ანდრიას ისტორიებიდან
ფრიალო
ანდრიას სოფელში ერთი ერთგული მეგობარი ჰყავს, ყურშა ჰქვია. გრძელი ყურები აქვს, ლამის მიწამდე დასთრევს, საჭმელშიც ჩაუვარდება ხოლმე და რომ არ დაესვაროს, ანდრია ყურებს თავზემოთ უკრავს. ჭამის მერე, რა თქმა უნდა, ხსნის, აბა, ყურშა ისე რა ყურშა იქნება, თუ თავისი ყურები არ აპანტურა, სირბილის დროს სულ აქეთ-იქით უქანავებს, ქარშიც აფრიალებს. როცა სძინავს პეპლები ასხდებიან გრძელ ყურებზე. ლამაზი სანახავია. მისი შემხედვარე ხალისობენ პაპა, ბებია და ანდრია. როცა ანდრია კითხვას სწავლობს, ყურშაც გვერდზე უზის. ელოდება, სწავლას როდის მორჩება, მეთამაშოსო.
ერთ დღესაც კითხვაში გართული რომ იყო ანდრია, ყურშამ მიატოვა და გაიქცა. გარეთ უცნაური ხმაური ისმოდა. დიდხანს ვეღარ მოითმინა ბიჭმა და ისიც ძაღლს გაჰყვა.
ეზოში ფრთამოტეხილი ფრინველი იჯდა, ეტყობა ფრენა ვერ შესძლო და ჩამოვარდნილიყო. ყურშა გარს ურბენდა ყეფა-ყეფით. ქათმები კაკანებდნენ. ბატები სისინებდნენ. ეზოში დიდი აურზაური იდგა. ფრინველი ამაყად იჯდა და თვალებს აბრიალებდა. მალე ბებიაც მოვიდა
- უი, ქა, რა ფრინველია, მგონი ქორია, ვიღაცამ ეტყობა ქვა მოარტყა. ალბათ, წიწილებს იტაცებდა. - გაიძახოდა ქალი.
ფრინველს ახლოს ვერავინ ეკარებოდა, ნისკარტით ცდილობდა ყველას მოგერიებას. ვერც ბებიამ მოკიდა ხელი, ვერც ანდრიამ, თუმცა ცდილობდნენ მის დახმარებას, იქნებ, გაფრინდესო.
ამასობაში მოსაღამოვდა, ვანო პაპაც მოვიდა სახლში. ეზოში ფრთამოტეხილი ფრინველი რომ დაინახა, გაუკვირდა.
- ამას აქ რა უნდა, ეს ხომ შევარდენია. ეტყობა შემთხვევით თუ მოხვდა რამე საგანი და ფრთა მოსტეხა, თორემ ამას ვინ რას დაუშავებდა?! რა ლამაზია, შეხედეთ, რა საოცარი ბუმბული აქვს, რა ბრიალა თვალები!!! - ამბობდა პაპა და ფრინველს ეფერებოდა.
შევარდენი უკვე დაღლილი და დასუსტებული იყო, პაპასთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. კაცმა აიყვანა, სახლში შეიყვანა, ფრთა გადაუხვია. მეორე დღეს ეზოშიც გაიყვანა. სიარულით კი დადიოდა ეზოს ახალი ბინადარი, მაგრამ ფრენა არ შეეძლო.
ქათმები, იხვები, ბატები მალე შეეჩვივნენ შევარდენს, მაგრამ ახლოს მისვლას ვერავინ ბედავდა. ყურშა კი რის ყურშა იქნებოდა, ფრინველს რომ არ დამეგობრებოდა. მის წინ გადახტებოდა-გადმოხტებოდა, ყეფით იკლებდა იქაურობას. შენი მეგობარი ვარო, ეუბნებოდა. ანდრიაც შეეჩვია ფრიალოს, ასე დაარქვა პაპამ შევარდენს. რატომ ფრიალოო, ეკითხება ბებია, იმიტომ რომ ფრიალო კლდეებია მისი სახლიო, პასუხობს ვანო პაპა. ხელზე შემოისვამს ხოლმე ფრიალოს და ასე დადის.
მთელი ოჯახი ელოდება, როდის მოურჩება ფრიალოს ფრთა, რომ კლდეებში თავისი ბუდისაკენ გაფრინდეს ბუნების ამაყი შვილი.
მაია დიაკონიძე
7.03.2024 წელი
No comments:
Post a Comment