Thursday, June 22, 2023

რა არის ბულინგი?! (ესსე)

 რა არის ბულინგი?! 

(ესსე)

მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, მიყვარხართ, მინდა ყველას ბედნიერი ცხოვრება და საოცარი მომავალი გქონდეთ, გებრწყინოთ, როგორც ვარსკვლავებს ცაზე.
დღეს ისეთ საჭირბოროტო თემაზე მინდა ვისაუბრო, როგორიც ბულინგია. ეს სიტყვა ქართულად ძალადობას ნიშნავს, და ზოგჯერ ის ბავშვის დაბადებისთანავე იწყება, თუ ის არასასურველი ბავშვია, არ გეგონოთ, რომ არ არიან უგულო მშობლები. ბევრი ასეთიც მინახავს. ამ თემაზე საუბარი იმიტომ დავიწყე, რომ ამას წინ ახლობელი შემხვდა, გახარებული იყო, საბავშვო ბაღში ჩემი შვილიშვილი ყველას ცემსო. გაოცებული დავრჩი. გავიფიქრე, ეს კაცი მოძალადეს ზრდის მეთქი. რატომ უნდა გვინდოდეს, ჩვენმა შვილმა ან შვილიშვილმა სხვა დაჩაგროს, ჰყავდეს ტერორში?! მერე გვიკვირს, რატომ ხოცავენ ბუზებივით, ღმერთო, მაპატიე ამ შედარებისთვის, ქალებს. ბევრს სახლშივე, ოჯახში აჩვევენ, რომ ის მთავარია, იმან უნდა დაჩაგროს, ცემოს გარშემომყოფნი, მაშინ არის კარგი ბიჭი. ბევრი დედაც მინახავს, რომ აქეზებს შვილს, ეს როგორ გაგიბედეს, პასუხი გაეციო. ფიზიკურ ძალას ამ შემთხვევაში გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებენ და აგერ უმძიმესი შედეგიც... ძმა ძმას კლავს, შვილი - მამას, ყოფილი ქმარი - ყოფილ ცოლს, ვიღაცა საყვარელს, ფეისბუქში რატომ დააფიქსირე ჩვენი ურთიერთობის შესახებო, ქალმა ერთობლივი ფოტო დადო, რასაც მოჰყვა ამ ქალის სასტიკი მკვლელობა, ჯერ დანით იყო ნაწამები, მერე ჩაუმსხვრიეს ხელ-ფეხი, ბოლოს ცემენტის ბლოკი ჩაარტყეს თავში. მკვლელის (31 წლის მამაკაცის, რომელსაც ცოლი ჰყავს და ორი შვილი, კიდევ ერთი საყვარელი, საყვარლები მასზე უფროსი ქალბატონები) დედამ ინტერვიუში განაცხადა, რომ ტყუილად არავის კლავენ, ალბათ დაიმსახურა. ესე იგი, გამოდის, რომ თუ მეჩვენება, რომ ადამიანი არასწორია ანუ ისე არ იქცევა, როგორც მე მომწონს, არ იცმევს შესაფერისად, ისე არ ლაპარაკობს, როგორც მინდა, უნდა მივიდე და თავი გავუტეხო. ამ დროს მოთმინებას და ლოიალურობას გვასწავლის უფალი. გარდა ფიზიკური ძალადობისა, არსებობს ფსიქოლოგიური ძალადობაც, გინდაც ის, რომ სატელევიზიო შოუებში მუდმივად ხდება გარყვნილების (ქალებს უამრავი პარტნიორები ჰყავთ და ეს არაფერია), ერთსქესიანთა ურთიერთობების დღის შუქზე გამოტანა და სხვა, რაც იწვევს ოჯახის ინსტიტუტის მოშლას, ეს კი ასეთი პატარა ქვეყნისთვის დამღუპველია.
არსებობს სოციალური ძალადობაც, როდესაც რომელიმე სოციალური ჯგუფი ცდილობს დათრგუნოს ყველა გამორჩეული ადამიანი, თუ ის ჯგუფის სხვა წევრებისგან განსხვავდება და არ ემორჩილება ლიდერებს, რომელთაც შეიძლბა მისი ცხვირი ან კურტუმო არ მოეწონოთ, იწყება ამ ადამიანის მიმართ ცილისმწამებლური კომპანია, დაცინვა ჯგუფის იმ წევრებისგან, ვინც ცდილობს აამოს ლიდერებს, მათაც გარკვეული ადამიანები ჰყავთ შერჩეული, რომელთაც თაფლაკვერებით აჯილდოებენ, რომ მათი პოზიციები გაამყარონ. ამით ჯგუფის სხვა წევრებს ეუბნებიან, კარგად მოიქცევი?! ჩემს მხარეზე იქნები?! მიიღებ თაფლაკვერს. ძალადობის მსხვერპლს ამით აიძულებენ, ან დამორჩილდეს, ან დატოვოს ჯგუფი, ვინაიდან მათ მორალურ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. მართვის ასეთი მეთოდებია ბევრგან.
ძალადობა რა ფორმაშიც არ უნდა ხორციელდებოდეს, საშინელებაა. ფსიქოლოგიური, სოციალური ძალადობის მეთოდები სულ უფრო იხვეწება, რასაც ხელს უწყობს ტელევიზია, ინტერნეტი. რა გინდა სულო და გულო, რას არ ნახავ და რას არ წაიკითხავ. ღმერთმა გვიშველოს! დაწვრილმანება აღარ მინდა...
18.06.2023წელი

No comments:

Post a Comment