Monday, October 22, 2018

შემოდგომის ფოთლები (საბავშვო მოთხრობა)

                            შემოდგომის ფოთლები

  დადგა შემოდგომა და ფოთლებმა ძალიან მოიწყინეს, ჯერ ერთი მოსწყდა თავის ალაგს, მერე მეორე, ქარმა ისინი სხვადასხვა მხარეს გადაისროლა და მიწაზე მოათავსა. ხეზე დარჩენილები კანკალით ელოდნენ თავიანთ აღსასრულს, არ უნდოდათ დედა-ხესთან განშორება, ამიტომ მონდომებით ეკვროდნენ ტოტებს, მაგრამ შემოდგომის ქარი რის ქარია, თუ ისე არ დაუბერა, რომ ფოთლები იქით-აქეთ არ მოისროლა, ცოტა არ წაითამაშა! გინახავთ, ალბათ, როგორ მიარბენინებს ქარი ფოთოლს, ხან იქით მიაგდებს, ხან აქეთ, თითქოს ფეხბურთს თამაშობსო..  მართლაც, ახლაც მიეხალა ხეს და სულ სათითაოდ დააწყვიტა ფოთლები, დაატრიალა, დაატრიალა და ისინიც მიწას დაანარცხა, ნეშომპალად უნდა იქცნენ და მიწა გაანოყიერონო. ქალაქშიც აათამაშა ქარმა ფოთლები, რიგ-რიგად დააწყო, შარიშური გააქვს ფოთლებს გამვლელების ფეხქვეშ ასფალტზე, დილით მეეზოვე ცოცხით მოხვეტს და ურნაში გადაუძახებს, მერე ქალაქის დასუფთავების სამსახურის მანქანები ჩამოუვლიან ურნებს და ფოთლებს ქალაქგარეთ გაიტანენ, მიწას ჩაეხვევიან იქაც ფოთლები, შეეზრდებიან, ნეშომპალად იქცევიან, გაანოყიერებენ. მაგრამ განა ყველა ფოთოლს ეს ბედი ეწევა?
     თინა მასწავლებელმა დღეს ბავშვები ქალაქის მთავარ პარკში გაიყვანა, შემოდგომის ფოთლები შევაგროვოთო. დინარამ ყველაზე დიდი ფოთოლი იპოვა, თინა მასწავლებელს მიურბენინა, - ნახეთ,  რამხელა ფოთოლი ვიპოვეო, - ნეკერჩხლისააო, - აუხსნა მასწავლებელმა, შოთიკომ ქაღალდის პარკი ალვის ხის ფოთლებით აავსო, ყველაზე ძალიან ისინი მოეწონა, ბურთივით მრგვალები არიანო, რამდენიმე ვერხვის ფოთოლიც მიამატა. სხვებმაც უხვად დაიმშვენეს ხელები აკაციის, ცხენის წაბლის, ჭადრის, მუხის, არყის ფოთლებით. წიწვოვანი ხეები - ნაძვი, ფიჭვი, კვიპაროსიც მრავლად დგას ამ ბაღში, მაგრამ ისინი ხომ მარადმწვანეა, ამიტომაც ბავშვებმა მხოლოდ ფერად-ფერადი გამხმარი ფოთლები შეაგროვეს, ზოგი ისევ მწვანე დარჩენილიყო, ზოგს ყვითელი შერეოდა, ზოგსაც წითელი შეფერილობა მიეღო, მათ შორის მოყავისფრონიც იყვნენ, ცხენის წაბლის ქურქებიც გამოაყოლეს ხელს, ზღარბუნიებს რომ ჰგვანან, იქვე გამხმარი ბალახიც მიგლიჯ-მოგლიჯეს და სკოლაში დაბრუნდნენ. დღეს ხელგარჯილობის გაკვეთილი აქვთ. ბავშვებმა წინ დაილაგეს ფოთლები და დიდხანს გულდასმით ათვალიერეს, ამათგან რა უნდა გავაკეთოთო. მალე პატარა ხელებმა ნაირ-ნაირი სურათები შექმნეს, ზოგმა მელაკუდა გააკეთა წითელი ფოთლებით, ზოგმა - მამალი, ათასფერი ბოლოთი, ზოგმა - გოგონა, სოკოებით სავსე კალათით, შოთიკომ თავის სურათზე ბურთებით მოთამაშე ბიჭუნები დახატა. ვისაც როგორი ფანტაზია აქვს, ასეთ დროს გამოჩნდება ხოლმე. რა თქმა უნდა, ამისთვის წებო, მაკრატელი და მუყაოს ფურცლებიც დასჭირდათ ბავშვებს, ყველაზე მეტად კი, თინა მასწავლებლის რჩევები გამოადგათ. თავიანთი სურათები ბავშვებმა სკოლის დერეფანში გამოკიდეს, რომ ყველას ენახა, რა შეიძლება გააკეთოს ადამიანმა შემოდგომის ფოთლებისგან. ფოთლებსაც ძალიან მოეწონათ ასეთი  გარდასახვა, მათ ხომ ბავშვებმა ახალი სიცოცხლე შესძინეს.
    პატარებო და დიდებო, სცადეთ, იქნებ თქვენც გამოიხმოთ თქვენი ფანტაზია და თქვენივე ხელით შექმნათ სურათები ათასნაირი პეიზაჟებით. გაახაროთ თქვენი ახლობელი ადამიანები!

     

No comments:

Post a Comment