Tuesday, May 26, 2020
დედა (ჩანახატი)
სანთელივით იყო ჩამომდნარი, გული მტკიოდა მის დანახვზე, სახის კანი ისევ ისეთი ლამაზი ჰქონდა, ვარდისფერი, ნაზი, ახალშობილივით, ოთხმოცისა კი იყო. საწოლზე ჩამოვუჯდებოდი, მომკიდებდა ხელს ხელზე და ასე დიდხანს ეჭირა ჩემი ხელი, მეფერებოდა, მთხოვდა, საქართველოს შესახებ მეამბნა რამე, ინტერესით მისმენდა, ხანდახან კითხვებსაც ჩაურთავდა, ქართული კიდევ ახსოვდა, ბოლო 30 წელი უკრაინაში ცხოვრობდა, სამშობლოში დაბრუნდა დედასთან. ცალ თვალზე ლიბრი გადაკვროდა, იმ თვალით ვერა ხედავდა, ტყუილად შემომყურებდა, მეორეში დარჩენოდა მხედველობა, იმით მაკვირდებოდა, მონატრებული მზერით მჭვრეტდა, 20 წელია არ გვენახა ერთმანეთი, ინტერნტში, სკაიპში დანახვას არ ვგულისხმობ, ახლა ერთმანეთის პირისპირ ვიჯექით დედა-შვილი, რომელთაც ათასობით კილომეტრი გვაშორებდა ერთმანეთს წლების მანძილზე, ხელებიც თბილი და ნაზი ჰქონდა, ენერგიით მავსებდა მისი თითოეული შეხება, გულში მივლიდა, მის კუნჭულებში ილექებოდა, რომ იქიდან წამოსულს, საქართველოში დაბრუნებულს, არასოდეს მომკლებოდა მისი მხურვალება. დედა აღარ არის, მისი გულის სითბო კი ჩემთან დარჩა.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment