Friday, June 9, 2023

თავფარავნელო ჭაბუკო! (ხალხურ მოტივებზე), მზია ხელაშვილის კომენტარით

 

თავფარავნელო ჭაბუკო!
(ხალხურ მოტივებზე)
ვა, თუ სანთელი ჩამიქრა,
მოხვიდე, - ვერა მხედაო,
თავფარავნელო ჭაბუკო,
აგიტირდება დედაო,
გულ უგრძნობს, ყოვლის მგრძნობელი,
მაგრამ თქმას ვერა ჰბედავსო,
მალ ჩამიქრება სანთელი,
მალ ატირდება დედაო.
საწუთროს ასე სცოდნია,
,,უფრო და უფრო ბინდდება",
ვარსკვლავებამდე შორია,
ყველასთვის როდი ინთება.
ჩაქრება შენი ვარსკვლავი,
აქვითინდება სერები,
ორბი დაკორტნის შენს თვალებს,
სისხლში ტუჩგანასველები..
ვერ მოგიტანე ნათელი,
შიგ ბნელიც შემოჰყოლია,
სიკეთეს, ჰაი, სიკეთეს,
მოძმედ ბოროტიც ჰყოლია.
თავფარავნელო ჭაბუკო,
ჭოროხის პირას მოვედი,
შორიდან უკვე დავლანდე
მოვის პერანგი სოველი.
და მოიმედევ სანთელის
საწუთრო არა გცოდნია,
ვისთვის დედაა მშობელი,
ვისთვის ძერა და ქორია.
---------------
იქნებ არც ჩაქრეს სანთელი,
იქნებ მოძებნო ფონია,
შენი სიკვდილის ამბავი,
არაკად გამიგონია.
მაია დიაკონიძე
8.05.2023წელი

მზია ხელაშვილის კომენტარი ჩემი ლექსისთვის: ,,თავფარავნელო ჭაბუკო"

                                             

      თავფარავნელის თემა ამოუწურავია. ის ხომ მარადიული სიჭაბუკეა...უკიდეგანო სიყვარული და დაუცხრომელი,შეუპოვარი და უკვდავი სულია საუკუნეებს რომ გადმოენთო,ჩვენამდე მოვიდა და ჩვენთან დარჩენას სულაც არ აპირებს,მომავლის საქართველოსკენ მიარღვევს ტალღებს. კარგი ლექსი დაბადებულა...აშკარაა,შეგყვარებიათ თავფარავნელი ჭაბუკი და....გემუდარებით ,გაუფრთხილდით ამ სიყვარულს,სათუთად მოუარეთ ,ნუ ჩაუქრობთ სანთელს და დარწმუნებული ვარ,ყველა ჩვენთაგანის სიყვარულის პატარ_პატარა ნაპერწკლები გადაარჩენენ, მზეჭაბუკს,რომელიც წისქვილის დოლაბით ცდილობდა ზღვის გადაცურვას.

მზია ხელაშვილი


No comments:

Post a Comment