გულგატეხილთ!
სხვას არ აჩვენოო ცრემლები,
გითხრეს და ამ სიტყვებს კვლავ მისდევ,
მთელი ცხოვრება რომ ეძებდი
ბედნიერ საამურ ამინდებს,
ვერ ნახე, საშენოდ არ იყო,
სხვებისთვის უკრავდა ნაღარა
და გული ათასჯერ გაიყო,
ძებნამ და ტკივილმა დაღალა.
ბოროტის თან გდევდა ხელები,
სიგიჟის დაიხვა გორგალი,
ფეხზე გეხვეოდნენ გველები,
სული ვერ მოაშთეს მბორგალი.
იწვიმოს, ითოვოს, არ მოკვდე,
მზე მაინც შემოვა თვალებში,
ბოროტის არისო დღე მოკლე,
დაე, ის მოკვდესო წვალებით.
შენ, ადამიანო, იცოცხლე,
ბევრის კი გიწია მოთმენამ,
ოღონდაც მიენდე ღვთიშობელს,
დღეს ან ხვალ აგიხდენს ოცნებას.
მაია დიაკონიძე
9.03. 2024 წელი
No comments:
Post a Comment