Monday, March 11, 2024

ანდრიას ისტორიებიდან, პატარა ნერგი

 ანდრიას ისტორიებიდან

პატარა ნერგი
ანდრია მშობლებს ხშირად მიჰყავთ პაპა-ბებიასთან სოფელში. აქ კარგი ჰაერია, საკვებიც უკეთესია, ჯანმრთელი გაიზრდებაო. პაპა-ბებიასაც უხარიათ შვილიშვილი მათთან რომ არის, ამაზე კარგ საქმეს რას გავაკეთებთო, ანებივრებენ ბავშვს, ყველა სურვილს უსრულებენ. მაგრამ ანდრია ჭკვიანი ბიჭია, ამით არ თამამდება. პირიქით, ფიქრობს, რახან ასე მაქებს და მიფრთხილდება პაპა-ბებია, მეც სამაგალითო უნდა ვიყოო. პაპას ვენახის მოსავლელადაც დაჰყვება, ყანის, ცხენზე ჯირითსაც სწავლობს, ხეხილის დარგვა-დამყნობასაც.
ერთ გაზაფხულზე პაპამ ანდრიას დაუძახა:
- მოდი, ატმების დარგვაში მომეხმარე, ატმების ბაღი უნდა გავაშენოთ!
მთელი დღე იმუშავეს პაპა-შვილიშვილმა. ყველა ნერგი დარგეს, ერთიღა დარჩათ.
- გამხმარია ეგ ნერგი, არ გაიხარებს! - თქვა პაპამ და ღობის იქით მოისროლა. შეეცოდა ნერგი ბიჭს. რა იცი, იქნებ გაიზარდოს კიდევაცო. გავიდა ორღობეში, მოძებნა, ეზოში შემოიტანა და სახლის უკან, განაპირა ადგილას დარგო, თან მიუმღერა;
,,ნერგო გაზაფხულისა,
ჩემი გულის, სულისა,
გაიზარდე, იხარე,
ჩვენც გული გაგვიხარე!"
ყოველ საღამოს სარწყავით ხელში ჩამოუვლიდა ანდრია ნერგებს, მორწყავდა, თავისი პატარა ნერგიც არ ავიწყდებოდა, სახლის განაპირას მდგარი. ხელს გადაუსვამდა გლუვ ზედაპირზე, მოეფერებოდა.
ატმების ბაღი მალე გაიზარდა და აყვავდა კიდეც. პატარა ნერგი კი ჯიუტობდა, ნიშანი არა და არ გამოჰქონდა. ერთ გაზაფხულზე ბებიამ შემოიხედა ანდრიას ოთახში და ახარა:
- შენმა ხემ ყვავილები გამოიღო, წამოდი ნახე, რა უცნაური ფერი აქვს, კვასკვასა წითელი. ცოტა ხანში ანდრიამ თავის გაკვირტებულ ხესთან მიირბინა, მალე პაპაც მოვიდა, ბებიაც იქვე ტრიალებდა,
- რა ხილია?- გაკვირვებული ეკითხებოდა პაპას. წვერი მოიფხანა ვანო პაპამ და წარმოთქვა:
- მგონი იაპონური ალუბალია! ფილმებში მინახავს!
საოცრად ხასხასებდნენ ხის ყვავილები, ბრწყინავდნენ და ანათებდნენ.
სახლში გაიქცა ანდრია. კომპიუტერს მიუჯდა, გადაათვალიერა ხეხილის ყვავილები, ინტერნეტში ბევრი აღმოაჩინა. მართლაც, მისი ხე იაპონური ალუბალი, საკურა აღმოჩნდა.
უკან დაბრუნდა ანდრია და პაპა-ბებიას ახარა:
- ინტერნეტში ვნახე, მართლაც იაპონურია ალუბალია, საკურა ჰქვია თურმე.
- ახლა კი გამოგვადგა ეგ კომპიუტერი, კიდევ კარგი, ეს ნერგი გადაარჩინე! - ღიმილით უთხრა პაპამ - ახლა ამითაც თავს მოვიწონებთ, ასეთი ლამაზი ხე რომ იდგება ჩვენს ეზოში.
მალე გაიზარდა საკურას წითელყვავილა ხე, ყველას თვალს სტაცებს. პაპა ყველას უყვება იმ ამბავს, როგორ გადარჩინა ანდრიამ საკურას ნერგი. ანდრია არ წყვეტს ხეზე ზრუნვას, რწყავს. როცა თაკარა მზე ანათებს ცაში და ხშირად უმღერის:
,,ხეო გაზაფხულისა,
მალამო ხარ სულისა,
გაიზარდე, იხარე,
ჩვენც გული გაგვიხარე!"
მაია დიაკონიძე
1.03.2024 წელი
შეიძლება იყოს ნაჯღაბნი ამისა: 2 ადამიანი
ყველა რეაქცია:
Sofio Chelidze, Leila Kochiashvili და 4 სხვა პიროვნება

No comments:

Post a Comment