Saturday, November 30, 2019

სახუმარო (ერთსტროფიანი)

იმ დღეს, როცა გამიღიმე, ცა გაიხსნა პირქუში,
პირი მოვიგემრიელე სოსისებით, პირშუშხით,
მაგრამ თურმე სხვა ზრახვა გაქვს, მესვრი ქათინაურებს,
მეგობარი მოგწონს ჩემი, თურმე მიტომ მიყურებ.

სამშობლო მიყვარს...(ერთსტროფიანი)

სამშობლო მიყვარს,
სამშობლო გიყვარს,
სამშობლო უყვარს,
მაშ რადა შია
სამშობლოს მოყვასს?!
ეშმაკი როკავს.

Friday, November 29, 2019

ღამევ!

ასჯერ და ათასჯერ ნათენებო,
 ღამევ, ეშმაკივით დამილხინდი,
 - მოგცემ ღრმა ძილსა და მოსვენებას,
- ტყუილით შეგიმოსავს ბალდახინი.

Wednesday, November 27, 2019

ბუკისციხელსა მარიამს

ბუკისციხელსა მარიამს რომ გააცოცხლონ, სწადია,
ქართველ ქალ-ვაჟთა დამცველი, მათი დედა და გადია,
ცხარე ცრემლებად იღვრება, ფეხზე ადგომა სწადია,
ძალით მიჰყავდათ ტყვეებად, დღეს თავის ფეხით გადიან
ახალგაზრდები სხვა ქვეყნად, იქ სჭამენ ლუკმას მადიანს,
ვის უტოვებენ ქვეყანას, გაგებაც არა სწადიათ.
ბუკისციხელი მარიამ, ქალ-ვაჟთა მცველი, გადია,
ცხრა ასულს სხვენშია მალავდა, მტერს რომ ებრძოდა ხანჯლიანს,
განძი რომ იყო, იცოდა, მზის გულზე წერდა ქარტიას,
დაეცვა თავის შვილები, მტერს ძარცვა არ აპატია,
დამდუღრა, დააქვესკნელა, მას მიეშველა დათია,
გმირი, სამშობლოს დამცველი, გურგენიძეთა გვარიდან.
მტერს მტერი ერქვა, დღეს მტერი ვეღარ გავიგეთ ვინ არის,
ქართველი გოგო-ბიჭები ხანს ჩვენი ხელით მივგვარეთ,
ბუკისციხელსა მარიამს რომ გააცოცხლონ, სწადია,
განძი აქავე დარჩესო, ცრემლი ჩამოსდის დარდიანს,
- ანი და ჰოე ამ ქვეყნის დღემდე რით ვეღარ ისწავლეთ,
შვილები კარგად დამალეთ, მტერს წყალი ასხით მდუღარე.
დაამშვენებენ ისინი ამ ულამაზეს მხარესო,
გმირებად დაიზრდებიან, პასუხს გასცემენ მწარესო
მტერს, მოზავთებულს, მოჯარულს, შხამს რომ ანთხევენ არესო,
თორემ უჯიშოდ, უშვილოდ გადავშენდებით მალეო.
ბუკისციხელსა მარიამს ცრემლი ჩამოსდის დარდიანს,
შვილებს მაშინ კი უშველა, დღეს ფეხზე დგომა სწადია.







Monday, November 25, 2019

სამანთან ისევ გრიალებს ქარი (ერთსტროფიანი)

სამანთან ისევ გრიალებს ქარი, როგორც კალმახი იქნევს ლაყუჩებს,
და შენი ნაზად აშლილი ტანით იმ ძველ ტკივილებს ვერ დააყუჩებ,
ვიცი, იმძლავრა შენზე სამყარომ, გადარჩენისთვის  მოგთხოვა მსხვერპლი
და უნებური  შენი ღალატი დამდის ვით ქალწულს უმანკო ცრემლი.

უდროობა (ერთსტროფიანი)

უდროობა მჭირს, დეფიციტი მქონია დროის,
ახალგაზრდობის შეცოდებებს ახლაღა ვიმკი,
- დრო აღარ გრჩება, - მიმეორებს სამყარო რისხვით,
მე ხელგაწვდილი ახლა წუთებს, წამებსაც ვითვლი.

ვარდმაც დაკარგა სურნელი (ერთსტროფიანი)

ვარდმაც დაკარგა სურნელი,
იამაც, იასამანმაც,
როგორც მკვდრებს, ისე ვუცქერი,
გული მიილტვის სამანთან.

ვინც რომ გაყიდა სული (ერთსტროფიანი)

ვინც რომ გაყიდა სული, გული და ეყმო ეშმაკს,
დაემშვიდობა ცხონებას და თუნდ ჭინკა ერქვას,
არა აქვს იმას, ამის დარდი, ტომრით აქვს ფული,
ის კი არ იცის, ტომარაშიც ეშმაკი უზის.

Sunday, November 24, 2019

თოვლი მოვა და შენც მოხვალ

თოვლი მოვა და შენც მოხვალ,
ციდან წამოხვალ ფიფქებად,
სახეზე მომიალერსებ,
მიმრავლებ შენზე ფიქრებსაც
სურვილებს თავზე დამათოვ,
თოვლი ხარ, თოვლის ფერია,
ზოგი წვიმაა, ზოგი- მზე,
თოვლობა შენი ხვედრია.

Saturday, November 23, 2019

ნამდვილად გყვარებია (სიმღერა) მაია სიჭინავამ დაწერა და შეასრულა ,,სიყვარულის ფერები ნეტავ შენ თუ შეგეხო"

სიყვარულის ფერები, ნეტავ, შენ თუ შეგეხო,
აბსტრაქციის ველში ხარ, ჰორიზონტიც მერყეობს,
თუ ქალაქის ქუჩებიც აცა-ბაცა  დადიან,
ვეღარ არჩევ ღამეებს უმთვაროს და მთვარიანს,
თუ ზეცაში ღრუბლები ცხენებივით დაჰქრიან
და შენ, იმათ მესაჭეს, მზის სხივები გაყრია,
ცის ნაფლეთი ისროლე მინდორ-მინდორ ღიღილოდ,
ნამდვილად გყვარებია და იმიტომ ღიმილობ.


ბევრჯერ გაპატიე შეცდომა (ერთსტროფიანი)

ბევრჯერ გაპატიე შეცდომა, ბევრჯერ უმიზეზო ღალატიც,
შენ კი ვერაფერსაც ვერ მიხვდი, ისევ მასმენინებ ნარატივს,
ბევრი არ ჭირდება მისნობა, უკვე ბევრიცა მაქვს ნანახი,
მომბეზრდა მე შენი გიდობაც, მშვიდობის მოვისროლე მანდატი.



მე მეგონა...(ერთსტროფიანი)

მე მეგონა, რომ გიყვარდათ ია,
მაგრამ თურმე გყვარებიათ ბია,
თქვენ ლურჯ თვალებს ანაცვალეთ ოქრო,
ჯოჯოხეთი გეჯღანებათ მხოლოდ.

განწყობა (ერთსტროფიანი)

გაყინული ჩემს ოთახში ვწევარ,
დამტყობია ნათითური ზამთრის,
გარეთ თოვლი წყება-წყება წვება
და სიცივეს ყველა მხრიდან მაყრის.

წმინდა გიორგის! (ერთსტროფიანი)

შენი სახელის მარად მტვირთველნი
ნაპერწკალიდან კვლავ ავინთებით,
დაე, უცქიროს სამყარომ ხანძარს,
მზეზე ელვარე ჩვენს ქართულ ტაძარს!

ნუთუ, დაგვტოვეს ანგელოზებმა?! (ერთსტროფიანი)

ნუთუ, დაგვტოვეს ანგელოზებმა?!
ჩვენი არც ფიცი და არც მტკიცი სწამთ,
ყველა გაფრინდა ქართლის ბუდიდან,
ჩვენზე ტირილი აცლით არაქათს.

როცა შენ გტკივა (ერთსტროფიანი)

იქიდან ხვდები, 
რომ უღირხარ მეგობარს ჩირად,
როცა შენ გტკივა, 
ვერა ხვდება, არ იცვლის ნირსაც.

Friday, November 22, 2019

სუნამოს სუნი (ერთსტროფიანი)

სუნამოს სუნი მოაქვს ლამაზმანს,
ქარი მიიტანს სურნელს ათასგან,
გამორბის ყველა, კაციც და მხეციც,
იქნება გაჰკრას აბედზე კვესი.

ხმელი ფოთოლი (ერთსტროფიანი)

ეკვრება მიწას ხმელი ფოთოლი,
იმის წიაღში სურს განსვენება,
თანაც ჰგონია ძველს და მიამიტს,
მასზე დაგვრჩება ჩვენ მოგონება.

Thursday, November 21, 2019

აბსტრაქციის ველიდან... (სიმღერა)

აბსტრაქციის ველიდან რეალურში გათავსებ,
სადედოფლო სამოსით შეგამკობ და გაგავსებ,
მინდა იყო ლამაზი, რომ იყავი ფიქრებში,
მაგრამ ის არ ყოფილხარ, მგონი, აღარ მჭირდები.
ანჩხლი ხარ და კაპასი და ყვავივით ყრანტალებ,
ე მაგ ქერა კულულებს მგონი ტყუილად ატარებ,
ბულბულივით მღეროდი, სანამ შეგიყვარებდი,
ახლა დასამშვიდებლად უნდა ვყლაპო აბები.
საიდანაც მოსულხარ იქნებ იქით წახვიდე
აბსტრაქციის ველებში გაჭრას თუ არ აპირებ,
მაშინ, ალბათ, მე გავალ რეალური ველიდან,
შევერევი ვარსკვლავებს და ღუბელთა ზეფირსაც.



იწყება ღამე (ერთსტროფიანი)

იწყება ღამე, არმაგედონი,
ფურცელზე სტრიქონს სტრიქონს ვაწებებ,
შემოდის ბნელში ყმაწვილი თორით
და ჩემთან ერთად ღამეს ათენებს.

Monday, November 18, 2019

ერთადერთი, რაც დამამარცხებს (ერთსტროფიანი)

ერთადერთი, რაც დამამარცხებს,
შვილების სევდა, მათ თვალში მდგარი,
ქვეყნის მომავალს და თავისას,
რომ ვერ ხედავენ, ავადგამხდარნი.

Sunday, November 17, 2019

მინდვრის ყვავილები (პიესა ერთ მოქმედებად (საბავშვო))

მინდვრის ყვავილები


მოქმედი პირები: გოგონები - მზისა და  მთვარისა,
დედა

გოგონები ტყის პირას მდელოზე დგანან და საუბრობენ

მთვარისა: ჩუმად რომ გამოვიპარეთ,
                    გულს არ ვატკენთ მამიკოს?

მზისა: ყვავილს დავკრეფთ, წავალთ მალე,
             ნუ შეკრთები, დაიკო.

მთვარისა: მზისა, მოდი, გვირილები
                    შევაგროვოთ თავიდან,
                    გულში უზით მზის სხივები,
                    დედას უყვარს ძალიან.

მზისა: ჰო, მთვარისა, ოღონდ ჩქარა,
             მგონი, წვიმას აპირებს,
             მივამატოთ ვარდკაჭაჭაც
             ამ მშვენიერ ყვავილებს.

მთვარისა: ვარდკაჭაჭა რომელია,
                    ვინ მისცა ეს სახელი,
                    ნეტავ, ვარდებს თუ ჰგავს რამით,
                    ან სუნით და ან ფერით?

მზისა: მათ არა ჰგავს, ცისფერია,
             გამჭვირვალე, ფაქიზი,
             სამკურნალო არის ფესვიც,
             მგონი, თავად ყვავილიც,
             ამას წინათ თინა ბებო
             წყალში  ყრიდა ჩაისთვის!

მთვარისა: ყაყაჩოც რომ მივუმატოთ,
                    თაიგულს მთლად დახატავს,
                    წითელია, როგორც ვარდი,
                    დედოფალას კაბას ჰგავს.

მზისა: მართალი ხარ, ლამაზია,
             მაგრამ სუსტი ღერო აქვს,
             ჯანმრთელობა არ უვარგა
             კაშკაშას და ფეროვანს.
             ვერ იტანს ვერც დიდძალ სიცხეს,
             ქარიც ძლიერ აწუხებს,
             თუ მოწყვიტე, დარწმუნდები,
             გზასაც კი ვერ გაუძლებს.

მთვარისა: მზისა, იცი, ყაყაჩოებს
                    შინაური ტიტა ჰგავს,
                    მამა დედას რომ მიართმევს,
                    ერთი-ორი კვირა დგას.

მზისა: მართალი ხარ, გამძლე არის,
             მოსავლელად ადვილი,
             მაგრამ მინდვრის დედოფალი
             ყაყაჩოა ნამდვილი.

მთვარისა: ღიღილოებს მე დავუკრეფ,
                    დედას მოსწონს ძალიან,
                    ღიღილოსფერ კაბას იცმევს,
                    მაგნაირი თვალი აქვს.
                    ოქროღილას ეძახიან
                    სხვანაირად ღიღილოს,
                    მართლაც, შეხე, ეს გულები
                    ხომ ჰგავს ოქროს ღილკოლოს?!
  (უთითებს ღიღილოს ყვითელ გულზე)

მზისა: მე კი დავკრეფ მზისფერ ყვავილს,
             უწოდებენ ზაფრანებს,
             ჩვენი ბებო, როგორც სუნელს,
             საჭმელებში ათავსებს.

მთვარისა: შეხე, ყვითელ მზესუმზირებს (უთითებს მზესუმზირებზე)
                   შორს რომ მოჩანს ყანებში,
                   ისიც ხომ არ მოგვეწყვიტა?
                   დედას გავახარებდით.

მზისა: არა, არა, ოჰ, რას ამბობ,
             ჯერ გაივსოს მარცვლებით,
             მერე ერთად ვაკნატუნთ,
             კმაყოფილი დავრჩებით.

მთვარისა: იცი, მზისა, მზესუმზირა
                   რად დაარქვეს სახელად?
                   გამუდმებით მზეს უყურებს,
                   აღმა-დაღმა დაჰყვება.

მზისა: კიდევ ბევრი ყვავილია
             ჩვენი გულის სალხენად:
             მატიტელა, შავბალახა,
             თავშავა და თავცეცხლა.

მთვარისა: თავცეცხლას რად ეძახიან,
                    უკიდია ხანძარი?

მზისა: არა, მაგრამ ეკლებს შორის
             გვირგვინი აქვს ლამაზი,
              ცეცხლისფერი ყვავილებით
              თავს იწონებს ამაყი.

მთვარისა: დაო, აბა, გადახედე, (ახედებს ყვავილისკენ)
                   როგორ გვიმზერს ხარისთვალა,
                   ჩვენი მდელო უხვი არის,
                   სიკეთე არ დაგვითვალა.
                   მიგვაქვს მინდვრის თაიგული,
                   ვერსად ნახავ ამისთანას.

(გოგონები მიტრიალდებიან, დაინახავენ დედას, თაიგულს მიურბენინებენ)

დედა: (საყვედურის თქმაც გადაავიწყდება, გახარებულია)
             ჩემო კარგო გოგონებო,
             გაახარეთ დედის გული,
             თქვენთვის გვირგვინს უცებ დავწნავ
             ამ ლამაზი თაიგულით.
             ახლა კი შინ გავტრიალდეთ,
              მამას, ალბათ, მოენატრეთ.
(დედა გოგონებს კოცნის, თაიგულს ათვალიერებს, მერე ფუტკრებისკენ იხედება, იქვე ბზუიან)
             შეხეთ ფუტკრებს, რა ბეჯითად (გოგონებს თითით მიანიშნებს ფუტკრებზე)
             დაბზუიან ყვავილებს,
             ნექტარი და სიტკბო მოაქვთ,
             აავსებენ სკა-ფიჭებს,
             თუ დავუკრეფთ ყველა ყვავილს,
             გავუგრძელეთ სკისკენ მანძილს! (დედა იცინის)

(გოგონები აკვირდებიან ფუტკრებს)

მზისა: არ ვიცოდი, ფუტკრები რომ
             იძლეოდნენ თაფლს და სანთელს,
             მაგონებდნენ ყვითელ ბუზებს,
             მაგათ ხელს როგორღა ვახლებ?!

მთვარისა: ეს ბუნება რა ყოფილა,
                    თავს გვევლება ულევ სხივად,
                    მაგრამ თუ არ გავუფრთხილდით,
                    აღარც ჩვენ გვექნება ბინა.

(დედა ბავშვებს ყვავილების გვირგვინებს უწნავს და თავზე ადგამს, მერე ხელს გადაჰხვევს და სიმღერით გადიან)

სიმღერა: ოდელია, დელია,
                  მზე დაგვხარის ზევიდან,
                  ნაირ-ნაირ ყვავილებს
                  მდელო გადუპენტიათ,
                  ედემია ნამდვილი
                  ჩვენი მთა და ველია.


ფარდა
             
.
               



თევზაობა (პიესა ორ მოქმედებად)

მოქმედი პირები:
პირველი ბიჭი
მეორე ბიჭი
პაპა


პირველი ბიჭი ლოგინში წევს, მეორე ბიჭი სათევზაოდ წასასვლელად ემზადება, ერთმანეთს ესაუბრებიან

პირველი ბიჭი

ამ დილაზე თუ არ წავალთ,
გაგვექცევა მდინარე?
ცოტა კიდევ დამაძინე,
სულ ნუ ამაწრიალე!

მეორე ბიჭი

პაპამ გვითხრა, ადრე ავდგეთ,
მერე მზე დააცხუნებს
და სიცხეში სიარული
ადამიანს ასუსტებს.
"ზოგი ჩიტი ნისკარტს იწმენდს, 
მძინარა კი თვალებს იფშვნეტს",
ბებომ, განა, არ გაგვანდო
ეს ხალხური დიდი სიბრძნე?!

პირველი ბიჭი

კვირა დღეა, ჩემი ნება
არის ლხენა, დასვენება.
სადა ვსდიო ორაგულებს,
ქვა-კენჭებში გაყუჩულებს?
შენ და პაპა წადით მარტო,
მაგ საქმესაც ტყუილად მანდობთ!

მეორე ბიჭი:

ვიბანავებთ მდინარეზე,
გავიკაჟებთ სულს და სხეულს,
რა სჯობს წყალის გადავლებას,
არ ვყოფილვართ ალგეთს წლეულს.
შემოგვხვდება  ცხენის რემა,
წყლის სასმელად მოდენილი,
მოვახტებით თითო მერანს,
ქარს ავყვებით ფოთლებივით.

პირველი ბიჭი ლოგინში წამოჯდება, ყურებს დაცქვეტს

პირველი ბიჭი

როგორც ხედავ, დამარწმუნე,
მიყვარს კოხტა ცხენის ცქერა,
პაპას ვუთხრათ, ჩვენც გვიყიდოს,
დაე, შურდეს ჩვენი ყველას!
ტყეს და ველებს შემოვივლი,
რომ არ დარჩეს ხანძრის კერა,
გახსოვს, შარშან ტყე დაიწვა,
რამდენიმე მოკვდა მელა...


მეორე ბიჭი

მართლა, განა, შეძლება,
გააჩაღო კოცონი,
სვა, ჭამო და ითამაშო,
ჩიტი დაფრთხეს ხორხოცით.
წასვლისას კი დაგრჩეს ცეცხლი,
არ ჩააქრო მანამდე?
ნაპერწკლიდან, ხომ გსმენია,
ვინძლო, ალი ავარდეს!
მერე მინდორს, ტყეს და ნათესს
ცეცხლის ალი  ეკიდოს,
უსინდისო დამნაშავეს
მხართეძოზე ეძინოს?!

პირველიბიჭი:

დამნაშავე, ჩემი აზრით,
დაისჯება ოდესღაც,
- ვინც მთა-ბარს არ უფრთხილდება,
სულ დაკარგავს ქონებას!
- ასე ამბობს თინა ბებო,
კარგად უჭრის გონება.

მეორე ბიჭი;

კარგი  მიდი, მოემზადე,
მოვრჩეთ ახლა ლაპარაკს,
პაპა უკვე გველოდება,
ანკესები მზადა აქვს.


პირველი ბიჭი ლოგინიდან დგება და სწრაფად იცმევს, ბიჭები ოთახიდან რიგ-რიგობით გადიან


                                                   მეორე მოქმედება



პაპა და ბიჭები სხედან მდინარის ნაპირას, თევზაობენ

პირველი ბიჭი

ბევრი თევზი დავიჭირე,
თუმცა ყველა არის მცირე,
ორაგულებს დაიჭერო,
დამაჯერებთ, ნეტავ, კიდევ?!
კი არიან ლამაზები
გვერდზე ოქროსფერი ქერცლით,
პურის ყანას მაგონებენ
შავ-წითელი მიხაკებით.

პაპა

შენ რომ თევზი დაიჭირე,
ჩვენებურად ჰქვია გოჭა,
ზოგან საზანს ეძახიან,
ყვარებია თურმე ხონთქარს.
ახლა წლისაც არ არიან
მით არიან პატარები,
ოცდაათი წელი ცხოვრობს,
თუ სიცოცხლეს აცლის მტერი,
ოც კილომდე აიწონის და
სიგრძეშიაც არის მეტრი.

პირველი ბიჭი

ნეტავ, მტერი მაგათ ვინ ჰყავს,
ვის სჭირდება ეგენი?
მე არც შემწვარს ვეტანები,
მწყენს კონსერვის თევზებიც.

პაპა

მათი მტერი კაცი არის,
წყალში დენს რომ ატარებს,
ხან დინამიტს ააფეთქებს,
ხოცავს დიდს და პატარებს.
ბრაკონიერს, ყმაწვილებო,
თევზი უყვარს ყასიდად,
რამდენიმე სახეობა
დაუნდობლად გაწყვიტა.
კიდევ ბევრი თევზის ჯიში
აღარა ჩანს უკვე თითქმის,
უნდა მკაცრად დაისაჯოს,
ვინც არ იცის წესი, რიგი.


მეორე ბიჭი

პაპა, იცი,  ლელო ძიამ,
მეზობელმა მეთევზემ,
მითხრა გოჭა ქვირითს უჭამს,
თურმე, უხერხემლოებს.
ოღონდ მხოლოდ შემოდგომით,
გაზაფხულზე, იცოცხლე,
წყალმცენარეს ეტანება,
ზაფხულშიაც იწონებს.

პაპა

ზამთარში არ იკვებება,
სადმე ფსკერზე ჩაწვება,
გაზაფხულზე გაიღვიძებს
და დინებას აჰყვება.
გუნდად უყვართ მაგათ ცურვა
ლამაზებს და მალებსა,
შენს თევზებში, ვხედავ კარგად,
გოჭალაც იმალება.

პირველი ბიჭი

გველენას თუ ძაღლაარტას
ეძახიან იმერეთში,
ღორჯო-წვერას ანათლებენ
ენასხარტი გურულები.
თუ ალგეთშიც დაცურავდა,
არ ვიცოდი, მე მეგონა,
კალმახი თუ იყო იგი,
ქვებში ისე მაღლა ხტოდა.

პაპა
ორაგულის ოჯახიდან არის
ეგეც და კალმახიც,
ჰაერი თუ აღარ ეყო,
რომ აღმოჩნდა უცებ ნაპირს.

პირველი ბიჭი

ჰო, ნაპირზე დავიჭირე,
ხელი ვტაცე, მისხლტებოდა,
მარტო ალგეთში არიან
თუ არაგვზეც არის ბლომად?


მეორე  ბიჭი

როგორც ვიცი, ალაზანში
არის მეტად ბევრი თევზი,
ოცი სახეობა ცურავს,
რაღა გინდა, აბა, მეტი?
არც არაგვი არის მწირი,
თევზი ცურავს იქაც დიდი.

პაპა

ალგეთშიაც ბევრი ცურავს,
მდინარეა სასახელო,
ვიმბა, კობრი, კარჩხანა და
თაღლითა და თეთრულა,
მე ხრამული დავიჭირე
ბლომად, მგონი, გვეყოფა....
პატარა და გემრიელი...
ახლა გეყოთ ცელქობა!

მეორე ბიჭი

ჩემს ანკესს კი მხოლოდ ცოტა
ლიფსიტები ამოჰყვა,
რა ვაჩვენო თომას, გურის,
რომ მკითხავენ, რა მოგაქვს?


პაპა

მე და გიგო თევზს გაგიყოფთ,
შენთან ჩასვი ხრამული,
ხუთი გოჭა შენს ძმასა ჰყავს
შენთვის გადანახული.
ნახე, შენი ძმა-ბიჭები
როგორ გაოცდებიან,
ამდენიო, შენ გეტყვიან,
ლელოს არ ღირსებია.

ბიჭები იცინიან, თევზებს ინაწილებენ

პირველი ბიჭი

კარგი იყო თევზაობა,
გადავხედეთ არემარეს,
ცხენის რემა ვერა ვნახეთ,
იმედია, ვნახავთ ხვალ-ზეგ!


ბიჭები ხელიხელგადახვეული გადიან, პაპა გვერდზე მიჰყვება
ფარდა ეშვება

































Saturday, November 16, 2019

ვხედავ, ყველა მხატვარია...(ერთსტროფიანი)

ვხედავ, ყველა მხატვარია,
ქუჩა-ქუჩა დააქვთ ფუნჯი,
ლექსთა მწერიც ბევრი გაჩნდა,
მუსიკობაც აღარ უჭირთ,
დაგვიძვირდა მუშა კაცი,
მიწა დახნას რკინის გუთნით.

შემომეყარა ყივჩაღი

შემომეყარა ყივჩაღი 
ცხრა მთიდან ერთ-ერთ მთაზედა,
რა ლამაზი ხარ, რომ მითხრა,
სიტყვა ავუგდე ბანზედა,
ცხრა ცას შემპირდა, ცხრა ზღვასა, 
იმათ უგავდა თვალია,
რომ ვეღარ დამიყოლია, 
ქვესკნელის გახსნა კარია,
იქიდან ამოიყვანა

რაში, ქარივით მალია,
შემომსვა, თან წამიყვანა, 

ჩემი არღარა ბრალია.

Friday, November 15, 2019

ყველაზე დიდი... (ერთსტროფიანი)

ამქვეყანაზე ყველაზე დიდი
ქვეყნის და ხალხის სამსახურია,
ვინც ბავშვის ცრემლი ფულს ანაცვალა,
ხსოვნის ფურცლიდან გაქრეს სრულიად!

ყვითელი ფოთოლი (ერთსტროფიანი)

მოკრუნჩხულს, გამხდარს,
ძველ ყვითელ ფოთოლს
დარდი აწევს და მოელის ბოლოს,
წამოუბერავს ნოემბრის ქარი
და ქვესკნელისკენ წაათრევს ძალით.
აძალებს თავს, რომ არ წაყვეს მას,
თავის ცხოვრებას ვერ ადებს ფასს,
რომ დაეხმარონ, ვერ იღებს ხმას,
იგივე დღეში უყურებს ძმას,
ეს კიდევ მეტად უფრორე კლავს.
არ დანებდება არასდროს ქარს,
ამაში ნახავს ცხოვრების არსს

Thursday, November 14, 2019

როცა მიყვარდი (ერთსტროფიანი)

 როცა მიყვარდი, თავი მაშინ მეგონა ღმერთი,
გული კი არა, კასრი მქონდა, პირსავსე დენთით,
აღარ მიყვარხარ, დავემგვანე გზის პირა ყვავილს,
ყველა გამვლელი ზედ რომ აყრის მტვერსა და მარილს.

Wednesday, November 13, 2019

ჰოი, ნანინაო... (ერთსტროფიანი)

"ჰოი, ნანინაო, ნანინა",
რისთვის გიმღერათო დედამ,
თუ თქვენი ქვეყანა არ გიყვართ,
თავს იქით ვერაფერს ხედავთ.

ღმერთო! (ერთსტროფიანი)

ღმერთო, მუდამ დღე ვჟამიანობ,
ერთ დღეს ნუ მომცემ საზიანოს.

              -------------------------------

მექანიკური ქანქარასავით ვბრუნავ,
წინ-უკან, ზევით-ქვევით და
არაფერი მახსოვს ამის მეტი.

           --------------------
ათას ერთი ფრენდი და ყველას სჯობს ერთი.

               --------------------
ბედო, ცხოვრებავ,
თეთრი ხარ, თუ შავი მორევი,
მე ვერა ვნახე შენი მომრევი.

Tuesday, November 12, 2019

მექანიკური ქანქარა (ერთსტროფიანი)

მექანიკური ქანქარასავით
ვბრუნავ წინ-უკან,ზევით-ქვევით და
არაფერი მახსოვს ამის მეტი.

ხალხი ისე გადიდგულდა (ერთსტროფიანი)

ხალხი ისე გადიდგულდა,
ვინც სჭირდება, ისღა უნდა,
გრძნობების რომ დადო ფუთა,
მისთვის არის წვრილი ხურდა.

როცა მიყვარდი..(ერთსტროფიანი).

როცა მიყვარდი, თავი მაშინ მეგონა ღმერთი,
გული კი არა, კასრი მქონდა, პირსავსე დენთით,
აღარ მიყვარხარ, დავემგვანე გზის პირა ყვავილს,
ყველა გამვლელი ზედ რომ აყრის მტვერსა და მარილს.

შენთან მოსვლა მინდოდა...(ერთსტროფიანი)

შენთან მოსვლა მინდოდა, მაგრამ ვერ მოვასწარი,
სასტიკ ყინვას ვებრძოდი ქარიშხლიან ზამთარში
და ჩიტივით აბუზულს თავზე თოვლი მეხურა,
შენ კი არ დამელოდე და წახვედი მეფურად.

Sunday, November 10, 2019

და რა სჯობს ძილს (ერთსტროფიანი)

მივდივარ, წვიმს,
მოვდივარ წვიმს,
ხელს უწყობს ძილს,
იწვიმოს, წვიმს
და რა სჯობს ძილს..

               

ნეტავ, ვისთვის ვხატავ?!

ნეტავ, ვისთვის ვხატავ,
ნეტავ, ვისთვის ვწერ,
არც არავინ მაქებს,
არც არავინ მწერს,
ზოგჯერ ერთი სიტყვა
ცხოვრების აზრს წყვეტს,
სიხარული გქონდეთ თქვენც,
ჩემნაირთ ბევრს.

რა დროს ლექსებია (ერთსტროფიანები)

რა დროს ლექსებია,
დაიძრა მთა-გორი,
ქართველს სული სძვრება,
ვინღაა გამგონი.
                     -----------------
გველის კოცნას ჰგავს ზოგის ამბორი,
საწამლავით აქვს სავსე თარონი,
ვინ როდის უნდა მოშხამოს, იცის,
ასეთის გქონდეთ შიში და რიდი.
                --------------------------

ძვლები მტკიოდა ბეჭზედაცემულს,
სული მეწვოდა შვილთა ღალატით,
მაგრამ ვერ აქრობს გულში დანთებულ
ცეცხლს ვერაფერი, მე ვარ მარადი.

შენ არაფერს შეუშინდე, სამშობლოს!

შენ არაფერს შეუშინდე,
თვალი მოვკარ მწიფე შინდებს,
გადაევლოთ ქართლის მთებზე,
ჩვენი სისხლის წითელ შხეფებს,
შენ არაფერს შეუშინდე,
შენთვის უძგერთ გული ბიჭებს,
შენი სიყვარულით ვხარობთ,
შენთვის გვიყვარს ეს სამყარო.

ნუ დააბრალებ...(ერთსტროფიანი)

ნუ დააბრალებ სუსხს და ყინვას
გულგრილობას, ან თუნდაც სეტყვას,
შენს გულში თვითონ სუფევს სიცივე,
თბილი გულისთვის ზამთარიც თბება.

Friday, November 8, 2019

ფეიზბუქგვერდიდან, შემოდგომის გაფრენები, თინიკო ჭეჟია, გზაზე აგერ მიფარფატებს კაბა (მაია დიაკონიძე)

შემოდგომის გაფრენები😁🧡
🍂🍂🍂🍂🍂🍂
გამოვაღე ფანჯარა და🍁🍁🍁🍁🍁🍁🍁🍂
ფოთოლცვენა დამდგარა,🍂🍂🍂🍂🍂🍂🍂
გული ფოთლებს გაეკიდა🍂🍂🍂
რა გავიგო, სად გაფრინდა,😍🥰
სად დაფრინავს ,სად არა!🍂🍂🍂🍂🍂
ის თუ ასე იფარფატებს,
ვინ გამიღებს გულის კარებს,
ეგ გული ხომ ფოთლებს გაჰყვა,🍂🧡🧡🧡
თავიც მათზე ფიქრს გადაჰყვა,
უთავბოლოდ მოგზაურობს კაბა,💃💃💃👠🥿👡
ოქროს ფოთლის სიყვარული?🍁🧡
ჩემს გულსა აქვს მიქარული,🧡🤩
ვის რად უნდა შერეკილი აბა!🦋🦋🦋🐦🐦🌿☘️🍂🍁😂
““““““““თ.🍁🍂👡 ჭეჟია2019““““““““““““““““““““““““““““““


გზაზე ნაზად მოფარფატე კაბა,
მოოქროვილ ქარვის ფოთლებს გაჰყვა,
შემოდგომის ჩამოგლიჯა ქარმა,
ცეკვა-ცეკვით იმის რითმებს აჰყვა,
სად არ იყო, ხევ-ხუვებში, მთებში, 
თითქოს ლამაზს გამოესხა ფრთები, 
რომ აცივდა, შემოისხა ბეწვი,
ზამთარივით ქათათა და თეთრი.
გაზაფხულზე დაუბრუნდა პატრონს, 
იასამნის სურნელი ვერ დათმო,
- ჭეჟიასთან ვიქნებიო მარტო,
- ქარმაც თინას სკამ-ლოგინზე დადო.
მაია დიაკონიძე


Thursday, November 7, 2019

რატომ გიყვარდი? (ერთსტროფიანი)

რატომ გიყვარდი, თუ არ ვიყავი,
შენი ღირსი და შენი საფერო?
ახლა რომ მახლი  ყველაფერს პირში,
ეგ ყველაფერი ადრე გაგეგო!

და ასე ვიცი, და ასე მწამდა! (ერთსტროფიანი)

და ასე ვიცი, და ასე მწამდა,
ანგელოზები დაფრენენ მაღლა,
დღეს დედამიწას ფენა აქვს ჭვარტლის
და ვეღარ მხედავ მე იმათ სახეს.

Tuesday, November 5, 2019

«Легкомыслие!, – Милый грех…» Марина Цветаева, "თავქარიანობა! - უნებური ცოდვა...", მარინა ცვეტაევა, თარგმანი მაია დიაკონიძის

«Легкомыслие!
– Милый грех…»
Легкомыслие! – Милый грех,
Милый спутник и враг мой милый!
Ты в глаза мои вбрызнул смех,
Ты мазурку мне вбрызнул в жилы.
Научил не хранить кольца, –
С кем бы жизнь меня ни венчала!
Начинать наугад с конца,
И кончать еще до начала.
Быть, как стебель, и быть, как сталь, 
В жизни, где мы так мало можем…
– Шоколадом лечить печаль
И смеяться в лицо прохожим!

თავქარიანობავ, უვნებელო ცოდვავ,
თანამგზავრო წრფელო და ბოროტო მტერო,
შენ თვალებში ნათელს მომაშხეფებ სიცილს,
ცეკვასა და თამაშს ჩამიყენებ სისხლში.
შენ მასწავლე, აღარ გავუფრთხილდე ბეჭდებს,
ვისთან აღარ  იყო, რომ ვიდგავდი გვირგვინს!
დაწყებულზეც არა, ვამთავრებდი საქმეს,
და ბოლოდან ზოგჯერ ვუძებნიდი თავმდებს!
ხან ვიყავი ყლორტი, ხან ფოლადი მყარი,
ცხოვრებაში, ვიცით, მცირე შეგვიძლია, -
ნაღველს მოერიო ზოგჯერ შოკოლადით
და გამვლელებს გზაზე პირში გაუცინო.









გამაგრდი, გულო! (ერთსტროფიანი)

არც ერთი ნერვი არ დამრჩა მთელი,
გამაგრდი, გულო, ნუღარა მყვედრი,
რომ ამ ქვეყნიდან წასვლა მსურს ნებით.

არ არის დრო ჯერ გარდაცვალების (ერთსტროფიანი)

არ არის დრო ჯერ გარდაცვალების,
არ მინდა დამრჩეს ქვეყნის ვალები,
როცა შევხედავ ქვეყანას მთლიანს,
დამასაფლავეთ თვალებით ღია.

Monday, November 4, 2019

Марина Цветаева, Шутили вы, шутила я, მარინა ცვეტაევა, ოხუნჯობდით, ვოხუნჯობდი, თარგმანი მაია დიაკონიძის

Марина Цветаева
Шутили вы, шутила я
И вы шутя так милы были,
Что я шутя влюбилась в вас,
Тогда, как вы ещо шутили.
Шутили вы, а я любила
И вы шутя мне надоели
И я шутя ушла от вас,
Тогда, как ви уже любили.
Всегда так было, есть и будет
И для того мы рождены,
Когда нас любят, мы не любим,
Когда не любят _ любим мы!

ოხუნჯობდით, ვოხუნჯობდი
და საყვარლად რომ ხუმრობდით,
ხუმობაში შემიყვარდით,
ჯერ რომ ისევ ოხუნჯობდით.
თქვენ ხუმრობდით, მე მიყვარდით,
ხუმობაში მეც მომყირჭდით,
ამიტომაც მიგატოვეთ,
მიჯნურობის შეგრჩათ კვირტი.
ასე იყო, ასე არის,
ვიბადებით მისთვის თავად,
რომ ვუყვარვართ, ჩვენ არ გვიყვარს,
როცა გვიყვარს, არ ვუყვარვართ.

ბესო ხომერიკის თარგმანი:

ხუმრობდით თქვენ და მეც გავიხუმრე

ამ ხუმრობაში ასეთი კარგი

მაშინ როცა თქვენ ჯერაც ხუმრობდით


ხუმრობ-ხუმრობით, მე შემიყვარდით



თქვენ ხუმრობდით და მე კი მიყვარდით


ამ ხუმრობაში მომბეზრდით ისე


მე მიგატოვეთ, თქვენ შეგიყვარდით

და მე კი ამ დროს, ვხუმრობდი ისევ




ასე იყო და ასე იქნება

ალბათ ხუმრობდა, როს გვქმნიდა ღმერთი

როცა ვუყვარვართ,მაშინ არ გვიყვარს

და როცა არა, მაშინ ჩვენ ვეტრფით


ზურაბ პაპიაშვილის თარგმანი:

თქვენ ხუმრობდით, მე ვხუმრობდი
და ასეთი საყვარელი
ხუმრობაში შემიყვარდით...
თქვენ ხუმრობა შეგრჩათ, ძველი.
თქვენ ხუმრობდით, მე მიყვარდით
და მომბეზრდა ეგ ხუმრობა,
მე ხუმრობით მიგატოვეთ,
მოგეძალათ თქვენ როს ტრფობა.
ასე იყო, არს, იქნება
და შობილნიც ვართ ჩვენ ამად,
როს ვუყვარვართ, ჩვენ არ გვიყვარს,
არ ვუყვარვართ _ გვიყვარს თავად.


მეგი მოლოდინის თარგმანი:


ხუმრობდით თქვენ და თან მეც ვხუმრობდი,
ისე მხიბლავდით ქარსა თუ დარში,
რომ შეგიყვარეთ ხუმრობ-ხუმრობით,
სანამ თქვენ ისევ ხუმრობდით, მაშინ.

ხუმრობდით თქვენ და მე კი მიყვარდით
ხუმრობაშივე მომწყინდით მალე,
თქვენგან წასვლით მე სიყვარულს ვკლავდი,
თქვენ კი ეტრფოდით უკვე ჩემს თვალებს.
დასაბამიდან სულ ასე მოგვდგამს,
ერთს თუ უმართლებს, მეორე დარდობს,
სხვის გრძნობას არ ვცნობთ, ვუყვარვართ, როცა,
თუ არ ვუყვარვართ, ჩვენ გვიყვარს ამ დროს!



Saturday, November 2, 2019

წელიწადის დროები (ერთსტროფიანი)

გაზაფხული მივიკარი გულზე,
ზაფხულს გემო გავუსინჯე მოცხარს,
შემოდგომით ვილაღობე  შინდით,
ახლა ზამთრის ველოდები კოცნას.

ზოგჯერ უცხო დაგაფასებს (ერთსტროფიანი)

ზოგჯერ უცხო დაგაფასებს,
ვიდრე შენი მეგობარი,
შინაურ მღვდელს ვერ შეუნდობ,
განა, მართლა ტყუილი არის?!

ცხენებს ჭედავს შემოდგომა...(ერთსტროფიანი)

ცხენებს ჭედავს შემოდგომა ოქოსფერი ნალებით,
მაღლა-მაღლა მიფრინავენ ნებიერა რაშები,
ფოთლებს გააქვთ რია-რია ნაპერწკლებად ფლოქვებქვეშ,
ხეჭეჭურიც ელოდება, მზე დაჰკიდებს ორდენებს.

როდესაც უჭირს ერსაც და ბერსაც (ერთსტროფიანი)

როდესაც უჭირს ერსაც და ბერსაც,
როდესაც ხსნაი არაა მგონი,
მოგვევლინება მესია მხსნელად
და ის დღეც, ვფიქრობ, არაა შორი.

Friday, November 1, 2019

შემოდგომა ვარ (ერთსტროფიანი)

შემოდგომა ვარ, მოგგვრით მე ხალისს,
ფერებით კომშის, ხურმის და ანწლის,
მზეს გამოვგზავნი, ხანდახან - წვიმას,
ქარი გაგიფენთ ხალიჩას მფრინავს.

ჩემს ძმას შორეთში

ჩემს ძმას ვფიცავ, რომ ვიტყოდი მაშინ,
ჩემს ძმას ვფიცავ, ვიმეორებ ახლაც,
სადღა არის წლები, ალუბლები,
წისქვილის ქვა მიგვავგორებს დაბლა,
დაფქვა ყველა მოგონება, მშვიდი,
დაფქვა ბევრი სიხარულიც, დარდიც,
ახლა ძმაო, ცხრამთას იქით გეძებ,
ბედისწერას დაუგია ფანდი.