ანდრიას ისტორიებიდან
ანდრია და ქარი
ანდრია ყოველ დილას სკოლისკენ მარტო მიეშურება. დიდი ვარ უკვე, არ გამაცილოო, დედას ეუბნება. სკოლაც სახლიდან შორს არაა. გზაზე შემხვედრ ხეებს ესალმება, ჩიტუნებს უსმენს, - რა ლამაზად მღერიანო, - ფიქრობს. ხანდახან კლასელებიც დაეწევიან ხოლმე და იმათთან ერთად განაგრძობს გზას. მაგრამ ერთ დღეს ქარი გადაეღობა წინ, არ უშვებს სკოლისაკენ, ხითხითებს, იცინის, ხან დაიზუილებს:
-არ გაგიშვებ, არაო?! - ეუბნება, - მოდი, დავეჭიდოთ ერთმანეთს, აბა ხელს თუ გადამიწევ?!
უკვირს ანდრიას ქარის საქციელი. უძალიანდება, ძლივძლიობით ადგამს ერთ ფეხს, მერე - მეორეს. ქარი ახლა ფეხებში შეუვარდა, ეკითხება:
- ანდრია, ჭიდაობა იცი?!
- არა, ჭიდაობა არ ვიცი, ფეხბურთზე დავდივარ! - ამაყად პასუხობს ბიჭი. ახტა და ქარი, როგორც ბურთი, ისე აკენწლა.
- ყოჩაღ, ყოჩაღ! - ეუბნება ქარი.
უჭირს ბიჭს სიარული. პატარაა, ჩანთაც პატარა ჰკიდია, სახელმძღვანელოებიც არ უწყვია შიგნით, სულ რამდენიმე რვეული.
- დამაცადე შენ, - ფიქრობს ბიჭი, - ხვალ წიგნებს წამოვიღებ და ეგრე ადვილად ნაფოტივით ვეღარ გადამაგდებ და გადმომაგდებ.
მეორე დღეს, მართლაც, ანდრიამ სასკოლო წიგნებით გამოავსო ჩანთა და ისე გაეშურა სკოლისაკენ. ქარმა წრე შემოუარა, ხან იქიდან მიაწვა, ხან - აქედან, ბიჭს ძვრაც ვერ უყო. პატარა ფეხბურთელი ქარს წაეთამაშა კიდეც, როგორც ბურთი, ხან იქით გააგორა, ხან - აქეთ.
მოეწონა ქარს ანდრიასთან თამაში. მას მერე ანდრია და ქარი სულ ერთად დადიან სკოლაში. გზაში ხან ჭიდაობენ, ხან ფეხბურთს თამაშობენ.
მაია დიაკონიძე
5.03.2024 წელი
No comments:
Post a Comment