Tuesday, June 20, 2023

დღეს არა ვარ, ღმერთო, რაღაც ხასიათზე!

დღეს არა ვარ, ღმერთო, ისეთ ხასიათზე,

რომ სასმისი სიყვარულის უცებ შევსვა,

თვალი დამრჩეს მინდა სხივთა ათინათზე,

შენს თვალებში არეკლილებს მზე რომ ერქვა.

ხარბად მინდა ჩავისუნთქო ის ჰაერი, 

რითაც ცოცხლობ, რითაც იბრძვი, რითაც სუნთქავ,

მერე, მერე, შემიყვარდეს ყველაფერი,

რაც შენს ლაღ გულს სიყვარულით ჩემთვის უთქვამს.

მართლაც არ ვარ, დღეს რაღაცა ხასიათზე,

თითქოს გულში ტკივილების ხიჭვი ჩამრჩა,

და ვოცნებობ სადღაც ტყეში ფიჭვის სახლზე,

იქ გელოდო, როგორც თეზევსს არიადნა.

თუ სიყვარულს არასოდეს არ აქვს ბოლო,

მზემდე მიდის და გრძელდება ცხრა მზის იქით,

შენც ეცადე, სულით რომ არ დამაობლო,

ამომიღო ჩარჩენილი გულში ხიჭვი.








No comments:

Post a Comment