას,
ახლა  ჩემი გასაჭირი?!
მხარ-მკლავებმაც მიღალატეს,
ვეღარ ვზიდე დიდი ტვირთი,
ოცნებები დამრჩა მხოლოდ 
ვეება, ამ ცაზე დიდი.
და დაბერე ჩემკენ ქარო, 
გამოვისხა მერცხლის ფრთები,
ზეცის კარი იყოს ღია,
იქ მელიან წინაპრები.



ციცინათელავ, სად იყავ?!

ციცინათელავ სად იყავ, 
წლები მრავალი გეძებდი,
გამილამაზე ცხოვრება,
გამილამაზე ხედები.
ბნელეთიც შენ გამინათე,
უფსკრულები და წყვდიადი,
სულის მალამოდ მექეცი,
შენ მომაწოდე ხმიადი.
გემრიელად რომ მივირთვი,
ყველა ნამცეცი ვირგუნე,
როგორც მზე, ისე იცინი,
შენს ერთგულ მცველად მიგულე.




შენა ხარ ჩემი ბეღურა!

შენა ხარ ჩემი ბეღურა, 
გელოდი, სარკმელს გიღებდი,
შენი ხმა არ მომეყურა,
გულში ჩამიქრა  იმედი.
ფრთხიალის ხმა რომ მომესმის,
შენი ჭიკჭიკი - გალობა,
ვისთვის შენ მხოლოდ ჩიტი ხარ,
ჩემთვის ღვთისაგან წყალობა.
მოდი, ნუ დაიგვიანებ,
ვიცი, ცოტა შენც გჭირდები,
არ მოგვიშალოს უფალმა,
ჩვენ ერთმანეთის იმედი.
7.02.2023 წელი




Monday, June 26, 2023

ქალი და სარკე

 ქალი და სარკე

მიაჩერდა დაჟინებით ქალი სარკეს,
ოდითგან რომ წინაპართა სახლში იდგა,
და რას ხედავს, ბებიამისს უგავს სახე,
,,ბებო", ყელში გაეჩხირა თითქოს სიტყვა.
შეკრთა, როცა ნაოჭები დაინახა,
და ნაღველით დაბინდული ნაზი მზერა,
სარკეში რო ქცეულიყო ათინათად,
ღიმი იყო, მას ჩუქნიდა ბებო ძველად.
დასთამაშებს ნათლის სხივი ქალის სახეს,
სადღაც მთიდან მზე გორდება, დაბლა მოდის,
ნუთუ სარკე, აქ რომ იდგა, იქცა მახედ,
ბებოს სული შიგ ჩარჩა და ვერ გამოდის?!
მიტომ ვეღარ დაემალა იმის თვალებს,
ეს კავშირი არასოდეს არა წყდება,
და შეჰყურებს ქალბატონი იმ ძველ სარკეს,
ტუჩზე ღიმით ბებო თავზე ეფერება.
მაია დიაკონიძე
26.06.2023 წელი

სახუმარო (ინფექციური)

 სახუმარო: ეს ამბავი კახეთში მოხდა. მაზლისცოლმა მაზლიცოლს დაურეკა. გახსოვთ, საბჭოთა დროს მხოლოდ ქალაქის ტელეფონი გვქონდა, სად იყო მობილურები, ისიც ყველას - არა. რიგში უნდა ჩაწერილიყავი, განიხილავდნენ შენს საკითხს, თუ ცოტა დამსახურებული კაცი იყავი, კი დაგიყენებდნენ. ასეა, მაზლისცოლის მოსაკითხად მეზობელთან დარეკეს, ტელეფონთან ქმარი მივიდა, მარინა სახლში არაა, ინფექციურშიაო. დაახეთქა ყურმილი ნინამ, ქმარს ეცა, შენი რძალი ინფექციურში ყოფილა, რას იტყვის ხალხი, რომ არ გვინახავსო. დასხდნენ მანქანაზე და გაუტიეს თელავის საავადმყოფოსკენ. გაიკითხეს-გამოიკითხეს, მარინა იქ არ აღმჩნდა. ნამდვილად ყვარელში იქნებაო. ახლა იქით აიღეს გეზი, არც იქ იყო. მერე გურჯაანს მიაშურეს, არც - იქა. შეწუხებულებმა, კი ერიდებოდათ, ისევ მეზობელთან დარეკეს. ისევ ქმარი მივიდა ტელეფონთან. აფორიაქეებულმა ძმამ ჰკითხა, ბოლოს და ბოლოს, სად არის მარინა, შემოვიარეთ კახეთის ყველა საავადმყოფოო. ძმის პასუხი: ხალხო, რამ გაგაგიჟათ, შხამი გაუთავდა და როგორც ყოველთვის ასაკრებად დედამისთანაა წასული გვერდზე სოფელშიო

მომიყვა ელგუჯა ციგროშვილმა.

ნუ მომატყუებთ!

ნუ მომატყუებთ!
რა ბედენაა ერთი-ორი მართალი სიტყვა,
როდესაც ტყუილს მოუწამლავს ცოფივით ყველა,
ნუ მომატყუებთ, ბატონებო, სიმართლე ითქვას,
დღეს სამართალი პურს ვერა ჭამს ისე ვით ძველად!
ნიაღვარს ტყუილის წაულეკავს ქუჩა ქალაქის,
მართალი სიტყვა ორიოდე ვერხვზე ჰკიდია,
და მაინც ჩემო ბატონებო, არ გაგიკვირდეთ,
ის ორი სიტყვაც ამ ქვეყნისთვის მეხამრიდია.
მაია დიაკონიძე
26.06.2023 წელი



Sunday, June 25, 2023

კულინარი ბებო! (საბავშვო)

 კულინარი ბებო


მოამზადა ბებომ შეჭამანდი მაწვნის,

მოგვაგონებს ფერით მთვარეს ზეცად აწვდილს,

ამოიღებს ჩამჩით, თეფშით ყველას გვაწვდის,

ზედ მოაყრის უხვად ჩვენი ბოსტნის მწვანილს.


გაგვაოცებს ყველას კერძით გემრიელით,

გვაჯადოებს პირზე  ღიმით მშვენიერით,

მაგიდასთან ვსხედვართ ერთობ ბედნიერნი,

დაგელოცოს, ბებო, კულინარის ხელი.




ვწევარ ნაპირზე (ფილოსოფიური)

ვწევარ ნაპირზე...

 

ვაი თუ ტალღამ გადამრეცხოს, ვწევარ ნაპირზე,

ქაფი აჟურულ მაქმანებად  მედება ტანზე,

ნეტავი ეს ზღვა რომ მღელვარებს, რაღას აპირებს,

ამ ჩემი ხორცის ნაფლეთების დაუყრის საკენკს

თევზებს ოქროსფერთ, ზოგი რუხი არის ან შავი,

არც მენანება, სიმართლე ვთქვა, მე ჩემი თავი,

ოღონდ ამ სულის მღელვარებას ვრცელი გზა მივცე...

ვაი, თუ ტალღამ გადამრეცხოს, ვწევარ ნაპირზე.







შენი სურვილი

შენი სურვილი ნისლად მდიოდა,

გადავიარე ყველა წარაფი,

და მხოლოდ დიდმა ღმერთმა იცოდა,

შენ რას კარგავდი, მე რას ვკარგავდი. –

თუ კი შემჭამდა უღრანში მგელი,

თუ გავხდებოდი ძერათა წერა,

შენ მონადირე სიათით ძველით,

გადამარჩენდი უთუოდ, მჯერა.

შენი სურვილი ნისლად მდიოდა,

შენ ხომ არავის ქვეყნად არ ჰგავდი,

და მხოლოდ მე და ღმერთმა ვიცოდით, 

რომ ჩვენ ერთმანეთს არ დავკარგავდით. 



 პური მიწილადე, მეგობარო,

ეგაა არსობის ხორცი,

მინდა საიდუმლო მოგაბარო, -

ცხოვრება ყოფილა გროში.

თუ კი კეთილ საქმეს არ მისდიე,

ავი გადაგექცა ჩვევად,

გზაში ცხონება არ დაიწიე,

სულს არ გააყოლე სევდა.








შენი სურვილი ნისლად მდიოდა,

გადავიარე ყველა წარაფი,

და მხოლოდ დიდმა ღმერთმა იცოდა,

შენ რას კარგავდი, მე რას ვკარგავდი. –

თუ კი შემჭამდა უღრანში მგელი,

თუ გავხდებოდი ძერათა წერა,

შენ მონადირე სიათით ძველით,

გადამარჩენდი უთუოდ, მჯერა.

შენი სურვილი ნისლად მდიოდა,

შენ ხომ არავის ქვეყნად არ ჰგავდი,

და მხოლოდ მე და ღმერთმა ვიცოდით, 

რომ ჩვენ ერთმანეთს არ დავკარგავდით. .


ბებიაჩემო!

 ბებიაჩემო, დაგიხურავს თეთრი მერდინი,

ჩემს ბაღში დგახარ და შორიდან ნაზად მიღიმი,

შენი ნამზითვი, მე რომ მომეც, ის შეიდიში,

ჩემს ქალს მივეცი, დედოფალს ჰგავს ახლა ოდიშის..

ხომ გიხარია, რომ სიცოცხლე ისევ გრძელდება,

გაიჩქრიალეს შენმა სისხლმა, შენმა გენებმა,

ააშრიალებ შენს ტოტებს და იქიდან მამცნობ,

ყველა ხესა და მის ყვავილში შენ ხარ და ხარობ!






Saturday, June 24, 2023

მინიმა

 სხვაგან მიგქონდა კუნწულა ბლების,

იმ ოქროსფერზე მრჩებოდა თვალი,

მე კი მცვიოდა ზამბახის მტვერი,

თავს მევლებოდა მსუსხავი ქარი.


ზღვა და მზე

 ზღვა ვიყავ, თითქოს ვუყვარდი ყველას,

და ამავე დროს ვუყვარდი არვის.

შენ ანათებდი, იყავი ყველგან, 

მე კიდევ შენზე მრჩებოდა თვალი.

ოქროს სხივებით ამკობდი ზეცას,

ოქროცურვილი გეფინა ტანზე,

მე კესანების სამოსი მეცვა,

და საცეკვაოდ გიწვევდი ვალსზე.

ტაატით იწყე მთის იქით ჩასვლა,

როგორც სინათლე, მომაკლდი თვალში,

და ამ ჩემს გრძნობას ნეტავ რა ერქვა,

გულზე მრჩებოდა ქარიშხლის კვალი.

Friday, June 23, 2023

ჩამხედე გულში

 შენ რომ გგონია საქმე ისეა, თურმე ყოფილა ასე,

იმედიც ზოგჯერ ტყუილად გქონია, ეპოტინები საცერს.

გგონია გაცრი, დაგრჩება ფქვილი, თეთრზე თეთრი და სუფთა,

საცერსაც თურმე ხინჯი ჰქონია, კარგს არ მოგცემენ მუქთად.

ახლა უფულოდ მხოლოდ ყველია, ისიც ძევს სათაგურში,

ენდობი, გიყვარს და უფრთხილდები, დაგჭრიან კაკალ გულში.

ვით მოიშუშებ წყლულებს, იარებს, როცა სიავე ღვივის, 

მაგრამ თუ გინდა ალალი ნახო, ერთხელ ჩამხედე გულში.




 უსუსური ვარ, 

როგორც ყვავილი, 

როგორც ბალახი,

და რომ არ ვიყო,

ასე ლამაზი,

რას დახატავდი!

რით შეამკობდი

ნატურმორტის 

კაშკაშა ფერებს,

და გაზაფხულის ნაკადულებს,

ხმასუსტებს ჯერეთ.


Thursday, June 22, 2023

რა არის ბულინგი?! (ესსე)

 რა არის ბულინგი?! 

(ესსე)

მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, მიყვარხართ, მინდა ყველას ბედნიერი ცხოვრება და საოცარი მომავალი გქონდეთ, გებრწყინოთ, როგორც ვარსკვლავებს ცაზე.
დღეს ისეთ საჭირბოროტო თემაზე მინდა ვისაუბრო, როგორიც ბულინგია. ეს სიტყვა ქართულად ძალადობას ნიშნავს, და ზოგჯერ ის ბავშვის დაბადებისთანავე იწყება, თუ ის არასასურველი ბავშვია, არ გეგონოთ, რომ არ არიან უგულო მშობლები. ბევრი ასეთიც მინახავს. ამ თემაზე საუბარი იმიტომ დავიწყე, რომ ამას წინ ახლობელი შემხვდა, გახარებული იყო, საბავშვო ბაღში ჩემი შვილიშვილი ყველას ცემსო. გაოცებული დავრჩი. გავიფიქრე, ეს კაცი მოძალადეს ზრდის მეთქი. რატომ უნდა გვინდოდეს, ჩვენმა შვილმა ან შვილიშვილმა სხვა დაჩაგროს, ჰყავდეს ტერორში?! მერე გვიკვირს, რატომ ხოცავენ ბუზებივით, ღმერთო, მაპატიე ამ შედარებისთვის, ქალებს. ბევრს სახლშივე, ოჯახში აჩვევენ, რომ ის მთავარია, იმან უნდა დაჩაგროს, ცემოს გარშემომყოფნი, მაშინ არის კარგი ბიჭი. ბევრი დედაც მინახავს, რომ აქეზებს შვილს, ეს როგორ გაგიბედეს, პასუხი გაეციო. ფიზიკურ ძალას ამ შემთხვევაში გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებენ და აგერ უმძიმესი შედეგიც... ძმა ძმას კლავს, შვილი - მამას, ყოფილი ქმარი - ყოფილ ცოლს, ვიღაცა საყვარელს, ფეისბუქში რატომ დააფიქსირე ჩვენი ურთიერთობის შესახებო, ქალმა ერთობლივი ფოტო დადო, რასაც მოჰყვა ამ ქალის სასტიკი მკვლელობა, ჯერ დანით იყო ნაწამები, მერე ჩაუმსხვრიეს ხელ-ფეხი, ბოლოს ცემენტის ბლოკი ჩაარტყეს თავში. მკვლელის (31 წლის მამაკაცის, რომელსაც ცოლი ჰყავს და ორი შვილი, კიდევ ერთი საყვარელი, საყვარლები მასზე უფროსი ქალბატონები) დედამ ინტერვიუში განაცხადა, რომ ტყუილად არავის კლავენ, ალბათ დაიმსახურა. ესე იგი, გამოდის, რომ თუ მეჩვენება, რომ ადამიანი არასწორია ანუ ისე არ იქცევა, როგორც მე მომწონს, არ იცმევს შესაფერისად, ისე არ ლაპარაკობს, როგორც მინდა, უნდა მივიდე და თავი გავუტეხო. ამ დროს მოთმინებას და ლოიალურობას გვასწავლის უფალი. გარდა ფიზიკური ძალადობისა, არსებობს ფსიქოლოგიური ძალადობაც, გინდაც ის, რომ სატელევიზიო შოუებში მუდმივად ხდება გარყვნილების (ქალებს უამრავი პარტნიორები ჰყავთ და ეს არაფერია), ერთსქესიანთა ურთიერთობების დღის შუქზე გამოტანა და სხვა, რაც იწვევს ოჯახის ინსტიტუტის მოშლას, ეს კი ასეთი პატარა ქვეყნისთვის დამღუპველია.
არსებობს სოციალური ძალადობაც, როდესაც რომელიმე სოციალური ჯგუფი ცდილობს დათრგუნოს ყველა გამორჩეული ადამიანი, თუ ის ჯგუფის სხვა წევრებისგან განსხვავდება და არ ემორჩილება ლიდერებს, რომელთაც შეიძლბა მისი ცხვირი ან კურტუმო არ მოეწონოთ, იწყება ამ ადამიანის მიმართ ცილისმწამებლური კომპანია, დაცინვა ჯგუფის იმ წევრებისგან, ვინც ცდილობს აამოს ლიდერებს, მათაც გარკვეული ადამიანები ჰყავთ შერჩეული, რომელთაც თაფლაკვერებით აჯილდოებენ, რომ მათი პოზიციები გაამყარონ. ამით ჯგუფის სხვა წევრებს ეუბნებიან, კარგად მოიქცევი?! ჩემს მხარეზე იქნები?! მიიღებ თაფლაკვერს. ძალადობის მსხვერპლს ამით აიძულებენ, ან დამორჩილდეს, ან დატოვოს ჯგუფი, ვინაიდან მათ მორალურ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. მართვის ასეთი მეთოდებია ბევრგან.
ძალადობა რა ფორმაშიც არ უნდა ხორციელდებოდეს, საშინელებაა. ფსიქოლოგიური, სოციალური ძალადობის მეთოდები სულ უფრო იხვეწება, რასაც ხელს უწყობს ტელევიზია, ინტერნეტი. რა გინდა სულო და გულო, რას არ ნახავ და რას არ წაიკითხავ. ღმერთმა გვიშველოს! დაწვრილმანება აღარ მინდა...
18.06.2023წელი

ჩანახატი: ბიჭუნა ავტობუსში და ,,დილა"

 რამდენიმე დღის წინ ავტობუსში შესანიშნავი ბიჭუნა დაჯდა ჩემ წინ, საოცარი ბავშვი, აქტიური, ლაღი, თავისუფალი, ენაჭიკჭიკა. დედა უკვე ასაკში შესული ქალბატონი გახლდათ. ისე მომეწონა დედა-შვილი, ჩანთაში ,,დილის" ბოლო ნომერი მქონდა. ამოვიღე და საჩუქრად გადავეცი ბავშვს. იმდენი მადლობა მითხრა, მესამე კლასში გადასულიყო, სიკეთეში, კარგ სწავლაში მოახმაროს ღმერთმა. ქალბატონმა სანთელი მომცა, ლომისის სალოცავიდანააო. ახლა დავანთე. შეგვეწიოს მთელ საქართველოს!

19.06.2023 წელი

ჩანახატი (მაწონი, მაწონი!)

 ჩანახატი

დილა მშვიდობისა, მეგობრებო, დილა ბედნიერებისა და სიხარულისა!

დღეს ,,მაწონი, მაწონის" ყვირილმა გამაღვიძა, ძლიერ გავიხარე. დიდი ხანია აღარ გამიგონია ჩვენს ქუჩაზე ეს ძახილი. კორონობის მერე შეწყვიტეს მემაწვნეებმა სიარული, არადა ახალ-ახალი მაწონი სულ მქონდა ხოლმე. ნაღები მიყვარს განსაკუთრებით, ახლაც წარმოვიდგინე, როგორ ჩავიგემრიელებდი პირს და ქალბატონს აივნიდან გადავძახე, დამიცადეთ-მეთქი. ერთი კასპელი ქალი ჩამოდიოდა ბოლო წლები, ჯერ ქმარი გარდაეცვალა, თვითონაც ავადობდა, ბოლოს ქალიშვილი მოჰყვა, დედას ეხმარებოდა, ახალგაზრდა გოგონა, აღარ შეუძლიაო, არადა არ იყო ასაკში. მაინც სოფლის შრომა მძიმეა, თან მხარში ამომდგომიც ხელიდან გამოეცალა. კორონობის მერე აღარ მინახავს. 90-იანებშიც დადიოდნენ ჩემთან მემაწვნეები, ისინიც კასპის რაიონიდან იყვნენ. სახლშიც ვეპატიჟებოდი, ერთი ჩემი ორი მოთხრობის გმირიც გახდა. ვუმასპინძლდებოდი. დიდი სითბო და სიყვარული გვქონდა. ამ კორონამ თითქოს დაგვაშორა ადამიანები ერთმანეთს. ახლა როცა ისევ გავიგონე ,,მაწონი, მაწონი", წარმოიდგინეთ, როგორ გამეხარდებოდა. ქილები ჩავიტანე, გავიცანი მემაწვნე, შევთანხმდით, როგორ მომაწოდებს ხოლმე მაწონს. ამოვედი და პირველ რიგში მონატრებული ნაღები მოვსვლიპე კატასავით, ჩემს ციფოსაც შევთავაზე, მაგრამ არ იკადრა, ცხვირი აიბზუა.
რა არის მაწონი?! - გლეხის ქალის ხელით დამზადებული სიყვარულის ელექსირი, გემრიელი, შიგ ჩატანებული სოფლის გემო და სურნელი. ღმერთმა სითბო და სიტკბო არ მოგვიშალოს, ძახილიც ,,მაწონი, მაწონი" ხშირად გამეგონოს, განვლილ წლებს რომ მახსენებს, ბებიების, ბიცოლების, მამიდების და სხვათა ხელით დამზადებულ სულისა და სხეულის მალამოს.
20.06.2023 წელი

Wednesday, June 21, 2023

სიზმარი

სიზმარი
თურმე სიზმარი არის ყოველი,
ხან ძილ-ღვიძილში უცხო ზმანება
და გეშინოდეს გამოღვიძების,
არ მოჰყვეს შენი დასაფლავება.
იქ ჭრელ სიზმარში ეცნობი ელფებს,
პრინცესებს,პრინცებს, ზოგჯერ ავსულებს,
მაგრამ ზღაპარი, რომელსაც ხედავ,
ბოლოს კეთილად უნდა დასრულდეს.
აქ კი, მიწაზე, შეხვდები გველებს,
შესძახე მყისვე: ,,განვედ, ავსულო",
რომ უცაბედად, ვით ტურფა ელიმ,
ტანჯვით ცხოვრება არ დაასრულო!
მაია დიაკონიძე
21.06.2023 წელი

სიმღერა(სატრფიალო)სიმღერა დაწერა ირმა კვაშილავამ


სულს მითბობენ ეგ თვალები,
როცა წვიმს და ღამეა,
ირგვლივ ლურჯი კესანების 
ზღვა და სიმხურვალეა
შენ თუ ფიქრობ, რომ გავქრები,
და ჯოჯოხეთს ჩავყვები,
იქ წყვდიადშიც  თან გამყვება 
ცეცხლი შენი თვალების.
მისამღერი
ეს რა სითბო ჩამიღვარე,
მზის სხივის ხარ ნათელი,
იმ დღეს რომ ვერ დაგინახე,
ბალახს ვგავდი გათელილს. 

ყვავილი ხარ მაგნოლიის,
ჩემი სულის წამება,
გულსაც მოგცემ, თუ გჭირდება,
შენთვის არ მენანება.
ვარსკვლავი ხარ ცაზე ბმული,
ტაძრის ფრესკა, ხატება,
ჯოკონდა ხარ დახატული,
და ბროლის ელვარება.
მისამღერი:
ეს რა სითბო ჩამიღვარე,
მზის სხივის ხარ ნათელი,
იმ დღეს რომ ვერ დაგინახე,
ბალახს ვგავდი გათელილს. 

გამომიყვანს წყვდიადიდან
მაგ თვალების ნათება,
მზის სხივების ციალი ხარ,
დანთებული სანთლებად!


ვარსკვლავი ხარ სხივმფინარე,
მოწკრიალე ზარებად,
მოკასკასე მთის მდინარე
და ბროლის ელვარება.

სულს მითბობენ ეგ თვალები,
როცა წვიმს და ღამეა,
ირგვლივ ლურჯი კესანების 
ზღვა და სიმხურვალეა
შენ თუ ფიქრობ, რომ გავქრები,
და ჯოჯოხეთს ჩავყვები,
იქ წყვდიადშიც  თან გამყვება 
ცეცხლი შენი თვალების.
მისამღერი
ეს რა სითბო ჩამიღვარე,
მზის სხივის ხარ ნათელი,
იმ დღეს რომ ვერ დაგინახე,
ბალახს ვგავდი გათელილს. 

ყვავილი ხარ მაგნოლიის,
ჩემი სულის წამება,
გულსაც მოგცემ, თუ გჭირდება,
შენთვის არ მენანება.
ვარსკვლავი ხარ სხივმფინარე,
ტაძრის ფრესკა, ხატება,
მოჩქრიალე მთის მდინარე
და ბროლის ელვარება.

მისამღერი:
ეს რა სითბო ჩამიღვარე,
მზის სხივის ხარ ნათელი,
იმ დღეს რომ ვერ დაგინახე,
ბალახს ვგავდი გათელილს. 

სულს მითბობენ ეგ თვალები,
როცა წვიმს და ღამეა,
ირგვლივ ლურჯი კესანების 
ზღვა და სიმხურვალეა

Tuesday, June 20, 2023

 სულში ისევ ჩამომდგარა თრობის ჟამი,

განა ღვინით, გრძნობით ვთვრები საგანგებოდ.

გავიძახი: მიდღეგრძელე, ღმერთო, ამინ,

ვაზის ფესვით გამიმაგრე საქართველო!

გასხეპია გვერდზე მუხას ერთი ტოტი, 

არა ორიც, იქნებ მეტიც, ახლა ვხედავ,

შემოფრინდი, გამარჯვების სიოვ, მოდი,

შემოაჯექ ზურგზე მარდად ფრთათეთრ ქედანს.

შენთან უნდა გადმოვიდე ალავერდი,

მიუტანე ეს ამბავი ჩვენს ძმებს შორეთს,

შენ ქართველო, ასე ტკბილად დამიბერდი,

სადაცა ხარ, აქ თუ იქა... გაიგონე!





 


დღეს არა ვარ, ღმერთო, რაღაც ხასიათზე!

დღეს არა ვარ, ღმერთო, ისეთ ხასიათზე,

რომ სასმისი სიყვარულის უცებ შევსვა,

თვალი დამრჩეს მინდა სხივთა ათინათზე,

შენს თვალებში არეკლილებს მზე რომ ერქვა.

ხარბად მინდა ჩავისუნთქო ის ჰაერი, 

რითაც ცოცხლობ, რითაც იბრძვი, რითაც სუნთქავ,

მერე, მერე, შემიყვარდეს ყველაფერი,

რაც შენს ლაღ გულს სიყვარულით ჩემთვის უთქვამს.

მართლაც არ ვარ, დღეს რაღაცა ხასიათზე,

თითქოს გულში ტკივილების ხიჭვი ჩამრჩა,

და ვოცნებობ სადღაც ტყეში ფიჭვის სახლზე,

იქ გელოდო, როგორც თეზევსს არიადნა.

თუ სიყვარულს არასოდეს არ აქვს ბოლო,

მზემდე მიდის და გრძელდება ცხრა მზის იქით,

შენც ეცადე, სულით რომ არ დამაობლო,

ამომიღო ჩარჩენილი გულში ხიჭვი.








Monday, June 19, 2023

სალაღობო

 გზაზე ისე მივდოდი, როგორც ჯერეთ ბავშვი,

შემომესმა გალობანი ბულბულის და შაშვის,

შევყევ ტყის პირს და უღრანში შევაბიჯე უცებ,

მგლები მყისვე გამოცვივდნენ ადამის ძის სუნზე.

რა მინდოდა, რას ვუსმენდი ნეტავ შაშვს და ბულბულს,

იმათმა ხმამ შემიტყუა, მიმაწია უკუნს,

ყალბი არის ზოგჯერ, ნოტი, ყალბი არის ბგერა,

შენ თავზედაც გამოსცადე, თუ ჩემი არ გჯერა.

მაია დიაკონიძე

17.06.2023 წელი

წავალ...(მინიმა)

 იგესლებიან გველები,

შხამს ვერ ტოვებენ ქვაზედა,

ნეტავი ვინმე გამოჩნდეს,

სამართალ ნახოს მათზედა.

თორემ დაშხამულ-ნაგვემი

წავალ იმ ქვეყანაზედა.

მოღალატე ხომ მოღალატე არის ყოველთვის

ვისაც რომ ვენდე, მან ჩამწიხლა, მან მიღალატა
და სწორედ მაშინ გადავწყვიტე, შევთხზა ბალადა,
ნეტავ რას წერენ ორგულებზე, იქნება მითხრათ,
შემომაშველოთ, ჰე, მკითხველნო ორიოდ სიტყვა.

მოღალატე ხომ მოღალატე არის ყოვლთვის,
თვით სამშობლოსაც არ დაინდობს ავისმდომელი
დაწვეს თბილისი, ოლთისი და დაწვეს ვარძია...
ეს ყოვლივე ზეციერმა ვით აპატია?..

Sunday, June 18, 2023

იმისი მწე და პატრონია

ზოგი ქირქილებს, ღვარძლის გააქვს კაკაფონია,
სხვას აკრიტიკებს, თვითონ ვითომ ნიუტონია,
სხვათა დაცინვის, დასმენის და ჭორების ფარდა
ჩამოუშვია, არვინ ახსოვს თავისა გარდა.
მაგრამ დაბერავს შემოდგომის ცივი ქარები
და იმ სიბილწით აევსება თვითონ თვალები,
არაფერია კეთილ გულზე ფართო და დიდი,
იმისი მწე და პატრონია ხოგაის მინდი.


Saturday, June 17, 2023

სახუმარო (ხალხურ მოტივებზე)

 ზოგ ჩემი ტუჩი არ მასწონს,

ზოგ კიდევ თმი ვარცხნილობა,

რომელი უკეთ ,,შამამკობს",
შაჰქმნიათ მასზედ ცილობა.
მაგის კრინტ აღარ გავიგოთ,
ერთურთ დაუდევთ პირობა,
ვირზე შასმა და ჩაქოლვა,
ამათთვი არი გმირობა.

სახუმარო

 შემომსევიან ყვავები, 

გულ-მკერდს და ღვიძლს მიკორტნიან,

ვაი, არა მაქვს ხანჯრები,

ვაი, ძალიც არ მქონია.

შემოვდგებოდი მთის წვერზე,

მეძახდნენ: მოი, მოია,

ვხედავდე მთების კალთებზე,

ეყაროს მათი მძორია.



იმათ ჯინაზე მაინც იცხოვრე! (ნამდვილ მეგობრებს!)

გატკენენ, კლავენ  გულს სუფთას, ალალს,

თანაც ვინ? ქურდი, ხარბი, მედროვე,

ეშმას ცდუნებას უთხარი, არა,

და მათ ჯინაზე მაინც იცხოვრე!

შენ მიაგებე კეთილი სიტყვა,

სიბილწეს, შენკენ რომ გაისროლეს,

არ თქვა სიავე, აროდეს გითქვამს,

და მათ ჯინაზე მაინც იცხოვრე.

სულში ახარე ვარდი და ია,

შურისძიებას არცა ფიქრობდე,

ეყოთ, რომ სულში ეშმაკებს ზრდიან,

იმათ ჯინაზე მაინც იცხოვრე.



Friday, June 16, 2023

რიმ არ გამიშვა...

 ვერგადახსნილი ვენებისა მინდა გიამბოთ,

მწითური ძაღლის, ერთგულებით ასე რომ მიცავს,

გეშით და სუნით ჩემს სამყოფელს ისე მიაგნო,

გამოვიცვალე ხორცსაკლავად მაშინვე ბინა.

რით ვერ აღსრულდა, ახლაც ვფიქრობ, ჩემი ნაფიქრი,

თავს წამომადგა ჩემი ძაღლი ნახევრადმძინარს,

და მის თვალებში დავინახე თიხა, ალიზი,

რომ შერეოდა ამქვეყნიურ ხორცსა და მიწას.

სული კი, სული, აწყდებოდა ჭურჭლის ყრუ კედლებს,

ვით დამწყვდეული, გარეთ გასვლას ისე ლამობდა,

და იმის მერე ჩემს მწითურ ძაღლს ბავშვივით ვენდე,

რომ არ გამიშვა მეგობარმა სააქაოდან.




 ამ წელიწადებს დააწყდათ წელი 

დღეების, წამთა, წუთების თრევით,

მახსოვს როდესაც ვიყავი ბავშვი,

არად მიღირდა ეს წლები მაშინ.

ახლა კი ახლა, მივტირი წუთებს,

გაშლილებს ვარდის კოკრებად ბაღში,

და ერთი აზრი ძლიერ მაწუხებს,

მსურს ვარდს ვხედავდე თვალებით ბავშვის.


 თუ დღეს არაფრის ხალისი არ მაქვს,

და მოტეხილი ვარ ვარდის ტოტი,

სულში სიცივე, ' ყინული ატანს,

დაუნდობელი ზამთარი მოდის.

ალბათ მცირედი ბრალი შენია,

ვერ მოუარე ვარდების ბაღნარს,

უნდა წავიდე, რა დამრჩენია,

ნუღარ დაუწყებ ძებნას ჩემს გზა-კვალს..



 სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს,

ამბობენ, ესე წესია,

არ გაგეცლები, სიკვდილო,

აროდეს დამიკვნესია.

არ გვეკითხები მოსვლასა,

ვინც ვერა გხედავს, ბეცია,

კაცივით შეგებრძოლები,

თმაც იმად შემიკვეცია.

იქნებ, ერთხელ შენც დამარცხდე,

გამოგკრა ჩოხას ხელია,

ვინ სიცოცხლითა გალაღდეს,

.ვისთვი შენ მოსვლა ძღვენია.





Wednesday, June 14, 2023

ღმერთო! (ეძღვნება მერაბ კოსტავას!)

ღმერთო!
ცოტაღაა ქვეყანაზე
კაცად კაცი საიმედო,
ღმერთო, ისე ნუ გაგვწირავ,
კაცი კაცს რომ აღარ ენდოს.
მაშინ რაღა გაგვახარებს,
ვით შევწვდებით ზეცის ერდოს,
ან ამ ცაზე ღრუბლიანზე
სხივი მზისა ვით დაენთოს.
ვინ მივიდეს ტაძრად მაშინ,
მამულისთვის გულნაკლული,
ვინ იშრომოს, მოურჩინოს
მრავალტანჯულ მშობელს წყლული,
ღმერთო, ისე ნუ გაგვწირავ,
კაცი კაცს რომ აღარ ენდოს,
მოგვიმრავლე სამშობლოსთვის
კაცნი გმირნი საიმედო!
მაია დიაკონიძე
14.06.2023წელი



მაინც სიცოცხლის წყურვილი მჭირდა

 მაინც სიცოცხლის წყურვილი მჭირდა!

მე არასოდეს არ მქონდა ბედი,
ესე ცხოვრება სულ მუდამ მცდიდა,
მირტყამდა ხშირად ჯოხით და კეტით,
მაინც სიცოცხლის წყურვილი მჭირდა.
ხან მიცხადებდა მატსა და შამათს,
ყაიმი ხშირად ათასად ღირდა,
არ მიფასებდნენ შრომას და ამაგს,'
მაინც სიცოცხლის წყურვილი მჭირდა.
მაგრამ ხანდახან ხომ დგება წამი,
ერთი სიტყვისთვის სიკვდილი გინდა,
და რომ არ მოკვდი, მშვიდდები ამით, -
შენ ხომ სიცოცხლის წყურვილი გჭირდა.
მაია დიაკონიძე
11.06.2023 წელი

Tuesday, June 13, 2023

თევზაობა (საბავშვო მოთხრობა)

  ზაქროს და ილიას დილიდან სათევზაოდ წასვლა გადაეწყვიტათ. დილაუთენია გაიღვიძეს, დედას საგზალიც კი გაამზადებინეს, ნამდვილმა მეთევზემ მდინარის პირას უნდა წაიხემსოს კიდეცო. ანკესები ძილის წინ მოამზადეს, თავიანთ ოთახში იქვე კედელზე მიაყუდეს. ახალგაღვიძებულებმა ისაუზმეს, გადაიდეს ანკესები მხარზე და მდინარისკენ გასწიეს. ძაღლი ბათურაც იმათ აეტორღიალა. მდინარე ახლოსაა, იქვე სოფლის ბოლოში ჩამოდის. შევიდნენ ჭალაში, გზადაგზა ტირიფებს დაეხარათ თავი, ვერხვისა და არყის ხეებიც ბლომად იყო მდინარის პირას. ზაფხული იდგა და მზე ცხელ დღეს ჰპირდებოდა დედამიწას, ცაზე ღრუბლის ნატამალი არა ჩანდა. ბიჭებმა ფოთლებით ყველაზე დახუნძლული ხე შეარჩიეს და იმის ქვეშ მოიკალათეს, სიცხე აღარ შეგვაწუხებსო. ბათურა მხიარული ყეფით იკლებდა ახალგაღვიძებულ ჭალას. იქვე ხეზე ყვავი ყრანტალებდა, თითქოს იმუქრებოდა, ემანდ რამეს ზედმეტად არ ახლოთ ხელი, ჩემი სამფლობელოაო. გაშალეს ანკესები პატარა მეთევზეებმა, დაიწყეს თევზაობა, მაგრამ თევზი არა და არ ეტანებოდა კაუჭზე წამოცმულ ჭიაყელებს, წინა დღის საღამოს რომ შეეგროვებინათ ბიჭებს ახალნაწვიმარ მიწაში. ხმაური აშინებს თევზსო, თქვეს, ბათურას ყეფა აუკრძალეს, ჩუმად იჯექი, თევზს გვიფრთხობო და უეცრად ჩამომდგარ სიჩუმეში საიდანღაც კვნესა გაიგონეს. ძაღლმა ყურები ცქვიტა, ბავშვებმაც მიაყურადეს, უნდოდათ გაერკვიათ, ხმა საიდან მოდიოდა, კვნესა განმეორდა, ბიჭებმა სასწრაფოდ დაყარეს ანკესები და ძაღლთან ერთად ჭალაში შეტოპეს. ყვავიც ფრენა-ფრენით ბიჭებს გამოუდგა, ყველაფერი ხომ უნდა გაეკონტროლებინა,  ყვავები ძალიან ცნობისმოყვარენი არიან. ოციოდე ნაბიჯი რომ გადადგეს, მოხუცებული დაინახეს, მუხის ხის ფესვებზე მიწოლილი, ახლოს მივიდნენ, პაპა ერმილე აღმოჩნდა, მათი თანასოფლელი, მარტო ცხოვრობდა, შვილები ქალაქში გადასულიყვნენ საცხოვრებლად, მასაც ეპატიჟებოდნენ, მაგრამ სოფელი ვერ მიატოვა. ილიას და ზაქროს ტოლი შვილიშვილიც ჰყავდა, ანდრია, ზაფხულობით ჩამოდიოდა პაპასთან. ბიჭები მიცვივდნენ მოხუცს, ძლივძლივობით წამოაყენეს, აქეთ-იქიდან ამოუდგნენ  მხრებში და სოფელში წაიყვანეს. გზადაგზა ლოცავდა ბიჭებს მოხუცებული,. ფიჩხის შესაგროვებლად წამოვედი, ჩემები ჩამოდიან დღეს ქალაქიდან, მწვადი უნდა შემეწვაო. პაპა ერმილე სახლში რომ მიიყვანეს, მისიანები უკვე ჩამოსულები დახვდნენ, პირველი ანდრია შეეგება მოხუცებულს, მერე უკან ჭალაში დაბრუნებულ ბიჭებს თან გაჰყვა, პაპას შეგროვებული ფიჩხი მოატანინა ბავშვებს, თვითონ სახლში დარჩა, ზაქრომ და ილიამ კი თევზაობა განაგრძეს. გაავსეს ვარცლი ბიჭებმა თევზებით, ქორჭილას, ნაფოტას, ფარფლწითელას, გოჭას, ზუთხს და სხვა კიდევ რომელ თევზს არ ნახავდით აქ, თითქოს ბუნებამ დააჯილდოვა ბიჭები, კეთილი საქმე გაგიკეთებიათო. თევზების ნაწილი პაპას  და მის ახალჩამოსულ სტუმრებს მიუტანეს, ნაწილი სახლში წაიღეს.
     მეორე დღეს ბიჭებს ანდრიამ მიაკითხა, ბიჭები თავისთან მიიპატიჟა. სხვა სტუმრები ისევ ქალაქში დაბრუნებულიყვნენ, ანდრია კი პაპასთან საცხოვრებლად დარჩენილიყო, ასეთი იყო მისი ნება, მშობლებსაც წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. პაპას არასოდეს დავტოვებო, უთხრა ზაქროს და ილიას. საღამომდე იმათ ეზოში დარჩნენ ძმები, ანდრიას ეზო-კარის გამართვაში ეხმარებოდნენ, შეჰპირდნენ, ხვალაც მოვალთო. საღამოს მზის სხივებში გახვეული დატოვეს პაპა-შვილიშვილი ბიჭებმა. იჯდა მოხუცებული ჯოხით ხელში თავისი სახლის ჭიშკართან, გვერდზე ანდრია მიჯდომოდა, ერთი ხელი პაპასთვის მხარზე გადაედო, მეორეთი  ბიჭებს ემშვიდობებოდა.
26.06.2020წელი

 შენი თვალები ლილა არის,

გამშვენებს ვერცლის თმა, აბჯარი,

მთაო, შენი გული ამაგდარი,

სადღაც სხვა სიღრმეში ჩაფალი.

მთაო, მხრებზე წყალი გეწვიმება,

ეს ხომ დედაშენის ცრემლია,

ღვთიშობლის ნანაზე გეძინება,

მებრძოლი ეგ შენი მკერდია.

დახვდები მტერს, გულ-მკერდს შეულეწავ,

ხარ გმირთა გამზრდელი, აკვანი,

კაბას შავად ნუ შემიღებავ,

დაძარი, ეს მიწა დაძარი.



იყო ეს ღამე

იყო ეს ღამე

ათასწლეულებს გაატანდა ეგ შენი მზერა,
მიცქერდი სადღაც შორეული შუაღამიდან,
სულ სხვა მამალი ყიოდა და იდგა სხვა  ერა,
იყო ეს ღამე ძილგამკრთალი ამორძალისა.
ცეცხლი ენთო და ნაკვერჩხლები ღვიოდა გულში,
და მე მათბობდა ნაპერწკლები შენს ლამაზ თვალთა,
სულ ყოველივე ფერმკრთალდება და ხდება ფუჭი,
ოქრო და ვერცხლი, ბრჭყვიალება ალმასთა, ლალთა.
თუ კი გიყვარვარ, შენც ოცნების დააბი ცხენი,
ღვინოც დავწუროთ, საწნახელი სავსეა ყურძნით,
მთვარეც ჩააწვება აქვე ახლოს, ტბაში ჩვენ გვერდით,
რომ არ მოგვაკლოს არასოდეს მნათობთა შუქი.   




Monday, June 12, 2023

 ესეც გაივლის, სულ ყველაფერს აქვს თავის ბოლო,

გულში ეკალი არ დაგვრჩეს მხოლოდ.


გელოდი, აღარ მოგელი,

თოფს თუ გავმართავ ფალიანს,

გულს ჟანგი რომ მოსდებია,

სასროლად აღარ ვარგია.

ერთხელ მაინც ხომ გაისვრის,

ტყვია მაინც ხომ მარდია,

თვალთ დამეხატოს აისი,

ჩამყვეს თან შენი ხატია.




მზეო!

,,და ყოველივე როგორ ნაზდება, როცა ახლოა დრო შემოდგომის'', გალაკტიონი
მზეო!
მზეც ფერმკრთალდება, თვალში როცა გაკლდება შუქი,
ან როცა ზეცა იქუფრება, ღრუბელი ფარავს,
მზე მზე რომ იყო და და მათბობდა მზესავით გუშინ,
დღეს მომაგონებს შეწითლებულ დაცვარულ ხარდანს.
მთის იქიდან რომ იჭყიტება, მზეობას კარგავს,
ჩამავალ მზეს ხომ აღარა აქვს ის სითბო, შუქი,
სანამ ეს ღამე დამადგამდეს ბნელეთის კარავს,
მზეო, მოასწარ, ჩამანათე შიგ კაკალ გულში.
მაია დიაკონიძე
12.06.2023 წელი
ხარდანი - წითელყურძნიანი ვაზის ჯიში, კარგი ფერის, სასიამოვნო გემოს, სუფრის წითელი ღვინის დასამზადებლად.

Sunday, June 11, 2023

 ბოლო არა აქვს შურსა და მტრობას

და ვინ მტრობს ერთურთს? ალალი ძმები,

მე არ დავიწყებ არავის გმობას,

საფრენად მინდა მომესხას ფრთები.

არ მიყვარს ჭორი, ბილწი და ავი,

ან რას მოვიმკობ, სხვის გულისტკენით,

მინდა რომ ვიყო თუნდ ციდა შაშვი,

ალალი გულით, ალალი ბედით.

თუ კი ცხოვრება ერთ კარებს რაზავს,

ხვალ გაიხსნება კიდევაც ბევრი,

არ გავახარებ გულში ავ ზრახვას,

ერთი ლამპარი ვიქნები ქვეყნის.







Saturday, June 10, 2023

 უღირსებოს რად სჭირდება თეთრი ფიფქი,

რად სჭირდება სიყვარული, მწვანე დაფნა,

ღირსეულს სწვავს სატანჯველი, მწარე ფიქრი,

უღირსებოს... აუშვია ზღვაში აფრა.

წლები დის და ემატება ამ ქვეყანას,

უღირსებო განა ერთი, ლაშქარია,

ჩაფშვნილა და  ჩაქცეულა ოქროს ყანა,

უღმერთობა განგებამ ვერ გვაპატია.

პატიების არ ვართ, მართლა, ალბათ, ღირსნი,

ნაბადივით მოვიხვიეთ სხვების ცოდვა,

ნაღველი გვჭირს ოპიზასი, ბანას, იშხნის.

უღირსებო, ვით ეშმაკი გვერდით როკავს.

შემოგვყურებს ხახმატიდან წმინდა ჯვარი,

არ ქნას ღმერთმა წყალი ისე აგვემღვრიოს,

არ გვეყაროს ბოროტ მტერზე ჩვენი ჯავრი,

,,ასე მტერი დაგვეცალოს!" - არ დავლიოთ!

.





ჩემს იმერეთს!

 ჩემს იმერეთს!


წინ მიჰქრიან რელსები, ვაგონებიც მიჰქრიან,

ვერ ვჩერდები კუპეში, დერეფანში გავდივარ,

ფანჯრებიდან მიცქერის ხეთა მწვანე გილდია,

მათი ნახვა მწყუროდა უკვე კარგა ხანია.

გადაშლილა მინდორი და ზედ დიდი ხალია,

ვაკვირდები, ხარია, დიდთვალება ნიკორა,

ზევიდან მზე დაჰნათის, ბალახს ანთებს ცვარიანს,

თვითონ  სვენებ-სვენებით მაღლა ცაში მიგორავს.

ახლა მთვარეც დაინთო, შუაში ვარსკვლავია,

გელათს ადგას, მოწამეთს, შუქით გამორჩეულით,

თქვენკენ მოვისწრაფოდი,უკვე კარგა ხანია,

სიკეთეზე რომ ვწერო არ მეყოფა რვეული.                                    

იმერეთის ქედებო, ცად აწვდილო ტყეებო,

ბავშვობა გამახსენეთ, მომენატრეთ ძალიან,

ჩემი სულის ჩრდილებო, ჩემი სულის ტყვეებო,

თქვენთან სიახლოვე და სიყვარული და მწადია.



Friday, June 9, 2023

თავფარავნელო ჭაბუკო! (ხალხურ მოტივებზე), მზია ხელაშვილის კომენტარით

 

თავფარავნელო ჭაბუკო!
(ხალხურ მოტივებზე)
ვა, თუ სანთელი ჩამიქრა,
მოხვიდე, - ვერა მხედაო,
თავფარავნელო ჭაბუკო,
აგიტირდება დედაო,
გულ უგრძნობს, ყოვლის მგრძნობელი,
მაგრამ თქმას ვერა ჰბედავსო,
მალ ჩამიქრება სანთელი,
მალ ატირდება დედაო.
საწუთროს ასე სცოდნია,
,,უფრო და უფრო ბინდდება",
ვარსკვლავებამდე შორია,
ყველასთვის როდი ინთება.
ჩაქრება შენი ვარსკვლავი,
აქვითინდება სერები,
ორბი დაკორტნის შენს თვალებს,
სისხლში ტუჩგანასველები..
ვერ მოგიტანე ნათელი,
შიგ ბნელიც შემოჰყოლია,
სიკეთეს, ჰაი, სიკეთეს,
მოძმედ ბოროტიც ჰყოლია.
თავფარავნელო ჭაბუკო,
ჭოროხის პირას მოვედი,
შორიდან უკვე დავლანდე
მოვის პერანგი სოველი.
და მოიმედევ სანთელის
საწუთრო არა გცოდნია,
ვისთვის დედაა მშობელი,
ვისთვის ძერა და ქორია.
---------------
იქნებ არც ჩაქრეს სანთელი,
იქნებ მოძებნო ფონია,
შენი სიკვდილის ამბავი,
არაკად გამიგონია.
მაია დიაკონიძე
8.05.2023წელი

მზია ხელაშვილის კომენტარი ჩემი ლექსისთვის: ,,თავფარავნელო ჭაბუკო"

                                             

      თავფარავნელის თემა ამოუწურავია. ის ხომ მარადიული სიჭაბუკეა...უკიდეგანო სიყვარული და დაუცხრომელი,შეუპოვარი და უკვდავი სულია საუკუნეებს რომ გადმოენთო,ჩვენამდე მოვიდა და ჩვენთან დარჩენას სულაც არ აპირებს,მომავლის საქართველოსკენ მიარღვევს ტალღებს. კარგი ლექსი დაბადებულა...აშკარაა,შეგყვარებიათ თავფარავნელი ჭაბუკი და....გემუდარებით ,გაუფრთხილდით ამ სიყვარულს,სათუთად მოუარეთ ,ნუ ჩაუქრობთ სანთელს და დარწმუნებული ვარ,ყველა ჩვენთაგანის სიყვარულის პატარ_პატარა ნაპერწკლები გადაარჩენენ, მზეჭაბუკს,რომელიც წისქვილის დოლაბით ცდილობდა ზღვის გადაცურვას.

მზია ხელაშვილი


ქართველები სად მიდიან?!

ქართველები სად მიდიან?!
ღვთიშობელის კალთა ფარავს
მიწას ლამაზს, მიწას მზიანს,
მზეს მთა-ბარი მოუქარგავს,
ქართველები სად მიდიან?!
ტალღა ტალღას ეფერება,
ქვიშიანი ნაპირია,
ყველა კენჭს ხომ მზე ევლება,
ქართველები სად მიდიან?!
ჯიხვი გადმოგვხედავს კლდიდან,
მთაში თოვლი ცხრაპირია,
თოვლიანი მთები მხიბლავს,
ქართველები სად მიდიან?!
ტაძრები და მონასტრები,
ლურჯ ზეცამდე აწვდილია,
წმინდა არის ყველაფერი...
ქართველები სად მიდიან?!
მაია დიაკონიძე
9.06.2023 წელი


Thursday, June 8, 2023

ნუ მომატყუებ!

 ნუ მომატყუებ!

 

ნუ მომატყუებ, სიცრუის თქმა რაში გჭირდება,

ნუ დაიმძიმებ ტყუილ-ფიცის ცოდვით ამ ენას,

როცა სიმართლე, ვით ჰაერი, ისე მჭირდება,

ნუ დაამსგავსებ ამ  ცხოვრებას ცირკის არენას.

 

,,ნუ დაღონდები!" გული  ჩემი, დუღაბ-ქვითკირი,

(მამა-პაპათა ჩამოსხმული რეკენ ზარები) ...

,,ესეც გაივლის", – უკვე ჩავლილს აღარ მივტირი,

წვიმიან დღეებს, ყველამ იცის, მოსდევს დარები!

 

მაია დიაკონიძე
8.06.2023 წელი
შეიძლება იყოს 1 person გამოსახულება
ყველა 




ხანჯალო, ამკუწ-დამკუწე,
წყნეთელისა ვარ სეხნია,
სადღაა დროშა, ალამი,
ადრე გულზე რომ გვეხვია.






Wednesday, June 7, 2023

სიმღერა (ხალხურ მოტივებზე) პირმშვენიერო ჭაბუკო!

სიმღერა

(ხალხურ მოტივებზე) 

პირმშვენიერო ჭაბუკო, 

ნუთუ ზღაპრიდან მესტუმრე,

ცის იად უნდა მაკურთხო,

გამრავლდეს ჩემი სიტურფე.

ისე ვანათო, როგორც მზემ,

მხრებზე შემოვსხდეთ ორბების,

ცაში მარულა გავმართოთ,

ვარსკვლავებს მივწვდეთ ოცნებით.

ნუ მიმცემთ ნისლებს გადავიწყების (სატრფიალო)

 

ნუ მიმცემთ ნისლებს გადავიწყების!

 

იქნება ბედმა მე არ მარგუნა,

სიყვარულის მზემ სხვა დაწვა მხოლოდ,

ან იქნებ მწვავდა, ოღონდ ფარულად,

და სიყვარულის ვერ ვპოვე ბოლო.

 

დასაწყისიც ხომ სიყვარულია,

დედის კალთა და ღიმილი დედის,

ეჩურჩულება ყვავილს მინდია,

ისიც იმათგან სიყვარულს ელის.

 

ქარაშოტს მიაქვს შხეფები ზვირთის,

რომ სიყვარულად ცას დაახატოს,

ყველა სულდგმული ცისაკენ ილტვის,

ოქროსფაფარა რაში დარახტოს.

 

შენკენ მოვდივარ, ჩემო ღრუბელო,

მარტოსული რომ ცაზე ჰკიდიხარ,

ბულბულებივით უფალს ვუმღეროთ,

ეს სიყვარულის დასაწყისია.

 

ბოლო კო ბოლო, არც მინდა ჰქონდეს,

ვიცი, არასდროს არ გამიქრები,

გარდავიცვლები  და წავალ ოდეს,

ნუ მიმცემთ ნისლებს გადავიწყების.

 

7.06.2023 წელი

           ---------------------------------

როგორც ლოტოსის კვირტი იშლება,

ჩვენც ვიბადებით და ვიკვირტებით.

და დასასრული როდესაც მოვა,

მოგვიგონებენ თბილი სიტყვებით.





ჩემო კახეთო! (პატრიოტული)


ჩემო კახეთო!
ქამარ-ხანჯალით შეგმოსეს ვერცხლის,
და მზის გვირგვინი გიმშვენებს თავსაც,
ჩემო კახეთო, გიტევდა ბევრი,
გაუტეხელო ციხეო, დგახარ!
დგახარ და ერის ბურჯადა გსახავთ,
მამაპაპურო ჩვენო ვენახო,
არ მოგეშალოს შრომა და გარჯა,
ვაზთან ღიღინი, არ მოგეშალოს!
მაია დიაკონიძე
7.06.2023 წელი
შეიძლება იყოს 1 person გამოსახულება
ყველა რეა