ორივეს ლულუ ჰქვია, ძაღლსაც და გოგონასაც, და იცით რატომ? როცა ლულუ მოიყვანეს, გოგონა, სახელად, ლულუ სულ ხუთი წლისა იყო, აიჩემა პატარამ, ჩემი სახელი დაარქვითო, რაღას იზამდნენ ოჯახის წევრები?! წინააღმდეგობა აღარ გაუწევიათ, ლამაზ, დამჯერ ლულუს ხომ არ გააბრაზებდნენ და დაარქვეს ახალმოყვანილ ძაღლს ლულუ, პიკინესია. ლულუს რომ დაიძახებენ, ორივე თავპირისმტვრევით გარბის დამძახებლისკენ, ბებია იქნება, პაპა, დედა თუ მამა, ერთადერთი, ვის დაძახებაზეც არ გარბის გოგონა, მისი ძმა შოთიკოა, მასზე პატარაა და უკადრისობს, მაგის დაძახებულზე, როგორ ვირბინოო, მხოლოდ ცოტა ხნის მერე მიდის ხოლმე, ცალ თვალს შეაჭყიტავს, რამე ხომ არ უჭირს, ეგება დახმარება სჭირდებაო, ცალი ყბით მიუგდებს სიტყვებს, რა გინდოდაო, დის ყურადღებით გათამამებული შოთიკო, არატრატდება, თითი მეტკინაო, ან ტახტიდან ცუდად ჩამოვხტი და ფეხი ვიტკინეო, ან კიდევ, ჟაკეტი ჩამაცვიო და ა. შ. მიზეზები არ ელევა, უფროსი დის ყურადღება რომ მიიქციოს. აი, ძაღლი ლულუ კი სიამოვნებით გარბის, შოთიკო რომ დაიძახებს "ლულუს", უხარია პატარასთან თამაში,ხან ერთ მხარეს გადახტება, ყბას მოიქცევს, პატარა გავაცინოო, ხან - მეორე, იცინის ჩვენი შოთიკოც, ეხვევა ლულუს კისერზე თავისი პატარა ხელებით, ეხუტება, ძაღლსაც მეტი რა უნდა, კიდევ უფრო მეტ გულმოდგინებას იჩენს ბიჭთან თამაშში. ერთ დღესაც გაიღვიძა გოგონა ლულუმ, ძაღლი გახარებული მიეგება, კუდისქიცინით, ბებიამ საუზმე მიართვა, მადიანად მიირთვა ბლითები და ერთი ჭიქა კაკაოც სიამოვნებით დააყოლა, თამაში გადაწყვიტა, მაგრამ ვის ეთამაშოს? ლულუსთან თამაში უკვე მოსწყინდა, სცადა მისთვის კითხვა ესწავლებინა, არაფერი გამოსდის, თვითონ მეორე კლასში გადავიდა და წერა- კითხვა კარგად იცის. წავალ, შოთიკოს ვასწავლი ანბანსო, დასვენების დღე იყო და შოთიკო საბავშვო ბაღში არ უნდა წაეყვანათ, ლულუ - სკოლაში. მთელ სახლში ეძება ძმა, ვერსად ნახა. ბებიას ჰკითხა, სად არისო. ბებიამ ეზოში გადაიხედა, აგერ კატის კნუტს ეთამაშებაო. გაუკვირდა, რა კატის კნუტი, საიდან გაჩნდა ჩვენს ეზოშიო, მეზობელმა აჩუქაო, დაუკონკრეტა ბებიამ. ლულუმ კარები გააღო და უმალ ეზოში აღმოჩნდა, ძაღლიც თან გაჰყვა. მართლაც, შოთიკოს პატარა წითური კნუტი ეჭირა ხელში, სახე ბედნიერებისაგან უბრწყინავდა, მე ახლა ჩემი შინაური ცხოველი მყავსო, გამოუცხადა ლულუს, სახელიც უკვე დაერქმია, ფაცო. გოგონასაც მოეწონა კატის კნუტი, მაგრამ მე ჩემი ლულუ მყავსო და წითურის ხელში აყვანა არ ინება, შენი იყოსო, ცხვირაბზეკილი სახლში შებრუნდა. აი, ფაცო და ძაღლი ლულუ კი დამეგობრდნენ, ერთად სძინავთ, ერთად ჭამენ, ლულუმ უფროსი ვარო და ფაცოს დაცვა იკისრა, სხვა ძაღლებს არ უშვებს მასთან, რამე არ ატკინონო, ალბათ, იცით, ძაღლების და კატების მტრობის ძველი ამბავი. როცა ლულუს სძინავს, ფაცო მივა და ზურგზე დააწვება ხოლმე, ხანდახან ზურგზე წამოსკუპებულს დაატარებს კიდეც ძაღლი კნუტს, ასეირნებს. მათი შემყურე გოგონა მიხვდა, როგორ უნდა მოექცეს თავის პატარა ძმას, ახლა ისიც ხელს ჩაჰკიდებს ხოლმე და ეზოში ასეირნებს, პირსაც ბანს და საჭმლის ჭამაშიც ეხმარება, რა თქმა უნდა, როცა არ მეცადინეობს და თავისი საქმეები არ აქვს, თქვენ წარმოიდგინეთ, ზღაპრებსაც უკითხავს ძილის წინ, ყველაზე ძალიან "დაჩის ზღაპრები" მოსწონს შოთიკოს, სიამოვნებით უსმენს, მერე იძინებს და მშვენიერ სიზმრებს ნახულობს.
5/4/20 11:45 AM
5/4/20 11:45 AM
No comments:
Post a Comment