Sunday, April 30, 2017

მღელვარებს სული

მღელვარებს სული, რაღაც არ მოსწონს,
რაღაცა უჩანს თვალში დილემად,
ხან ოკრობოკრო ბილიკს უჩივის,
ხან მდინარეთა ფარულ დინებას,
ცოდვით წარწყმედა რომ ემუქრება,
ის კი არც ახსოვს, არც ეფიქრება!

Thursday, April 27, 2017

უფათერაკოდ არ გადუვა ცხოვრებას კაცი

უფათერაკოდ არ გადუვა ცხოვრებას კაცი,
ზოგი წაიტეხს ცხვირს და კისერს, დატოვებს თავსაც,
მაინც გვიყვარს და ბავშვებივით დილის მზეს ვეტრფით,
ვოცნებობთ, ვლაღობთ და იმედით ვაჯობებთ მასაც.

Tuesday, April 25, 2017

სამყაროს ვუცქერ, როგორც დილემას!

მე გადამღალა ცხოვრების დარდმა,
სამყაროს ვუცქერ, როგორც დილემას, -
რომლის დალახვრაც მე ვერ შევძელი,
ალბათ უფალმა ასე ინება!
შემოგანათებს ხანდახან თვალში
მზე სხივოსანი, უზომოდ მწველი,
ვიღაცას ათბობს, ვიღაცას დაწვავს,
იარებს ისევ აშუშებს ღმერთი.

Monday, April 24, 2017

ეპიგრამები, სხარტი გამონათქვამები

         
სასხლავის ჭერას
ურჩევნია ღვინო და ბანქო,
თამაშ-თამაშით
ხეც გაყიდა,
მამამ რომ დარგო.


ვითვლით წუთებს და
უფრო მეტად,
ვითვლით იარებს,
არ გვახსენდება,
სინანული
დავაგვიანეთ!


შვილს!
ვერ დავისვენე იმქვეყნად,
ჩემს ძვლებს აქ გააქვს ხრტიალი,
სხვისი ცხვარი ძოვს იალაღს,
სახლში ყვავი ზის ტიალი,
მკერდში სხვა გული ჩაგიდგეს,
არყის სუნზე ცემს ფრთხიალით.


დიდ სასახლეში, ხალიჩაზე მორთხმულ ფეხებით,
აზანზარებდა დედამიწას, მრავალტონიანს,
დღეს ზეცისაკენ გაშვერილი ჰქონდა ხელები,
შვილისთვის შველას გამოსთხოვდა ციურ გოლიათს.

საფლავის ქვაზე მიწერილი

დილით გამოველ, ისევე წვიმდა,
სველ ნეკერჩხალზე შევნიშნე თოკი,
ხელის ცეცებით, ხეს შევყევ ფორთხვით,
მარყუჟი შევკარ, გზას დავადექი
ცეკვით და როკვით,  მოუსალიერს,
გთხოვ, მაპატიო, ღმერთო, კადნიერს.


მართლისმთქმელისთვის დანასა ვლესავთ,
გვინდა მოვაჭრათ სარსალა ენა,
რადგან სიმართლე ყურსა გვჭრის ყველას!

ყელში დუმილი გასჩარეს, -
ენას დაადეს ბოქლომი,
- თუკი არ შეწყვეტ ლაპარაკს,
დარჩები პირში ბოლოკით.

ღამეს ათენებ სულ ტყუილად,
სამშობლო გიძევს ფიქრებშიც,
მაგრამ შენნაირ პატრიოტს
ბაღში ელიან კიტრები,
ფეხები რომ არ გაფშიკო,
გეზი შეცვალე ფიქრების.


გონიერსა და ზნეკეთილს
თავს დაგაფრინდა ქორიო,
ის თმებიც მიბღოჯ-მობღოჯა,
რაც გქონდა შორი-შორიო,
ჯიბე თაგვებმა დაგიხრეს,
როგორ მიგიღებს ცოლიო?!


ეკოლოგია ესმის კოლიას,
როგორც მტრედისთვის საქსაფონია,
იქ იქეიფებს, სადაც მოლია,
ბოთლებს გადაყრის, სადაც ფონია.

სანთელად ჩამოვიქენი
შიმშილითა და ვაებით,
კაცმა პანღური ამომკრა,
ღმერთმა გამიღო კარები,
ცოდვათა ჩამდენ-მტვირთველნი
უფალს ვერ დაემალებით.

შენ გამოცანა მითხარი,
ვეღარ დაგიდე ტოლია,
შენ ცაზე მზისებრ კიაფობ,
მე თვალებსა მთხრის  ქორია,
მაინც მოგიგდებ ბადეში,
თუკი არ დავრჩი მძორია.

ამოიხედა გულიდან,
შემომანათა თვალები,
თურმე იმასაც სცოდნია,
კაკალი მიმაქვს ნარეკი, -
ქორწილისათვის ვემზადო,
ცხვრებით გავავსო ფარეხი.


გადარჩენისთვის მებრძოლი
ასფალტსაც აქცევს ყანადო,
დაგირგავს შენი სახლის წინ
წითელ ატამს და პანტასო,
მერე შორიდან მოგძახებს,
ჩემია, რად კრეფ მაგასო.

           წარწერა საფლავის ქვაზე

მთელი სიცოცხლე უფალს ვეძებდი
ჩემში, ვიღაცის გენში,
ვარდში, ჩეროში, იასამანში,
იმაშიც, რაც რომ ვერ ვთქვი...
მაშინ ვიპოვე, როცა შევისხი
მარადისობის ფრთები.

      და განა ჩვენი ბრალია?!

"ხმას ამოიღებ - ვაია!
ჩუმად იქნები - ვუი!"
და განა ჩვენი ბრალია,
სულს რომ ვიპურებთ კუჭით,
თავს არ ვიქაჩლებთ ბალნიანს
მამულ-დედულზე ზრუნვით?!

   პოეტის ყოფა მუზის გარეშე

პოეტის ყოფა მუზის გარეშე
უაზროა და სათუო ფრიად, -
თითქოს რაღაცას მუდამ დაეძებს,
ამაოდ წუხს და ამაოდ ფიცავს...
მიუკაკუნებს ცელით კარებზე -
სიკვდილი, მისცემს  ოთხ გათლილ ფიცარს!..

ანი,  ბანი, -
                მითხარი,
                                 - ჯან და ჰაე,
                                                    -  გითხარი, -
                                                                       მეჯღანება
                                                                                         მკითხავი.
                                                                   

დამადლებული ლუკმა ვიგემე

დამადლებული ლუკმა ვიგემე,
იმაშიც იდო ცოტა სიკეთე,
მე ხომ არ დავრჩი მაშინ მშიერი,
მომცემიც დარჩა მთლად ბედნიერი,
რადგან ხელგაშლილს ღმერთი მეტს მისცემს,
მაინც აჯობა ცრუთ და არტისტებს,
ერთი ხელით რომ გაწვდიან ლუკმას,
მეორე ხელით კვლავ მიაქვთ უკან.



Wednesday, April 12, 2017

ვერ გაიხარებს უფესვო კაცი

დასაწყისი და ბოლო გვაქვს ყველას,
ვერ გაიხარებს უფესვო კაცი,
თუ არ გითუთქავს გულსაც და სულსაც
ვაზი, გაქრობის ნიშანი აზის.
თუ ვერ შეძელი კარგზე თქვა კარგი,
ბოროტს კი მიეც საზრდო და ხელი,
გამოიცვალე გენი და სისხლი,
ქვეყნის დაქცევას უყურებ ლხენით.
მაშინ ბოროტის გდებია დამღა,
ყოფილხარ მხოლოდ ფლიდი მედროვე,
(ვერ გაპატიებს ქვეყანა ღალატს),
მე კი რატომღაც კაცი მეგონე.




Tuesday, April 11, 2017

ხარებაა!

ხარებაა, შეგეწიოთ ამ დღის მადლი, დიდება,
ჩემთვის, თქვენთვის, ვიღაცისთვის
ცა სილურჯით ივსება,
დაამარცხებს ბოროტებას უცილობლად სიკეთე,
აივსება საქართველო სიხარულით კიდემდე
და გადმოვა ღვთივკურთხევა პატარებზეც, დიდებზეც!

ერთსტროფიანი ლექსები

სიყვარულისთვის დაბადებულს, ბოროტთან მიჭირს, 
სულს მიხუთავს და უმწე გრძნობა არ მაძლევს საშველს,
ვაი, თუ ვეღარ დაამარცხოს ნათელმა ბნელი,
უსაშველობის მძიმე ლოდი დარდებად მაწევს.

                     ______________

ამოვაყოლე ეს გულისთქმა სუნთქვას და ოხვრას,
დაწყვეტილ ძარღვებს და ოცნებებს გავუშვი ხელი,
სადღაც, ღამეში, იძირება, ნისლები მოსავს,
გემი, რომელიც რა ხანია არ არის ჩემი.

                       ______________

ნეტავ, რიღასთვის დავათრევ ფიქრებს,
თუ ოცნებებთან უნდა გამყაროს,
თუ ვეღარ გავშლი გაყინულ თითებს, -
ბედი ყისმათთან ყომარს თამაშობს.

              _____________

ნეტავ, ერთ დღეს ბავშვობაში დამაბრუნა,
საღამოხანს მაკრეფინა ციდან ლალი,
ზღვის ნაპირზე ნატვრის თვალი მაპოვნინა,
იქ დამტოვოს, შემომავლოს ფარგლით რკალი.

         __________________

ვერვის ასწავლი კაცობას,
თუკი არ მოსდგამს გენში,
ფუჭია მისთვის სწავლება,
გული რომ არ აქვს მკერდში.

            _______________


ფასი არა აქვს უგულო ცრემლებს, 
ფასი არა აქვს უგულო სიტყვას,
უსიყვარულოდ ნარი ამოდის,
სიყვარულით კი - ყვავილი წმინდა.

Thursday, April 6, 2017

ფუჭია

ვერვის ასწავლი კაცობას,
თუკი არ მოსდგამს გენში,
ფუჭია მისთვის სწავლება,
გული რომ არ აქვს მკერდში.