Saturday, March 16, 2024

სადაური წარმოშობისაა აკვანი?!

 აკვანი!

ეს იყო ახალშობილის ქართული საწოლი, სადაც ბავშვი ფეხისადგმამდე რჩებოდა! დღეს მას ნაკლებად გამოიყენებენ! ,,აკავანა“-ასე უწოდებდნენ უწინ! ამ სახელში ორი ფუძეა ,,აკვა“ და ,,ვანა“ და ორივე წყალს აღნიშნავს ქართველთა ენაზე! მაშ, ეს წყლის ხალხის შემოქმედების ნაყოფი ყოფილა, ამას ადასტურებს წყლის ტალღების მსგავსი რიკულები და ნავის მსგავსი ფეხები, რისი საშუალებითაც ის მყარადაც დგას და საქანელასავით ადვილადაც ირწევა! სააკვნო სიმღერები მთელს მსოფლიოშია ცნობილი და, რა თქმა უნდა-- ჩვენშიც, რომელსაც ,,იავნანა“ ეწოდება! ლაზურ ენაში დედას ნანა ჰქვია, გურულ კილოში -- ნენა! ნანაგალი კი სვანურად დედულეთია! საოცარი ისაა, რომ სადაც დედას ნანა არ ჰქვია, იმ ენების სააკვნო სიმღერებშიც ,,ნანა“, ,,ნანინა“ ფიგურირებს, რაც იმის დასტურია, რომ ჩვენიდანაა წაღებული!
ბოლო დროს აქა-იქ გამოკრთა ხმა, რომ აკვანი მონღოლური წარმოშობისაა! როგორც ხინკლის, ასევე აკვნის მონღოლურობაზე საუბარი, რბილად რომ ვთქვათ, დიდი უმეცრებაა! მოგეხსენებათ, აკვნის დასამზადებლად ხის მასალაა საჭირო, მაგრამ ყველა ხე საამისოდ არ გამოდგება! ამისთვის საჭიროა თუთა, ცაცხვი, წაბლი...რომელიც მსუბუქიცაა, სურნელოვანიც და დროთა განმავლობაში ფერს არ იცვლის და არ ჭიანდება! მაშ, ბავშვის საწოლი შიგ მწოლისთვის მოსახერხებელიც უნდა ყოფილიყო და ჯანმრთელობისთვის სასარგებლოც! ბედნიერ აკვანს უწოდებდნენ იმას, რომელშიც ჯანსაღი ბავშვი გაიზრდებოდა, ამიტომ ასეთ აკვანს სოფელში დაატარებდნენ, ერთმანეთისაგან ნათხოვრობდნენ, რათა თავისი ყრმებიც ამ აკვანში გაზრდილებს დამსგავსებოდნენ!
ტრამალებში მცხოვრები მონღოლებისთვის ამხელა აკვნის ცხენით ტარება ერთობ მოუხერხებელი იქნებოდა, გარდა ამისა, ისინი მრავალშვილიანობით გამოირჩეოდნენ და რამდენი ასეთი საწოლი დასჭირდებოდათ?! თუმცა, ამას რომ თავი დავანებოთ, ერთი რამაა საკითხავი, ჩრდილოეთის თოვლიან-ყინულიან ქვეყანას, სადაც ბუჩქიც კი სანატრელია, არა თუ მზის ხეები, სად უნდა ეშოვა სააკვნე მასალა? ან უწყლო სტეპების ბინადრებს, წყლის ჭავლის ფორმებითა და მზის ბორჯღალებით რად უნდა შეემკოთ იგი?
მათი ჩვილების აკვანი იყო ცხვრის ტყავისგან შეკერილი გუდები, რომელსაც ცხენის ზურგზე ამაგრებდნენ! ჩვენში მტირალა ბალღებს ასე ამშვიდებდნენ-ხოლმე, გაჩუმდი, თორემ გუდიანი კაცი მოვა და წაგიყვანსო! დიახ, ეს გუდიანი, დედაწულიანად აყრილ-მოარული მეომარი ხალხი იყო სწორედ მშვიდობიან, მიწათმოქმედ მკვირ ხალხს რომ ქარიშხალივით დაატყდებოდა-ხოლმე თავს და მიწასთან ასწორებდა აყვავებულ დაბა-სოფლებს! ეს ის ხალხი იყო, ვისაც გაქონილ-გაპოხილი ტყაპუჭები ეცვათ, რადგან ხელით გლეჯდნენ ხორცს და მერე ამ ხელებს ტანსაცმელზე იწმენდნენ, მათი შვილების ,,ტკბილი ნანინა“ კი ურდოს ცხენების ველური ჭიხვინი იყო, რომელსაც ერთვოდა ასევე ველური შეძახილები სისხლით მთვრალი დამპყრობელი მონღოლებისა!
საქართველო ღვინის სამშობლოდ უკვე აღიარეს! სადაც პირველი ღვინო დაიწურა, იქ გამოცხვა პირველი პურიც, იქ მოიშინაურეს ცხვარი, ძროხა, ღორი თუ ცხენი, იქ გააკეთეს პირველი ყველიც, იქ მიიღეს პირველი თაფლიც, მოათვინიერეს ცეცხლი, იქ გააკეთეს პირველი კეცი, ჯამი, დოქი, ჭინჭილა და ქვევრი, იქ იპოვეს პირველი მადანი და გამოჭედეს პირველი სამუშაო თუ საბრძოლო იარაღი, პირველად აქ მოქსოვეს სელის ტანსაცმელიც, შეღებეს კიდეც და კოხტადაც მოირგეს! დიახ, ჩვენა ვართ პირველკულტურული ხალხი ევრაზიის კონტინენტზე!
=======================================
შოთი
საქართველო ღვინის სამშობლოდ უკვე აღიარეს! აზიის კონტინენტზე ერთადერთი ავტოხთონური მოსახლეობაა ქართველთა, ვინც ვაზის კულტურას ქრისტემდეც და ქრისტეს შემდგომაც იყენებდა როგორც საჭმელ-სასმელად, ასევე-- საკულტო დანიშნულებისათვის! ქართველი პირველია მსოფლიო მიწათმოქმედ ერთა შორის, ვინც მარცვლეული და ვენახი ველური ჯიშებიდან კულტურულად აქცია და როგორც მზე-მთვარეული ასტრალური კულტები ისე დააწყვილა, ამიტომ შემთხვევითი არაა, ქრისტე რომ ჩვენს ერთადერთ ღვთაებად ვაღიარეთ, უფალი ხომ ბრძანებს--პური ჩემი ხორცია, ღვინო სისხლიო, ამიტომ ის ორბუნებოვან ღვთაებად იწოდა!
საქართველო ითვლება ასევე მეთუნეობის აკვნადაც, რადგან სხვაგვარად წარმოუდგენელია არსებობა პურ-ღვინის მომყვანი ქვეყნისა, მოწეულ მოსავალს დაბინავება და სათანადო გამოყენებაც ხომ აუცილებლად სჭირდება? გამომწვარი თიხისგან გაკეთებულ ქვევრში დიდხანს და საიმედოდ ინახება ღვინო, ხოლო გახურებულ თონეში, რომელივ მზის სიმბოლოა, ცხვება უგემრიელესი კახური შოთები, ნამგალა მთვარისა და უფლის სამსახურად შემართული გამრჯე კაცის მარჯვენის სიმბოლო!
იუნესკომ რომ არამატერიალურ საგანძურად მიიჩნია ქართული ანბანთსამება, სწორედ მის პირველ ასომთავრად ზის კახური შოთის, ანუ, მცხრალი მთვარის იდეოგრამა! იგი განასახიერებს ქართველთა ეროვნულ გმირს, მიწათმოქმედებისა და განათლების ღმერთმამაკაცებრივ საწყისს წმიდა გიორგის და მისი არსიდან გამომდინარე შეგვიძლია დაბეჯითებით ვამტკიცოთ, რომ ქართველი ერი ის უძველესი მიწათმოქმედ-ავტოხთონური ხალხია კავკასიისა, ვინც მსოფლიოს ორი უძველესი კულტურა, ვაზისა და ხორბლისა, იმთავითვე აღიქვა ორ პლანში, როგორც ფიზიკურ, ასევე- სულიერში და დღემდე არ შეუცვლია თავისი კულტურული იერ-სახე, დღესაც ქვევრში წურავს ღვინოს და თონეში აცხობს ნამგალა მთვარის ფორმის მაგვარ კახურ შოთებს!
=========================================
ჩურჩხელა!
საქართველო მხოლოდ ხორბლისა და ვაზის ქვეყანა არაა, აქ უძველესი დროიდან ხარობდა მრავალსაუკუნოვანი ხე-მცენარეები, რომელთა შორის კაკალს გამორჩეული ადგილი ეჭირა, რომლის მასალას ფართოდ იყენებდნენ სამშენებლო- საყოფაცხოვრებო დანიშნულებისათვის, ხოლო ნაყოფი გამოირჩეოდა თავისი მაღალკალორიულობით, სასარგებლო და გემოვნური თვისებებით, რომლითაც კაზმავდნენ მხალეულს, აკეთებდნენ ბაჟეს და საცივს ფრინველის ხორცის საწებლად, მაგრამ ყველაზე პოპულარული იყო მისგან გაკეთებული ნუგბარი, ჩურჩხელა!
ეს სახელი მიიღო იმიტომ, რომ დარჩეული ნიგოზი ძაფზე იყო აკინძულ- აჩურჩხლული და ყურძნის დაბადაგებული წვენისგან მოდუღებულ თათარაში ამოვლებული! მზისგან გამომშრალი ჩურჩხელა მთელი წელი ინარჩუნებდა სირბილეს და ითვლებოდა ცილისა და ნახშირწყლების კომპლექსურ, ვიტამინიზებულ საკვებად, ენერგეტიკის შეუცვლელ წყაროდ დიდებისა თუ პატარებისათვის, რომლის გარეშე წარმოუდგენელი იყო სადღესასწაულო, განსაკუთრებით კი-- საახალწლო სუფრა!
ჩურჩხელებს საგზლად ატანდნენ ომში მიმავლებსაც, რადგან ის მცირე ადგილს იჭერდა, სატარებლად მსუბუქი იყო და წარმატებით ცვლიდა პურსა და ხორცს!
ჩურჩხელაც, თავისი თეთრი გულითა და წითელი გარსით, ასევე მზე-მთვარულობის სიმბოლოა ქართულ წარმართულ, წინარექრისტიანულ სარწმუნოებაში და იმ ქვეყანაშია ნაშობი, სადაც მოჰყავდათ ვაზი და ხორბალი, რადგან თათარა ხორბლის ფქვილის გარეშე არ კეთდება, ამიტომ ჩურჩხელას სამშობლოც აღმოსავლეთ საქართველოა!
========================================
ხაჭაპური!
ესეც მთის ხალხის მოგონილია, ოღონდ, შუა მთის, ზომიერ კლიმატურ ზონაში მცხოვრებ იმერელთა, სადაც ფოთლოვანი ხეების სიხშირე კარგ პირობებს ქმნის მეცხოველეობის განვითარებისა და მსხვილფეხა პირუტყვის მოსაშენებლად! ქართული ტრადიციული კვების კულტურა არც აქაა დარღვეული, ხაჭაპური ორგვაროვანია--ცალი მხრიდან მზის ბორჯღალია, მეორე--სავსე მთვარის ხატებაა, გულსართად კი ხაჭო-ყველია გამოყენებული, ამჟავებული რძის პროდუქტი, რითაც ეს მხარეა განთქმული. იგი თიხის კეცზე ცხვებოდა!
რამდენადაც ჩრდილო და ცივი მხარეა ხინკლის სამშობლო, იმდენად თბილია იმერეთი, ამიტომ მისი მცხოვრებნი ხორცეულს არ ეტანებიან და საკვებად ნიგვზიან მხალეულსა და მწნილეულს ამჯობინებენ, თუმცა, მათი საფირმო კულინარიული შედევრი მაინც ხაჭაპურია, რომელიც სწორედ აქედან გავრცელდა მთელს საქართველოში და საზეიმო-საქორწინო სუფრების უცვლელი ატრიბუტი გახდა! დღეს იგი ტურისტების რჩეულ საჭმელად ითვლება!
========================================
ხინკალი!
ვიზუალურად ხაჭაპურის მსგავსია, მაგრამ მცირე ზომისა, შიგთავსი კი დაკეპილი ცხვრის ხორცისა ჰქონდა უწინ, რაც იმას ნიშნავს, რომ მთის მეცხვარე ხალხის ეროვნული კერძია, პურის ფქვილისგან გაკეთებულ ცომში შეხვეული ხორცი მდუღარე მარილწყალში იხარშებოდა და ცხლადვე მიირთმევდნენ, რადგან შიგთავსი გამოყოფდა ცხიმიან და მაწიერ წვენს, რომელიც დიდი ენერგიით ავსებდა სიცივეში მუდამ გარეთ მყოფ მწყემსებს! ბუნებრივია, პურეულით ღარიბი და ხორცეულით მდიდარი მთა ტყუილად და უმიზეზოდ არ ირჩევდა ისეთ საკვებს, რომელსაც ნაკლები ფქვილი სჭირდებოდა და სწრაფად მზადდებოდა! კვლიავით შეკაზმული ცხვრისცხიმიანი ხორცი ადვილად მოსანელებელი და ფრიად სასარგებლო იყო! როგორც ყველა ქართული კერძი, ხინკალიც მზე-მთვარულია, წინარე ქრისტიანული და გააჩნია როგორც მზიურ-ენერგეტიკული, ასევე-მთვარულ-გამაგრილებელი, ცილოვანი კვებითი დანიშნულება, რაც იმას ნიშნავს, რომ ერის გენიამ გემრიელი საკვები საუკეთესო წამლადაც აქცია!
აქა-იქ ამ ბოლო დროს გაისმა, ვითომ, ხინკალი მონღოლური წარმოშობისაა, რაც წარმოუდგენელი აბსურდია! ცნობილია, რომ თამარის შემდგომ გამოჩენილ მონღოლ დამპყრობლებს არ გააჩნდათ არავითარი კულტურა ჭამა-სმისა! ისინი საკვებად არ იყენებდნენ არათუ პურეულს, თვით ხორცის სათანადო მომზადებაც არ იცოდნენ და თავის ტყავიან-სისხლიანად ჭამდნენ! ეს ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან მოკარვე-მომთაბარე, სტეპების ველური ტომი ვერც მიწას მოხნავდა, ვერც ყანას დათესდა და ვერც მარცვლეულს შეინახავდა! როცა მონღოლი უმ ხორცს ნთქავდა, ზედ ცხენის მჟავე რძეს, კუმისს ღვინოსავით აყოლებდა და ხელით ილოკავდა ცხიმით გაპოხილ ხელებს, იმ დროს დავით აღმაშენებლის მამიდა მართა-მარიამი, ბიზანტიის იმპერატორის მეუღლე და დედოფალი, ევროპელებს დანა-ჩანგლის ხმარებას ასწავლიდა!
ავტორი: ზაირა მიქაცაძე-ჭიღლაძე.

No comments:

Post a Comment