Friday, May 29, 2020

ვხედავ...(ერთსტროფიანი)

ვხედავ, აქვე, ჩემთან ახლოს, ღამეა,
მოაგელვებს ცხენს, აწყდება უნაგირს,
ეს ცხოვრება თურმე არცა რამეა, 
ტკივილიანს თან წამიყვანს ქურანი.

Thursday, May 28, 2020

ამ ცხოვრების სისასტიკე (ერთსტროფიანი)

სისასტიკეზე ამ ცხოვრების არც მქონდა ეჭვი,
იმპერატორო, რომ გიპყრია სკიპტრა და კვერთხი,
არად ჩაგაგდებს, გიღალატებს, გაგსრისავს შენც კი.

სახუმარო (ერთსტროფიანი)

გადავატრიალე და იმდენი ვურტყი,
მას მერე გახდა ნაზი და უტყვი,
დევს ეზოში და ალმაცერად მიმზერს,
- ვერ აისრულებო ბრაზით შენს მიზნებს,
- ქვა და ლოდი ხარ, რა უნდა გითხრა?
გამოვალ ისევ და დაღლამდე გირტყამ.

დარჩენილს მარტოდ (ერთსტროფიანი)

დარჩენილს მარტოდ სიყვარული მომწყურებია,
უსინათლოდ კი ამრევია ბნელში გზა-კვალი,
შენს ლურჯ თვალებში იმდენი ზღვა დამილევია,
ხმელზე ვხედავ რომ ჩემთვის უკვე ხსნაც აღარ არის.


Wednesday, May 27, 2020

ჩემს დას - მედეას!

ამ მიწიდან მაღლა ცამდე გზა არც ისე დიდია,
თუ კი იგი შეგიმოსავს წითელ-წითელ შინდითა,
ბროწეულის ყვავილებით დაგიპენტავს მზისებრით,
გაგიმსჭვალავს ყველას გული სიყვარულის ისრებით,
ამ მიწიდან მაღლა ცამდე გზა არც ისე დიდია,
თუ კი დაბლა დაუტოვებ შვილებს ბაღებს ხილიანს,
მინდორ-ველებს დაუხატავ ოქროსფერი ფარჩებით,
ყველას გულში სამუდამოდ ცისფერ ნისლად დარჩები.
ამ მიწიდან მაღლა ცამდე გზა არც ისე დიდია,
თუ კი შენს გულს გადაუხსნი ხევებს მარად ბინდიანს,
მირონცხებულ რუსთაველის იღიღინებ სტრიქონებს,
საკმეველი გზას იპოვის, ყველა შენ მოგიგონებს.


Tuesday, May 26, 2020

ვხედავ, თავში აუვარდა (ერთსტროფიანი)

ვხედავ, თავში აუვარდა ზოგს ფული, ზოგს - პოეტობა,
ზოგს პოეტის შვილობა და ზოგს იმისი ნაცნობობა,
ამბიციებს რომ ვერ თოკავს, ეს სცოდნია უვიცობას.

დედა (ჩანახატი)

   სანთელივით იყო ჩამომდნარი, გული მტკიოდა მის დანახვზე, სახის კანი ისევ ისეთი ლამაზი ჰქონდა, ვარდისფერი, ნაზი, ახალშობილივით, ოთხმოცისა კი იყო. საწოლზე ჩამოვუჯდებოდი, მომკიდებდა ხელს ხელზე და ასე დიდხანს ეჭირა ჩემი ხელი, მეფერებოდა, მთხოვდა,  საქართველოს შესახებ მეამბნა რამე, ინტერესით მისმენდა, ხანდახან კითხვებსაც ჩაურთავდა, ქართული კიდევ ახსოვდა, ბოლო 30 წელი  უკრაინაში ცხოვრობდა, სამშობლოში დაბრუნდა დედასთან. ცალ თვალზე ლიბრი გადაკვროდა, იმ თვალით ვერა ხედავდა, ტყუილად შემომყურებდა, მეორეში დარჩენოდა მხედველობა, იმით მაკვირდებოდა, მონატრებული მზერით მჭვრეტდა, 20 წელია არ გვენახა ერთმანეთი, ინტერნტში, სკაიპში დანახვას არ ვგულისხმობ, ახლა ერთმანეთის პირისპირ ვიჯექით დედა-შვილი, რომელთაც ათასობით კილომეტრი გვაშორებდა ერთმანეთს წლების მანძილზე, ხელებიც თბილი და ნაზი ჰქონდა, ენერგიით მავსებდა მისი თითოეული შეხება, გულში მივლიდა, მის კუნჭულებში ილექებოდა, რომ იქიდან წამოსულს, საქართველოში დაბრუნებულს,  არასოდეს მომკლებოდა მისი მხურვალება. დედა აღარ არის, მისი გულის სითბო კი ჩემთან დარჩა.

არასოდეს...(ერთტროფიანი)

მე რაც მეგონა, ის არ ყოფილა,
ესეც არ არის არავის ბრალი,
როცა მთავრდება, მაშინ იწყება
და არასოდეს არ მისცე განი.

სადაც მეგონა (ერთსტროფიანი)

სადაც მეგონა ვნახავდი ხეებს ტურფას და ფერიანს,
გადამხმარ-გადამჭკნარიყვნენ, დამსგავსებოდნენ ხეიბარს,
ზურგით მიკვროდნენ ერთმანეთს, სული კბილებით ეჭირათ,
იმათი ყოფის შემყურეს როგორ არ უნდა მეტირა?!



Sunday, May 24, 2020

"ფული, ფული" (ერთსტროფიანი)

"ფული, ფული" - ეს ყოფილა მთავარი,
მის გარეშე ეს ცხოვრებაც არ არის,
ამოგხდება სული მშიერს ვალებში,
არ გეყოფა, რომ ისუნთქო ჰაერი,
ეს ქვეყანა შენთვის არის მაკეტი,
ყველა კარი ჩაგირაზეს საკეტით.

ვისი ბედი (ერთსტროფიანი)

ვისი ბედი უჟმურია,
ვისი - კარგი ხასიათის,
სამწუხაროდ, ჩემს ჯინაზე,
ყველგან უჟმურს შევეჯახე.

Monday, May 18, 2020

მთავარი კითხვა

მე რა უნდა ვთქვა იმაზე მეტი,
რაც, ალბათ, ითქვა ან უნდა ითქვას,
ზოგს სასახლეში ასვენებს ბედი,
ზოგი მუდამდღე ტალახებს ზილავს,
მაგრამ ვინ უნდა შემოსოს ფრთებით
ღმერთმა, ეს არის მთავარი კითხვა.

Sunday, May 17, 2020

მე ჩემებურად ვემოსე აპრილს (სიმღერა, შეასრულა ნატალია ჭელიძემ)

მე ჩემებურად ვემოსე აპრილს,
ტყემლის ყვავილით, ნუშის კვირტებით,
ახლა კი ვარდის ფურცლებად გაშლილს
მელოდებიან ცაში ბინდები.
ვაზის ლერწების უწმინდეს ცრემლად
დავედინები წარმტაც სამყაროს,
ალიონი ვარ, ყაყაჩოს ფერად
მსურს დედამიწა გავალამაზო.
ჩრდილები ზეცის კარედზე ქრება
უსათუთესი ვარდის კვირტებით,
ხელს გავუწოდებ უძირო ზეცას
და სიყვარულის მზით მოვირთვები.

პოეზიის ნიშნული (ერთსტროფიანი, სახუმარო)

ვერაფრით ვერ გადავლახე პოეზიის ნიშნული,
სხვამ თუ ბროლის კოშკი აგო, მე ვაშენე ფიცრული,
მოწონება ვერ მივიღე დედოფლისგან, მეფეთგან,
ნეტავ, ერთი ქების სიტყვა ვინმესგან თუ მერგება?!..

Thursday, May 14, 2020

ქარი (ერთსტროფიანი)

დაგვიარა, 
გვაზანზარა ქარმა
და სიჩუმეს, 
თითქოს, 
კლიტე ახსნა,
რაც არ უნდა 
გაგვეგონა,
ის თქვა.

Tuesday, May 12, 2020

მაია დიაკონიძეს! (მიძღვნა) ავტ. გურამ ჭავჭანიძე 11.05.19

მაია დიაკონიძეს!

 ვატყობ რარიგ მარგიხარ,

შევცდე არა მგონია,

შენ იმაზე კარგი ხარ,

ვიდრე შენა გგონია!

გურამ ჭავჭანიძე

11.05.19

Monday, May 11, 2020

სარეველა (საბავშვო)

სარეველა ბალახი აერია ნამჯაში,
ცხენს მიართვა თავლაში, - გენაცვალე მადაში, -
რომ არაფერი შეჭამა, ერთი მოსცხო გავაში,
- ჩემს მოტანილს რად არ ჭამო, მორჩა შენი პარპაში!
- ცხენი ჭალას გაუყენა, - მგლების გახდი ლუკმაო,
- თვითონ ჩონგურს  ხელი ჩაჰკრა, - მომეშვება გულსაო.

Saturday, May 9, 2020

გული (ერთსტროფიანი)

რა უფრო ზაფრავს ჩემს გულს და სტკივა,
მე თვითონ ჯერაც ვერა გავუგე,
გადავურჩებით ტკივილსაც, შიშსაც,
ქვეყანას წესი თუ არ აუგეს.

ამოჩემება

ამოჩემება, ჩემება, ჩემება,
იციან მავანთა და თუ არ მეშლება,
სუყველა ვიღაცის ვიღაცა, ნათლია,
უწერენ ერთმანეთს კომენტარს ადლიანს,
და თუ კი არა ხარ ვიღაცის ვიღაცა,
არა ხარ პირფერი, ვერა წერ მიმართვას,
ან ქმარი არა გყავს მდიდარი, ნარჩევი,
ანდა კარგ ცხოვრებას არა ხარ ნაჩვევი,
დაგრჩება სხვებისღა ნასუფრი, ნარჩენი.



Friday, May 8, 2020

დიდი მასხრობა (ერთსტროფიანი)

შენზე სულ აღარ ფიქრობს,
ხედავ, აღარც ახსოვხარ,
რწმუნდები, სიყვარული
არის დიდი მასხრობა.

ჭიკჭიკი არ ისმის მერცხლის (ერთსტროფიანი)

ჭიკჭიკი არ მესმის მერცხლის,
აღარც შაშვის გალობა,
რას ველოდოთ და რა გველის,
იცის ჩვენი თაობამ,
არ შეგვარგო დედის ხსენი
ჩვენ არც ერთმა მთავრობამ.

ბოღმა ჰკლავს (ერთსტროფიანი)

ბოღმა ჰკლავს და შური ახრჩობს,
სიყვარული აცოცხლებს,
ერთურთს ვუთხრათ ტკბილი სიტყვა,
უცნობებს თუ ნაცნობებს.

Monday, May 4, 2020

ლულუ და ლულუ (საბავშვო მოთხრობა)

                  ლულუ და ლულუ

    ორივეს ლულუ ჰქვია, ძაღლსაც და გოგონასაც, და იცით რატომ? როცა ლულუ მოიყვანეს, გოგონა, სახელად, ლულუ სულ ხუთი წლისა იყო, აიჩემა პატარამ, ჩემი სახელი დაარქვითო, რაღას იზამდნენ ოჯახის წევრები?! წინააღმდეგობა აღარ გაუწევიათ, ლამაზ, დამჯერ ლულუს ხომ არ გააბრაზებდნენ და დაარქვეს ახალმოყვანილ ძაღლს ლულუ, პიკინესია. ლულუს რომ დაიძახებენ, ორივე თავპირისმტვრევით გარბის დამძახებლისკენ, ბებია იქნება, პაპა, დედა თუ მამა, ერთადერთი, ვის დაძახებაზეც არ გარბის გოგონა, მისი ძმა შოთიკოა, მასზე პატარაა და უკადრისობს, მაგის დაძახებულზე, როგორ ვირბინოო, მხოლოდ ცოტა ხნის მერე მიდის ხოლმე, ცალ თვალს შეაჭყიტავს, რამე ხომ არ უჭირს, ეგება დახმარება სჭირდებაო, ცალი ყბით მიუგდებს სიტყვებს, რა გინდოდაო,  დის ყურადღებით გათამამებული შოთიკო, არატრატდება, თითი მეტკინაო, ან ტახტიდან  ცუდად ჩამოვხტი და ფეხი ვიტკინეო, ან კიდევ, ჟაკეტი ჩამაცვიო და ა. შ. მიზეზები არ ელევა, უფროსი დის ყურადღება რომ მიიქციოს. აი, ძაღლი ლულუ კი სიამოვნებით გარბის, შოთიკო რომ დაიძახებს "ლულუს", უხარია პატარასთან თამაში,ხან ერთ მხარეს გადახტება, ყბას მოიქცევს, პატარა გავაცინოო, ხან - მეორე, იცინის ჩვენი შოთიკოც, ეხვევა ლულუს კისერზე თავისი პატარა ხელებით, ეხუტება, ძაღლსაც მეტი რა უნდა, კიდევ უფრო მეტ გულმოდგინებას იჩენს ბიჭთან თამაშში. ერთ დღესაც გაიღვიძა გოგონა ლულუმ, ძაღლი გახარებული მიეგება, კუდისქიცინით, ბებიამ საუზმე მიართვა, მადიანად მიირთვა ბლითები და ერთი ჭიქა კაკაოც სიამოვნებით დააყოლა, თამაში გადაწყვიტა, მაგრამ ვის ეთამაშოს? ლულუსთან თამაში უკვე მოსწყინდა, სცადა მისთვის კითხვა ესწავლებინა, არაფერი გამოსდის, თვითონ მეორე კლასში გადავიდა და წერა- კითხვა კარგად იცის. წავალ, შოთიკოს ვასწავლი ანბანსო, დასვენების დღე იყო და შოთიკო საბავშვო ბაღში არ უნდა წაეყვანათ, ლულუ - სკოლაში. მთელ სახლში ეძება ძმა, ვერსად ნახა. ბებიას ჰკითხა, სად არისო. ბებიამ ეზოში გადაიხედა, აგერ კატის კნუტს ეთამაშებაო. გაუკვირდა, რა კატის კნუტი, საიდან გაჩნდა ჩვენს ეზოშიო, მეზობელმა აჩუქაო, დაუკონკრეტა ბებიამ. ლულუმ კარები გააღო და უმალ ეზოში აღმოჩნდა, ძაღლიც თან გაჰყვა. მართლაც, შოთიკოს პატარა წითური კნუტი ეჭირა ხელში, სახე ბედნიერებისაგან უბრწყინავდა, მე ახლა ჩემი შინაური ცხოველი მყავსო, გამოუცხადა ლულუს, სახელიც უკვე დაერქმია, ფაცო. გოგონასაც მოეწონა კატის კნუტი, მაგრამ მე ჩემი ლულუ მყავსო და წითურის ხელში აყვანა არ ინება, შენი იყოსო, ცხვირაბზეკილი სახლში შებრუნდა. აი,  ფაცო და ძაღლი ლულუ კი დამეგობრდნენ, ერთად სძინავთ, ერთად ჭამენ, ლულუმ უფროსი ვარო და ფაცოს დაცვა იკისრა, სხვა ძაღლებს არ უშვებს მასთან, რამე არ ატკინონო, ალბათ, იცით, ძაღლების და კატების მტრობის ძველი ამბავი.  როცა ლულუს სძინავს, ფაცო მივა და ზურგზე დააწვება ხოლმე, ხანდახან  ზურგზე წამოსკუპებულს დაატარებს კიდეც ძაღლი კნუტს, ასეირნებს. მათი შემყურე გოგონა მიხვდა, როგორ უნდა მოექცეს თავის პატარა ძმას, ახლა ისიც ხელს ჩაჰკიდებს ხოლმე და ეზოში ასეირნებს, პირსაც ბანს და საჭმლის ჭამაშიც ეხმარება, რა თქმა უნდა, როცა არ მეცადინეობს და თავისი საქმეები არ აქვს, თქვენ წარმოიდგინეთ, ზღაპრებსაც უკითხავს ძილის წინ, ყველაზე ძალიან "დაჩის ზღაპრები" მოსწონს შოთიკოს, სიამოვნებით უსმენს, მერე იძინებს და მშვენიერ სიზმრებს ნახულობს.

5/4/20 11:45 AM

5/4/20 11:45 AM

Friday, May 1, 2020

მეც იმედებს არა ვკარგავ რატომღაც (სიმღერა) (მაია სიჭინავამ შეასრულა)

სიყვარულის მოფრინავენ ნიმფები,
აპრილმა ხომ ყვავილები დათოვა,
მაღლა მთიდან შენც ჩამოსვლას მპირდები,
მეც იმედებს არა ვკარგავ რატომღაც.
სულს დაჰყვება ქარავანი პეპლების,
მოუთმენლად ველოდები ვარდობას,
მინდა ნუშის დაგახვედრო კვირტები,
აპრილმა რომ გუშინ ღამით დატოვა.
გულში ისევ ფრთხიალებენ ჩიტები
და არ წყვეტენ სიყვარულზე გალობას,
მაღლა მთიდან შენც ჩამოსვლას მპირდები,
მეც იმედებს არა ვკარგავ რატომღაც.