ვარსკვლავთა ტოლი იყავი,
გახდი ვარსკვლავზე დიდი,
შენამდე მინდა მოვიდე,
ზეცაში გავდო ხიდი.
ვიცი, რომ შემომანათებ,
შენი თვალების საფირონს,
წერო მოგიტანს ბარათებს,
ღრუბლის ფთილებად გავფინოთ.
გადმოვარდნილი უბიდან
მთვარე, ქალწულის მკერდი,
თუმც ლამაზია, ნუ გინდა,
მე ვარ იმაზე თეთრი.
.
.
ი ო რ ზ ე
იორზე თეთრი ქალივით
მთვარე რომ ჩამომდგარიყო,
ჩქერით იბანდა ძუძუ-მკერდს,
შენ გახარბებდა, მარიხო.
უჟამო და უთარიღო,
ცის თაღზე ყველა ვარსკვლავი
ერთობლივ ჩამომსხდარიყო.
ვით ლაშარს მყოფი ფშაველი,
იორი გადამთვრალიყო,
მნათობის შორით ალერსი
გონის მიმტაცად ჰკმარიყო.
იმ მთვარის ნისლის პერანგი
ქარმა რომ სერ-სერ წაიღო,
ტალღათა თრთოლა-ფეთება
ხომ გახსოვს,
ჭალის ნარიყო?!
ვერც სიყვარული დავარქვი,
არც უმისობა არ იყო.
მანანა ჩიტიშვილი
კალთაში გადამარწია,
მთვარემ დამბანა პირია,
როცა ვიყავი პაწია,
ვარცლს გამოუჩნდა ძირია.
ძირს დააქცია ის წყალი,
მითხრა: - ეს შენი წილია,
კაცთა ცნობასაც გასწავლი,
მაგრამ დრო-ჟამმა მიწია,
ვერა და ვერ შევიმეცნე,
კაცი ავი და ბილწია..
No comments:
Post a Comment