ზაქროს და ილიას დილიდან სათევზაოდ წასვლა გადაეწყვიტათ. დილაუთენია გაიღვიძეს, დედას საგზალიც კი გაამზადებინეს, ნამდვილმა მეთევზემ მდინარის პირას უნდა წაიხემსოს კიდეცო. ანკესები ძილის წინ მოამზადეს, თავიანთ ოთახში იქვე კედელზე მიაყუდეს. ახალგაღვიძებულებმა ისაუზმეს, გადაიდეს ანკესები მხარზე და მდინარისკენ გასწიეს. ძაღლი ბათურაც იმათ აეტორღიალა. მდინარე ახლოსაა, იქვე სოფლის ბოლოში ჩამოდის. შევიდნენ ჭალაში, გზადაგზა ტირიფებს დაეხარათ თავი, ვერხვისა და არყის ხეებიც ბლომად იყო მდინარის პირას. ზაფხული იდგა და მზე ცხელ დღეს ჰპირდებოდა დედამიწას, ცაზე ღრუბლის ნატამალი არა ჩანდა. ბიჭებმა ფოთლებით ყველაზე დახუნძლული ხე შეარჩიეს და იმის ქვეშ მოიკალათეს, სიცხე აღარ შეგვაწუხებსო. ბათურა მხიარული ყეფით იკლებდა ახალგაღვიძებულ ჭალას. იქვე ხეზე ყვავი ყრანტალებდა, თითქოს იმუქრებოდა, ემანდ რამეს ზედმეტად არ ახლოთ ხელი, ჩემი სამფლობელოაო. გაშალეს ანკესები პატარა მეთევზეებმა, დაიწყეს თევზაობა, მაგრამ თევზი არა და არ ეტანებოდა კაუჭზე წამოცმულ ჭიაყელებს, წინა დღის საღამოს რომ შეეგროვებინათ ბიჭებს ახალნაწვიმარ მიწაში. ხმაური აშინებს თევზსო, თქვეს, ბათურას ყეფა აუკრძალეს, ჩუმად იჯექი, თევზს გვიფრთხობო და უეცრად ჩამომდგარ სიჩუმეში საიდანღაც კვნესა გაიგონეს. ძაღლმა ყურები ცქვიტა, ბავშვებმაც მიაყურადეს, უნდოდათ გაერკვიათ, ხმა საიდან მოდიოდა, კვნესა განმეორდა, ბიჭებმა სასწრაფოდ დაყარეს ანკესები და ძაღლთან ერთად ჭალაში შეტოპეს. ყვავიც ფრენა-ფრენით ბიჭებს გამოუდგა, ყველაფერი ხომ უნდა გაეკონტროლებინა, ყვავები ძალიან ცნობისმოყვარენი არიან. ოციოდე ნაბიჯი რომ გადადგეს, მოხუცებული დაინახეს, მუხის ხის ფესვებზე მიწოლილი, ახლოს მივიდნენ, პაპა ერმილე აღმოჩნდა, მათი თანასოფლელი, მარტო ცხოვრობდა, შვილები ქალაქში გადასულიყვნენ საცხოვრებლად, მასაც ეპატიჟებოდნენ, მაგრამ სოფელი ვერ მიატოვა. ილიას და ზაქროს ტოლი შვილიშვილიც ჰყავდა, ანდრია, ზაფხულობით ჩამოდიოდა პაპასთან. ბიჭები მიცვივდნენ მოხუცს, ძლივძლივობით წამოაყენეს, აქეთ-იქიდან ამოუდგნენ მხრებში და სოფელში წაიყვანეს. გზადაგზა ლოცავდა ბიჭებს მოხუცებული,. ფიჩხის შესაგროვებლად წამოვედი, ჩემები ჩამოდიან დღეს ქალაქიდან, მწვადი უნდა შემეწვაო. პაპა ერმილე სახლში რომ მიიყვანეს, მისიანები უკვე ჩამოსულები დახვდნენ, პირველი ანდრია შეეგება მოხუცებულს, მერე უკან ჭალაში დაბრუნებულ ბიჭებს თან გაჰყვა, პაპას შეგროვებული ფიჩხი მოატანინა ბავშვებს, თვითონ სახლში დარჩა, ზაქრომ და ილიამ კი თევზაობა განაგრძეს. გაავსეს ვარცლი ბიჭებმა თევზებით, ქორჭილას, ნაფოტას, ფარფლწითელას, გოჭას, ზუთხს და სხვა კიდევ რომელ თევზს არ ნახავდით აქ, თითქოს ბუნებამ დააჯილდოვა ბიჭები, კეთილი საქმე გაგიკეთებიათო. თევზების ნაწილი პაპას და მის ახალჩამოსულ სტუმრებს მიუტანეს, ნაწილი სახლში წაიღეს.
მეორე დღეს ბიჭებს ანდრიამ მიაკითხა, ბიჭები თავისთან მიიპატიჟა. სხვა სტუმრები ისევ ქალაქში დაბრუნებულიყვნენ, ანდრია კი პაპასთან საცხოვრებლად დარჩენილიყო, ასეთი იყო მისი ნება, მშობლებსაც წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. პაპას არასოდეს დავტოვებო, უთხრა ზაქროს და ილიას. საღამომდე იმათ ეზოში დარჩნენ ძმები, ანდრიას ეზო-კარის გამართვაში ეხმარებოდნენ, შეჰპირდნენ, ხვალაც მოვალთო. საღამოს მზის სხივებში გახვეული დატოვეს პაპა-შვილიშვილი ბიჭებმა. იჯდა მოხუცებული ჯოხით ხელში თავისი სახლის ჭიშკართან, გვერდზე ანდრია მისჯდომოდა, ერთი ხელი პაპასთვის მხარზე გადაედო, მეორეთი ბიჭებს ემშვიდობებოდა.
26.06.2020წელი
No comments:
Post a Comment