ჩანახატი
დილა მშვიდობისა, მეგობრებო, დილა ბედნიერებისა და სიხარულისა!
დღეს ,,მაწონი, მაწონის" ყვირილმა გამაღვიძა, ძლიერ გავიხარე. დიდი ხანია აღარ გამიგონია ჩვენს ქუჩაზე ეს ძახილი. კორონობის მერე შეწყვიტეს მემაწვნეებმა სიარული, არადა ახალ-ახალი მაწონი სულ მქონდა ხოლმე. ნაღები მიყვარს განსაკუთრებით, ახლაც წარმოვიდგინე, როგორ ჩავიგემრიელებდი პირს და ქალბატონს აივნიდან გადავძახე, დამიცადეთ-მეთქი. ერთი კასპელი ქალი ჩამოდიოდა ბოლო წლები, ჯერ ქმარი გარდაეცვალა, თვითონაც ავადობდა, ბოლოს ქალიშვილი მოჰყვა, დედას ეხმარებოდა, ახალგაზრდა გოგონა, აღარ შეუძლიაო, არადა არ იყო ასაკში. მაინც სოფლის შრომა მძიმეა, თან მხარში ამომდგომიც ხელიდან გამოეცალა. კორონობის მერე აღარ მინახავს. 90-იანებშიც დადიოდნენ ჩემთან მემაწვნეები, ისინიც კასპის რაიონიდან იყვნენ. სახლშიც ვეპატიჟებოდი, ერთი ჩემი ორი მოთხრობის გმირიც გახდა. ვუმასპინძლდებოდი. დიდი სითბო და სიყვარული გვქონდა. ამ კორონამ თითქოს დაგვაშორა ადამიანები ერთმანეთს. ახლა როცა ისევ გავიგონე ,,მაწონი, მაწონი", წარმოიდგინეთ, როგორ გამეხარდებოდა. ქილები ჩავიტანე, გავიცანი მემაწვნე, შევთანხმდით, როგორ მომაწოდებს ხოლმე მაწონს. ამოვედი და პირველ რიგში მონატრებული ნაღები მოვსვლიპე კატასავით, ჩემს ციფოსაც შევთავაზე, მაგრამ არ იკადრა, ცხვირი აიბზუა.
რა არის მაწონი?! - გლეხის ქალის ხელით დამზადებული სიყვარულის ელექსირი, გემრიელი, შიგ ჩატანებული სოფლის გემო და სურნელი. ღმერთმა სითბო და სიტკბო არ მოგვიშალოს, ძახილიც ,,მაწონი, მაწონი" ხშირად გამეგონოს, განვლილ წლებს რომ მახსენებს, ბებიების, ბიცოლების, მამიდების და სხვათა ხელით დამზადებულ სულისა და სხეულის მალამოს.
20.06.2023 წელი
No comments:
Post a Comment