Saturday, March 30, 2024

ქართული ზღაპრების გმირ - მზეჭაბუკს

 გიხდება ღიმილი, ღიმილსაც უხდები,

ნავარდობ, როგორაც ზეცაში მიმინო,

ვერავინ დაგადო მკლავებზე ხუნდები,

ბავშვივით თამაშობ იწილო-ბიწილოს.

ვით დავძრა სიტყვები მე შენდა საქებრად,

ლექსებში ვხედავ რომ ვერაფრით ეტევი,

ზეცაში თუ არის ეგ შენი სახება,

წმინდა გიორგივით გველეშაპთ შემტევი.

ზღაპრებში ცოცხლობ და ზღაპრებში ნავარდობ,

შენა ხარ, ცისკარა, ირმისა, გედია,

და როცა სიბერე სპეტაკად დაგვათოვს,

მარად უბერებელს გახსენებთ კეთილად.






სათქმელს ვერ ამბობ!

სათქმელს ვერ ამბობ!


სათქმელს ვერ ამბობ, ვხედავ,

იქნებ, სათქმელი არც გაქვს,

ნიავი მოდის ზედა,

ქარის წისქვილი დაფქვავს, –

სიტყვას თქმულსა და უთქმელს,

ლეგენდას, ლექსს თუ არაკს, –

სამას გმირს მტერი უტევს,

წამოვეშველოთ არაგვს.

მაია დიაკონიძე

30.03.2024 წელი



ყაყაჩოს ველი

ყაყაჩოს ველი
გიზგიზებს ყაყაჩოს ველი,
მზე თავს ევლება ყირმიზას,
თითქოსდა არც რაის ველი,
მზემ მაინც ამაყირმიზა.
ლალი დამებნა ღაწვებზე,
ფირუზი თვალში ანთია,
ვკიდივართ ასეთ წამებზე,
დრო მიდის, ვით საათია.
მაია დიაკონიძე
30.03.2024 წელი


Friday, March 29, 2024

,, მექალთანის აღსარება "!!! სახუმარო-სალაღობო, ავტ. ელგუჯა ციგროშვილი


,, მექალთანის აღსარება "!!!
ასეთ ქალებზე ახალი ლექსი მაქვს დასაწერი :
1 . ,, ზოგიერთ ქალს ვადარებ
ჭინჭარსა და ნარ~ეკალს ...
მეწყერად მოვარდნილი
პარნასის მთას წალეკავს .
2 . დახუნძლული ეკლებით
ზოგი კაკტუსს მიაგავს ;
ზოგიც ცოცხზე შემომჯდარ
ბოროტ ,, ბაბა~იაგას !"

ვინაც არის! (მინიმა)

 ვინაც არის!

ვინაც არის ჭეშმარიტი
პოეზიის ქომაგი,
იმას სული პოეტის აქვს ,
სიყვარული ორმაგი,
კარგად იცის სიტყვის ფასი,
ფასი კარგი პოეტის,
ვერ შეაცდენს მას უნიჭო
ხალხის მიეთ- მოეთი.
მაია დიაკონიძე
19.03.2024 წელი

პატივსა ვცემ... (პატრიოტული)

 პატივსა ვცემ ადათს ძირძველს,

მეგობარსაც ძნელად ვიძენ,
მაგრამ ვინაც გულში მიძევს,
ვით სამშობლო, მიყვარს ძლიერ
.
ნანას ვმღერი, ვარწევ აკვანს,
,,ჰოი, ოდოია, ნანა",
,,ოდოია, ჰოი, ნანა", -
დილიდანვე შაშვი ამყვა.
კვლავ ეზრდება შვილი მამას,
ცვარი არ წყვეტს მზისფრად კამკამს,
ხომ დანახვა უნდა ამას...
დაგილოცავთ ღმერთი სამკალს!..
მაია დიაკონიძე
22. .03.2024 წელი

გაზმორება , მინიმა

 გაზმორება უნდა ლექსსაც,

ზევით, ქვევით გაიქაჩოს,
სადღეგრძელოს გვეტყვის ერთსაც, -
მართალ სიტყვას გაუმარჯოს!
მაია დიაკონიძე
23.03.2024 წელი

მჭედელს არ ჰგავხარ! (პატრიოტული)

მჭედელს არ ჰგავხარ!
მჭედელს არ ჰგავხარ, ჯაჭვს კი სჭედ,
შეგიკრავს ჩვენი მეობა,
ვაი, რომ ტყუილად გადიდე,
გაგიმართნია სერობა.
ჩვენს დასაბმელად მოსულხარ,
მტერო, როგორ ვერ გიცანი,
ეშმაკზე იყავ ორსულად,
გაგილესია ისარი.
ვით მუმლი მუხას ეხვევი,
გვიკვდება დასაფიცარი,
ნუთუ, ტიალო, ვერ ხვდები,
ადგება ზე ამირანი!
მაია დიაკონიძე
24.03.2024 წელი



ნეტავ, რაა პოეზია!

ნეტავ, რაა პოეზია?!
(სალაღობო)
ნეტავ რაა პოეზია,
უქალოდ და უყვავილოდ,
რეცესიის პროცესია,
ბუნებაა უამინდო.
ზოგი ქალი ვარდს მაგონებს,
ზოგიც კიდევ ვარდსა ცილობს,
შევკრავ ყვავილების კონებს,
გულს დარდი რომ ავიცილო.
მაია დიაკონიძე
24.03.2024 წელი
რეცესია - კლება, ვარდნა






კვლავ სამშობლოს, პატრიოტული

 კვლავ სამშობლოს

სული როგორ მოვიტანეთ,
საკითხავი არის ესა,
მტრის ისართა კორიანტელს
დავახვედრეთ რწმენის მესა.
მამაცური მკლავი ჭრიდა,
სამშობლოსთვის თავგანწირვა,
ყველას თავის ჰქონდა იჯრა,
ახლა გული გაგვიცივდა.
საფლავები მოგვტირიან,
ხავსი მოსდებიათ ლოდებს,
კვლავ სიჩუმე... ლოდინია...
გაიღვიძებს ერი ოდეს?!
მაია დიაკონიძე
25.03.2024 წელი

როცა სამშობლო გასაჭირშია, მინიმა

 როცა სამშობლო გასაჭირშია,

სხვაზე ვიფიქრო, არ ძალმიძს მაშინ,
გამახსენდება, ბრძენი მინდია
და თვალზე სიმწრის ცრემლები დამდის.
მაია დიაკონიძე
25.03.2024 წელი

ვერ მოვაწონე, მინიმა

ვერ მოვაწონე...

ვერ მოვაწონე თავი მე ,,დიდებს",

ვეღარ მოვულბე ლექსებით გული,
იმიტომაც მე აღარ ვწერ ლექსებს,
რომ განვიცადე ფიასკო სრული.
მაია დიაკონიძე
25.03.2024 წელი

გამოვიხმობ ლანდებს

 უხილავი წარსულიდან

გამოვიხმობ ლანდებს,
დედაჩემის გულის ცეცხლი
აქვე სანთელს ანთებს,
არ გამქრალა ნაღვერდალი,
დღესაც შუქი მოსავს,
და გავყვები იმის ნათელს,
როგორც ფრთალურჯ სოსანს.
მაია დიაკონიძე
25.06.2024.

მიყვარს (მინიმა)

მიყვარს...
მიყვარს მე ჰაფეზი,
ასევე მარკესი,
ცვაიგი, გოეთე
და როცა ანკესით
ვიჭერ თევზს მზისსხივებ
არეკლილ რიონში,
ვიხსენებ ერთადერთს, -
ლექსს გალაკტიონის.
მაია დიაკონიძე
26.03.2024 წელი

შენ ალმაცერად მიღიმოდი, მინიმა

 შენ ალმაცერად მიღიმოდი,

მე კი - გულღიად,
ქარი სამხრეთის გიბერავდა, მე კი - ორპირი,
როდესაც ჩემთან ფანტელების დიდი ბუღია,
შენკენ მივფრინავ, შენი გულის გავხდე ლტოლვილი.
მაია დიაკონიძე
26.03. 2024 წელი
i Gachava, თამარი ოღლიშვილი-ბიძინაშვილი და 18 სხვა პიროვ

მე ვერ შევწვდი! (პატრიოტული)

მე ვერ შევწვდი!
რაც მინდოდა, მე ვერ შევწვდი,
რასაც შევწვდი, არ მინდოდა,
ტირილს ვუსმენ ახლა მერცხლის,
ცარიელი არის ოდა.
სად მიფრინდეს, აღარ იცის,
წინაპარი ჩემი ცხონდა,
აღარც ცხენი, აღარც კვიცი,
წიწილიც არ მიაქვს ქორს და.
რაც მინდოდა, მე ვერ შევწვდი,
რასაც შევწვდი, არ მინდოდა,
ტირილს ვუსმენ ახლა მერცხლის,
ცარიელი არის ოდა.
მაია დიაკონიძე
27.03.2024 წელი


,


სამშობლო რომ შეიყვარო!

სამშობლო რომ შეიყვარო!
აცა-ბაცა ვყარე თესლი,
ბედმა გზები ამირია,
ჯეჯილი იქ ამოვიდა,
სად მეგონა ყამირია.
ვთესოთ ყველგან ჩვენი სიტყვა,
გაიგებენ, ცა დიდია,
სამშობლო რომ შეიყვარო,
ძნელი არა, ადვილია.
მაია დიაკონიძე
28.03.2024 წელი


არ ვიცი (მინიმა)

 არ ვიცი

არ ვიცი, ვისთვის ბრჭყვიალებს ჭაღი,
არ ვიცი, ვისთვის წკრიალებს ბროლი,
ეს ყველაფერი კაპიკად არ ღირს,
თუ ძველ სახლებზე არ ცეკვავს ბოლი.
მაია დიაკონიძე
28.03.2023წელი

ნეტავი ვინ არიან?!

 ნეტავი ვინ არიან?!

გარეთ ნაწვიმარია,
ლაპლაპებენ ქუჩები,.
ნეტავი ვინ არიან,
არ ვიცი და ვჩუმდები,
თავზე ყვავილქოლგებით
წვიმას ემალებიან,
წყურვილდანაოკებნი
გარეთ ალუბლებია.
გავცქერი და ვიცინი
უკიდიათ ხანძარი,
შევამოკლე მანძილი,
ადგილიდან დავძარი,
ჩავეხუტე, ჩავეკარ,
ჩემი სიყრმის მეგობართ,
ავერიდე ნარ-ეკალს,
მეგობარი მეგონა.
გარეთ ნაწვიმარია,
ლაპლაპებენ ქუჩები,
ნეტავი ვინ არიან,
არ ვიცი, და ვჩუმდები.
მაია დიაკონიძე
9.03.2024 წელი

Thursday, March 28, 2024

გვირილა, ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 გვირილა


გვირილების ცაზეც გამოადარე,
კმარა,ღმერთო,რაც ველ-მინდვრებს აპკურე...
მე გვირილას ქარის წისქვილს ვადარებ,--
იმედს ფქვავს და დამშეულ სულს აპურებს.

.„ვუყვარვარ თუ არ ვუყვარვარ"...ნეტაო?
ამ სიტყვებით მრავალს გაგვიპუტია...
„--რას მერჩოდა?რატომ გამიმეტაო?"
ერთს არ იტყვის,--სულ არ არის ბუტია.

სიყვარულს ხომ ვერვინ დავემალებით,
არც მთავრდება სიყვარულის არაკი...
ის კი გვიცქერს გულუბრყვილო თვალებით,
როგორც ხატში შესაწირი ზვარაკი.

რომ მიყვარხარ,იცი,მაგრამ ჯინაზე
ფურცლებს აწყვეტ და „მამოწმებ გვირილით,"
შეიბრალე, კარგო, მისი სინაზე,
თორემ თვალებს დაიოსებს ტირილით!

ელგუჯა ციგროშვილი
ქ.თესალონიკი. 24.07.2016 წელი

სალაღობო (ხალხურ მოტივებზე)

 სალაღობო

ვაჟო, მოგწონვარ თუ არა,
ვერაფრით გამირკვევია,
ხან როგორც უცხოს მიყურობ,
ხან შამცქერ, როგორც მელია,
თუ კი გიყვარვარ, მითხარი,
განა ასეთი ძნელია?!
______________________
გამორეკე ცხვრების ფარა,
ოქროსრქება ერკემალით,
შაეფინოს ამ მთას მაღალს,
მუხის ქვეშ გვაქვს პაემანი.
სალამურიც აამღერე,
წყლით გამოვალ, როგორც ალი,
სიყვარულის უტკბეს ბადაგს,
შავსვამ შენი ტურფა ქალი.
მაია დიაკონიძე

მინიმა

არ გვქონოდეს სიყვარულის დეფიციტი,
ამას გეტყვით ჩემნაირი პაცეფისტი,
არ გვენახოს არასოდეს დენთის ნისლი,
სულ ვუცქიროთ გადახატულ ცაზე ღიმილს.
მაია დიაკონიძე
28.03.2023წელი
პაციფიზმი - მშვიდობისმოყვარეობა, არა ომს!

Tuesday, March 26, 2024

დრო შეიცვალა!

 დრო შეიცვალა!

დრო შეიცვალა, მაგრამ ისევ
უსაზღვროდ გვიყვარს:
მამული, მიწა, ჩვენი ენა,
ჰანგი ქართული,
ისევ ფასი აქვს ოსტატობას,
ოსტატის სიტყვას,
იქ ვართ, თუ აქ ვართ, ჩვენს გულებში
ელავს წარსული.
ისევ ინთება, თუმც აქა-იქ,
კერიის ცეცხლი,
სიყვარულისგან ისევ მწვანედ
ღაღანებს მიწა,
ქალ-ვაჟს სახენი შეჰფაკვლია
გრძნობის ალმურით.
ისევ თამარის, ისევ ნინოს
სახელებს ვფიცავთ.
კვლავ დაიზრდება ალგეთს ლეკვი,
ისე ვით ძველად,
ისევ ,,შვლის ნუკრის ნაამბობზე"
იტირებს ბავშვი,
გმირთა სულების საცხონებლად
მიგვიძღვის ლელა
და საქარველოს ნათლის დროშა
კვლავ იფრენს ქარში.
მაია დიაკონიძე
26.03.2016 წელი

მინიმა


ტანჯული მიწა 

ჯერ კიდევ ბრუნავს,
თუმცა შეჰყრია 

ხრჩობას და ხუნაგს,
სიცოცხლით ტკბობის 

არ ვკარგავთ უნარს,

ჩვენ სასახლე გვსურს, 

სხვას ვუთმობთ ბუნაგს.

მაია დიაკონიძე

26.03.2020წელი



Saturday, March 23, 2024

წყალზე იდგა ჩემი ოდა (პატრიოტული)

წყალზე იდგა ჩემი ოდა
წყალზე იდგა ჩემი ოდა,
იმ წყალს ჯადო ძალა ჰქონდა,
განა მიტომ ჩემი როა,
იმ სახლს ვერა სახლი სჯობდა.
სუნთქვა მესმის ლაღი მთების,
ამაყობენ სალი კლდენი,
გამოუსხამთ თითქოს ფრთები,
ამ სიტურფეს აღვწერ ენით?!
მდელოები ლამაზობენ,
გვირილები ალმასობენ,
როდის იყო ანდა ოდეს,
შენი მხარე არ ფასობდეს.
წყალზე იდგა ჩემი ოდა,
განა ქვეყნად რამე სჯობდა,
იმ წყალს ჯადო ძალა ჰქონდა,
უკვდავების ხმა მოჰქონდა.
მაია დიაკონიძე
23.03.2024 წელი




Thursday, March 21, 2024

ოვაცია

ოვაცია
ყვავილს მოაქვს ოვაცია,
შუქთა ელვა, გრადაცია,
არ მჭირდება ნოტაცია,
ისეც ვიცი, ლამაზია.
ვერ შევადრი ვერც ერთ ყვავილს,
ისეთი თვალ წარმტაცია,
მოაქვს ფრთებით ფიქალ აპრილს,
აყვავდება აკაცია.

მაია დიაკონიძე
20.04.2023 წელი

Wednesday, March 20, 2024

ერთი იყო ვარდი მხოლოდ!

ერთი იყო ვარდი მხოლოდ!
ერთი იყო ვარდი მხოლოდ,
მხოლოდ ერთი, ისიც ლურჯი,
დაეტია იმ ერთს ოღონდ,
ზღვები დახატული ფუნჯით.
შენს თვალებში ირხეოდა
ნაზი ტალღაც, მზეც და ზეცაც,
ზღვის ნაპირას იქვე ოდა
და ცხოვრება ჩვენი ერთად.
დაქცეული მელანი და
თეთრთა კენჭთა სროლა ზღვაში,
მეგონა რომ ელამია,
გვემალვოდა მთვარე-ბავშვი.
სიყვარულის ეიფორია,
ახალგაზრდის ვნება, ჟინი,
თითქოს ადრე არც გვქონია,
არ გვიხდენდა ზღაპრებს ჯინი!
ერთი იყო ვარდი მხოლოდ,
მხოლოდ ერთი, ისიც ლურჯი,
დაეტია იმ ერთს ოღონდ,
ზღვები დახატული ფუნჯით.
მაია დიაკონიძე
20.03.2024 წელი

მინიმა

 ზეცის სილურჯე დააწვა ბაღებს

და აფარფატდნენ ცაში პეპლები,

მიწა იცმევდა შავ ტყავის წაღებს,

ჩვენ კი დავქროდით ყვავილთ ეტლებით.


გალაკტიონს!

 გალაკტიონს!

ზოგჯერ მოდის გაელვებად,
ზოგჯერ კიდევ გრიგალად,
ელვას გაჰყრის ნაპერწკლებად,
გზებს ჭენებით მიგალავს.
დროს გაუსწრო დაგლეჯილი
ეპოქალურ ნერვებით,
ააყვავა მან ჯეჯილი,
დარგო სულში ედემი.
და ვინ არის ნეტავ მასზე
ჭეშმარიტი, დიადი,
გალაქტიკის თუ არა მზე,
ვარსკვლავების ციაგი.
ზოგჯერ მოდის გაელვებად,
ზოგჯერ კიდევ გრიგალად,
ელვას გაჰყრის ნაპერწკლებად,
გზებს ჭენებით მიგალავს.
მაია დიაკონიძე
19.03.2024 წელი

ვინაც არის!

 ვინაც არის!

ვინაც არის ჭეშმარიტი
პოეზიის ქომაგი,
იმას სული პოეტის აქვს ,
სიყვარული ორმაგი,
კარგად იცის სიტყვის ფასი,
ფასი კარგი პოეტის,
ვერ შეაცდენს მას უნიჭო
ხალხის მიეთ- მოეთი.
მაია დიაკონიძე
19.03.2024 წელი

Tuesday, March 19, 2024

სიკვდილო!

სიკვდილო,  მინდა შენგანა

არც რაი, თავბრუ, რეტი

გინდა დამასხა, ერთგანა

დამფლავ, არც გინდა მეტი.

თუ მამკლავ, ფესვად ვიქცევი

მუხის, არ შემჭამს ჭია,

ჩემი ფიქრია ის ერთი,

საქართველო რომ ჰქვია.

გაიშრიალებს ფოთლები,

მის საგალობელს ვაწყობ,

ნუ ჩამიქროლებ გოდებით,

გამარჯვების თქვი, ქარო!






Monday, March 18, 2024

სალაღობო-სამაისო

სალაღობო-სამაისო

თავბრუს მახვევს ამინდი,
მიწვევს გარეთ ხალისით
და სხივების ქლამიდით 
მოდის ნაზი მაისი.
ბულბულების სტვენა და
მოძახილი გაისმის,
აფერადებს ვერანდას 
თვალწარმტაცი აისი.
თითოს ღვინის ჩქერებში
არეულა მიდამო,
მზე თამაშობს ხელებში, -
მსურს მოყვასის ვიწამო.
გააღვიებს რიჟრაჟი 
ნაზ ყვავილებს დილიდან,
და ნიავი გიჟმაჟი
ჩემს გულს მზესთან მიიტანს.




მარტოობაში დღეს ბევრი კვდება

ვით დაილია ცხოვრების დღენი,

ფიქრობ და ახლა ძალიან გიკვირს,

სიგარეტისო მომეცით ღერი,

მოვუკიდოო, წასვლის წინ იტყვი.

და კიდევ ერთხელ შესთხოვ შენდობას,

უფალს, ცოდვებზე, იმ ბოლო ღერზე,

თავი შენი კი არ გეცოდება,

არწასვლის მიზეზს სხვის თავალში ეძებ.

თუკი გარშემო ახლობლებს ხედავ,

ბედნიერება დაარქვი სიკვდილს,

მარტოობაში დღეს ბევრი კვდება,

საიქიოში ტირილით მიდის.



Sunday, March 17, 2024

გალაკტიონს!

 ღამე თეთრად  გათენდება,

ჯვარს დაიწერს სადღაც მერი,

სიყვარულის ჟამი დგება,

ხელში გრჩება არაფერი.


იასამანს არხევს ქარი,

სარკმლიდან ჩანს ცა სხვაფერი,

ნაზად უკრავს სადღაც ქნარი,

ხელში გრჩება არაფერი.


მიიჩქარი დიდი ბავშვი,

მზე დახატო აკვარელით,

ეხებოდი მიწას არც კი,

ხელში შეგრჩა არაფერი.


თუმცა როგორ არაფერი,

უკვდავების ზიარი ხარ,

შენი ლექსი ისე მღერის,

საქართველოს ტრფიალია.




არ შემიძლია ღალატი!

არ შემიძლია ღალატი!

არ შემიძლია ღალატი,
არ შემიძლია, არ ვთქვა,
თუნდაც რომ შემკრან ძალათი,
თვით ავიც როგორ გავთქვა.

ადამიანი ხომ მიყვარს
თავის ცუდით და კარგით,
როგორ შევხედო ცელქ ციყვსაც,
თუ არ ვარ მისთვის ვარგი.

განვიცდი ადამიანის
ყველა სიტყვას და ქცევას,
ედემში იყო ადამი,
ედემში იყო ევაც.

იქ სიყვარული სუფევდა,
ღალატი არას ერქვა,
ახლა ეს ჭირი გუბედ დგას,
არ უნდა სულში ქექვა.

არ შემიძლია ღალატი,
არ შემიძლია, არ ვთქვა,
თუნდაც რომ შემკრან ძალათი,
თვით ავიც როგორ გავთქვა.
მაია დიაკონიძე
17.03.2024 წელი

სალაღობო

 მიფრინავდა თავსაფარი,

აქეთ გოგო, იქეთ ბიჭი,

ორივენი მას მიდევდნენ,

არ უნდოდა დიდი ნიჭი.

მიაფრენდა ქარი მაღლა,

როგორც ამაყ წითელ დროშას,

ალისფერი თავსაფარი

თითქოს უკვე აღარც მოჩანს.

ბიჭი მაინც დაეწია

და შეიპყრო დიდი რიდით,

,,თავშალიო", სად წერია,

უყვაოდა ხელში შინდი.

გოგოც მალე  იქვე გაჩნდა,

აარიდა ყმაწვილს მზერა,

ლოყებზე სიწითლე აჩნდა,

მიხვდა, ბიჭის იყო წერა.

 მიფრინავდა თავსაფარი,

აქეთ გოგო, იქეთ ბიჭი,

ორივენი მას მიდევდნენ,

არ უნდოდა დიდი ნიჭი.






Saturday, March 16, 2024

ვაჟა-ფშაველას!

 მე შენში ლაღი ოცნება ვძებნე,

როგორც ზეცაში, ვძებნე უფალი,

არ გამიხედავს არც ერთხელ გვერდზე,

შენ იყავ ჩემი ჭირისუფალი.

ირემი ვიყავ, თოფით დაჭრილი,

ხან კი ქუჩი და ხმელი წიფელი,

არწივს მაყარეს პეშვით მარილი,

ცრემლი მადინე შენ მიწიერი.

ბალღამი დიდხანს ვატარე გულით,

შენ კი დამადე სიტყვა - მალამო,

თავს რომ დასწუის ბერმუხას მუმლი,

იმ ხის მკურნალო, იმის წამალო.

მე შენში ლაღი ოცნება ვძებნე,

როგორც ზეცაში, ვძებნე უფალი,

არ გამიხედავს არცერთხელ გვერდზე,

შენ იყავ ჩემი ჭირისუფალი!





გულო, რად არა ღონდები?!

გულო, რად არა ღონდები,

ამდენ ღალატს რომ ხედავ,

სულზე მაწყვია  ხუნდები,

ვეღარა ვსუნთქავ, ვერა.

ვით ჩავეხუტო მთა-ველებს,

ვით უთხრა სიტყვა მშვიდი,

როგორ შევცინო იელებს,

თუ დარდი მაწევს დიდი.






სადაური წარმოშობისაა აკვანი?!

 აკვანი!

ეს იყო ახალშობილის ქართული საწოლი, სადაც ბავშვი ფეხისადგმამდე რჩებოდა! დღეს მას ნაკლებად გამოიყენებენ! ,,აკავანა“-ასე უწოდებდნენ უწინ! ამ სახელში ორი ფუძეა ,,აკვა“ და ,,ვანა“ და ორივე წყალს აღნიშნავს ქართველთა ენაზე! მაშ, ეს წყლის ხალხის შემოქმედების ნაყოფი ყოფილა, ამას ადასტურებს წყლის ტალღების მსგავსი რიკულები და ნავის მსგავსი ფეხები, რისი საშუალებითაც ის მყარადაც დგას და საქანელასავით ადვილადაც ირწევა! სააკვნო სიმღერები მთელს მსოფლიოშია ცნობილი და, რა თქმა უნდა-- ჩვენშიც, რომელსაც ,,იავნანა“ ეწოდება! ლაზურ ენაში დედას ნანა ჰქვია, გურულ კილოში -- ნენა! ნანაგალი კი სვანურად დედულეთია! საოცარი ისაა, რომ სადაც დედას ნანა არ ჰქვია, იმ ენების სააკვნო სიმღერებშიც ,,ნანა“, ,,ნანინა“ ფიგურირებს, რაც იმის დასტურია, რომ ჩვენიდანაა წაღებული!
ბოლო დროს აქა-იქ გამოკრთა ხმა, რომ აკვანი მონღოლური წარმოშობისაა! როგორც ხინკლის, ასევე აკვნის მონღოლურობაზე საუბარი, რბილად რომ ვთქვათ, დიდი უმეცრებაა! მოგეხსენებათ, აკვნის დასამზადებლად ხის მასალაა საჭირო, მაგრამ ყველა ხე საამისოდ არ გამოდგება! ამისთვის საჭიროა თუთა, ცაცხვი, წაბლი...რომელიც მსუბუქიცაა, სურნელოვანიც და დროთა განმავლობაში ფერს არ იცვლის და არ ჭიანდება! მაშ, ბავშვის საწოლი შიგ მწოლისთვის მოსახერხებელიც უნდა ყოფილიყო და ჯანმრთელობისთვის სასარგებლოც! ბედნიერ აკვანს უწოდებდნენ იმას, რომელშიც ჯანსაღი ბავშვი გაიზრდებოდა, ამიტომ ასეთ აკვანს სოფელში დაატარებდნენ, ერთმანეთისაგან ნათხოვრობდნენ, რათა თავისი ყრმებიც ამ აკვანში გაზრდილებს დამსგავსებოდნენ!
ტრამალებში მცხოვრები მონღოლებისთვის ამხელა აკვნის ცხენით ტარება ერთობ მოუხერხებელი იქნებოდა, გარდა ამისა, ისინი მრავალშვილიანობით გამოირჩეოდნენ და რამდენი ასეთი საწოლი დასჭირდებოდათ?! თუმცა, ამას რომ თავი დავანებოთ, ერთი რამაა საკითხავი, ჩრდილოეთის თოვლიან-ყინულიან ქვეყანას, სადაც ბუჩქიც კი სანატრელია, არა თუ მზის ხეები, სად უნდა ეშოვა სააკვნე მასალა? ან უწყლო სტეპების ბინადრებს, წყლის ჭავლის ფორმებითა და მზის ბორჯღალებით რად უნდა შეემკოთ იგი?
მათი ჩვილების აკვანი იყო ცხვრის ტყავისგან შეკერილი გუდები, რომელსაც ცხენის ზურგზე ამაგრებდნენ! ჩვენში მტირალა ბალღებს ასე ამშვიდებდნენ-ხოლმე, გაჩუმდი, თორემ გუდიანი კაცი მოვა და წაგიყვანსო! დიახ, ეს გუდიანი, დედაწულიანად აყრილ-მოარული მეომარი ხალხი იყო სწორედ მშვიდობიან, მიწათმოქმედ მკვირ ხალხს რომ ქარიშხალივით დაატყდებოდა-ხოლმე თავს და მიწასთან ასწორებდა აყვავებულ დაბა-სოფლებს! ეს ის ხალხი იყო, ვისაც გაქონილ-გაპოხილი ტყაპუჭები ეცვათ, რადგან ხელით გლეჯდნენ ხორცს და მერე ამ ხელებს ტანსაცმელზე იწმენდნენ, მათი შვილების ,,ტკბილი ნანინა“ კი ურდოს ცხენების ველური ჭიხვინი იყო, რომელსაც ერთვოდა ასევე ველური შეძახილები სისხლით მთვრალი დამპყრობელი მონღოლებისა!
საქართველო ღვინის სამშობლოდ უკვე აღიარეს! სადაც პირველი ღვინო დაიწურა, იქ გამოცხვა პირველი პურიც, იქ მოიშინაურეს ცხვარი, ძროხა, ღორი თუ ცხენი, იქ გააკეთეს პირველი ყველიც, იქ მიიღეს პირველი თაფლიც, მოათვინიერეს ცეცხლი, იქ გააკეთეს პირველი კეცი, ჯამი, დოქი, ჭინჭილა და ქვევრი, იქ იპოვეს პირველი მადანი და გამოჭედეს პირველი სამუშაო თუ საბრძოლო იარაღი, პირველად აქ მოქსოვეს სელის ტანსაცმელიც, შეღებეს კიდეც და კოხტადაც მოირგეს! დიახ, ჩვენა ვართ პირველკულტურული ხალხი ევრაზიის კონტინენტზე!
=======================================
შოთი
საქართველო ღვინის სამშობლოდ უკვე აღიარეს! აზიის კონტინენტზე ერთადერთი ავტოხთონური მოსახლეობაა ქართველთა, ვინც ვაზის კულტურას ქრისტემდეც და ქრისტეს შემდგომაც იყენებდა როგორც საჭმელ-სასმელად, ასევე-- საკულტო დანიშნულებისათვის! ქართველი პირველია მსოფლიო მიწათმოქმედ ერთა შორის, ვინც მარცვლეული და ვენახი ველური ჯიშებიდან კულტურულად აქცია და როგორც მზე-მთვარეული ასტრალური კულტები ისე დააწყვილა, ამიტომ შემთხვევითი არაა, ქრისტე რომ ჩვენს ერთადერთ ღვთაებად ვაღიარეთ, უფალი ხომ ბრძანებს--პური ჩემი ხორცია, ღვინო სისხლიო, ამიტომ ის ორბუნებოვან ღვთაებად იწოდა!
საქართველო ითვლება ასევე მეთუნეობის აკვნადაც, რადგან სხვაგვარად წარმოუდგენელია არსებობა პურ-ღვინის მომყვანი ქვეყნისა, მოწეულ მოსავალს დაბინავება და სათანადო გამოყენებაც ხომ აუცილებლად სჭირდება? გამომწვარი თიხისგან გაკეთებულ ქვევრში დიდხანს და საიმედოდ ინახება ღვინო, ხოლო გახურებულ თონეში, რომელივ მზის სიმბოლოა, ცხვება უგემრიელესი კახური შოთები, ნამგალა მთვარისა და უფლის სამსახურად შემართული გამრჯე კაცის მარჯვენის სიმბოლო!
იუნესკომ რომ არამატერიალურ საგანძურად მიიჩნია ქართული ანბანთსამება, სწორედ მის პირველ ასომთავრად ზის კახური შოთის, ანუ, მცხრალი მთვარის იდეოგრამა! იგი განასახიერებს ქართველთა ეროვნულ გმირს, მიწათმოქმედებისა და განათლების ღმერთმამაკაცებრივ საწყისს წმიდა გიორგის და მისი არსიდან გამომდინარე შეგვიძლია დაბეჯითებით ვამტკიცოთ, რომ ქართველი ერი ის უძველესი მიწათმოქმედ-ავტოხთონური ხალხია კავკასიისა, ვინც მსოფლიოს ორი უძველესი კულტურა, ვაზისა და ხორბლისა, იმთავითვე აღიქვა ორ პლანში, როგორც ფიზიკურ, ასევე- სულიერში და დღემდე არ შეუცვლია თავისი კულტურული იერ-სახე, დღესაც ქვევრში წურავს ღვინოს და თონეში აცხობს ნამგალა მთვარის ფორმის მაგვარ კახურ შოთებს!
=========================================
ჩურჩხელა!
საქართველო მხოლოდ ხორბლისა და ვაზის ქვეყანა არაა, აქ უძველესი დროიდან ხარობდა მრავალსაუკუნოვანი ხე-მცენარეები, რომელთა შორის კაკალს გამორჩეული ადგილი ეჭირა, რომლის მასალას ფართოდ იყენებდნენ სამშენებლო- საყოფაცხოვრებო დანიშნულებისათვის, ხოლო ნაყოფი გამოირჩეოდა თავისი მაღალკალორიულობით, სასარგებლო და გემოვნური თვისებებით, რომლითაც კაზმავდნენ მხალეულს, აკეთებდნენ ბაჟეს და საცივს ფრინველის ხორცის საწებლად, მაგრამ ყველაზე პოპულარული იყო მისგან გაკეთებული ნუგბარი, ჩურჩხელა!
ეს სახელი მიიღო იმიტომ, რომ დარჩეული ნიგოზი ძაფზე იყო აკინძულ- აჩურჩხლული და ყურძნის დაბადაგებული წვენისგან მოდუღებულ თათარაში ამოვლებული! მზისგან გამომშრალი ჩურჩხელა მთელი წელი ინარჩუნებდა სირბილეს და ითვლებოდა ცილისა და ნახშირწყლების კომპლექსურ, ვიტამინიზებულ საკვებად, ენერგეტიკის შეუცვლელ წყაროდ დიდებისა თუ პატარებისათვის, რომლის გარეშე წარმოუდგენელი იყო სადღესასწაულო, განსაკუთრებით კი-- საახალწლო სუფრა!
ჩურჩხელებს საგზლად ატანდნენ ომში მიმავლებსაც, რადგან ის მცირე ადგილს იჭერდა, სატარებლად მსუბუქი იყო და წარმატებით ცვლიდა პურსა და ხორცს!
ჩურჩხელაც, თავისი თეთრი გულითა და წითელი გარსით, ასევე მზე-მთვარულობის სიმბოლოა ქართულ წარმართულ, წინარექრისტიანულ სარწმუნოებაში და იმ ქვეყანაშია ნაშობი, სადაც მოჰყავდათ ვაზი და ხორბალი, რადგან თათარა ხორბლის ფქვილის გარეშე არ კეთდება, ამიტომ ჩურჩხელას სამშობლოც აღმოსავლეთ საქართველოა!
========================================
ხაჭაპური!
ესეც მთის ხალხის მოგონილია, ოღონდ, შუა მთის, ზომიერ კლიმატურ ზონაში მცხოვრებ იმერელთა, სადაც ფოთლოვანი ხეების სიხშირე კარგ პირობებს ქმნის მეცხოველეობის განვითარებისა და მსხვილფეხა პირუტყვის მოსაშენებლად! ქართული ტრადიციული კვების კულტურა არც აქაა დარღვეული, ხაჭაპური ორგვაროვანია--ცალი მხრიდან მზის ბორჯღალია, მეორე--სავსე მთვარის ხატებაა, გულსართად კი ხაჭო-ყველია გამოყენებული, ამჟავებული რძის პროდუქტი, რითაც ეს მხარეა განთქმული. იგი თიხის კეცზე ცხვებოდა!
რამდენადაც ჩრდილო და ცივი მხარეა ხინკლის სამშობლო, იმდენად თბილია იმერეთი, ამიტომ მისი მცხოვრებნი ხორცეულს არ ეტანებიან და საკვებად ნიგვზიან მხალეულსა და მწნილეულს ამჯობინებენ, თუმცა, მათი საფირმო კულინარიული შედევრი მაინც ხაჭაპურია, რომელიც სწორედ აქედან გავრცელდა მთელს საქართველოში და საზეიმო-საქორწინო სუფრების უცვლელი ატრიბუტი გახდა! დღეს იგი ტურისტების რჩეულ საჭმელად ითვლება!
========================================
ხინკალი!
ვიზუალურად ხაჭაპურის მსგავსია, მაგრამ მცირე ზომისა, შიგთავსი კი დაკეპილი ცხვრის ხორცისა ჰქონდა უწინ, რაც იმას ნიშნავს, რომ მთის მეცხვარე ხალხის ეროვნული კერძია, პურის ფქვილისგან გაკეთებულ ცომში შეხვეული ხორცი მდუღარე მარილწყალში იხარშებოდა და ცხლადვე მიირთმევდნენ, რადგან შიგთავსი გამოყოფდა ცხიმიან და მაწიერ წვენს, რომელიც დიდი ენერგიით ავსებდა სიცივეში მუდამ გარეთ მყოფ მწყემსებს! ბუნებრივია, პურეულით ღარიბი და ხორცეულით მდიდარი მთა ტყუილად და უმიზეზოდ არ ირჩევდა ისეთ საკვებს, რომელსაც ნაკლები ფქვილი სჭირდებოდა და სწრაფად მზადდებოდა! კვლიავით შეკაზმული ცხვრისცხიმიანი ხორცი ადვილად მოსანელებელი და ფრიად სასარგებლო იყო! როგორც ყველა ქართული კერძი, ხინკალიც მზე-მთვარულია, წინარე ქრისტიანული და გააჩნია როგორც მზიურ-ენერგეტიკული, ასევე-მთვარულ-გამაგრილებელი, ცილოვანი კვებითი დანიშნულება, რაც იმას ნიშნავს, რომ ერის გენიამ გემრიელი საკვები საუკეთესო წამლადაც აქცია!
აქა-იქ ამ ბოლო დროს გაისმა, ვითომ, ხინკალი მონღოლური წარმოშობისაა, რაც წარმოუდგენელი აბსურდია! ცნობილია, რომ თამარის შემდგომ გამოჩენილ მონღოლ დამპყრობლებს არ გააჩნდათ არავითარი კულტურა ჭამა-სმისა! ისინი საკვებად არ იყენებდნენ არათუ პურეულს, თვით ხორცის სათანადო მომზადებაც არ იცოდნენ და თავის ტყავიან-სისხლიანად ჭამდნენ! ეს ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან მოკარვე-მომთაბარე, სტეპების ველური ტომი ვერც მიწას მოხნავდა, ვერც ყანას დათესდა და ვერც მარცვლეულს შეინახავდა! როცა მონღოლი უმ ხორცს ნთქავდა, ზედ ცხენის მჟავე რძეს, კუმისს ღვინოსავით აყოლებდა და ხელით ილოკავდა ცხიმით გაპოხილ ხელებს, იმ დროს დავით აღმაშენებლის მამიდა მართა-მარიამი, ბიზანტიის იმპერატორის მეუღლე და დედოფალი, ევროპელებს დანა-ჩანგლის ხმარებას ასწავლიდა!
ავტორი: ზაირა მიქაცაძე-ჭიღლაძე.